აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მოქმედება, შესაძლოა, უახლოეს ხანში დაიწყოს. სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალა დღითი–დღე იზრდება. ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების ჩვენთვის არცთუ სახარბიელო სცენარებს განიხილავენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, ექსპერტი იგორ კოტორჩენკო აცხადებს, რომ „ფაქრობრივად, ორი კვირა დარჩა და ჩვენ, შესაძლოა, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო მოქმედებების მოწმენი გავხდეთ“.
მისი თქმით, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალის ზრდა და მათი გადაჯგუფება მიმდინარეობს.
„ამას გარდა, მალე იქ კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი შევა. ამერიკული ავიამზიდები კი, როგორც ცნობილია, მარტო არსად დადიან, მათ თანმხლები გემები ახლავს ყოველთვის - მათ შორის ერთი ან ორო მარავალმიზნიანი ატომური წყალქვეშა ნავია“.
მისი შეფასებით, „მომავალში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალები ერთობლივად იმოქმედებენ, გარკვეული პირობებით მათ ისრაელიც შეუერთდება და თავისი ტერიტორიიდან სავარაუდოდ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს“.
თავის მხრივ, რუსეთის „თანამედროვე ირანის კვლევის ცენტრის“ გენერალური დირექტორის რაჯაფ საფაროვის აზრით, „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ის მიერ ირანში წარმატებით განხორციელებული შეჭრის შემთხვევაში ნატო-ს წევრები გახდებიან“:
„ირანზე კონტროლის დამყარებიდან 2-3 კვირაში ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა ვაშინგტონზე გადაორიენტირდება. კასპიისპირეთში აშშ-ის დროშა აფრიალდება, საქართველო კი ზუსტად ორ დღეში ნატო-ში გაწევრიანდება. აზერბაიჯანი, დასავლეთის მაცდუნებელი წინადადებების ფონზე ორიენტირს შეიცვლის და შესაძლოა, ასევე ნატო-ში შევიდეს. რუსეთისა და ირანისგან ჩამოშორებული სომხეთი კი თვითგადარჩენის მიზნით მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანს მისცემს და შესაძლოა, ისიც ნატო-ში შევიდეს“.
ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძის განცხადებით კი, საქართველოს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირება კარგს არაფერს უქადის. როგორც მან „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველომ ამ კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს:
„საქართველოს საზღვრებთან ასე ახლოს მწვავე სამხედრო დაპირისპირება ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს არ უქადის. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფული საშიშროება ჩვენს ქვეყანას არ ელის.
ქართულ დიპლომატიას მართებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და თუ გამოჩნდება რაიმე შანსი იმისთვის, რომ მან კონსტრუქციული როლი შეასრულოს დიპლომატიური ელასტიურობის თვალსაზრისით. ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, იზრუნოს, რომ ირანთან მიმართებაში დიპლომატიური და ეკონომიკური დანაკარგები იყოს მინიმალიზებული.
საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს. ამერიკა ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ ირანი ჩვენი მეზობელია და თანაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციის მქონე ქვეყანაა.
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ამ კონფლიქტის გამწვავებაში და ირანის დოსიეს ერთხელ და სამუდამოდ დახურვაში ყველაზე ძალიან დაინტერესებული არა ვაშინგტონი, არამედ ისრაელი, საუდის არაბეთი და ემირატებია“.
რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, ცინცაძის თქმით, თვის ბოლომდე არაფერი არ არის გარკვეული.
„თუ ორმუზის სრუტის ბლოკირება ირანმა მაინც გადაწყვიტა, რასაკვირველია ამას მოჰყვება სამხედრო კონფლიქტი, რადგან ამას ამერიკა და მთლიანად დასავლეთი არ დაუშვებს იმიტომ, რომ ნავთობის 40%-ს სწორედ აქედან ღებულობს“, - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება და მესამე მსოფლიო ომი გამორიცხულია, რადგან ისლამური სამყარო გათიშული და ფრაგმენტიზებულია.
ცინცაძის მტკიცებით, ირანს დიდი მხარდაჭერა ისლამურ სამყაროში არ ექნება:
„საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ემირატები, რასაკვირველია, ამერიკის მხარეზე იქნებიან. ირანი მათ ყელში ჰყავთ უკვე გაჩხერილი. ირანის სტრატეგიული მოკავშირე გახლავთ სირია, მაგრამ სირია იმ დღეშია, რომ მას არანაირი რესურსი და საშუალება არ აქვს ჩაერიოს საზღვარგარეთ ავანტიურებში.
სავარაუდოა, რომ ეკონომიკური სანქციები, რომელიც უკვე მძიმე ტვირთვად აწევს ირანს, პრაგმატიკოს მოლებს აიძულებს კომპრომისზე წასვლას. თუმცა, ჯერჯერობით ორივე მხრიდან გვესმის მილიტარისტული განცხადებები და იარაღის ჟღარუნი“.
ცინცაძემ ისაუბრა რუსეთის როლზედაც ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „რუსეთს ამ კონფლიქტში დიდი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან უკანასკნელ პერიოდში რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობა აღარ არის ისეთი ხმაშეწყობილი, როგორიც ადრე იყო. რუსეთმა სანქციებს მაინც მისცა ხმა და ამით ირანი გაანაწყენა“:
„რუსეთი, ბუნებრივია, შეეცდება, ეს კონფლიქტი გამოიყენოს იმისთვის, რომ რეგიონში თავისი ყოფნა გააძლიეროს. სწორედ ამას უკავშირდება ის გრანდიოზული სტრატეგიული წვრთნები, რომელიც რუსეთს კავკასიაში აქვს დაგეგმილი“.