"იაფი ბაზრობა'' არჩილ გეგენავას საკუთრებაა?


ბოლო დროს თბილისში მომრავლებული "იაფი ბაზრობები'' საქართველოს პარლამენტის წევრის, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ გეგენავას საკუთრებაა. ასე ფიქრობს "რესპუბლიკური პარტიის'' დედაქალაქის საქმეთა მდივანი და თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი, რომელმაც "ვერსიას'' ექსკლუზიურად განუცხადა, რომ "იაფი ბაზრობა'' არჩილ გეგენავას კუთვნილი "ფუდ სერვისის'' პროდუქტებით მარაგდება. დილით ადრე, ნებისმიერ ასეთ ბაზრობასთან, "ფუდ სერვისის'' კუთვნილ ავტომანქანებსაც შენიშნავთ. 

"ვერსიაში'' უკვე ვწერდით, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კვების ტენდერებიდან არჩილ გეგენავა ჯერ კიდევ ივლის-აგვისტოში "ამოაგდეს''. იმასაც დეტალურად აღვნიშნავდით, რატომ "მოიძულა'' ხელისუფლებამ თავისი ფავორიტი მაჟორიტარ-ბიზნესმენი. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, არჩილ გეგენავას რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონზე ხელის არმოწერა არ აპატიეს, მეორე ვერსიით, გეგენავას არაადეკვატური ამბიცია - პრემიერ-მინისტრობის სურვილი სახელდებოდა და მესამე ვერსიით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მოსკოვში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთან პირადი ურთიერთობა ამოუქექა. იმასაც შეგახსენებთ, რომ არჩილ გეგენავა ყოფილი "მხედრიონელი'' და ეგრეთ წოდებული, "მთაწმინდის საძმოს'' წევრია. ასეა თუ ისე, გეგენავას კუთვნილ კომპანიებს კვების ტენდერები შეუჩერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლად გამოცხადებულ ტენდერებში არ მიაღებინეს მონაწილეობა, თორემ წინა წლებში მოგებულ ტენდერებს და, შესაბამისად, გაფორმებულ კონტრაქტებს ვადა 2012 წლის იანვრამდე ჰქონდა. ერთადერთი უწყება, რომელმაც გეგენავა ძველი ტენდერიდანაც კი მოხსნა, შინაგან საქმეთა სამინისტროა. 

"არჩილ გეგენავას რამდენიმე პატარა კონტრაქტი მისცეს, ქუთაისი მთლიანად მისია, ანუ ქუთაისის საბავშვო ბაღებს გეგენავას კომპანიები ამარაგებს, მაგრამ ახლა მაქვს ეჭვი, რომ "იაფი ბაზრობები'' და ამისთვის გამოყოფილი 3 200 000 ლარი, არჩილ გეგენავასთვის მიცემული ფულია. ოფიციალურად ჯერ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ბევრი მიზეზი მაქვს, რომ ასე ვიფიქრო. დილით ადრე, "იაფი ბაზრობის'' წინ გეგენავას "ფუდ სერვისის'' კუთვნილი მანქანები დგას, ანუ პრაქტიკულად ჩანს, რომ ეს ბაზრობა გეგენავასია. ახლა ვიბრძვი, როგორმე ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოვიპოვო. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ კვების ტენდერები შეუჩერა, გეგენავა, პრაქტიკულად, გაკოტრების პირას მიიყვანა. რა თქმა უნდა, მისი მეგობარი, გიგი უგულავა მასზე ზრუნავს და ცდილობს, ფინანსური პრობლემები მოუგვაროს. ამიტომაც "მოიგონა'' "იაფი ბაზრობები'', რომლებიც გეგენავას საკუთრებაა'', - განუცხადა "ვერსიას'' თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ კვების ტენდერებთან დაკავშირებით, მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებამ არჩილ გეგენავას შემცვლელი ვერა და ვერ იპოვა. თინა ხიდაშელმა "ვერსიაში'' არაეთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გეგენავას სახით ისეთი "იმპერატორი'' შექმნა, რომლის დამხობა ვერც ერთმა კონკურენტმა ვერ შეძლო და პრობლემის ძირიც სწორედ ესაა. შეგახსნებთ, რომ ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომაზე, როდესაც ტენდერებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი აქტიურ ფაზაში იყო, ამ ბიზნესში გეგენავას საავარაუდო შემცვლელებად ასევე პარლამენტის წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოგუაძე, დავით კეზერაშვილი და ბაჩო ახალაია სახელდებოდნენ. თუკი კვების ტენდერებში გეგენავას მონოპოლია ვერავინ დაამხო, საინტერესოა, სად "გაუჩინარდა'' მისი კოლეგა დეპუტატი, გიორგი გოგუაძე. 

"თავიდან, გიორგი გოგუაძეს რამდენიმე პატარა კონტრაქტი მართლაც მისცეს, მაგრამ ახლა ის უკვე აღარ ჩანს. ადრე ვეჭვობდი, რომ ამ ტენდერებში, გეგენავას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებდა, რადგან ამ ბიზნესში, ყველა შესაძლო კონკურენტი კომპანია "მოკლეს''. რატომ მიიღო გეგენავამ ასეთი "ექსკლუზივი'', ჩემთვის ნათელია, თუ ვინმეს არ უნდა დაინახოს, ეს მისი პრობლემაა. როგორ იგებდა წლების განმავლობაში ამ კონტრაქტებს, ნათელია. თუ ბათუმში ან წყალტუბოში კონკურენტი გამოჩნდებოდა, იმ კონკურენტს როგორ "კლავდნენ'', ანუ დისკვალიფიკაციას აძლევდნენ, ესეც ნათელია. სწორედ ამ ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგებების გამო, გეგენავა რეალურად იქცა საკვები პროდუქტების იმპერატორად საქართველოში. ახალ ტენდერებში უკვე გამოჩნდა, რომ მართალია, 6 თვე გავიდა, მაგრამ გეგენავას სრულფასოვანი ჩანაცვლება ვერავინ მოახერხა. ამ ბაზარზე სრული კოლაფსია და გეგენავა კონტრაქტებს იმიტომ აგრძელებს, რომ მისი ჩამნაცვლებელი არავინ არ არის'', - ამბობს თინა ხიდაშელი. 

ხმაურიანად ჩაშლილი კვების ტენდერების ფონზე, სექტემბერში ხელისუფლების რღვევის პროცესი და შიდაპარტიული დაპირისპირებები აშკარა იყო. ყოველ შემთხვევაში, გავლენებისა და ბიზნესწილების გადანაწილებასთან დაკავშირებით ფარული ომი მიმდინარეობდა. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკურ ასპარეზზე მოულოდნელად ჩნდება ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, თავისი 5,5 მილიარდ დოლარიანი აქტივებით, ამიტომ ბუნებრივია, რომ არჩილ გეგენავა, თავისი ტენდერებიანად ყველას მიავიწყდა და დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ: "სხვათა შორის, ბიძინას სულ იმას ვეუბნები, რომ პოლიტიკაში შემოსვლა ცოტა იჩქარე, ბარემ "ნაციონალური მოძრაობა'' დაშლილიყო და მერე მოსულიყავი-თქო. შესაძლოა, ხელისუფლების შიგნით არც კი შერიგდნენ, მაგრამ, როდესაც დიდ საფრთხეს ხედავ, ის აუცილებლად გაერთიანებს, რაც აშკარად გამოჩნდა კიდეც'', - დასძინა თინა ხიდაშელმა.