"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ეს, რა თქმა უნდა, მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამ შეხვედრაზე დამოკიდებული არ არის საქართველოს მომავალი. ცალსახად არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ საქართველოს მომავალი და არჩევნების ბედი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და და მის ნებაზე, იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან არჩევნებისას. თავად შეხვედრაზე შეიძლება ითქვას, რომ ასრულდა ოცნება სააკაშვილისა, - როგორც იქნა, ობამა ხვდება მას ოფიციალურად", - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამერიკის პრეზიდენტი ხვდება საქართველოს და არა - სააკაშვილს / პაატა ზაქარეიშვილი: "ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება და არა ქვეყნის ინტერესები".
"ამდენ ხანს ყველა შეხვედრა იყო არაოფიციალური, ობამა არ ხვდებოდა სააკაშვილს, როგორც ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ მას თავისი მიზეზები გააჩნია. პირველ რიგში ამის მიზეზია ის, რომ ამერიკის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიჰყიდოს იარაღი და ობამამ ორი კვირის წინათ ეს ამოიღო ბიუჯეტიდან. ანუ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ჩვენ. ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა არ არის პრიორიტეტული და ამით, რა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული დაძაბულობა შეიტანა საქართველოს და ამერიკას შორის. ამიტომ მგონია, რომ ამ შეხვედრით ობამას უნდა გამოასწოროს ეს სიტუაცია. ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება და არა ქვეყნის ინტერესები. ამ პრობლემას ობამა მარტო სურათის გადაღებით მოაგვარებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"მეორე მიზეზი არის ის, რომ ამერიკაში მოდის არჩევნები. შესამაბისად, ობამამ მოახერხა რა რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვა და მეგობრული ურთიერთობის დამყარება, დასცილდა საქართველოს. რამდენადაც რესპუბლიკური პარტია მაკეინისა და ბუშის მეთაურობით საქართველოს იყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ამის მერე კი ობამამ გადატვირთა ურთიერთობა რუსეთთან და მათ გაღიზიანებას თავი დაანება, ზუსტად იგივე გაღიზიანება მოახდინა საქართველოს მიმართ. წინასაარჩევნი კამპანიისას რესპუბლიკელები დაიწყებენ ლაპარაკს ამერიკაში, რომ ობამამ მოახდინა ამერიკელების ერთგული მოკავშირეების დისტანცირება. ამიტომ, ობამა, ხვდება რა სააკაშვილს, ამით ოპონენტებს უკეტავს სალაპარაკოს - აი, ხომ ვხვდები სააკაშვილსო. ანუ, ამით ანეიტრალებს რესპუბლიკელების აგრესიას, რაც ბუნებრივია, გადამჭრელი არ იქნება, მაგრამ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მესამე მიზეზი არის ირანი. რეგიონში ვითარება სულ უფრო იძაბება,. რეგიონის ყოველი მოთამაშე, ვინც ესაზღვრება ირანს, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ერაყი, - ყველას აქვს მეტ-ნაკლებად კარგი დამოკიდებულება ირანთან და არავინ არ აპირებს, ჩაერთოს ირანის საწინააღმდეგო სერიოზულ პროცესებში. ერთადერთი შეიძლება იყოს სააკაშვილი, რომელიც მზად არის, ოღონდ ობამასთან სურათი გადაიღოს, რომ ფეხებზე დაიკიდოს საქართველოს ინტერესები და პერსპექტივები და მოემსახუროს ამერიკას ირანის წინააღმდეგ. მე მგონი, ობამას სჭირდება დღეს სააკაშვილისგან მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ამას მიიღებს რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. მე მგონი, საქართველომაც უნდა მიბაძოს თურქეთს და ნეიტრალური პოზიცია აირჩიოს, რადგან ობამები და სააკაშვილები მოდიან და მიდიან, საქართველო და ირანი კი რჩება და ჩვენ გვჭირდება მომავალ პერსპექტივაში ამ ქვეყანასთან უკეთესი ურთიერთობა", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
"მეოთხე მიზეზი ამ შეხვედრისა, რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე პროცესები და არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, ამერიკა მომავალშიც დაეხმარება სქართველოს, რომ აქ ჩატარდეს ნორმალური, სერიოზული დემოკრატიული რეფორმები და არჩევნები და და ეს ოთხი მიზეზი განაპირობებს ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ შეხვედრას გააფორმებს, როგორც მათ მიმართ პატივისცემას, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს არის ხალხის მიმართ პატივისცემა და თუნდაც იმის მიმართ პატივისცემა, რა პროცესებიც დღეს მიდის საქართველოში. დღეს გაჩნდა რეალური ალტერნატივა სააკაშვილისა და სწორედ ამ ფონზე ხვდება ობამა სააკაშვილს, რათა შეახსენოს რომ მისთვის დემოკრატიას დიდი მნიშვნელობა აქვს. დემოკრატიულად არჩევნების ჩატარება კი ნიშნავს, რომ ისეთი სერიოზული ოპონენტის მიმართ, როგორიც არის დღეს ბიძინა ივანიშვილი, წარიმართოს დემოკრატიული და კანონიერი ბრძოლა და არა ისეთი, როგორიც დღესაა", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
"სააკაშვილი ამ შეხვედრას ივანიშვილის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გამოიყენებს. ჩვენ ხომ თოვლის ბაბუასი გვჯერა რაღაც ასაკამდე, მერე ხომ აღარ გვჯერა? სააკაშვილის ძალა არის იქამდე, სანამდეც არის თოვლის ბაბუის ძალა, ანუ ვიდრე გვჯერა მისი. თუ არ დაიჯერებ, ეს ყველაფერი აორთქლდება, როგორც თოვლი გაზაფხულზე. არ უნდა მოვუსმინოთ და დავიჯეროთ და მორჩა, გათავდა. მისი ძალა არის მხოლოდ ხალხის დაბოლებასა და მოტყუებაში. როგორც ხშირად ჩვენ შვილებს ვეუბნებით, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, ასე სააკაშვილიც ატყუებს ხალხს, ოღონდ ბოროტი განზრახვის გამო. ის რომ საზოგადოების ნაწილს სააკაშვილის გულწრფელად სჯერა არის ტრაგედია. ვიდრე ხალხს სჯერა მითების და ზღაპრების, ჩვენ არ გვეშველება არაფერი", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება დღეს, როგორია შანსები საპარლამენტო არჩევნებზე?" - პასუხობს:
"საკმარისი დრო რჩება მობილიზაციისთვის. შანსებს რაც შეეხება, შანსები არის 60/40-ზე ივანიშვილის სასარგებლოდ, ანუ მთლიანად ოპოზიციის სასარგებლოდ - მის გარდა, სხვებიც ხომ არიან იქ".
704
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85