კობა აღლემაშვილის მკვლელობას როგორც ჩანს, წინა პირობა ჰქონდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ნათესავმა ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კობა აღლემაშვილს რამდენიმე თვის წინაც თავს დაესხა უცნობი პირი და სასტიკად სცემა.
"მაშინ კობა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, როგორც ჩანს, მკვლელმა იფიქრა, რომ მას არ სჯიან და დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე კვლავ თავს დაესხა, თავში ბლაგვი საგნით მიაყენა ძლიერი დარტყმა და მოკლა", - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.
მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია პოლიციელი.
"ეს ალბათ არის პიროვნული დაპირისპირება პოლიციელთან, თორემ პოლიციასთან კობას დაპირისპირება არ ჰქონია", - განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.
მისივე თქმით, ეს იყო სასტიკი მკვლელობა და დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. კობა აღლემაშვილის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ვალეში გადაასვენეს.