საფრანგეთში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ძებნა გრძელდება

საფრანგეთში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ძებნა გრძელდება

საფრანგეთის პოლიცია და ტერორიზმთან ბრძოლის სპეცდანიშნულების რაზმი ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ძებნას განაგრძობს.

"ბიბისის" ინფორმაციით, პოლიცია მაქსიმალურად მობილიზებულია საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პიკარდის რეგიონში, სადაც არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზენევის განცხადებით, ეჭვმიტანილთა საძიებო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

ფრანგული პოლიციის განცხადებით, სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები ძმები - შერიფ და საიდ კუაშები არიან. აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ძმები კუაშები იმ პირთა სიაში იყვნენ, ვისაც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

"ბიბისის" ცნობით, შერიფ კუაში ადრე ნასამართლევი იყო. ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა.

7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.