პოლიტიკა და მილიარდერი დიასახლისი

პოლიტიკა და მილიარდერი დიასახლისი


საქართველოს ყველაზე მდიდარმა დიასახლისმა ოჯახურ კერასა და სახლზე ზრუნვა გვერდზე გადადო და პოლიტიკურ სცენაზე ხმაურით გამოვიდა. გზა მიეცით ეკატერინე ხვედელიძეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად გადაქცეული მილიარდერის მეუღლეს.

ადრე არც ისე ცნობილი ხვედელიძე, გასულ კვირას ივანიშვილის ”ქართული ოცნების” სახელით ცნობილი პოლიტიკური არმიის მთავარსარდალი გახდა. ამ მოძრაობას იმედი აქვს , რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას პანჩურს ამოჰკრავს.

ივანიშვილი თავად ვერ უძღვება თავის პოლიტიკურ მოძრაობას, რადგან მთავარობამ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთვა. მიზეზად კი ის მოიტანა, რომ რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობა, არღვევს საქართველოს კანონს მოქალაქეობის შესახებ. საქართველოს მოქალაქეობა ხვედელიძესაც ჩამოართვეს, მაგრამ გასულ თვეს კვლავ აღუდგინეს და მისი პოლიტიკური კარიერაც დაიწყო.

„ჩემი ცოლი ჩემი უახლოესი მეგობარი და მრჩეველია“, – განაცხადა 11 იანვარს ივანიშვილმა, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიტიკას ოჯახური ბიზნესივით უდგება. თავიდან, მან ფსონები 19 წლის ვაჟზე, უტაზე დადო, მაგრამ მერე მისი ასაკის გამო საოჯახო საბჭომ არჩევანი ხვედელიძეზე შეაჩერა. ამრიგად, დედასაც, მამასაც და ბაშვებსაც თავისი როლი აქვთ ”ქართულ ოცნებაში”. ივანიშვილის მეორე ვაჟი, ბერა ცნობილი რეპერია და მოძრაობისთვის საჭირო მუსიკალურ ნაწარმოებებსაც წერს.

„ყველანი საიდანღაც ვიწყებთ“, – განუცხადა მეუღლის გვერდით მდგომმა ხვედელიძემ ჟურნალისტებს, „იმედია, ამჟამინდელი მთავრობა რაიმე კანონს არ გამოიგონებს, რომელიც ქმარს ჩემთვის რჩევის მოცემას აუკრძალავს.“

ამ პოლიტიკურ დებიუტს პრო-სამთავრობო სატელევიზო არხების მხრიდან ავსიტყვაობის თავშეუკავებელი ნაკადი მოჰყვა. „სამზარეულოდან პოლიტიკაში“ – ასეთი იყო „რეალ-TV“-ის სიუჟეტის სათაური, რომელშიც ივანიშვილის არჩევანს დასცინოდნენ.

თუმცა ამ სიუჟეტებში ერთი საფუძვლიანი მომენტი იყო განხილული. ხვედელიძეზე შეჩერებული არჩევანი იმას გულისხმობს, რომ ივანიშვილის ნდობა პოლიტიკური თანამოაზრეების მიმართ არც ისე დიდია. დაბალი რეიტინგის მქონე სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერები მილიარდერს იმ იმედით მიეწებნენ, რომ ძალაუფლების მოპოვება გაუიოლდებოდათ. მაგრამ ივანიშვილის გუნდის მართვის მისია არც ერთ მათგანს არ მიანდეს. როგორც ჩანს, საკვანძო პოსტები და გადაწყვეტილებები ყველაზე უძვირფასეს და უსაყვარლესს დარჩება.
foreignpress.ge