რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას „კავკასია 2012“ ამზადებს. როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ იუწყება, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი წვრთნები „გაცილებით სტრატეგიული და არსებულ პოლიტიკურ რეალიებთან დაახლოებული იქნება“.
მანევრები შემოდგომაზეა დაგეგმილი და გაიმართება არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, არამედ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და სომხეთში. მუშავდება სწავლების სცენარი, რომელიც ირან-აშშ-ს და სხვა რიგი ქვეყნების შესაძლო ომს, ასევე კასპიის რაიონსა და სამხრეთ კავკასიაში სხვა შესაძლო კონფლიქტებსაც ითვალისწინებს.
„სწავლება ასეთი სახელით 2008 წლის 16 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან. ბევრწილად, „კავკასია 2008“-ის წყალობით მოხერხდა საქართველოს მოკლე დროში დამარცხება“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წლევანდელი სწავლება არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული იქნება და ჩართული იქნება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ სასაზღვრო, საჰაერო, სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ძალები, ასევე შსს, უშიშროების, დაცვის ფედერალური და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
სწავლებაში გამოყენებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მართვის სისტემა „ბარნაულ-ტ“.
„ეს სისტემა უკვე აკონტროლებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთში დისლოცირებული 102-ე ბაზა სამხრეთის სამხედრო ოლქის დანარჩენი დაჯგუფებისგან მოწყვეტილია“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
სწავლება „კავკაზ 2012“-ში მონაწილეობას როგორც ქვეყნის ყველა სამხედრო ორგანიზაცია, ასევე სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგებლები მიიღებენ.
პოლკოვნიკ ანატოლი ციგანკოვის აზრით, „სწავლებისთვის მზადება სპარსეთის ყურეთი სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით დროზე ადრე დაიწყო და სამხედროებს მოუწევთ შესაძლო მოქმედებების შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ ირანთან ომში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები იქნებიან ჩათრეული“.
კიდევ ერთი ექსპერტი, გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი დარწმუნებულია, რომ „სწვალების გეგმიური ხასიათის მიუხედავად, იგი კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით იქნება კორექტირებული“.
საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და შემოჰყავს შეტევითი ხასიათის შეიარაღება, რადგან ცდილობს პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში:
„საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. იგი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს. რუსეთი წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს საერთაშორისო არენაზე“.
დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი რუსეთის მიერ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2012“-ის დაგეგმვას „საგანგაშო ფაქტად“ აფასებს. მისი აზრით, „ეს წვრთნები რუსეთის ფედერაციაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს ცუდად ემთხვევა“:
„წვრთნების უპრეცედენტო მასშტაბი შემაშფოთებელია. საქართველომ ამის შესახებ დასავლელ მეგობრებთან უნდა ისაუბროს. წვრთნები ძალიან ცუდად ემთხვევა რუსეთის ფედერაციაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ჰგავს 2008 წელს – აგვისტოს ომის წინაპერიოდს“.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012“ ორ შესაძლო მიზეზს ასახელებს. როგორც ზაქარეიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას განაცხადა, წვრთნები განხორციელდება ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რუსეთმა მოახდინოს ძალის დემონსტრირება და თავის წარმოჩინება, ხოლო მეორე მხრივ, იმისთვის, რომ მოახდინოს რეალურად იმ ძალების კოორდინაცია, რომლის განთავსებაც სამხრეთ კავკასიაში მან ოკუპაციის შედეგად მოახდინა.
ზაქარეიშვილის აზრით, წვრთნები ასევე მიმართულია რეგიონში ნატო-ს შესაძლო ოპერაციების წინააღმდეგ:
„ეს წვრთნები მკაფიოდ გამოკვეთილი ძალის დემონსტრირებაა. პირველ რიგში ნატო-ს წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ნატო-ს ჯარები განლაგებული არის თურქეთში, თურქეთი კი ნატოს წევრია და ამას ემატება ის, რომ დასავლეთის დემოკრატიის ქვეყნები აპირებენ სერიოზულ ზეწოლას ირანზე, რაც არ გამორიცხავს სამხედრო ოპერაციასაც.
ის რომ წვრთნები ტარდება არა მარტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ სომხეთშიც, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს უნდა მსოფლიოს დაანახოს თუ ვინ არის ბატონ-პატრონი ამ რეგიონში.
ეს ძალის დემონსტრირება მიმართულია არა უპირატესად საქართველოს წინააღმდეგ, არამედ სწორედ ნატო-ს შესაძლო ოპერაციების წინააღმდეგ რეგიონში. მე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი დაინტერესებული იყოს საქართველო იმაზე მეტად დააზარალოს, ვიდრე დააზარალა თავის ოკუპაციით“.