"ვერსიის" მასალების მიხედვით
"რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, არჩევნები ყოფილიყო არა გლადიატორთა შერკინება, სადაც ერთი აუცილებლად განგმირული უნდა დაეცეს, არამედ მოვლენა, სადაც პირველ-მეორე-მესამე ადგილები გამოვლინდებოდა და სამივე ერთად ავიდოდა კვარცხლბეკზე. ხელისუფლებამ კი გააკეთა არჩევანი, რითაც გლადიატორთა შერკინებაში გამოგვიწვია. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ათასობით ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია, მხარი დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას, განგმირული და დაცემული არ აღმოჩნდეს. ხალხი, ვინც ივანიშვილის გუნდს უჭერს მხარს, მყარი ამომრჩეველია, ნაციონალების მხარდამჭერების მინიმუმ ნახევარი კი ძალიან მყიფეა და ხელფასის დაკარგვის შიშითააა მოტივირებული", - აცხადებს რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყველაფერს ვიღონებთ, რომ ათასობით ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია, მხარი დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას, განგმირული და დაცემული არ აღმოჩნდეს" / რაში იღებენ ხელფასს რესპუბლიკელები და როგორც დასცემს არჩევნებზე ახალი კოალიცია "განგმირულ ნაციონალებს".
"ჩვენს ოფისში ხელფასს სულ ცხრა ადამიანი იღებს. ადამიანები, რომლებიც თითქმის 24 საათს მუშაობენ, მათ შორის ჩემი მეუღლეც, რომელიც ასევე იმ სიაშია, იღებენ ხელფასს. მე ხელფასს 1200 ლარს ვიღებ ნოემბრიდან, მანამდე ვიღებდი 600 ლარს, წინა წლებში - 300 ლარს. რაიონულ ოფისებში ოფისმენეჯერიც იღებს ხელფასს. ადამიანებს რომ მოვთხოვოთ, როცა დრო აქვთ, მაშინ კი არ მოვიდნენ და მოგვეხმარონ, არამედ სულ აქ იყვნენ, ამაში ხელფასის მიღება არათუ სწორი, აუცილებელიცაა. დღეის მდგომარეობით ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში ხელფასს იღებს 35 ადამიანი. ექვსი თვის წინ ასეთი ხუთი ადამიანი იყო - ხალხის ნაწილის აღშფოთება მესმის - დღემდე თუ მხოლოდ ნაციონალების ფუფუნება იყო, არჩევნებისთვის საჭირო რესურსი გამოეყენებინათ და ჩვენ დროშების ანაბარა ვიყავით, ახლა გამოჩნდა კონკურენტი - არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური რესურსების თვალსაზრისითაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი
"როცა პარლამენტში ცნობილი კანონი იხილებოდა, ერთი საათით ადრე, კომიტეტის სხდომაზე შეიტანეს პუნქტი, რომლის მიღების მერე, იმ ღამის 12 საათიდან ანგარიშზე დარჩენილი თანხა სრულად უნდა გადაგვერიცხა უკან. საბანკო დღის დასრულებამდე ორი-სამი საათი გვქონდა. ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ სათანადო ზომები კანონის სრული დაცვით და გადავიხადეთ ოფისების ქირა, ზოგან წინასწარ ექვსი თვისაც. 25 ოფისი გვქონდა იმ დროისთვის ნაქირავები ქვეყნის მასშტაბით. დაახლოებით ამდენივე აქვთ "თავისუფალ დემოკრატებს", "კონსერვატორებსა" და "ხალხის პარტიას" დღეს ქვეყნის 80-85% მოცული გვაქვს. შევიძინეთ ხუთი ავტომობილი, რომლებიც სამოძრაოდ გვჭირდება. ნებისმიერ დროს შეგვიძლია კონტროლის პალატას ეს ხარჯები ვაჩვენოთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მიჭირს დავინახო ლოგიკა იმაში, რომ "ივანიშვილი არ ენდობა პარტნიორებს" - შეუძლებელია მე და ალასანია ან რომელიმე რესპუბლიკელი და ან თავისუფალი დემოკრატი იმავდროულად იყოს ივანიშვილის პარტიის წევრი ან ლიდერი - ეს ნონსენსია! ლოგიკის მარცვალი არ არის ამაში. ჩვენ გაცხადებული გეგმით ვმუშაობთ. თავიდანვე ვთქვით, რომ ივანიშვილი შექმნის პარტიას, რომელთან ერთად ჩვენ შევქმნით კოალიციას. რაც შეეხება ხვედელიძეს, აქ მარტო ლიდერობაში არაა საქმე. პირველი ამოცანა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულფასოვნად იყოს პოლიტიკაში ჩართული. მის გუნდში შესაძლოა იყოს ეკა ხვედელიძე, რომელსაც აქვს პოლიტიკური გუნდი. რაც შეეხება ლიდერობას, ივანიშვილი - მოქალაქეობააღდგენილი თუ არაღდგენილი, რჩება მოძრაობისა და ამ დიდი პოლიტიკური გუნდის ლიდერად. იგი ლიდერად აღიარა ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ ნახევარმა, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ - ელჩები მასთან ურთიერთობენ, როგორც მოქმედ და ლეგიტიმურ პოლიტიკოსთან. ასე რომ, ივანიშვილის ლიდერობის საკითხი ცხადზე უცხადესია!" - დასძენს დავით უსუფაშვილი და შეკითხვას - "ამ ყველაფრის მერე, როგორღა გიკვირთ, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ მიზნებს მიაწერენ - გასაგებია, რომ "პოლიტიკური მიზნის შინაარსი" კანონში არაა დაკონკრეტებული და მაინც..." - პასუხობს:
"იცით, საქმე რა არის, ახლა სტატიას თუ გამოაქვეყნებთ, ასეთივე წარმატებით, უცებ ვიღაცას შეუძლია გითხრათ, რომ თქვენ გაქვს პოლიტიკური მიზნები და ამიტომ ვერ მიიღებთ ხელფასს სამსახურში, რადგან გეკრძალებათ რამე შემოსავლის მიღება, გარდა მოქალაქეების მხრიდან შემოწირულობებისა. აი, ასეთ აბსურდამდეა საქმე მისული. ამიტომ "ქართული ოცნება" მზადაა შეასრულოს კანონის ყველა მოთხოვნა გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც. მოქმედი კანონმდებლობა ანალოგიური პრობლემებით ემუქრება ყველას, ვინს ხმას "არასწორად" ამოიღებს".
721
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85