გია მაისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მართავს

გია მაისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მართავს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ „მომავლის პარტიის“ ლიდერს, გია მაისაშვილს იმედი გაუჩინა. სამშობლოსგან სამი წლის განშორების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული გია მაისაშვილი, ჩვენი ინფორმაციით,  კონსულტაციებს მართავს „ქართულ ოცნებასთან“. თუმცა აპირებს თუ არა გაწევრიანებას ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში ან ბიძინა ივანიშვილის პარტიაში, რომელიც თებერვალში შეიქმნება, ამის შესახებ ვრცლად არ საუბრობს და Presage.tv-სთან საუბარში მოკლე კომენტარით იფარგლება: „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებას არ ვგეგმავ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს პროფესიულ მხარდაჭერას გამოვუცხადებ.

მაისაშვილი მიიჩნევს, რომ, მართალია, სხვა ქვეყნებში პოლიტიკაში ბიზნესმენების გამოჩენა არ ამართლებს, მაგრამ საქართველოში სულ სხვა ვითარებაა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ დამახინჯებული და ჩაკეტილი ერთპოლუსიანი სივრცე პოლიტიკაში ახლადჩართულმა ბიზნესმენმა გამოაცოცხლა და ორპოლუსიანად აქცია. თუმცა ეკონომისტი არ გამორიცხავს მესამე პოლუსის (შესაძლოა, მეოთხე პოლუსის) გაჩენასაც, რომელიც, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ იქნება მართული.

მისთვის ივანიშვილი შინაარსიანი, ღრმა პიროვნებაა და არა ზედაპირული, ქარიზმატული ადამიანი, სააკაშვილის მსგავსად. ასეთებს დასავლეთში ეჭვის თვალით უყურებენ. მიაჩნია, რომ სამშობლოში დაბრუნებულს უფრო მონოპოლიზირებული დაუხვდა პოლიტიკური სივრცე, ვიდრე ამერიკაში წასვლის წინ დატოვა.

„მაშინ პროცესი შედარებით უფრო ღია იყო, ვიდრე ამჟამად. დღეს უფრო მეტად კონსოლიდირებულია და ერთი ჯგუფის ირგვლივ არის ხელისუფლება შეკრული. ხელისუფლების ვერტიკალი მთლიანად მონოპოლიზირებულია პატარა ჯგუფის მიერ. აქედან გამოსავალი კი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაშია, რომელიც  ჩვენ არ გვყავს და კვლავაც ემბრიონულ მდგომარეობაშია. თუ ინდივიდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და თავისუფალი არ არის, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება ვერ გვექნება“, - აცხადებს მაისაშვილი Presage.tv-სთვის მიცემულ კომენტარში.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის პროფესიულ მხარდაჭერას, ამაში გია მაისაშვილი საკუთარ ნაშრომს გულისხმობს, რომელიც ამერიკაში ყოფნის სამი წლის მანძილზე შექმნა და, რომელიც 2013-დან 2023 წლამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოდელს მოიცავს.

არ ბრაზობს, როცა მის შეხედულებებს იდეალისტურად მიიჩნევენ. ამბობს, რომ ის პრაგმატისტი იდეალისტია და იმ ეკონომიკურ სკოლას მიეკუთვნება, 21-ე საუკუნეში იდეალიზმის გარეშე ეკონომიკის შექმნის რომ არ სწამს. „ილია ჭავჭავაძე, მაჰათმა განდი იდეალისტები იყვნენ, ყველაზე მდიდარი ბილ გეითსიც იდეალისტია“. 

სწამს, რომ მის მიერ საქართველოსთვის შექმნილი ეკონომიკური ზრდის მოდელის განხორციელების შემთხვევაში, მომავალი ათი წლის მანძილზე საქართველო ისეთივე ზრდის ტემპით განვითარდება, როგორც თუნდაც ჩინეთი და სხვა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკური ქვეყნებია, თითოეული ჩვენი თანამემამულე კი შვიდჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს.

არ ვიცით, რამდენად დააინტერესებს ეს მოდელი ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მაისაშვილი მზადაა, ხელისუფლებასაც გააცნოს თავისი ნაშრომი. თუმცა ეჭვობს, ექნება კი ხელისუფლებას ამ კონცეფციის გატარების უნარი?!

გია მაისაშვილი დაპირებას იძლევა, რომ ამჯერად სამშობლოში დიდხანს დარჩება. სამი წლის წინ ქართული პოლიტიკისგან მისი ჩამოშორება კი სრულმა უპერსპექტივობამ განაპირობა: „აქ არ იყო იმის წინაპირობა და არ ტარდებოდა ისეთი პოლიტიკა, რომლის მიმდევარიც მე ვიყავი და, რომლის დამკვიდრებასაც ვაპირებდი საქართველოში.

21-ე საუკუნეში ის ერები იმარჯვებენ, რომლებიც არა სამხედრო თვალსაზრისით არიან ძლიერნი, არამედ - ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ, ბრძოლის ველი დღეს ეკონომიკაზე გადის და დღეს გვჭირდება სწორედ ეკონომიკის მთავარსარდლები და ეკონომიკის სტრატეგოსები,“ - გვითხრა მაისაშვილმა.

თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში გია მაისაშვილის იდეალისტური შეხედულებები ვერ დამკვიდრდა. 2009 წელს იგი ალტერნატიული, ჩრდილოვანი მთავრობის შექმნის წინადადებით გამოდიოდა. ეს ორგანო ყრილობის ლეგიტიმურობის საფუძველზე უნდა არჩეულიყო და საქართველოში ორხელისუფლებიანობის განცდა ჩაენერგა. ეს უნდა ყოფილიყო არაპარტიული, მთელი საზოგადოებისგან დაკომპლექტებული ბირთვი, რომელიც საპროტესტო მუხტს ეფექტურად წარმართავდა. ამით მაისაშვილი ფიქრობდა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის შიგნით აფეთქების საშუალებას დაუკარგავდა. თუმცა ამერიკაში განსწავლული ეკონომისტის ეს სურვილი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა.

ასეთი იდეალების მიუხედავად, დღეს გია მაისაშვილი, რომელიც, იმავდროულად, ლიდერთა სკოლის დამაარსებელიცაა, აპირებს, უანგაროდ დაეხმაროს ბიძინა ივანიშვილს, რათა იგი ისეთ ლიდერად ჩამოყალიბდეს, რომელსაც ერთდროულად ქართველი და ევროპელი ლიდერის თვისებები ექნება.

სხვათაშორის, თავის დროზე მაისაშვილი ასევე დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა დღეს მიიჩნევს, რომ ეს ცოდნა სააკაშვილმა ვერ გამოიყენა. 

„სააკაშვილმა მარტო ჩემი კონცეფცია კი არა, ჩემი სახელიც გამოიყენა,“ - აცხადებს ეკონომისტი.