„მოხდა ისე, რომ ბოლო 25 წელია რუსთაველის პროსპექტი გახდა ქვეყანაში უმთავრესი გადაწყვეტილებების მიმღები „ორგანო“, რომელმაც არც ერთ პრეზიდენტს არ დააცალა ბოლომდე მიეყვანა თავისი საპრეზიდენტო ვადა.
- რა გისურვო, რუსთაველო, ახალ წელს? არ დაიღალე? გეყო აბობოქრება! მაგრამ შენ რა შუაში ხარ. ეს ჩვენ უნდა ვისურვოთ ყველამ - გვესწავლოს ერთმანეთთან ლაპარაკი და ერთმანეთის გაგება, ხელისუფლებასა და საზოგადოებას არ დასჭირვებოდეს შუამავალი... კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ უნდა ვუსურვოთ საკუთარ თავს, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას, ისევ შენი აბობოქრება... დავიღალეთ...“, - მწერალმა გურამ ოდიშარიამ ეს საახალწლო სურვილი ინტერვიუს შემდეგ ფოსტით გამომიგზავნა. ეტყობა ჩვენმა საუბარმა დაუტოვა საფიქრალი... საუბარი კი ბევრ თემაზე, ძველსა და ახალზე გვქონდა:
- სოხუმში მცხოვრები ებრაელებისაგან მსმენია, - ქვეყანაში სადაც მეფეს მოაკვდინებენ ან გააქცევენ, 25 წელი გასაჭირი არ მთავრდებაო. ჩემთვის და ყველასთვის ბოლო 25 წელი არანორმალური წლებია, რადგან ოჯახში დავიწყეთ მტრების და მოღალატეების ძებნა. კვლავ სიძულვილს ვაფრქვევთ. კვლავ გრძელდება ეკონომიკური სიდუხჭირე, ქართული საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთისთვის მტრის იალიყის მიკერება, ნაცვლად იმისა, რომ ქართველებმა ენერგია, ძალა, ნიჭი და უნარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავაერთიანოთ.
როგორც ჩანს, „სიძულვილის ენას“ ძალიან მივეჩვიეთ.
- მახსოვს სიძულვილის და დაპირისპირების ტალღა როგორ ზვირთდებოდა სოხუმში. როდესაც ქართული ელიტა ბნელიტად იქცა და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ რუსთაველზე პირველი ტყვია ისროლეს, აფხაზეთი მაშინ დავკარგეთ. მაშინ რუსთაველის პროსპექტმა იომა და ის გახდა „ორგანო“, რომელსაც შეუძლია საქართველოს ბედი გადაწყვიტოს.
როდესაც კაცი ჭაობში იძირება და ამას ხედავ, ტანსაცმლის დასვრის არ უნდა შეგეშინდეს, მის საშველად უნდა გაეშურო, ხელი გაუწოდო და ჭაობიდან ამოიყვანო. ადამიანი ჩემთვის უპირველესია და როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფალი ამ პრინციპს მირღვევს, ვამბობ, რომ ასე არ შეიძლება. ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ვერ ავაგეთ ურთიერთობა, რადგან სიყვარული და სიბრძნე დაგვაკლდა. ყველაფერი ჩვენმა ეგოცენტრულობამ გადაწონა. მახსოვს 90-ანი წლების ეროვნული მოძრაობის ლიდერების ილუზიები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მსოფლიოს ათავისუფლებდნენ „წითელი ჭირისგან“ და ეს ილუზიები დღესაც გრძელდება. მახსოვს განცხადებები, - ღვინოს, ბორჯომს, ჩაის გავყიდით და გვეყოფა, შვეიცარიასავით ვიცხოვრებთო, მაგრამ მხოლოდ შენს სახლში თუ იშენებ შვეიცარიას, მთელი ქვეყანა შვეიცარიად ვერ იქცევა. რამდენი ვიცი, ათასგვარი უსინდისობით აშენებული შვეიცარია დღეს სახლში აქვს და ეშინია სხვისი იქ მიყვანის, რომ მისი შვეიცარია ყველასთვის არ გახდეს ცნობილი.
ქვეყნის მდგომარეობაზე პირველი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ის უნდა უსმენდეს საკუთარ ხალხს, მაგრამ ამის ნაცვლად კრიტიკის აბსოლუტურ მიუღებლობას ვხედავთ. როდესაც ხელისუფალი არ უსმენს, ხალხი ქუჩაში მაშინ გამოდის. არადა ქუჩის გამოსვლები მეზარება, არ მიყვარს ისტერია, რომელიც ამ დროს ქუჩაში იღვრება. თუ მოლაპარაკებას ვისწავლით, ჩვენს ქვეყანას ეს დააწყნარებს.
ხელისუფლება გვეუბნება, კარგად ვცხოვრობთო, მაგრამ ეს ხომ უპირველესად იმაზეა დამოკიდებული, როგორ გრძნობს თავს ადამიანი ამ ქვეყანაში. ერთი ახლობლის ოჯახში ვიყავი და მასპინძელმა ყველას ტელეფონი სხვა ოთახში გაიტანა, - გვისმენენო. ცუდად დაგვებედა ჩვენს ქვეყანაში მტრების და მოღალატეების ძებნა. როდესაც ქვეყენაში უდანაშაულო ადამიანსაც ეშინია, ჩაუდენელი დანაშაული არ დამაბრალონო, ეს არანორმალური მდგომარეობაა. სანამ ქვეყანაში ასეთი შიშია, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ.
შეხედეთ მსოფლიოს, დაწყნარებულ-დალაგებული მხოლოდ ის ქვეყნებია, სადაც ხალხმა ერთმანეთთან მოილაპარაკა.
უცხოეთში რომ ამბობ, ქართველი ვარო, მათთვის შენ ხარ თბილისის ომი, როდესაც ერთმანეთს ვესროლეთ, ხარ აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტები. ხარ უამრავი პრობლემით დატვირთული და ამავდროულად დამნაშავე იმაში, რაც შენს ქვეყანაში მოხდა. არ მინდა საზღვარგარეთ დამნაშავის იმიჯით ვიყო.
ქართველ ხალხს ღირსება უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ღირსება არ დაბრუნდება თუ ხალხი მუდმივად შიშში ეყოლებათ. ხალხი ლაღად უნდა ცხოვრობდეს და ხელისუფალიც ხელს უნდა უწყობდეს, რომ ხალხმა თავის სათქმელი მეტად თქვას, გამოხატოს. თუ არ ვცდები აშშ-ის პრეზიდენტი ჯეფერსონი ეუბნებოდა მოწინააღმდეგეებს, - შეიძლება თქვენს აზრს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ სიცოცხლეს გავწირავ იმისათვის, რომ თქვენი აზრი გამოხატოთო. დღეს კი ქართველი კაცი შებორკილია და იმ დანაშაულის ეშინია, რომლიც არ ჩაუდენია. სანამ ეს არ დასრულდება, ჩვენ პერიოდულად გვეყოლება რუსთაველის პროსპექტის მიერ გადაყენებული პრეზიდენტები. სამჯერ ხომ აბობოქრდა რუსთაველი და გადააყენა პრეზიდენტები, შეიძლება მეოთხედაც აბობოქრდეს... და მაშინ ნახეთ ჩვენი ტერიტორიების დაკაგვა-დაქუცმაცება. რაც ჩვენ დაპირისპირებებში ენერგია დავხარჯეთ, ქალაქებს ავაშენებდით.
ალბათ, სააკაშვილმა იმიტომ გადაწყვიტა ლაზიკას აშენება, რომ დაპირისპირებას აღარ მოვახმაროთ ჩვენი ენერგია.
- ხალხს შეიძლება პირამიდებიც ააგებინო, მაგრამ დათრგუნვილი ადამიანი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს. საბჭოთა კავშირის დიქტატურას გამოვექეცით, მაგრამ შორს არ წავსულვართ, ისევ დიქტატურის კართან ახლოს ვართ და ადვილად შეიძლება ჩვენი უკან შებრუნება.
მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის წინაშე თავდახრილ მინისტრებს რომ ვუყურებ, შუასაუკუნეების შაჰის კარი წარმომიდგება. მთავრობის სხდომაზე არ გვესმის არცერთი განსხვავებული აზრი, თუ როგორ შეიძლება რაღაც უკეთ გაკეთდეს, რადგან ეშინიათ - მეორე დღესვე თანამდებობის დატოვება მოგვიწევსო. ამ სიტუაციაში ძნელია დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა ააშენო.
როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართო, მეგონა სრულიად საქართველოს გულისხმობდნენ და ყველას ერთად უნდა გვეშენებინა ეს ქვეყანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარკვეულ ასაკს მიღმა მყოფ ადამიანებს ქვეყნის შენების უფლება არ გვქონია. მე მშენებლების კი არა, პენსიონერების გუნდში აღმოვჩნდი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ხარ ან ხელისუფლება გააკრკიტიკე, მიუღებელი ხდები და სულ პატარა პოსტსაც არ გაღირსებენ.
ბოროტმა სულმოკლეობამ და დაუნდობელმა ეგოიზმმა დატბორა ქვეყანა. ავსიტყვაობა აგრძელებს ქვეყნის სულიერ ნგრევას. ვლოცულობთ და სანთლებს ვანთებთ, მაგრამ მაინც ვშორდებით ღმერთს. ჩვენ თავად ვწირავთ და არ ვზოგავთ საკუთარ თავს. დღეს სისხლისღვრაზე მეტი უბედურება ჩვენი სულისღვრაა.
იქმნება საოცარი სიტუაციები, როდესაც ადამიანები სიყვარულს არ გპატიობენ, სიძულვილს კი ადვილად მოგიტევებენ. რადგან სიძულვილი პრიმიტიულია, მისი ენაც მარტივი და ყველასათვის გასაგები. დღეს სიძულვილი პოპულარიზებულია, ამიტომაც ადამიანები ავზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე კეთილზე. როდესაც მოძულე მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, ვიდრე კეთილი, იმ საზოგადოების საქმე ცუდადაა.
ვაცლავ ჰაველი ერთ-ერთ წერილში ინდიელთა მითს იხსენებს ორთავა ფრინველზე, რომელთა თავებმა ერთმანეთი შეიძულეს და ერთმანეთის ჯიბრზე ქვების ყლაპვა დაიწყეს. ფრინველს ორი თავი კი ება, მაგრამ სტომაქი ერთი ჰქონდა და მისმა კუჭმა მოძულე თავთა მიერ ნაყლაპი ქვები ვერ მოინელა. ფრინველი თვითმკვლელმა სიძულვილმა შეიწირა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ერთმანეთის ჯინაზე ვყლაპავთ ქვებს და ქვეყანა დავაზარალეთ.
მაგრამ ბოლო დროს მშვიდობიანი ცვლილების შანსიც გაჩნდა საქართველოში.
- 2012 წელს ქართველი ხალხი ახალ გზაჯვარედინს მიდგა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა, საპრეზიდენტომდე - 1 წელი. ხელისუფლებასთან განშორება ძნელია, მაგრამ ვიცით მაგალითები ისტორიიდან, თუ როგორ თმობდნენ ხელისუფალნი ძალაუფლებას ქვეყნის საკეთილდღეოდ. როდესაც სენატმა მესამე ვადით სთხოვა ხელისუფლებაში დარჩენა, ჯორჯ ვაშინტონმა თქვა: თუ ეს პრეცედენტი დავუშვით, ქვეყანა დაგვერღვევაო. თავისივე მიღებული კანონები რომ დაერღვიათ, ამერიკა არ იქნებოდა ისეთი ქვეყანა, როგორიც არის.
ჯერ ამ გზაჯვარედინზე ჩვენი გამოცდა მოხდება. ეს იქნება ხელისუფლების, ოპოზიციის და ხალხის გამოცდა. როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას, ამაზე ქვეყნის ბედია დამოკიდებული. ამ ამოცანის გადაწყვეტისას პირველი ვიოლინო ხელისუფლებაა. სააკაშვილს და მის გარემოცვას შეუძლია გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას წაადგება.
ამის იმედი გაქვთ? ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც თავისსავე მიღებულ კანონებს არად დაგიდევთ მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად.
- ეს, ხელისუფლების დაკარგვის შიშის გამოა. ადამიანს ერთი სამშობლო აქვს და როდესაც საკუთარ სამშობლოში მოქალაქეობას ართმევენ, რაღაზე შეიძლება ლაპარაკი?! ეს ყოვლად გაუგებარი, დამამცირებელი და გონივრულობას მოკლებული ქმედებაა. მტერიც რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, მაინც არ უნდა გაეკეთებინა ეს სააკაშვილს. მახსენდება პრეზიდენტი ლინკოლნის საუბარი ჟურნალისტთან, რომელიც შეაცბუნა პრეზიდენტის ნათქვამმა - მტრებს ვანადგურებო. როგორ ანადგურებთო? - ჩაეკითხა ჟუნრალისტი. მათ ვხვდები, ვსაუბრობთ და ისინი ჩემი მეგობრები ხდებიანო, - უპასუხა პრეზიდენტმა.
ერთმანეთის რაც უფრო კარგი მეგობრები გავხდებით, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ შეშინებული ხელისუფლება სულ უფრო ცუდ ნაბიჯებს დგამს. ადამიანებს უსაფუძვლოდ მტრად აცხადებენ და ეს ყველაფერი ძალიან ცუდი დადგმებით ხდება.
ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგებლებისაგან განსხვავებული კაცია. ის ამბობს, ვინმეს დასამარცხებლად კი არა, ყველას გამარჯვებისთვის მოვდივარო. არ არის მასში ის დაძაბული ტონი, რომელიც ჩვენს ყოფაში ხშირად გვესმის. სიმივით დაჭიმულები ვართ და დღესასწაულსაც კი აგრესიულად ვდღესასწაულობთ. ბავშვობაში მიკითხავდნენ ზღაპარს, - კაცი ცხენით მიდოდა და დაინახა გზის პირას ვიღაც ტკივილისაგან მოკუნტული იწვა. ჩამოხტა ცხენიდან რომ მიხმარებოდა, მაგრამ „შეუძლოდ მყოფი“ უცებ მოახტა მის ცხენს და გაიქცა. ცხენის პატრონმა მიაძახა - სოფელში რომ მიხვალ, არ თქვა როგორ წამართვი ცხენი, თორემ კაცი კაცის ნდობას დაკარგავს და გაჭირვებულს აღარავინ დაეხმარებაო. ბევრი ადამიანი იფიქრებს, ბიძინა ივანიშვილმა ამდენი გაუკეთა სამშობლოს და მოქალაქეობა წაართვეს, ასეთ კაცს რომ ცუდად მოქცენენ, მე კარგი რა მელოდებაო.
არ მომწონს ზოგიერთი ოპოზიციონერის აგრესიული განცხადებები - ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ამას და ამას დავიჭერთ და პასუხს ვაგებინებთო. რით გასხავებიან ისინი ამ მოძალადე ხელისუფლებისაგან, რომელმაც ხალხი დაარბია და განაცხადა, - აბა, რა ეგონათ, ეს სახელმწიფოაო. მე ვერ მივემხრობი მსოფლმხედველობას, რომელიც აგრესიას და შურისძიებას ქადაგებს. იმედი მაქვს ქართველი საზოგადეობა შეძლებს ერთმანეთთან დალაპარაკებას და ეს გზაჯვარედინი კარგ გზაზე გაგვიყვანს.