რეზიკო ოთარაშვილი დუშეთის გამგეობას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნაში ადანაშაულებს. ოთარაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში სპეციალისტად ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა.
მისი თქმით, 11 იანვარს, ღამის 11:30 საათზე გამგეობიდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს.
გამგეობაში მისულს კი გამგებელი, ლაშა ჯანაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ „არასწორი პოლიტიკური შეხედულების გამო“ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. გამგებელმა მას მიზეზად, ბებიამისის ნანული ნაცვლიშვილის მიერ, მისი კუთვნილი ფართის მოძრაობა „ქართულ ოცნებისთვის“ მიქირავება დაუსახელა.
ოთარაშვილი ამბობს, რომ სამსახურში ორჯერ მისვლის შედეგ უთხრეს, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადებას ფოსტით მიიღებდა.
–„მაინტერესებს რას ჩაწერენ გათავისუფლების მიზეზად. სინამდვილეში, ბებიაჩემს ფართი გაქირავებულიც კი არ აქვს, რადგან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ,“–აცხადებს ოთარაშვილი.
გამგეობის ყოფილი თანამშრომელი სამსახურში მას შემდეგ აღარ მისულა, ამბობს, რომ აზრი არა აქვს, ისევე,როგორც სასამართლოში ჩივილსა და საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას, რადგან სასამართლოს ობიექტურობის იმედი არა აქვს.
–„არ მინდა ვინმემ, ისე გაიგოს, რომ ამას ივანიშვილისაგან რაიმე გამორჩენის მიზნით ვაკეთებდე. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყოველთვის მხარს ვუჭერდი, ხელისუფლებაა,“–აცხადებს ოთარაშვილი.
მისი თქმით, შემოსავლის ერთადერთი წყარო, 210–ლარიანი ხელფასიც დაკარგა.
ოთარაშვილის ბებია, ნანული ნაცვლიშვილი ფართს დუშეთის ცენტრში, სტალინის 44–ში ფლობს. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სახელით მართლაც იყვნენ, თუმცა, არაფერზე შეთანხმებულან და არც ხელშეკრულება გაუფორმებიათ.
–„ჩემი შვილიშვილი შეზღდული შესაძლებლობისაა, საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. ღამით გამგეობაში დაიბარეს, უთხრეს არ გენდობითო და სამსახურიდან გათავისუფლებთო. გამგებელთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ ვერ მოვახერხე,“–ამბობს ოთარაშვილის ბებია.
ნაცვლიშვილთან ფართის სანახავად მისული თემურ დოლიაშვილი აცხადებს, რომ ის დუშეთში „ქართული ოცნებისათვის“ საოფისე ფართს მეგობრის, მოძრაობის წევრ თამაზ მეჭიაურის თხოვნით ამ დრომდე მართლაც ეძებს. მან დუშეთის ცენტრში, ნაცვლიშვილის ფართი დაათვალიერა, თუმცა, მათ შორის შეთანხმება არ შემდგარა.
„ქართული ოცნების“ რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განმარტებით თამაზ მეჭიაური მცხეთა–მთიანეთის რეგიონში ცალკეულ საკითხებს უწევს კოორდინირება.
თავად დუშეთის გამგებელი, ლაშა ჯანაშვილი Tspress.ge-სთან საუბარში ოთარაშვილის თანამდებობიდან დათხოვნის ფაქტს უარყოფს:
–„რეზი ამ დრომდე ჩემი თანამშრომელია და სამსახურში ჩვეულებრივად დადის. ალბათ, მისი სახელით ვინმე სხვამ თუ მოგმართათ, თორემ მასთან არავითარი მსგავსი საუბარი არ ყოფილა. პოლიტიკური მოტივი რომ ყოფილიყო, სამსახურში არც ავიყვანდით,“ – განაცხადა ჯანაშვილმა.