"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"პოლიტიკურ სივრცეში ივანიშვილის გამოჩენით ხელისუფლება თავზარდაცემულია. სახელისუფლებო გუნდმა სასწრაფოდ "გადააწყო" საკუთარი პოლიტიკა და თუ ადრე ქართული პოლიცია დევნილებს აპანღურებდა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - დროებითი სადგომებიდან, თუ პრეზიდენტი იყო გულცივი ყველა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ახლა ეს გუნდი აქტიურად უწყობს ხელს პრეზიდენტის იმიჯის გამოსწორებას და საზოგადოებისთვის მისი, როგორც "სახალხო პრეზიდენტის" მოდელის შეთავაზებით არის დაკავებული. დაგაგვიანდათ, ბატონებო, ერთი წელი სულაც მხოლოდ შაქარი რომ ამოგდიოდეთ პირიდან, იმ სიმწარეს ვერ გადაფარავს, რაც ხალხმა ნაციონალური მოძრაობისგან განვლილი 8 წლის განმავლობაში იწვნია", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით `საკუთარი აქტიურობის გარეშე ჩვენ დავრჩებით მიზანმიუღწეველნი" / "დღეს საქართველო გახლავთ `ნაციონალური მოძრაობის" გართობის და დასვენების პარკი".
"გახსნის პრეზიდენტი რომელიმე საავადმყოფოს და იქიდან გამოსული, ლანძღავს დაუდგენელ პირებს, რომლებიც თურმე ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობენ, რომლებიც ბოლშევიკებზე უარესი არიან... ვფიქრობ, უახლოესი გარემოცვა პრეზიდენტ სააკაშვილს დათვურ სამსახურს უწევს და ძალიან მწყდება გული, რომ 2003 წლის ოცნება, რომელიც ჩაგვინერგა სააკაშვილმა, ფუჭი და მავნე აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მისი უახლოესი წრისა იმაში გამოიხატება, რომ ხელში ჩაიგდეს პერსპექტიული, ნიჭიერი ლიდერი და მისგან შექმნეს ის, რასაც დღეს გულისტკივილით, სინანულითა და აღშფოთებით. ვაკვირდებით არა მარტო ჩვენ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"საქართველო რომ პირველ ადგილზეა ევროპაში პატიმართა რაოდენობით - ეს მოსალოდნელი იყო. ის, რასაც საქართველოს ციხეები ჰქვია. გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" გართობისა და დასვენების პარკი, სადაც მათი ცინიზმი უკიდეგანო და სრულიად უპასუხისმგებლო მასშტაბებს აღწევს. ჩვენ წინაშე დგას საფრთხე - ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული მცირე ვადით დაპატიმრებულ განსასჯელთა მონაწილეობა არჩევნებში სერიოზულ საშიშროებას შეიცავს - შესაძლოა არჩევნების წინ ათიათასობით ადამიანი დააპატიმრონ, უმეტესობა იმის გამო, რომ ისინი ესწრებოდნენ რომელიმე წინასაარჩევნო შეხვედრას, სადაც გაისმა დაპირებები და ეს არის კანონის დარღვევა და საციხო საქმე. ყველა მიიღებს სასჯელს სამ წლამდე და უკან გამოვლენ მაშინ, თუკი ხმას მისცემენ "ნაციონალურ მოძრაობას" გამჭვირვალედ, ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ. ამდენად, ათობით ათასი დამატებითი ხმა სრულიად უდანაშაულო ხალხის ციხეში გამომწყვდევით მიითვლება ხელისუფლების მიერ ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრებისა - მიკვირს, რომ ევროპული სტანდარტებით მოაზროვნე ვენეციის კომისიის მაღალჩინოსნები ვერ აცნობიერებენ განსხვავებას ევროპულ და ქართულ ციხეებს შორის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ასეთი საარჩევნო კოდექსის პირობებში რა სამართლიანობაზე უნდა ვილაპარაკოთ? გულგახეთქილი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც საკუთარი ცხოვრების დასრულებად ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა მიაჩნია, მიღებულ გადაწყვეტილებებს აფორმებს როგორც პარლამენტის გადაწყვეტილებებს და ბეჭდვით ორგანოსაც მეტ უფლებებს აძლევს, ვიდრე პარლამენტს აქვს, რომ რედაქტირება გაუკეთოს კანონს. თურმე ეს 150 ბედოვლათი, წერა-კითხვის უცოდინარი პარლამენტარი ვერ ხვდება, რა დაწერეს, გამოაქვეყნეს და ვიღაც ეგულება ისეთი თავისიანი ამ რედაქციაში, რომელმაც ყველაზე მეტი იცის და ყველაზე კარგად ესმის ადეიშვილის... ეს კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქაა ისევე, როგორც ბევრი სხვა, რომელიც სააშკარაოზე გასული წლის ნოემბრიდან გამოვიდა. ამას ჰქვია შიში, ხოლო შიში რომ კარგი მრჩეველი არ არის რამე პოზიტიურის მიღწევისთვის, ამაში ნაციონალური მოძრაობაც გვარწმუნებს. საარჩევნო კოდექსის ცვლილებები სხვა თემაა, სხვა საბრალდებო დასკვნის შექმნის საფუძველია. ბავშვი რომ იტყუება და რომ გაიმეორებს ტყუილს, ყველაზე უფრო ამ ტყუილის თვითონ სჯერა", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.
"ქალბატონ ხვედელიძეს ჯერ არ აღუდგა მოქალაქეობა მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საინტერესოა, სად, როდის და რა ვითარებაში გადაიხადა მისჯილი 100 ლარი საქართველოს პრეზიდენტმა - იხდის პრეზიდენტი ჯარიმას რაც მიუსაჯეს, თუ ასაჩივრებს? რა სახეს მიიღებს ივანიშვილის დაფუძნებული მოძრაობა, მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ასე თუ ისე, გამოცდილება, რომელიც როგორც ფასეულობა უარყოფილია `ნაციონალური მოძრაობის~ მიერ, ამ შემთხვევაში აშკარად დაფასებულია - ვფიქრობ, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მოუვა შეცდომა მსგავსად ნაციონალებისა, რომ პროგრესულობა განისაზღვრებოდეს რაიმე ასაკობრივი ზღვარით. ასაკით განსაზღვრული ღირებულება შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ სპრინტერულ ბრძოლაში, სადაც ჯანმრთელი 20 წლის ადამიანი ყოველთვის გაასწრებს ჯანმრთელ 60 წლის კაცს, მაგრამ ყველა სხვა კუთხით, რასაც ქვეყნის მშენებლობა ჰქვია, რასაკვირველია, სწორედ სინთეზი ახალგაზრდობისა და გამოცდილებისა და შეთანხმება პროგრესულ რეფორმებზე იქნება საფუძველი იმისა, რომ რეალურად დაიწყოს ოცნების განხორციელება", - მიიჩნევს ექსპერტი.
"მე პირადად მესაკლისება ახალგაზრდობა ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში და ვფიქრობ, გარკვეული მოლოდინი და მოულოდნელი მოწყენილობა შეიძლება შეიცვალოს აქტიური პროცესებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნება კონკრეტული პარტიული კოალიცია, თანაც დაფუძნებული ეროვნულ თანხმობაზე და არა ერთმანეთთან დაპირისპირებაზე. პრინციპულობა აუცილებელია, მაგრამ მე ვარ და ჩემი ნაბადის პოლიტიკა ახალ პარტიას არ წაადგება, ისევე როგორც არ ადგება იგი მმართველ პარტიას. სირთულე ბევრია, მათი გადალახვა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავად მოუწევს, მზა რეცეპტებით მათ კარზე არავინ მიუკაკუნებს. საკუთარი აქტიურობის გარეშე ჩვენ დავრჩებით მეოცნებე, მოღიმარი და მიზანმიუღწეველნი. მხოლოდ თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებული ჯანსაღი ენერგია, ჯანსაღი ფანტაზია, შემართება შეგვაძლებინებს, რომ გახდეს ჩვენი ქვეყანა ისეთი, რისი ღირსიც არის", - დაასკვნის სოსო ცისკარიშვილი.
864
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85