ლაშა ბუღაძე "თავისუფლება"
კვირის დასაწყისი: სასიამოვნო დამთხვევა
ფაქტია, პრეზიდენტს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ბავშვებში ჰყავს. მართალია, მოხუცი ქალბატონები უშურველად იკოცნებიან, მაგრამ ბავშვებისნაირად გულწრფელად მაინც ვერა...
პრეზიდენტს რომ გამოლაპარაკება უყვარს მისი სახელის მოყვირალ-მკოცნელებთან, ესეც ყველამ უწყის (მართალია, პასუხებს არ ისმენს, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოპასუხეებსაც ეს უნდათ), ჰოდა ზოგჯერ რომელიმე ყმაწვილს გამოიჭეს ხოლმე და მეტად ორიგინალური შეკითხვით მიმართავს: "რა გქვია?" და საოცრებავ, როგორც წესი, ბავშვებს სწორედ "მიშა" ჰქვიათ. და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ბიჭებს - გოგონებიც კი "მიშად" ეცნობიან.
რა არის ეს? მართლა ყველას "მიშა" დაარქვეს მშობლებმა თუ ბავშვები იბნევიან პრეზიდენტის დანახვაზე; საკუთარი სახელები ავიწყდებათ და ვინც წინ უდგათ, იმის სახელი ადგებათ ენაზე? ("მარტო ის სახელი მახსოვს, რაც დღე და ღამე მესმის რადიოდან", - ჯერ კიდევ როდის წერდა ცნობილი ჩრდილოკორეელი პოეტი ინ კუი ლინი.) არც ისაა გამორიცხული, რომ ინერციით აგრძელებდნენ "მიშა-მიშას" ძახილს. თუმცა ეჭვი ადგილობრივ გამგეობებზეც მაქვს - შეიძლება სპეციალურად არჩევენ მიშა-ბავშვებს და ამ გზითაც ცდილობენ სპონტანურობის მოყვარული პრეზიდენტის გულის მოგებას.
კვირის შუაწელი: აღაღადებული ჩვილები
ამასწინათ, პრეზიდენტი პალატაში შეუვარდა ერთ-ერთ მშობიარეს, ახალდაბადებული ჩვილი მკერდზე მიიხუტა (კინაღამ დავწერე, ძუძუ ჩაუდვა-მეთქი...) და ტრადიციული დაკითხვა მოუწყო: "რა გქვია? რა დაგარქვა დედაშენმა?". ბავშვმა, ცხადია, ვერაფერი უპასუხა (ერთი დღისა გახლდათ მხოლოდ), მაგრამ გამოსავალი პრეზიდენტის ზურგს უკან მდგომმა, შეშინებულმა გამგებელმა მოძებნა - ხმა დაიწვრილა და ბავშვურად, ენისმოჩლექით უპასუხა: "მისა მქია". "უი, ჩემი სეხნია ყოფილა", - გაუხარდა პრეზიდენტს და იქვე აიღო ჩვილის დასაქმების ვალდებულება: "როცა 16 წლის გახდება, ჩემთან იმუშავებს, ლაზიკის რაიცენტრში".
კვირის ბოლო: ზღაპრის გუდა
მართლა ასეთი გულუბრყვილო კი არაა პრეზიდენტი - ოინს მაშინვე მიუხვდა გამგებელს, თუმცა კამერებთან ჩვეული პროფესიონალიზმით გაისულელა თავი...
რას იზამ, როცა საარჩევნო მარათონში ხარ ჩაბმული, ნებისმიერი ზღაპრის დაჯერება გიწევს... იმისიც კი, რაც მთვრალმა ქუთაისელმა მღვდელმა იბურტყუნა.
898
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85