ხელისუფლებამ ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია წელს პირველად, საჩხერეში აღადგინა და ძველით ახალი წლის ღამეს გრანდიოზული კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა „მგზავრებმა“, „ჯეოსტარი 2011“–ის გამარჯვებულმა მარიტა როხვაძემ და ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.
რა თქმა უნდა, კონცერტს ადგილობრივი ნაციონალური ხელისუფლება სრული შემადგენლობით ესწრებოდა და საჩხერლებს ახალი წელი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ მიულოცა და საჩხერლებს დაპირდა: „ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რაიონის თითოეული მკვიდრისთვის 2012 წელი იყოს უკეთესი იყოს“. მოკლედ, კონცერტი ტრადიციულად, ფეიერვერკით დასრულდა.
ყველაფერი კარგად იქნებოდა და საჩხერლებიც კონცერტისთვის მადლობლები დარჩებოდნენ, რომ არა ერთი ინციდენტი. როგორც presage.tv-ს დაზარალებულის ახლობელმა მოუთხრო - კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა საკმაოდ თვალშისაცემი ახალგაზრდების ჯგუფი. თვითმხილველი ვარაუდობს, რომ ეს იყო სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმი. ჯგუფი მაყურებლებს შეერია და როგორც ჩანს, ადგილობრივი „გზამკვლევების“ მითითებით, მაყურებლებიდან შერჩევით გამოიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა და იქვე ახლოს მდგომ ავტომანქანასთან ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც presage.tv-მ გაარკვია ნაცემი ახალგაზრდებიდან ორი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, თუმცა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ისინი რეგისტრაციაშიც კი არ გაატარა.
როგორც თვითმხილველი გვიყვება, ნაცემი ახალგაზრდები ისეთი სტუდენტები არიან, რომლებიც აქტიურობით გამოირჩევიან და თანატოლების წრეში გავლენაც აქვთ. presage.tv შეეცადა, დაზარალებულებს დაკავშირებოდა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს. თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრონ და ჩვენც დარწმუნებული ვიქნებით, რომ მათ უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება, მომხდარზე დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად შემოგთავაზებთ.
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს საკრებულოდან დაწყებული, გუბერნატორით დამთავრებული, ყველა ადგილობრივი ხელისუფალი ესწრებოდა და ეს ამბავი უშუალოდ კონცერტის მიმდინარეობის დროს ხდებოდა, ფაქტზე რეაგირება არც ერთ მათგანს არ მოუხდენია. ძნელი დასაჯერებელია, რომ დაახლოებით 15 ახალგაზრდას ისე გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომ სამართალდამცველებს, რომლებიც პერიმეტრს მუდმივად აკონტროლებენ და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ქუთაისიდანაც კი იყვნენ ჩამოსული, არაფერი შეემჩნიათ.
ფაქტია, რომ ეს იყო სადამსჯელო კონცერტი საჩხერლებისათვის, რომლითაც ხელისუფლება ხალხს აფრთხილებს, ივანიშვილს მხარი არ დაუჭიროთ, თორემ თქვენც იგივე დღე დაგადგებათო. როგორც ჩანს, საახალწლო კონცერტისთვისაც გასაგები მიზეზების გამო სპეციალურად შეირჩა საჩხერეც.
ხელისუფლების მხრიდან აკრძალული ილეთების გამოყენება გასაკვირი არ არის, მისთვის არასასურველი ოპოზიციისთვის ანგარისსწორების მსგავსი ფორმები დიდი ხანია, კარგად აპრობირებულია. საჩხერეთი დაინტერესებაც ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ხელისუფლება მისი მშობლიური რეგიონით განსაკუთრებულად დაინტერესდა. საჩხერლებს ხიდების აშენებასაც დაპირდა, სპორტულ მოედნებსაც და ახალი საავადმყოფოს გახსნასაც. თუმცა მანამდე საჩხერის რაიონიცა და კიდევ სხვა მრავალი პროექტიც რატომღაც ივანიშვილის რესურსებისთვის ჰქონდა მინდობილი.
რაც შეეხება საჩხერის ცნობილ საავადმყოფოს, სადაც ივანიშვილის წყალობით წლების განმავლობაში უფასოდ მკურნალობდნენ რაიონის მაცხოვრებლები, შენობის ადმინისტრაციული ნაწილი უკვე ჩამოართვეს. როგორც ცნობილია, საავადმყოფოსთვის ლიცენზიის გაუქმებასაც აპირებენ, თუმცა შემოწმების პროცესი, რის შემდეგაც ალბათ შესაბამისი დასკვნა დაიდება, ჯერ არ დასრულებულა.
როგორც ჩანს, მომავალი არჩევნებიცა და წინასაარჩევნო პერიოდიც განსაკუთრებით ცხელი საჩხერეში იქნება, რადგან ივანიშვილის მშობლიური რეგიონია. სხვა თემაა მმართველობის რა ფორმაში გადაიზრდება მსგავსი მეთოდით მომხრეების შეგროვება და ტერორით ძალაუფლების შენარჩუნება, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.