ლინკოლნ მიტჩელი, "The Faster Times"
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რუსეთში პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მმართველ რეჟიმს კრიზისი შეუქმნა. მასშტაბური დემონსტრაციები, როგორსაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში პირველად ჰქონდა ადგილი, დეკემბრის დასაწყისში ფალსიფიცირებულ არჩევნებს მოჰყვა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც პუტინს მოლოდინი ჰქონდა, რომ მარტივად გაიმარჯვებდა, ისე მშვიდად ვერ ჩაივლის, როგორც ამას პრემიერი იმედოვნებდა. პუტინს სერიოზული მოშაობა მოუწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი ავტორიტარული მმართველობის აღდგენისა და დასუსტებული რეჟიმის შემდგომი ნგრევის პრევენციისთვის.
ცხადია, ჯერ ძალიან ადრეა იცოდე ის, თუ რა მოხდება რუსეთში, მაგრამ არსებობს რამდენიმე ასპექტი ამ ქვეყნის დღევანდელ სიტუაციაში, რაც შეიძლება ამ კრიზისის ფონზე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. პირველ რიგში, შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს ლიდერები ხშირად ცდილობენ ხოლმე გარე მტრის მოძებნას, რომელსაც შიდა პრობლემებს გადააბრალებენ. ამან შეიძლება რიტორიკის და პროპაგანდის ფორმა მიიღოს, მაგრამ შეიძლება ასევე სამხედრო ქმედებების გზით გამოიხატოს. რუსული რეჟიმი უკვე ზრდის ანტიამერიკულ რიტორიკას, რასაც ის ბოლო ათწლეულის განმავლობაში პერიოდულად აკეთებდა ხოლმე. ამჯერად, ეს მიდგომა ძალიან ეფექტური ვერ გამოდგა. პუტინის ძალისხმევა, დემონსტრაციები დასავლეთის შეთქმულებად წარმოეჩინა, დიდწილად მარცხით დასრულდა.
ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ პუტინი საკუთარი რეჟიმის მხარდაჭერისთვის კიდევ უფრო სახიფათო მარშრუტს აირჩევს – კონფლიქტს რუსეთის ბევრი მეზობლიდან ერთ-ერთთან. ამ ტიპის კონფლიქტის ყველაზე ცხადი კანდიდატი საქართველოა. რუსეთს და საქართველოს 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდათ; დაძაბულობა და მტრობა ამ ორ ქვეყანას და მათ ლიდერებს შორის დღემდე საკმაოდ მაღალია. ამასთანავე, რუსეთის არმია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რჩება, რეგიონებში, რომელსაც თბილისი, მსოფლიოს დიდი ნაწილის მსგავსად, საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. კონფლიქტის შესაძლებლობას ამ ორ სახელმწიფოს შორის აძლიერებს ჰიპერნაციონალისტური რეჟიმის არსებობა თბილისში, რომელიც ასევე ებრძვის პოპულარობის კლებას და სულ უფრო მზარდ ოპოზიციას ქვეყანაში. ნებისმიერი კონფლიქტი რუსეთს და მის ერთ-ერთ მეზობელს შორის დამანგრეველი იქნება მასში ჩართული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით თუკი ეს ქვეყანა იქნება საქართველო; და ამან შეიძლება შეერთებული შტატები, ამა თუ იმ ფორმით, მორიგ ხანგრძლივ დაპირისპირებაში ჩაითრიოს.
რუსეთში მიმდინარე მოვლენების მეორე ასპექტი არის ის, რომ ის მხოლოდ რუსეთის რეჟიმს არ უქმნის კრიზისს, არამედ ანალოგიური საკითხების და პრობლემების წინაშე აყენებს რეგიონის სხვა არადემოკრატიულ ლიდერებსაც. ბოლო წლებში რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნახევრად ავტორიტარული და კლეპტოკრატიული რეჟიმების უმრავლესობისთვის მოდელად იქცა. ამ რეჟიმებმა ბევრი რამ ისწავლეს მედიის შეზღუდვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის, პოლიტიკურ ოპოზიციასთან გარიგების შესახებ, ასევე კერძო საკუთრების განაწილებაზე რუსეთის მთავრობის მხარდამჭერებისთვის. რადგან ბელორუსიიდან დაწყებული, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩათვლით, ლიდერები ხედავენ, რომ პუტინის რეჟიმი საფრთხეშია, ისინი მალე მიხვდებიან, რომ მათი არადემოკრატიული რეჟიმებიც შეიძლება ვერ იყოს ისეთი სტაბილური, როგორსაც თავად ისურვებდნენ. ეს რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში, ან განაგრძობენ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას ან რაც ნაკლებად მოსალოდნელია, დაიწყებენ ლიბერალიზაციის პროცესს, რომ გარკვეული დროით მაინც გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ყველა შემთხვევაში, თუკი პუტინი ვერ გადაურჩა სერიოზული ძალისხმევის გაღებას რუსეთში, რეგიონის ლიდერებს მოუწევთ გადააფასონ საკუთარი პოლიტიკა და ხელისუფლებაში განუსაზღვრელი დროით დარჩენის ამბიციები.
თუკი პუტინი ვერ გაუმკლავდა ხელისუფლების შენარჩუნებას რუსეთში, ეს ასევე წამოწევს გარკვეულ საკითხებს შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის რეგიონში. პუტინის ძლიერი და რესპრესიული რეჟიმის დასასრული შემდგომი დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას გაზრდის რუსეთში. ეს ძლიერ იმპულსს გაუჩენს აშშ-ს უფრო სერიოზულად ჩაერთოს რუსეთის პროცესებში. მართალია, წარსულში შეერთებული შტატები რუსეთის დემოკრატიულ განვითარებაში ინვესტიციებს დებდა, თუმცა ძალიან მცირე წარმატებას მიაღწია. პუტინის რეჟიმის დასასრული შესაძლებლობას გააჩენს უფრო მეტი დემოკრატიისთვის რუსეთში, მაგრამ გარანტიები ვერ იარსებებს.
შეერთებულ შტატებს რუსეთში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის მხრივ ხანგრძლივი და შერეული შედეგები აქვს. პუტინის რეჟიმის დასასრული უზარმაზარი შესაძლებლობა გახდებოდა ამ ძალისხმევის ახალი ფაზის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ის იმის შესაძლებლობაც არის, რომ ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე და გავაცნობიეროთ თუ რამდენად აუტანლად ნელი და რთული შეიძლება იყოს რუსეთში დემოკრატიული განვითარება. მეტიც, შეერთებულ შტატებს აღარ აქვს საჭირო რესურსები პოსტ-პუტინისეულ რუსეთში (თუკი ეს ასე მოხდა) დემოკრატიის სრულყოფილი მშენებლობისთვის.
რუსეთის რეჟიმის მიმდინარე კრიზისის გადაწყვეტა გავლენას მოახდენს რუსეთის საზღვრების მიღმაც. მას შეუძლია პოლიტიკური პროცესების ფორმირება და კონფლქტების გამოწვევაც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და შეიძლება შეერთებული შტატებს აიძულოს ხელახლა გაიაზროს და გადააფასოს თავისი რუსული პოლიტიკა. პუტინის რუსეთმა შეერთებულ შტატებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა, თუმცა, პუტინიზმთან განშორება, თუკი ეს ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია, სხვა ტიპის პრობლემებს გააჩენს.
foreignpress.ge
703
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85