ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ ხელისუფლება ისტერიკაშია და ოპოზიციის მომხრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაერია. ადამიანებს სამსახურებიდან „საკუთარი ნებით“ ან ბრძანების საფუძეველზე აგდებენ. მთავრობა წლების განმავლობაში აპრობირებული მეთოდებით ცდილობის ძალაუფლების შენარჩუნებას.
ოპოზიცია ამ უკანონო პროცესთან შეგუებას არ აპირებს. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, სახელმწიფო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თითოეული ადამიანის უფლება სასამართლოს გზით იქნება დაცული:
„ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულნი, რომლებიც ხელფასს სახელმწიფოსგან იღებდნენ და იღებენ, ვისაც ყელში ამოუვიდა საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდები, ვისაც აქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, გარანტირებულად მინდა ვუთხრა ყველა ამ ადამიანს, რომ ჩვენ პრინციპულად დავიცავთ მათ უფლებებს, არავის არ მივცემთ მათი დევნის და შევიწროების უფლებას.
ყველა მსგავსი საქმე პირველ რიგში წავა სასამართლოში და ყველა ეს ადამიანი გარანტირებულად მიიღებს კომპენსაციას ყველა იმ პრობლემისთვის, რომელსაც უქმნის დღეს საქართველოს ხელისუფლება“.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შედეგად შეშინებულმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აპრობირებული – დაშინების და დაშანტაჟების კამპანია დაიწყო:
„სააკაშვილი მისთვის ჩვეული მეთოდებით დაშინებით, შანტაჟით, სამსახურიდან გათავისუფლებით ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი გამარჯვება არჩევნებში. სამწუხაროდ, რვა წლის განმავლობაში ვერანაირი გაკვეთილები ვერ ისწავლა და ძველი მეთოდებით ცდილობს გარდაუვალი მარცხის დაძლევას.
ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი გუნდი გარანტირებულად აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და გარანტირებულად ვაცხადებთ, რომ მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს. აქედან გამომდინარე, არავის მივცემთ მოქალაქეების უფლებების შელახვისა და მათი აბუჩად აგდების უფლებას“.
ხიდაშელის განცხადებით, ამ დროისთვის რამდენიმე რაიონის საჯარო სკოლიდან პედაგოგები დირექტორის ბრძანების ან ზეპირი განცხადების საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.
პედაგოგები უარს აცხადებენ განცხადებების დაწერაზე, რის შემდეგაც ბრძანებების საფუძველზე თანამშრომლებს ითხოვენ სამსახურებიდან.
პრესკონფერენციას ეწრებოდა საგარეჯოს რაიონის, სოფელ კაკაბეთის პედაგოგი თამარ სუხიაშვილი, რომელიც 6 იანვარს სკოლიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს და „რესპუბლიკური პარტიის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინგა ზაბახიძე.
მისივე თქმით, დღევანდელი საქართველო განსხვავდება ყველა იმ დროის საქართველოსგან, რომელშიც ოპოზიცია აქტიური იყო.
ხელისუფლებას პარტიის წარმომადგენლების მიმართ სისტემური დაშინებისა და ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებენ „თავისუფალი დემოკრატებიც“.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ზეწოლის კონკრეტული შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ფიქსირდება.
„ბოლო ასეთი შემთხვევა კახეთში მოხდა. თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ გამეზარდაშვილმა შეიტყო, რომ გამგეობის წარმომადგენლები პროვოკაციას ამზადებენ მის წინააღმდეგ და გეგმავენ მის დაპატიმრებას ყალბი ბრალდების საფუძველზე, რათა ხელი შეუშალონ პარტიის ორგანიზებას და ჩამოყალიბებას აღნიშნულ რეგიონში.
გამეზარდაშვილი პროფესიით იურისტია, 2005 წლამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, არის პოლკოვნიკი“.
მისივე თქმით, კახეთში აქამდეც არაერთი ფაქტი მომხდარა, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს დაბრკოლებებს უქმნის.
კერძოდ, როგორც აბაშიძემ აღნიშნა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივი მთავრობა და პოლიცია დაშინების და ზეწოლის მეთოდებით აიძულებს მოსახლეობას, „თავისუფალ დემოკრატებს“ არ მიაქირაონ ოფისის მოსაწყობად და პოლიტიკური აქტივობისთვის საჭირო ფართი:
„თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღში. როგორც კი ჩვენი აქტივისტები მოინახულებენ, რომელიმე სახლს და დააპირებენ მის ქირაობას, მეორე დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იბარებენ მეპატონეს და აშინებენ“.
აბაშიძის განცხადებით, კახეთის გარდა, ზეწოლა ასევე განხორციელდა სხვა რეგიონებშიც, სადაც მათ მხარდამჭერებს სამსახურები დაატოვებინეს:
„შიდა ქართლში სამსახურიდან გაათავისუფლეს „თავისუფალი დემოკრატების“ აქივისტის მეუღლე შორენა მჭედლიძე, რომელიც ადგილობრივ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.
ხაშურში სკოლიდან დაითხოვეს მასწავლებლები მათი ნათესავების პოლიტიკური (ოპოზიციური) აქტივობის გამო.
იმერეთში, საჩხერეში, სადაც ბიძინა ივანიშვილი ხანგრძლივი დროის მანძილზე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, სამსახურებიდან დაითხოვეს პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე და საცურაო კომპლექსის დირექტორი - თემურ კვესაძე, საჩხერგაზის დირექტორი ზაზა ზამბახიძე.
გორში, მე-9 საჯარო სკოლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს ია ბჟალავა. ზემო ნიქოზის სკოლიდან გაათავისუფლეს ციცინო ჯავახიშვილი, მისი მეუღლე „თავისუფალი დემოკრატების“ კორდინატორია“.
აბაშიძის თქმით, მთავრობა პოლიციას, რომლის რეფორმას თავის უდიდეს მიღწევად მიიჩნევს, საქართველოს იმ მოსახლეობის დასაშინებლად იყენებს, რომლებიც სრულიად ლეგალურ პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართულნი.
თავის მხრივ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ იურიდიული ჯგუფის წევრის, იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის დედა თალიკო ლაგაზაური, რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგად მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იურისტი სკოლის დირექტორს თალიკო ლაგაზაურის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ თალიკო ლაგაზაური (რომელსაც პედაგოგად მუშაობის 22-წლის სტაჟი გააჩნია) მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ მისი დედაა.
მისივე განმარტებით, გათავისუფლების საფუძვლად სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის, სკოლის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა საათების ოპტიმიზაცია დაასახელა. თუმცა, როგორც გაარკვიეს, საათების შემცირება და გაუქმება რეალურად არ მომხდარა.
ზაქარია ქუცნაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.
გუშინვე, დააკავეს ”თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელგუჯა ჩხაიძის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდა .
როგორც ლანჩხუთის პოლიციის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალასანიამ განაცხადა, დევნა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას.
მისივე განცხადებით, ჩხაიძე უკანონოდ დააკავეს, იარაღი ჩაუდეს. ალასანიას განცხადებით, პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოჯახი განიცდის დევნას და ცოტა ხნის წინ მისი შვილი ნარკოტიკების მოხმარებაზე დააკავეს.
ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ ადვოკატი დაკავებულთან 4 საათის შემდეგ შეუშვეს, რაც მისი დაცვის უფლების დარღვევაა.