“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დაკავებულია

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დაკავებულია


გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ჩხაიძე სამართალდამცავებმა დააკავეს. ჩხაიძის ადვოკატის, ლადო გვარჯალაძის თქმით, ჩხაიძე საკუთარი სახლიდან წაიყვანეს:

– ელგუჯა ჩხაიძეს ჩიბათში ფერმა აქვს. სახლიდან სწორედ იქ წაიყვანეს, ჩაატარეს ჩხრეკა და ავტომატი ამოიღეს. შემდეგ სახლშიც ჩატარდა ჩხრეკა და ქათმის ბუდიდან, რომელშიც ქათამი იჯდა, ავტომატის მჭიდი ამოიღეს, _ გვითხრა გვარჯალაძემ.

ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლი – იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით აღიძრა. დაკავებულთან ადვოკატი ღამის პირველ საათამდე არ შეუშვეს. გვარჯალაძის თქმით, ჩხაიძე დანაშაულს არ აღიარებს:

– ბატონი ელგუჯა ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს. მისივე თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პოლიცია დევნიდა და იარაღი რომც ჰქონოდა, სახლში არ შეინახავდა, – აღნიშნავს ადვოკატი, რომელიც დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და მოწმეების დაკითხვას გეგმავს.

“თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თემურ სალუქვაძის თქმით, ამ საკითხზე სპეციალურ ბრიფინგს დღეს, 2 საათზე ირაკლი ალასანია ლანჩხუთში გამართავს.