ნათია ლებანიძე, „ქართული სიტყვა“
ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს, როგორც იტყვიან, ყველა მხრიდან უტევს - მოქალაქეობის ჩამორთმევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, “ნაციონალებმა” მსოფლიოში ცნობილ მეცენტას, თათარიახნად მიღებული კანონით, ქველმოქმედებაც აუკრძალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ღვაწლმოსილ ადამიანებს ყოველთვურად ეხმარება, ამიერიდან შესაძლოა, ქართამად ჩაითვალოს. არადა, ამ ადამიანთა უმეტესობისთვის ე.წ. ივანიშვილის სტიპენდია თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა... “ქართული სიტყვა” მსახიობ გივი ბერიკაშვილს ესაუბრა:
- ის, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს თავისი ფონდიდან დაფინანსების გაცემა აუკრძალეს, მიუღებელი და შემაშფოთებელია. ხელისუფლება თავს იმართლებს, პოლიტიკაში ჩაბმულ ბიზნესმენს უფლება არ აქვს, ხალხი მოისყიდოსო, მაგრამ 8 წელია, ხელისუფლებაში არიან და წინასაარჩევნოდ ხალხს სხვადასხვა დახმარებას რომ ურიგებენ და პოლისებს აძლევენ, ეს მოსყიდვა არაა? როცა რაიონებში გზები კეთდებოდა, სამედიცინო დაწესებულებები, ქობულეთში აკვა-პარკი, ბათუმში კი, დელფინარიუმი შენდებოდა, მაშინ ეს რუსული ფულით არ იყო და ახლა გახდა “პუტინის ფული”? ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ დავაფიქსირე, რომ მარტო ბიძინა კი არა, მთელი მისი ოჯახი ჩემთვის ახლობელია. ახლა არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა... ჯერ გადაწყვეტილი არაა, თეატრში მომუშავე ხალხს შეგვიწყვიტავენ თუ არა ბატონი ბიძინასგან კომპენსაციის მიღებას, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამაზე სანერვიულოდ საკმარისი საფუძველია. ხალხი შეშინებულია და მეკითხება, რა გვეშველება, გივი, რა ვქნათო. დიახ, აქამდე მსახიობების უმრავლესობა ივანიშვილის დახმარებით ცხოვრობდა.
თუმცა, ბატონო გივი, ზოგი ივანიშვილის დახმარებასაც იღებს და, ხელისუფლების გულისმოსაგებად, მასზე აუგის თქმასაც არ ერიდება...
- ნათქვამია, ვირო მადლიო... ზოგიერთებზე მითხრეს, ფულს იღებდა და ხალხში ამბობდა, არ მინდა მაგისი დახმარებაო. თუ არ უნდოდა, რატომ იღებდა? ისე, “პუტინის ფული” ვის უფრო ბევრი ედო ჯიბეში, ხალხმა კარგად იცის.
ხელფასი, რომელსაც სახელმწიფო გიხდით, საკმაოდ მიზერულია, არა?
- ივანიშვილის დახმარებასთან შედარებით, რა თქმა უნდა, მიზერულია. ითვლება, რომ მაღალი ხელფასი მაქვს - 750 ლარს ვიღებ და სამი-ოთხი დღეც არ მყოფნის. ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, იმათ რაღა ქნან? ცხოვრება დღითი-დღე ძვირდება, გენაცვალე, მაგალითად, დღეს კამა, ქინძი, ცოტა ოხრახუში ვიყიდე და 3 ლარი გადავიხადე. ადრე კი, მწვანილის ყიდვას 30 კაპიკიც არ უნდოდა.
ბატონო გივი, ხელისუფლებამ განაცხადა, თუ მსახიობები ნებით იტყვიან უარს ივანიშვილის დამხარებაზე, ხელფასს მოვუმატებთო. საინტერესოა, რამდენი ლარის მომატებაზე იყო საუბარი?
- როგორ გგონიათ, რამდენს მოგვიმატებდნენ? თუ სახელმწიფო 100 ლარს მოგვიმატებდა, ეს შეღავათად ვერ გამოდგებოდა. ჩვენთან, თეატრში 90 წლის კაცი, ვანო ოსაძე მუშაობს, რომელიც ამ ამბავს ძალიან განიცდის და ჯავრობს, რას მიპირებენ, შიმშილით ხომ არ უნდა ამომძვრეს სულიო. რამდენიმე დღის წინ, თეატრალური საზოგადოების თავჯდომარე გოგი ქავთარაძე “ქართუ ფონდში” იყო და იქ უთხრეს, ჩაიაროს ძველმა ახალმა წელმაც და მერე დავიწყებთ თქვენთან ხელშეკრულებების დადებასო. ეს რა ფორმით მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით მიჭირს. ახლა, დათვი მოგერიოს და ბაბაია დაუძახეო, ეგრე არაა. ვინ ვის მოერევა, ეს კიდევ საკითხავია, რადგან გამწარებული ხალხი ხელებდაკრეფილი არ დაჯდება!
ზემოხსენებულ ახალ კანონზე საუბრისას, ზოგმა პოლიტიკოსმა განაცხადა, ესაა კანონი, რომელიც სიკეთის კეთებას კრძალავსო. ბატონო გივი, თქვენც ასე ფიქრობთ?
- ცხადია, ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და ეშინია, ხალხს მეტს შესთავაზებს და დავიღუპებიო. შევარდნაძეს ერთი საოცარი ფრაზა ჰქონდა და ხუმრობდა: პრეზიდენტობის დროს მოსახლეობას მიმართავდა, ხალხნო, ნუ გეშინიათ, აიღეთ ყველაფერი, რასაც გთავაზობენ, ოღონდ ხმა მე მომეცითო... ძალიან დიდი პანიკაა, რადგან ხალხი შემოსავლის გარეშე რჩება. მგონია, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება კარგ საქმეს არ აკეთებს და არც თავის წისქვილზე ასხამს წყალს.
ბიძინა ივანიშვილის მომხრეობა სასჯელად იქცა. რეპრესირებულთა რიცხვში თქვენი ქალიშვილიც მოხვდა, რომელიც “იმედიდან” იმიტომ გამოუშვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა...
- ჩემმა შვილმა მოსკოვში ასპირანტურა დაამთავრა, თბილისში ჩამოვიდა და თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. მას მერე სულ ტელევიზიებთან აქვს კონტაქტი. პოლიტიკაში არ ერევა - ასწავლის ჟურნალისტებს, რომ ქართულად კარგად იმეტყველონ, მაგრამ როგორც კი საჯაროდ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილისთვის არ უნდა ჩამოერთმიათ მოქალაქეობაო, სამსახურიდან მაშინვე გამოუშვეს.
გათავისუფლების არგუმენტად რა დაასახელეს?
- არაფერი... მოსთხოვეს, რომ განცხადება დაეწერა... რას ჰგავს ეს საქციელი, ქართველი ხომ ხარ, ოჯახი არ გაქვს? ეს ხელისუფლება წავა, სხვა მოვა და არ უნდათ, რომ ხალხთან ურთერთობა გააგრძელონ? ლომი ნადირთა მეფეა, მაგრამ როცა მოშივდება, საკუთარ ბოკვერს ჭამს. ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი, რა თავში ვიხლი ცარიელ მშვიდობას ცარიელი სტომაქითო. რა ვქნათ, ჭამა სუყველას გვჭირდება... გული მტკივა, განადგურებულ ქართულ სოფლებს რომ ვხედავ, არადა, საქართველოს მარტო სოფლის მეურნეობა ააყვავებდა. მაპატიეთ და, ქართველი კაცი ისეთი ქვეშაფსია და ბრიყვი არაა, რომ ყველაფერი აიტანოს. როცა შვილს მოშივდება და ატირდება, გამწარებული კაცი ვის მოკლავს და ვის ყელს გამოსჭრის, უფალმა იცის. საზოგადოება ყოველთვის ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ფულიანებად და ღარიბებად. ეს უკანასკნელნი ყოველთვის ბლომად იყვნენ საქართველოში. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩემს ნდობას არ იმსახურებენ და მათთვის ხმის მიცემას ვერავინ დამაძალებს. დავდივარ რაიონებში, ხალხს ვხვდები, ვესაუბრები, აგიტაციას არ ვეწევი, მაგრამ მოსახლეობას ვეუბნები, ბრმად არავის არ ენდო, კარგად აწონ-დაწონე და ამა თუ იმ პარტიას ხმა ისე მიეცი-მეთქი. საერთოდ, ყველას უნდა ეყოს ნამუსი, რომ სხვაზე ზეწოლა არ მოახდინოს.
ბატონო გივი, როგორც ჩანს, სააკაშვილიც ამ აზრზეა. აკი, ამასწინათ განაცხადა კიდეც, ქართული საზოგადოება ცხენი არ არის, ლაგამი ამოსდო და თავი საითაც გინდა, იქით მიატრიალებინო...
- პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს, ცხადია, პიარისთვის აკეთებს, მაგრამ რამდენიც უნდა დააძალო, ხალხს თუ არ უნდა, მაინც ვერ დაიმორჩილებს. კახეთში იციან ასეთი თქმა, კაცი არ უნდა შესვა ვირზე, თორემ მერე აღარ ჩამოვაო. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ, ყველა მცნობს, მაჩერებენ და აზრს მეკითხებიან, მე კი ვპასუხობ, რომ ყველამ გადაწყვეტილება თავისი შეხედულებების შესაბამისად უნდა მიიღოს, თორემ ვიცი, მე როგორი ნაბიჯი უნდა გადავდგა.
მაინც, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, ბატონო გივი?
- ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რადგან ხმის მიცემა ფარულია, ჩვენი გული რასაც გვიკარნახებს, ის ციფრი უნდა შემოვხაზოთ და ჩავაგდოთ იმ ოხერ ყუთში. რა თქმა უნდა, გარანტია უნდა მქონდეს, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგება. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დროა დარჩენილი და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება.Oოპოზიციის ნაწილი ამბობს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოთმინებიდან გამოგვიყვანოს, ქუჩაში გამოვიდეთ და მერე დაგვხოცოსო. საკითხს ასე არ უნდა მივუდგეთ, არც ერთ მხარეს არ აწყობს დესტაბილიზაცია. ყველანი საქართველოს შვილები ვართ და ერთმანეთს ქვეყნის სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ!
თქვენ, როგორც პოპულარული მსახიობი, ხელისუფლების მხრიდან დაფასებული ხართ?
- მე, როგორც მსახიობს არასოდეს არ მქონდა შესაბამისი ანაზღაურება. როცა “ლონდრეში” ვითამაშე, ფეხშიშველი დავრბოდი და ამის გამო ფეხიდან 200 ეკალი გამოვიღე, 2000 მანეთი მომცეს. ჩვენი სფერო ყოველთვის დაჩაგრული იყო, თითქმის ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, რადგან ეს ჩემი საყვარელი პროფესიაა!
მსახიობები და მომღერლები ორად არიან გაყოფილნი - ე.წ. მიშისტებად და ოპოზიციონერებად. ამბობენ, ვისაც სააკაშვილი უყვარს, ის უფრო მეტ ანაზრაურებას იღებსო...
- რა პოზიციაც მიჭირავს, ყველამ იცის, მაგრამ ამის გამო არც დისკომფორტი მიგრძვნია და არც - ის, რომ ვინმე მჩაგრავს. როგორც მსახიობმა, არ შემიძლია, პატივი ვცე ისეთ კაცს, რომელიც ერთხელ მაინც არ შემოხსნის თეატრის კარს და ერთ სპექტაკლს არ ნახავს. ხელისუფლებას “ქეთო და კოტეს” გარდა, მგონი, არაფერი აქვს ნანახი. შევარდნაძე მოდიოდა ხშირად თეატრში, სპექტაკლის მერე გვხვდებოდა, იყო მოკითხვა, ერთმანეთის მოფერება, ამათ არაფერი აინტერესებთ, გრადა იმისა, რომ დიდხანს იყვნენენ სავარძლებში მოკალათებულნი. მართლა და მართლა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ვერ ნახეთ, კადაფს რა უყვეს? ვინც ხალხის ნება-სურვილის წინააღმდეგ წავა, მას მართლა უნდა ეშინოდეს ხალხის, რადგან ყველა ცოდვა, რაც ჩაიდინა, ერთ მშვენიერ დღეს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება!
838
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85