შორენა ცივქარაშვილი, "საქართველო და მსოფლიო"
ქართველი ექსპერტების მოსაზრებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის განვითარებისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში არჩევნების თემა კვლავ აქტუალურია. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ხელისუფლებამ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. რა შეიძლება კიდევ მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, რა საფრთხეები არსებობს დღეისთვის, რამაც შეიძლება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება მომავალი არჩევნები, «საქართველო და მსოფლიოს» საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი ესაუბრა.
– «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელებას კონტროლის პალატას აკისრებს. ეს ფაქტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე შეფასდა თავისუფალი არჩევანის დათრგუნვის მცდელობად, რაც რეჟიმის გამყარებას ემსახურება. რეალურია თუ არა ოპოზიციის შიში და საერთოდ, რატომ დაევალა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი კონტროლის პალატას?
– ვფიქრობ, ერთის მხრივ, აუცილებელია, პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას, მაგრამ მონიტორინგი უნდა ეწარმოებინა დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული არ იქნებოდა. ცოტა უცნაურია, კონტროლის პალატისთვის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის დავალება, როცა, წესით, ის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ხარისხიანობას უნდა იკვლევდეს და არა კერძო ფულისას, თან ბუნდოვანი კანონის პირობებში, რთულია, მათი მიუკერძოებლობა დაიჯერო. კონტროლის ბერკეტები, რომლებიც კონტროლის პალატას გადაეცა, ვერ იქნება იმის გარანტია, რომ მაკონტროლებელი ორგანო ერთიანი პრინციპულობით შეისწავლის ყველა პარტიის ანგარიშებს და ადეკვატურ ზომებს მიიღებს კონკრეტული სუბიექტების მიმართ, ვინაიდან წლების განმავლობაში ჩვენ არ გვინახავს კონტროლის პალატისგან წარმოდგენილი არც ერთი სერიოზული დასკვნა, რომელთაც მოჰყვებოდა რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი. არადა, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ასეთი დარღვევა არც ერთ მინისტრს არ ჰქონია.
როგორც ჩანს, კონტროლის პალატა ლოიალურად უყურებს ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ამ კუთხით დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ის არ იქნება ისეთივე პრინციპული და ადვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორმაგი სტანდარტები იარსებებს. ამიტომ აღნიშნულ ფაქტს პოზიტიურად ნამდვილად ვერ შევაფასებ.
– შესაძლოა, აღნიშნული სამსახური საქველმოქმედო ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ფინანსებითაც დაინტერესდეს, თუ მათი პარტიებთან კავშირი დადასტურდა. რა საფრთხე იმალება ამ ყველაფრის უკან?
– საფრთხე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კონტროლის პალატას ნორმის ინტერპრეტაციის საშუალება აქვს. ფაქტობრივად, კონტროლის პალატა დაადგენს, ვინ იქნება პოლიტიკოსთან ასოცირებული პირი ან ორგანიზაცია. ნორმის იმდენად ფართო ინტერპრეტაციის საშუალება მისცა კანონმდებელმა იმავე სპეცსამსახურებს და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, რომ ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ის სანქციები, რომლებიც დაწესებულია პოლიტიკოსებზე. «ქართულ ოცნებას» უკვე მოსთხოვეს ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა და არ არის გამორიცხული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ მედიასაშუალებასაც მოსთხოვონ იგივე. ეს ყველაფერი ხელისუფლების ხელში მანიპულაციების განსახორციელებელ სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს.
– კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღება, ფაქტობრივად, აეკრძალათ, ხოლო ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხა 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. უბიძგებს თუ არა ეს პარტიებს თვითგადარჩენის მიზნით უკანონო გზების ძიებისკენ?
– რამდენი ადამიანი იცით საქართველოში, რომელთაც პოლიტიკური პარტიისთვის 60 000 ლარის გადარიცხვა შეუძლია? როცა რომელიმე ტელეარხზე საარჩევნო კამპანიის დროს ერთი წუთის რეკლამა 40 000 ლარს აღწევს, რა თქმა უნდა, პარტიას სჭირდება თანხა, რათა რეკლამა განათავსოს. ამასთან, პარტიული განვითარებისთვის საჭიროა სხვა სახის ხარჯების გაღებაც, ხოლო, როცა კანონმდებელი უკრძალავს ამ თანხის მიღებას, როგორღა უნდა აწარმოოს პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კამპანია? მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას აქვს ბერკეტები, თუნდაც ტელევიზიების ახალი ამბების გამოშვებაში იყოს მათი საქმიანობა გაშუქებული, რაც ასევე ფარული საარჩევნო რეკლამაა, მაგრამ რთული დასამტკიცებელი.
არადა, ერთ-ერთი ბოლო დროს მიღწეული წარმატება ისაა, რომ პარტიების საარჩევნო კამპანიის ფონდები გამჭვირვალე იყო და არჩევნების პერიოდში «შავი ფულის» საჭიროებას გამორიცხავდა. ახლა, როდესაც ხელისუფლებამ ასეთი ცვლილებები განახორციელა და, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა, – მიიღოს პარტიამ იმ რაოდენობის თანხა, რაც საჭიროა ნორმალური, კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ეს ქმნის საფუძველს, რომ პოლიტიკურმა პარტიამ «შავი ფულის» მოძიება დაიწყოს.
– გავრცელებული ინფორმაციით, წინა არჩევნებზე «ნაციონალურმა მოძრაობამ» 14 მილიონი დახარჯა. სად არის გარანტია, რომ ამჯერად მცირე თანხას დასჯერდება და მისი საქმიანობა გამჭვირვალე იქნება?
– არავითარი გარანტია არ არსებობს. ხელისუფლებას აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რომლის გამოყენებასაც შეეცდება. როცა გემსახურება ტელევიზიები, თვითმმართველობის პროგრამით ახორციელებ ამომრჩეველთან ურთიერთობას, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას.
– მაგრამ ხელისუფლების ამგვარი ქმედება ხომ არ იქნება კანონიერი?
– არ იქნება კანონიერი, მაგრამ რთული მოსადავებელი იქნება, რადგან ის ორგანოები, რომლებმაც ეს უნდა შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ, ისევ «ნაციონალური მოძრაობის» მიერ კონტროლდება.
– იცვლება ამომრჩეველთა მოსყიდვის მიმართ მიდგომა. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონებრივი უფლებისა თუ მომსახურების შეთავაზება. როგორ იქნება ეს ყველაფერი გამოჯნული და ვინ და როგორ დაადგენს, თუ რამდენად უანგარო იყო ამა თუ იმ პირის მიმართ პარტიის მიერ გაწეული დახმარება?
– ეს ნორმა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუცია ნებისმიერ პირს უფლებას აძლევს, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, ამ კანონით, ფაქტობრივად, უკრძალავენ მოქალაქეს საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატვას. ერთის მხრივ, საჯარო მოხელეებს, გუბერნატორებს, გამგებლებს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება მისცეს, ხოლო რიგით მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულების ღიად გამოხატვა აუკრძალეს.
ხელისუფლებამ გაანალიზა, რა ბერკეტები გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, როგორც ოპონენტს, და ისეთი სახის კანონმდებლობა შეიმუშავა, რომელმაც ივანიშვილის ფინანსები თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.
– აქედან გამომდინარე, არანაირი მყარი გარანტია ამ ეტაზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ობიექტურად ჩატარდება, არ არსებობს?
– ის, რომ დღევანდელი კანონმდებლობა საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად ჩატარების გარანტიას არ იძლევა, ფაქტია. ამ კანონის შესაბამისადაც შესაძლებელია რაღაც შედეგის მიღწევა, მაგრამ ძალიან კარგი ანალიზი და ყოველი ნაბიჯის გათვლაა საჭირო. ოპოზიციას ერთადერთი გზა რჩება _ საარჩევნო ტემპერატურა ასწიოს და მაქსიმალურად ბევრი ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს კოალიციაში, რათა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა ხმები არ გაიხლიჩოს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან. შეძლებს ამას ოპოზიცია თუ ვერა, ჯერჯერობით გაურკვეველია. არადა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ისევ და ისევ ოპოზიციის მიერ ჩადენილი შეცდომების ხარჯზე იგებს ხელისუფლება. ივანიშვილის მოძრაობაში მხოლოდ ორი პარტიაა და, თუ ისინი გამარჯვებაზე და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაზე არიან ორიენტირებულები, კოალიცია უნდა გაფართოვდეს. ორი პარტიით შეუძლებელია შედეგის მიღწევა.
– საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაამტკიცა. გაითვალისწინა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ევროსაბჭოს ანტიკორუფციული კომისიის შენიშვნები? თუნდაც თქვენთან, საქართველოში მოქმედ, არჩევნების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ გაუმართავს ხელისუფლებას კონსულტაციები?
– სანამ სრულიად მოულოდნელად პარლამენტის ვებგვერდზე არ აღმოვაჩინეთ, მანამდე არც ვიცოდით, რომ ხელისუფლება ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობდა. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო სექტორს წარმოგვიდგინა ის ცვლილებები, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა ყოფილიყო ინიცირებული პარტიების დაფინანსების კუთხით. ფორმალურად იურიდიულ კომიტეტში ყველა მოსმენასა და შეხვედრას ვესწრებოდით, ვაპროტესტებდით და მინდა გითხრათ, რომ სწორედ არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის შედეგია, რომ დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში უკანონოდ არ გაიზარდა, თუმცა ჩვენი ძირითადი შენიშვნები არ გაითვალისწინეს.
ცუდია, რომ ამ საქმეში პარტიები ნაკლებად აქტიურობდნენ. ვფიქრობ, მიტინგის გამართვა მთელ მსოფლიოში მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, რაც პოლიტიკურ პარტიებს უნდა გამოეყენებინათ. ქუჩაში პროტესტი რადიკალიზმს არ ნიშნავს. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება პროტესტი გამოხატო?
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის არც ისეთი დადებითი იყო, როგორც ხელისუფლებამ წარმოაჩინა. იქ ბევრი შენიშვნა იყო, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, რაც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. თუ ხელისუფლება აფასებს, რომ ძალიან კარგი იყო ეს დასკვნა, მაშინ აშშ-ის ელჩის განცხადებას რა ვუყოთ, რომელმაც თქვა, რომ მიღებული კანონი არ წარმოადგენს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ყველას თანაბარი პირობები ექნება არჩევნების დროს? თუმცა მხოლოდ ამერიკის ელჩის ეს განცხადება არ იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ რაიმე შეცვალოს. სხვადასხვა ბერკეტი არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის ხელში, თუმცა მათი მხრიდან ასეთ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე მე დღეს ვერ ვხედავ.
– უფრო მეტად რატომ არ ინტერესდება საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საკითხით?
– ალბათ, იმიტომ, რომ ის ორი ვადა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, მათთვის მისაღები იყო და ბევრ რამეზე თვალსაც ხუჭავდნენ, რადგან ქვეყანაში რეგიონული პოლიტიკა მათთვის მისაღები იყო და სააკაშვილიც მათ პრობლემებს არ უქმნიდა. ახლა კი მთავარია, ოპოზიციამაც არ ჩაიდინოს შეცდომები. ოპოზიციამ უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთსაათიანი შეხვედრები თბილისის რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას არ ნიშნავს.
– საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილი გახდა, განახორციელოს ნორმატიულ აქტში ტექსტის პუნქტუალური ან ორთოგრაფიული შესწორებები, რაშიც თქვენ გარკვეული საფრთხე დაინახეთ და იმედი გამოთქვით, რომ აღნიშნულ უფლებას ხელისუფლება ბოროტად არ გამოიყენებს. თუ ეს შესწორებები არ შეცვლის ნორმატიული აქტის შინაარს, მაშინ რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს?
– წერტილ-მძიმის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით და, სად იქნება სასვენი ნიშნები დასმული, მნიშვნელობა არ აქვსო, ამაზე საუბარი უხერხულია. ის, რომ მაცნეს რედაქტირება შეეძლება, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, რადგან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში თუნდაც წერტილ-მძიმის შეცვლა პარლამენტის პრეროგატივაა. მივიღეთ განმარტებითი ბარათი, რომ ცვლილება კანონებს არ შეეხება, არამედ მხოლოდ ნორმატიულ აქტებს, თუმცა, თუ რომელიმე ადმინისტრაციის წარმომადგენელს კანონმდებელი იმის უფლებას ანიჭებს, რომ ნორმატიული აქტი გამოსცეს, ალბათ, იმდენი განათლებაც უნდა ჰქონდეს, რომ წერტილ-მძიმე ნორმალურად დასვას, რათა სხვისი შესასწორებელი არ გახდეს.
– სიების დამზუსტებელი კომისიის წევრი ხართ, საარჩევნო სიები კი მუდმივად კამათის საგანს წარმოადგენს, იღებს კომისია საკუთარ თავზე, რომ სიები ამჯერად მაინც წესრიგში იქნება?
– ამ კომისიაში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ წლების განმავლობაში, როცა მე მივმართავდი სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის მისაღებად, უარს მეუბნებოდნენ. მაინტერესებდა, კომისიის წევრის სტატუსით მაინც თუ მომცემდნენ ინფორმაციას, რომელიც, წესით, ისედაც უნდა მოეცათ. ასევე მაინტერესებდა სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ კომისიის მიმართ. მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რადგან ეს არ არის სიების დამდგენი კომისია, ეს არის დამზუსტებელი კომისია, თუმცა ირკვევა, რომ არანაირი საკანონმდებლო ბერკეტი შესწორებებისა ამ კომისიას არ გააჩნია. ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად რეალურად ითანამშრომლებს ხელისუფლება კომისიასთან საარჩევნო სიების დაზუსტების საკითხებში. ყოველ შემთხვევაში მე დიდი მოლოდინი არ მაქვს.
– ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა ცესკო-ს ხელმძღვანელ ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ წინა არჩევნები სამაგალითო იყო და მომდევნოც ასეთივე უნდა ჩატარდეს. თუმცა ყველა აღიარებს, რომ დარღვევები იყო, აქედან გამომდინარე, ნიშნავდა თუ არა ეს პრეზიდენტის ირიბ მითითებას, რომ არჩევნები ისევ უნდა გაყალბდეს?
– პრეზიდენტი ყველა არჩევნებზე ამბობს, რომ მაგარი არჩევნები ჩატარდაო, მაგრამ სხვა საკითხია, რომ მათი –შეფასება არ ემთხვევა სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს. საარჩევნო კოდექსიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომლებიც დამკვირვებელს საშუალებას აძლევდა, საჩივარი დაეწერა.
სააკაშვილს სულ რომ არ მიეთითებინა, ცესკო-ს თავმჯდომარემ ისედაც კარგად იცოდა, რა და როგორ არის. ილუზიები არ მაქვს. თან 2012 წლის არჩევნები ისტორიული არჩევნებია, რომელიც შემდგომში ქვეყნის განვითარების რაკურსებს შეცვლის. სწორედ 2012 წელს არჩეული პარლამენტი დაამტკიცებს პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს. მაგრამ ვხედავთ, «ნაციონალური მოძრაობა» სადავეების ხელიდან გაშვებას არ აპირებს და ის კანონმდებლობაც, რაც მიღებულია, უკვე არ იძლევა გარანტიას, რომ ვინმე სამართლიანი არჩევნების მოლოდინშია.
2012 მძიმე წელი იქნება არჩევნების თვალსაზრისით, ვინაიდან სერიოზული რეპრესიული მექანიზმებია კანონში «პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ», რომელიც ფართოდ გაუხსნის გზას სამართალდამცავებს ადამიანების დასაპატიმრებლად თუ დასასჯელად, ბევრ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვნახავთ ტელევიზიით, თუ როგორ მისცემს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი მესამე პირს ფულს.
– ანუ ფიქრობთ, რომ დაჭერების სერია დაიწყება?
– ქვეყანაში დაჭერების ახალი სერია აუცილებლად დაიწყება და ამას მოჰყვება ზუსტად მძაფრსიუჟეტიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმები ამ პირთა დანაშაულობებზე. უამრავ «აღიარებით ჩვენებებს» ვიხილავთ.
– რა არის ხელისუფლების მიზანი – მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება, როგორც უკვე საუბრობენ?
– სააკაშვილს არ ეტყობა, რომ ხელისუფლების დათმობას აპირებს. პრემიერად რომ არ მოვა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვთქვი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში და არაადეკვატური მიწოდეს, მაგრამ ვფიქრობ, მომავალში სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდება. რადგან კონსტიტუციით მას უფრო მეტი უფლებამოსილება ექნება და ვინაიდან მოგზაურობა ძალიან უყვარს, მისთვის ეს თანამდებობა უფრო კომფორტულიც იქნება.
829
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85