პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლება უპრეცენდენტო ნაბიჯებს დგამს და თავისი აგრესიით სწორედ ხელისუფლება ეწევა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უკეთეს რეკლამას.
თქვენი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკაში გამოჩენა პერსპექტიული იქნება. რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ფიგურა უკვე ამჟამად, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უფრო მეტ ხმებს იღებს და უფრო მეტ მხარდამჭრებს პოულობს, ვიდრე ოპოზიციურ რომელიმე პარტიას ჰქონია ოდესმე, ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკაში გამოჩენას პერსპექტივა აქვს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას წინათ ივანიშვილმაც აღნიშნა, თუ თვითონ არ ექნება პარტიის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა, მაშინ რომელიმე მისი ახლობელი ჩაუდგება სათავეში იმ პარტიას, რომელიც ივანიშვილის სახელთან იქნება დაკავშირებული და, რომელსაც უხელმძღვანელებს მისი მეუღლე, ცხადია, პერსპექტივა არსებობს.
დამატებით იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პარტია, სავარაუდოდ, დაკომპლექტდება იმ ხალხით, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან გაერთიანებულნი, კიდევ უფრო მეტად იზრდება პერსპექტივა იმიტომ, რომ რაც გვიჩვენა „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფების პრეზენტაციებმა, ამ მიმართულებათა სათავეში საკმაოდ ცნობილი ფიგურები დგანან, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია და ეს საარჩევნო სია არ იქნება უცნობი ადამიანების სია, რომელიც მარტო ლიდერის გამო აიღებს ხმებს. თვითონ ეს ფიგურებიც ხმებს მოიტანენ იმ პარტიაში, რომელსაც სავარაუდოდ, უხელმძღვანელებს ეკატერინე ხვედელიძე.
ნაციონალურ ტელევიზიებში უკვე გაჩნდა შეკითხვა, რატომ არ ენდობა ბიძინა ივანიშვილი თავის პარტნიორებს და რატომ შეაჩერა არჩევანი ეკატერინე ხვედელიძეზე, რომელსაც, როგორც ვიცით, პოლიტიკოსის მონაცემები ამ ეტაპამდე არ გამოუმჟღავნებია?
- ნაციონალური ტელევიზიები დაინტერესებულნი არიან, რომ განხეთქილება შეიტანონ ბიძინა ივანიშვილის გუნდში და, რა თქმა უნდა, ანალოგიურ რამეს იტყვიან, მაგრამ მე მგონი, ცოტა უხეში ნათქვამია, რომ ივანიშვილი არ ენდობა თავის პარტნიორებს. ნაციონალების მხრიდან ეს პოლიტიკური ბრძოლის ფრაგმენტია. რაც შეეხება იმას, ბიძინა ივანიშვილმა რატომ არ დააყენა თავისი პარტიის სათავეში თავისივე პარტნიორები, როგორ წარმოგიდგენიათ, პარტიის სათავეში რომელიმე პოლიტიკური ლიდერი რომ დაეყენებინა, ეს მისი პარტია იქნებოდა?! ბუნებრივია, ეს იქნებოდა გინდ რესპუბლიკელების, გინდ თავისუფალი დემოკრატების, ან სხვა რომელიმე ლიდერის შესაბამისი პარტია. ეს პარტიები კი ადრეც არსებობდნენ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დღეს მივიდნენ „ქართულ ოცნებაში“, ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობაში, ამ პარტიებში არ მიდიოდნენ. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს იგივე ფიგურები, იგივე პოლიტიკური ლიდერი რომ დაეყენებინა თავისი პარტიის სათავეში, მაშინ ის ადამიანები, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“ მიდიან, მასთან ისევ არ მივიდოდნენ.
რაც შეეხება ეკატერინე ხვედელიძის, როგორც პოლიტიკოსის მონაცემებს, ეს გაირკვევა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში. არ ვიცი, მას რა მონაცემები აქვს, არც ვიცნობ. გამოჩნდება, აქვს თუ არა მონაცემები.
ბიძინა ივანიშვილი თებერვლიდან პარტიის შექმნას აპირებს. ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის ბრძოლა უფრო დაუნდობელი იქნება? აქ ივანიშვილის მხრიდან ბრძოლაზე საუბარი ფიგურალური ნათქვამია, რადგან ის უფრო პასიურადაა. როგორ გესახებათ ბიძინა ივანიშვილის პარტიის შექმნის შემდეგ „ნაციონალების“ ქმედებები?
- ნაციონალები ძალიან ხშირად იცვლიან სტრატეგიას. ამდენად, ვერ გეტყვით, როგორი იქნება მათი ქმედებები. მაგალითად, სულ ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მათ დააბრუნეს „ქართუ“ ბანკიდან ამოღებული თანხა, მაშინ, როცა ადრე ეს ფული ამოიღეს. ეს სულ სხვადასხვა ნაბიჯებია. ან რატომ ამოიღეს, თუ აბრუნებდნენ?! ან რატომ დააბრუნეს, თუ ადრე ფული ამოღებული ჰქონდათ?! ეტყობა, მათშივე არ არის საბოლოო სახით ჩამოყალიბებული ერთი რომელიმე სტრატეგია და მათი ბრძოლის სტრატეგიები იცვლება. ამიტომ რა სახეს მიიღებს სამომავლოდ მათი სტრატეგია, ამას დრო გვიჩვენებს.
დაუნდობელ ბრძოლას არ ელით?
- როგორ არა, ველი, მაგრამ დაუნდობელი ბრძოლა არ ნიშნავს, რომ თოფები აიღონ ხელში, რადგან ძალიან ბევრი თვალი, ბევრი მხარე თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, არც ბანკის ფულის დაბრუნება არ არის მხოლოდ ქართული მმართველი ელიტის გადაწყვეტილება და არც ეკა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის დაბრუნება. როგორც ჩანს, რაღაც გარე ძალებიც მოქმედებენ ხელისუფლებაზე.
რამდენად მომგებიან მდგომარეობაშია ივანიშვილი, როდესაც იგი ხელისუფლების აგრესიული მანქანის საპირისპიროდ აგრესიას არ ამჟღავნებს? მომგებიანია კი ეს საზოგადოების თვალში?
- რა გითხრათ, საზოგადოების თვალს ამოწმებენ ხოლმე სოციოლოგიური გამოკვლევებით. მას მერე, რაც ასეთი პასიურობის დიდი პერიოდი იყო, გამოკვლევა არ ჩატარებულა და, როცა ჩატარდება, ამის მერე უფრო შესაძლებელი იქნება თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემა - არის თუ არა პასიურობა მომგებიანი?! მეორე მხრივ, მართალია, პასიურია ივანიშვილი, მაგრამ აქტიურია ხელისუფლება და ამით, პრაქტიკულად, ივანიშვილის გასაკეთებელ მთელ საქმეს ხელისუფლება აკეთებს. ის, რომ ადამიანთა მეხსიერებაში ბიძინა ივანიშვილი დაფიქსირდეს როგორც ხელისუფლების ძირითადი ალტერნატივა და მნიშვნელოვანი ფიგურა, ამისთვის სწორედ ხელისუფლება დგამს უპრეცენდენტო ნაბიჯებს და სწორედ ხელისუფლება ეწევა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უკეთეს რეკლამას. ამიტომ იყოს ივანიშვილი წყნარად, რატომ უნდა გააკეთო ის სამუშაო, რომელსაც შენს მაგივრად სხვა ისედაც აკეთებს?!
რატომ არ ფართოვდება ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შექმნილი ალიანსი? ფართო ოპოზიციურ ერთობას ივანიშვილის კოალიცია კატეგორიულად რატომ გამორიცხავს? რა აჯობებდა მისთვის, გაეფართოებინა კოალიცია თუ პირიქით?
- ბიძინა ივანიშვილმა პირველსავე წერილებში აღნიშნა, რომ იგი ითანამშრომლებს ყველასთან, გარდა იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც მას ფსევდოოპოზიციად მიაჩნია. ნაწილობრივ ამაში შეიძლება დაეთანხმო იმ მხრივ, რომ, თუკი ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იქნება ბრძოლაში ისეთივე თავგანწირული, როგორიც თვითონ არის, და, რომელიც ეცდება, ამ ბრძოლის სიმძაფრე შეანელოს, ასეთი პოლიტიკური ძალა გვერდით უფრო უარესია, ვიდრე - ბარიერის საწინააღმდეგო მხარეს.
ხომ არ ფიქრობთ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ნანობს, რომ თავის დროზე წყალგამყოფი გაავლო ზოგიერთი პარტიასა და მას შორის?
- არა მგონია. დიდი სინანულის ინტონაცია არ ეტყობა. საერთოდ, თქვენ აღნიშნეთ, პასიურიაო და, მართლაც, მისმა დამოკიდებულებებმა რა ცვლილებები განიცადა ამ ხნის განმავლობაში, არც ვიცით. მას გამოსვლა არ ჰქონია, მაგრამ არ ჩანს, რომ ამ პუნქტის გამო ნანობდეს, რადგან არ გამოუხატავს რაიმე იმპულსი, არ გამოუვლენია, რომ სხვა, დავუშვათ საპარლამენტო ოპოზიციასთან, ჰქონოდეს კონტაქტი.