"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"მოვუწოდებ დამოუკიდებელ მედიას, სასწრაფოდ გამოითხოვოს "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარეკლამო შემოსავლები და ისინი საკუთარ შემოსავლებს შეადარონ. აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ამ კომპანიების შემოსავლების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა, რათა საზოგადოება დარწმუნდეს სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებულ საინფორმაციო ტერორში. მედიას არ უნდა შეეშინდეს და კონტრდარტყმებზე უნდა გადავიდეს. პირველ გვერდებზე უნდა გამოქვეყნდეს, რა შემოსავალი მიიღეს "რუსთავი 2"-მა, "იმედმა" და "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ხატიაშვილი: "სააკაშვილმა მედიის წინააღმდეგ მორიგი ტერორი დაიწყო".
"ისინი სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის დღიდან რა შემოსავალს იღებენ რეკლამებიდან - ამ თემაზე სიუჟეტები მთელი თვის განმავლობაში უნდა გადიოდეს. საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, როგორ დისკრიმინაციულ პირობებში არიან ჩაყენებული არამართვადი საშუალებები. ევროკონვენციის თანახმად, დისკრიმინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული და ქმედება, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ ჩაიდინოს დამოუკიდებელი სუბიექტების მიმართ. როცა ქვეყანაში არსებობენ ტელევიზიები, რომელსაც 8-10-მილიონიან საბიუჯეტო ვალს უპრობლემოდ ჩამოაწერ, ხოლო მეორეს 2500 ლარის ერთი დღით გადაცილებისთვის ჯარიმებს აკისრებ - ეს არის დისკრიმინაცია და ეს არის სახელმწიფო ტერორი არამართვადი ტელეკომპანიების მიმართ. გაზეთ "რეზონანსისთვის" რეკლამის სახით 2400 ლარის გადახდა არის თურმე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე "მიყიდვა", "რუსთავი 2"-ის 240-ათასიანი შეკვეთა კი - არაფერი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.
"სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას და იმ ჟურნალისტებს, ვინც რეჟიმს ემსახურება, ჟურნალისტები კი არა, ზონდერჟურნალისტები უნდა უწოდოს. როდესაც მუსოლინი იტალიიდან წავიდა, ის ჟურნალისტები გაასამართლეს, ვინც მის რეჟიმს ემსახურებოდა. წლების განმავლობაში ეს ადამიანები შიშით ვერ ბედავდნენ საზოგადოებაში გამოჩენას, რადგან ყველა მათზე მიუთითებდა. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, რომ ეს ხალხი საზოგადოებაში რომ გამოჩნდება, უნდა მივიღო არა როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, არამედ როგორც ზონდერჟურნალისტი. მათ უნდა რცხვენოდეთ იმის, რასაც აკეთებენ და უნდა იგრძნონ მორალური პასუხიმგებლობა - სანამ ეს კულტურა ჩვენთან არ დამკვიდრდება, მუდამ ეს უბედურება იქნება. ჩემი ღრმა რწმენით, იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმი უფრო ბინძურ კამპანიაზეა წამსვლელი, საჭიროა ხელისუფლების ისტერიას საკადრისი პასუხი გაეცეს", - დასძენს რესპონდენტი.
781
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85