"ალიას" მასალების მიხედვით
"გასულ წელს "ალიაში" გამოვაქვეყნეთ, რომ გიგი უგულავამ აღმაშენებლის ხეივანში 200-საწოლიანი ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის მშენებლობა გახსნა. იქ ითქვა, რომ ამ ცენტრს აზერბაიჯანული მხარე აშენებს და სამედიცინო პერსონალიც იქ აზერბაიჯანელებისგან იქნება დაკომპლექტებული. ბატონი უგულავას მიმართ მაშინ საკმაოდ მკაცრი კითხვები გვქონდა, რადგან მშვენივრად ვიცით, რა მდგომარეობაც არის ტრანსპლანტოლოგიის დარგში ჩვენთან და აზერბაიჯანში და ვიცით ისიც, რაც ნიშნავს ამიერკავკასიის ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის გახსნა ისეთ განვითარებად სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა და "აზერბაიჯანელი სპეციალისტების" მიერ ასეთი ოპერაციების აქ ჩატარება", - აცხადებს "წინააღნდეგობის მოძრაობის" ჯანდაცვის ომბუდსმენი, ასოციაცია "ჰიპოკრატეს" თავმჯდომარე მარინა ბერაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ახალი სკანდალი ჯანდაცვაში / "ორშაბათის ქრონიკაში გეწერათ, აზერბაიჯანში რაც ხდება, მაგრამ მე გეუბნებით, როცა ეს ცენტრი გაიხსნება, ჩვენთან უარესი მოხდება."
"საქმე ის არის, რომ საქართველოში 10 წელია ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს ტრასპლანტაციური ოპერაციები და არსებობს სახელმწიფო პროგრამა. როგორია ეს პროგრამა, ვინ სარგებლობს და რა ხარვეზებია მასში - ეს ცალკე სასაუბრო თემაა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო სპეციალისტები. ევროპის ქვეყნებშიც კი იწვევენ ჩვენს ტრანსპლანტოლოგებს ოპერაციების ჩასატარებლად, მაგრამ თბილისის მერმა, რატომღაც, აზერბაიჯანელ ტრანსპლანტოლოგებს გაუწია რეკლამა და რატომ გააკეთა ეს, ეს არის დასაფიქრებელი. პირველი კითხვა, რომელიც ამ მშენებლობასთან დაკავშირებით გაჩნდა ასეთი იყო - რა შუაშია მასთან ქალაქის მერი?! რატომ გვამცნო უგულავამ ეს, როგორც სასიხარულო ამბავი და 200-საწოლიანი საავადმყოფო, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანელები უნდა იყვნენ დასაქმებული, რატომ არის ჩვენთვის აღსაფრთოვანებელი?! დასამალი არ არის, რომ ტრანსპლანტოლოგიის დარგს თან ახლავს ჩრდილოვანი მხარეებიც, მაგალითად, ტრანსპლანტ-ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ვერაგ შავ ბიზნესს წარმოადგენს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ბერაძე.
"ტრანსპლანტ-ტურიზმი ნარკოტიკებისა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ ყველაზე საშიში და საშინელი ბიზნესია. ამაში 150-დან 200-მდე ქვეყანა არის ჩართული, რომელთა შორისაც, მეტი წილი განვითარებადი ქვეყნებია. განსაკუთრებულად საშიში კი ისეთი ქვეყნებისთვის არის, როგორსაც საქართველო წარმოადგენს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან ტრანსპლანტოლოგიაში კანონმდებლობა ისე არ არის გამართული, უცხო ქვეყნის ბიზნესის წარმოება ვარეგულიროთ, იმპლანტანტების ექსპორტ-იმპორტი ვაწესრიგოთ და რა გამოდის, ხელისუფლება ამ ცენტრის გახსნით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარ ხალხს შავ ბიზნესში გამოსაყენებლად უგდებს?!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"აზერბაიჯანში ტრანსპლანტოლოგიის პროგრამა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მათ ამ დარგის სპეციალისტებიც არ ჰყავთ! მათთან ასეთ ოპერაციებს თურქები და სხვა მიწვეული სპეციალისტები აკეთებენ. ამიტომაც არარეალურია ის, რომ ჩვენთან 200-საწოლიან ტრანსპლანტოლოგიის ცენტრს ნამდვილად აზერბაიჯანელები ხსნიან - ამიტომაც ჯანდაცვის მინსიტრმაც და გიგი უგულავამაც უნდა გვიპასუხონ, - ვის ახსნევინებენ სინამდვილეში ამ ცენტრს?! ან რატომ უხარიათ ამ დფაწესებულების გახსნა, როცა ინტერნეტით ვრცელდება საგანგაშო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანში თურქებსა და უკრაინელებს ტრანსპლანტაციის შავი ბიზნესი აქვთ გაჩაღებული? როცა ეს ცენტრი გაიხსნება, ჩვენთან უარესი მოხდება. უგულავასა და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარება-ხელშეწყობით ჩვენი ხალხი რა უბედურებაში იქნება ჩათრეული, წარმოიდგინეთ! ამ ყველაფერს დიდი და ბინძური ფულის სუნი ასდის", - თვლის მარინა ბერაძე.
"გამალებით მიდის ამ ცენტრის მშენებლობა. იცით, როგორ არის გასაიდუმლოებული ეს ყველაფერი? მშენებლობაზეც რომ მიხვიდეთ, იქ პასუხს არავინ გაგცემთ. მშენებლებს დავალებული აქვთ ყრუ-მუნჯებივით მოიქცნენ, აჟიოტაჟი რომ არ ატყდეს და ამ საშინელების აღსრულებას არავინ გადაეღობოს. ცნობილ პროფესორს, რომლის გვარსაც ვერ დაგისახელებთ, ვკითხე - რა გვჭირს იმისთანა, ეს ოპერაციები საქართველოში აზერბაიჯანელებმა რომ უნდა გააკეთონ მეთქი - სწორედ მან მითხრა, რომ ამის აზერბაიჯანელებზე გადაბრალება არის ბლეფი, რადგან მათ ტრანსპლანტოლოგიის სპეციალისტები არ ჰყავთ - ამ ერთი ტყუილითაც ჩანს, რომ არ არის გამორიცხული, ჩვენი ქვეყანა ვიღაც მაფიოზებმა სწორედ ტრანსპლანტ-ტურიზმის შავ ბიზნესში ჩაითრიონ და ჩვენი ხალხი ამ მიზნით დონორებად გამოიყენონ. ჩვენს ქვეყანაში სიღატაკე მძვინვარებს, უამრავ ადამიან აქვს ბანკის თუ კერძო პირების ვალ, რომელსაც ვერ იცილებს და პრობლემის მოგვარებას ორგანოს გაყიდვით შეეცდება...", - დასძენს ასოციაცია "ჰიპოკრატეს" თავმჯდომარე და შეკითხვას - "რა ითხოვთ, არ ააშენონ ეს ცენტრი?" - პასუხობს:
"ცხადია, ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ეს ცენტრი არ უნდა აშენდეს! ასევე სასწრაფოდ უნდა გაგვცეს ყველა კითხვაზე პასუხი უგულავამაც, რომელმაც მშენებლობა დიდი სიხარულით გახსნა და ჯანდაცვის მინისტრმაც, რომელიც ბოლო პერიოდში მედპერსონალის წინააღმდეგ დამრტყმელ ძალად არის ქცეული. ამ წერილის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ დაველოდებით მათ გამოხმაურებას და თუ კიდევ არ გაინძრევიან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მშენებლობა როგორმე შევაჩეროთ. არ მივცემთ საშუალებას, აქ ორგანოებით ვაჭრობის შავი ბიზნესი ვინმემ გაგვიჩაღოს!"
1244
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85