ზაურ შირიევი, "Todays Zaman"
თურქეთი საქართველოს „წამყვანი რეგიონალური პარტნიორია“, ხოლო აზერბაიჯანი მისი „სტრატეგიული პარტნიორი“, რასაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია ადასტურებს, რომლის მიზანიც თბილისისთვის უსაფრთხოების მთავარი რეგიონალური და საერთაშორისო გამოწვევების წარმოჩენა და ანალიზია.
ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 23 დეკემბერს მიიღო, წინა, 2005 წლის ივლისში გამოცემული დოკუმენტის განახლებული და შესწორებული ვარიანტია და უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი მექანიზმია მთავრობისთვის რეგიონალურ და საერთაშორისო სტრატეგიაში, ასევე წარმოადგენს პლატფორმას უსაფრთხოების იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რომლის წინაშეც თბილისი ბოლო დროს აღმოჩნდა.
საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან შეიცვალა 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რასაც მთავრობაში სტრუქტურული რეფორმები მოჰყვა და რამაც ცხადყო, რომ პრობლემა სისტემურია, რასაც ამძაფრებს პოლიტიკური ნების არარსებობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მთავარ კითხვებად იქცა ის, თუ როგორ განსაზღვრავდა საქართველო თავის რეგიონალურ პოლიტიკას, როგორ სტრატეგიას აირჩევდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ, და როგორ განვითარდებოდა ურთიერთობა რუსეთთან. ამ კითხვებზე პასუხი თბილისის 2008 წლის შემდგომი პერიოდის პოლიტიკაშია. მთავარი ცვლილებები 2008 წლის ომის შემდეგ ორ სფეროს შეეხო: კონფლიქტების სტატუსს და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების კონტროლს.
2005 წლის დოკუმენტის თანახმად, საქართველო რუსეთთან კარგი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას აპირებდა. მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზას საქართველოს ტერიტორიაზე თბილისი საკუთარი სუვერენიტეტისთვის საფრთხედ არ აღიქვამს. კონცეფციას რიტორიკა უნდა დაებალანსებინა, მაგრამ მასში ხაზგასმული იყო ის, რომ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის შეიძლება სამხედრო ჩარევის მიზეზად იქცეს. მართლაც, ვარაუდი რეალობად იქცა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ინტერვენცია სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობით დაასაბუთა. რუსეთმა განაცხადა, რომ ლეგალურ საფუძვლად იქცა რუსეთის ფედერაციის „უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებზე სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“ კანონის 14.5 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ „თუკი უცხოური სახელმწიფო არღვევს საერთაშორისო სამართლის აღიარებულ ნორმებს და ადამიანის უფლებებს რუსი ემიგრანტების მიმართ, რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები მათი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო სამართლის თანახმად“. ეს „დაცვის ვალდებულების“ რუსული ვერსიაა.
მთავარი ცვლილება უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში არის ის, რომ დოკუმენტში რუსეთი ღიად მოიხსენიება როგორც ოკუპანტი, და ხაზგასმულია, რომ მოსკოვის მთავარი მიზანია საქართველო „არშემდგარ სახელმწიფოდ“ აქციოს, რომ საქართველო ჩამოშორდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და „ძალით დააბრუნოს საქართველო რუსულ ორბიტაზე“ . მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ტერორიზმის საფრთხეა; ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსეთი [სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს] ტერორისტების მომზადებისა და ჩანერგვისთვის იყენებს, რათა საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები განახორციელოს“.
საქართველო, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას მხოლოდ მაშინ განიხილავს, როდესაც რუსეთი არმიას გაიყვანს. მაგრამ რუსეთის ოკუპანტად დახასიათებას, მოსკოვმა შეიძლება უპასუხოს, რომ საქართველოს მთავრობა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზად არ არის, და რომ თბილისი საკუთარ შეცდომებში უფრო ძლიერი მეზობლის დადანაშაულებას ცდილობს. დოკუმენტში მკაფიო მინიშნებაა იმაზე, რომ „მტერი უცხოეთშია“. ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდება მოახლოებული საპარლამენტო, ასევე მომავალი წლისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.
მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ფარგლებში, თბილისი განაგრძობს აზერბაიჯანის პარტნიორად, ხოლო სომხეთის ახლო პარტნიორად განხილვას. კონცეფციაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი რეგიონის ყველა ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება. საინტერესოა, რომ რეგიონალური მედია ამ თეზისებს, როგორც ახალს ისე წარმოაჩენს, მაგრამ უფრო დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს განცხადებები 2005 წლის თეზისების გამეორებაა.
რუსეთთან დაკავშირებული სტრატეგიის გარდა, ახალი კონცეფცია წარმოადგენს პრაგმატულ და რეალისტურ მიდგომას ევროკავშირთან ურთიერთობებში, რომელიც უნდა წარიმართოს „თანდათანობითი ინტეგრაციის“ ფარგლებში. ნატოს წევრობა უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პირველხარისხოვანი ამოცანაა; ახალი კონცეფციის მიღებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა პრეზიდენტ სააკაშვილის პროექტს ავღანეთში, ISAF -ის ფარგლებში, დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რაც ალიანსისადმი ერთგულების და მხარდაჭერის ჟესტად განიხილება. დღევანდელი მთავრობა დაინტერესებულია იმით, რომ ნატოს გააგებინოს, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებს, რომელიც 2012 წლის მაისში უნდა გაიმართოს, და რომლის შედეგადაც, ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
საქართველო უნიკალურია კავკასიაში იმით, რომ ალიანსების შექმნის სურვილი და ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება ასახავს ძლიერი სამხედრო მოკავშირის არარსებობას; გაიხსენეთ სომხეთი, რომელსაც რუსეთი ჰყავს, აზერბაიჯანი, რომელსაც თურქეთი ჰყავს. პირველ რიგში, ეს მოხდა ისტორიული ან კულტურული კავშირების არარსებობის გამო რომელიმე დიდ პარტნიორთან, რომელსაც, რომ ეარსება აღორძინდებოდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წელს. მეორეც, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც საკუთარი მოკავშირეები გეოგრაფიული სიახლოვის, ასევე ისტორიული და კულტურული კავშირების საფუძველზე შეარჩიეს, მაშინ როდესაც საქართველო მის დასავლელ პარტნიორებს გეოგრაფიულად დაშორებულია. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ნატოს სრულყოფილი წევრობა შეაჩერებდა რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ინტერვენციისგან.
თუმცა, სხვების აზრით, სწორედ ნატოში გაწევრიანების მცდელობა გახდა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის მიზეზი.
საბოლოო ჯამში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ვერ შეცვალა ის ფაქტი, რომ თბილისის სამხედრო თანამშრომლობას ნატოსთან კვლავ სპეციალური „წევრობის კანდიდატის“ სტატუსი აქვს და ის, რომ თბილისს კვლავ სრულოფასოვანი წევრობის იმედი იმედი აქვს.
ახალი კონცეფციის მთავარი სხვაობები და გამოწვევები რუსეთთან ურთიერთობის განსაზღვრა და ევროკავშირთან თანდათანობითი ინტეგრაციის გზით ევროპისკენ ორიენტაციაა. მეტიც, მთავრობას სურს ბალანსის პრაგმატული იდეის შერწყმა მის საგარეო პოლიტიკაში უწყვეტ სტრატეგიასთან; დოკუმენტი ცხადყოფს, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა – ადრე მას იდეოლოგია ამოძრავებდა, ახლა როგორც ჩანს ის რეალპოლიტიკითაა დაკავებული. მთავრობის გაურკვევლობამ „არაბული გაზაფხულის“ დროს ცხადყო, რომ საქართველო, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფერად რევოლუციებს უჭერდა მხარს, დღეს ძალიან შორს დგას იმისგან, რომ იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და ურჩევნია დაიცადოს მანამ, სანამ სიტუაცია გაირკვევა.
foreignpress.ge
754
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85