ნინო კვიტაშვილი, "ყველა სიახლე"
სახელგანთქმული ქართველი ჩოგბურთელი, უიმბლდონის პრესტიჟული ტურნირის სამგზის ფინალისტი, ევროპის 16-გზის ჩემპიონი ალექსანდრე მეტრეველი რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა.
ბატონი ალექსანდრე ამ გადაწყვეტილების მიზეზებსა და, საერთოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება.
- ჩოგბურთს სპორტის ელიტურ სახეობად მიიჩნევენ, რომელსაც განსაკუთრებული ფიზიკური და ინტელექტუალური მონაცემები სჭირდება... რა არის თქვენთვის ჩოგბურთი?
- ჩოგბურთი ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრება... რაც შეეხება მის ელიტურობას, იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის, მაგრამ სპორტის რომელ სახეობას არ სჭირდება ფული? საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩოგბურთის ფასი გაცილებით დაბალია, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხს ამის საშუალებაც არა აქვს.
- ამჟამად მოსკოვში ცხოვრობთ და ტელეკომპანია "ენ-ტე-ვეს" სპორტული კომენტატორი ხართ... როგორ მიიღეთ ეს შეთავაზება?
- ცნობილმა ჩოგბურთელმა ანა დმიტრიევამ, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვთამაშობდი, დამირეკა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ჯერ "ენ-ტე-ვე"-ზე ვამზადებდით გადაცემებს, მერე გაიხსნა "ენ-ტე-ვე პლუსი" - ტელეკომპანია, რომლის ერთ-ერთი არხი სპეციალურად ჩოგბურთს ეძღვნება. ამასობაში რუსეთში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი ძალზე გაიზარდა, რუსმა ჩოგბურთელებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებში მოიპოვეს წარმატება, ასპარეზზე გამოჩნდნენ მარატ და დინარა საფინები, მარია შარაპოვა, ანა კურნიკოვა (თუმცა, ამ უკანასკნელის პოპულარობა უფრო მიმზიდველმა გარეგნობამ განაპირობა)... ჩოგბურთით იყო გატაცებული რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი, რამაც სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი ერთიორად გაზარდა... ასე რომ, ჩვენი პროექტი წარმატებული აღმოჩნდა - არხის პოპულარობა დღითი დღე იზრდება.
- "ენ-ტე-ვე პლუსმა" თქვენზე გადაღებული ფილმი აჩვენა.
- ეს ფილმი საქართველოში გადავიღეთ, შეიძლება ითქვას, მოვასწარით გადაღება... ჩანს ჩემი სახლი შინდისში, სადაც ასვლას ახლა იშვიათად ვახერხებ, თუმცა, ვცდილობ, კარ-მიდამო მოწესრიგებული მქონდეს, ძალზე მიყვარს ყვავილების მოვლა.
- დიდი ხმაური მოჰყვა მტკვრის სანაპიროზე, დინამოს "კორტების" გარშემო განვითარებულ მოვლენებს...
- ის, რაც მოხდა, საშინელებაა. ეს იყო ერთ-ერთი ტრადიციული ადგილი თბილისში, სპორტული კერა, სადაც არა მხოლოდ ჩოგბურთელები, კალათბურთელები და მოჭიდავეებიც იკრიბებოდნენ და ტარდებოდა შეჯიბრებები. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოედანი პოსტსაბჭოურ სივრცეში. ცხადია, შეიძლებოდა მისი რეკონსტრუქცია, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა, პროექტიც გვქონდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას სულ სხვა გეგმები ჰქონდა - იქაურობა გაანადგურეს, მოჭრეს ასწლოვანი ხეები და ახლა სამშენებლო პოლიგონად არის ქცეული - როგორც ამბობენ, კიდევ ერთ იუსტიციის სახლს აშენებენ. შესაძლოა, ეს კორტები მავანს საკუთარი სასახლიდან ხედსაც უფუჭებდა...
- ახლა კორტები ქალაქის გარეუბანში, 5 დეკემბრის ქუჩაზე გადაიტანეს...
- კორტები მარტო მოედანი ხომ არ არის, მას შესაბამისი გარემო, კლიმატი სჭირდება, არ უნდა იყოს ქარიანი ადგილი... ან როგორ ივლიან ქალაქის გარეუბნებში ბავშვები ცენტრალური უბნებიდან?
- ვის მიიჩნევთ პერსპექტიულ ჩოგბურთელად საქართველოში?
- სამწუხაროდ, კადრებს ვკარგავთ. ირაკლი ლაბაძეც უცხოეთში აპირებს წასვლას.. საქართველოში არიან პერსპექტიული ჩოგბურთელები, მაგრამ მომავალ თაობას აღზრდა უნდა. კარგად თამაშობენ ბათუმელი გიორგი ცივაძე, ჩემი შვილიშვილი სანდრო მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი, მაგრამ შესაბამისი პირობები არა აქვთ, ჩვენში 3-4 დარბაზია, შიგ უფრო ცივა, ვიდრე გარეთ. თუ ასე გაგრძელდა, ქართული ჩოგბურთის საუკეთესო ტრადიციები დაიკარგება.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებას?
- სპორტულ ფედერაციაზე მისი მუშაობის შედეგებით უნდა იმსჯელო. ჩვენში კი შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა. იყო დრო, ქართველი ჩოგბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრების ბირთვს შევადგენდით (პირველ და მეორე ნომრებად მე და თეიმურაზ კაკულია ვიყავით) და მსოფლიოს გუნდურ რეიტინგში მე-5 ადგილი გვეკავა. დღეს კი საქართველოს ნაკრები ამ სიაში 98-ე ადგილზეა. ვფიქრობ, საგანგაშო სტატისტიკაა.
- ორიოდე დღეში ავსტრალიაში მიემგზავრებით, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი - ავსტრალიის ღია ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. ვინ მიგაჩნიათ მის ფავორიტად?
- მამაკაცებში ფავორიტი, ვფიქრობ, ნოვაკ ჯოკოვიჩია. საერთოდ კი, წარმატება ჩოგბურთში სპორტსმენისგან არაერთ დამოუკიდებელ ფაქტორზეც არის დამოკიდებული - ამ პერიოდში ავსტრალიაში ხშირად გაუსაძლისი სიცხეა...
- რას ფიქრობთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, არსებობს დღეს ამ ურთიერთობების "დათბობის" პერსპექტივა?
- ჩემი აზრით, ვიდრე ამ ქვეყნების სათავეში ამჟამინდელი ლიდერები იქნებიან, ეს ძალზე რთული იქნება. მით უმეტეს, რომ დღეს რუსეთშიც მწვავე პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს... ან ნახეთ, როგორ ცხოვრობენ რუსი ოლიგარქები, აღარ იციან, რით გაერთონ, იახტებსა და საფეხბურთო კლუბებს ყიდულობენ, ლონდონსა და პარიზში ცხოვრობენ, სეირნობენ, თავიანთი "ჰამერებით" მსოფლიოს გარს უვლიან. ხომ შეეძლო ბიძინა ივანიშვილსაც ასე ეცხოვრა? მან კი ქვეყნის საკეთილდღეოდ საკუთარი და თავისი ოჯახის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორ შეიძლება ამის დაუნახაობა?
- რატომ გადაწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებაში" გაწევრება? ადრე თუ იცნობდით მას?
- არა, ადრე არ ვიცნობდი, თუმცა, მის ქველმოქმედებაზე ბევრი რამ მსმენოდა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს ეხმარება, რომელთა უმრავლესობას დღეს, პირდაპირ ვიტყვი - უჭირს. ვიცი, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის აღორძინებაში. საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის მისი ქველმოქმედების შესახებ. შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილს ვკითხე კიდეც, - რატომ არ აქვეყნებთ თქვენ მიერ ნაკეთები საქმეების სრულ სიას-მეთქი? ჩვენ, ცხადია, ქართულ ჩოგბურთსა და, საერთოდ, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზეც ვისაუბრეთ.
- საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს ადევნებთ?
- რა თქმა უნდა. წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვდივარ, როგორც კი "ფანჯარა" მიჩნდება, თბილისისკენ მოვეშურები. გასული წლის 26 მაისის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, ამ ხელისუფლების ოპოზიციაში გადავსულიყავი. 26 მაისს მიტინგზე ნონა გაფრინდაშვილის გვერდით ვიყავი. კარგად ვნახე, რა მოხდა, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს.
26 მაისის შემდეგ ჩემი და ამ ხელისუფლების გზები საბოლოოდ გაიყარა. ახლა კი, ვისაც შევხვდი, ყველა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალისთვის აპირებს ხმის მიცემას. თუმცა, მეშინია იმის, რაც ამ ხელისუფლებამ არჩევნებამდე შეიძლება მოიმოქმედოს, რადგან მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯები აგონიას ჰგავს. ხალხს მობეზრდა ეს ყველაფერი, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია... ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ რაიონებს, სადაც საინფორმაციო ვაკუუმია.
ცნობისათვის
ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის სამგზის ფინალისტია. არის ევროპის 16-გზის და საბჭოთა კავშირის 29-გზის ჩემპიონი, ათეულობით საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. მონაწილეობდა "დიდი სლემის" 23 ტურნირში, ითამაშა "დევისის თასის" 38 მატჩში. კარიერის დასრულების შემდეგ იყო საქართველოს სსრ სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად არის ტელეკომენტატორი.
1144
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85