ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე პოლიტიკაში მოსვლასა და პარტიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ იურისტთა ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. როგორც ჩანს, ეკატერინა ხვედელიძის ასეთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების მხრიდან შექმნილმა პრობლემებმა განაპირობა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის № 602-ე ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი და მას აღუდგა მოქალაქეობა, ეკატერინა ხვედელიძემ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა. ამ მიზნის განსახორციელებლად ბიზნესმენის მეუღლემ იმავე მოსამართლეს, კერძოდ, შოთა გეწაძეს (რომელმაც მას მოქალაქეობა აღუდგინა) გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სთხოვა, რადგან საპარლამენტო არჩევნები 2012 წელსაა დანიშნული; 2013 წლისთვის (ანუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ) მისთვის მოქალაქეობის აღდგენა კი რეალურ დატვირთვას მოკლებული იქნება.
Presage.tv-ს ხელთ აქვს ეკატერინა ხვედელიძის 5 იანვრით დათარიღებული განცხადება, რომლითაც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე შოთა გეწაძეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დეკემბრის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის № 602 ბრძანებულება ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. მიმაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული ნაწილი მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
გადაწყვეტილი მაქვს მონაწილეობა მივიღო პოლიტიკური პარტიის დაარსებაში (შექმნაში) და შემდგომში მის საქმიანობაში; ასევე, ახლადშექმნილი პარტიის მეშვეობით კენჭი ვიყარო საპარლამენტო არჩევნებში.
საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან“.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, „პარტიის შქმნისა და მის საქმიანობაში უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს“. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.“
ეკატერინა ხვედელიძის განმარტებით, იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (პრეზიდენტის ადმინისტრაციას) უფლება აქვს, მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო, შემდეგ საკასაციო წესით გაასაჩივროს, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, საქმის განხილვის ვადა სააპელაციოში შესაძლოა გაგრძელდეს 5 თვემდე, ხოლო საკაცასაციოში – 6 თვემდე. ამ დროს კი საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, რაც მას ვადაში ჩატევის საშუალებას არ მისცემს.
ადვოკატ კბილაშვილის თქმით, არსებობს გამონაკლისი შემთვევები, როცა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო მოქალაქეს შეუძლია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოტივი კი ეკატერინა ხვედელიძისთვის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია. დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს, კანონის თანახმად, ორკვირიანი ვადა აქვს. თუმცა არაა გამორიცხული, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხს, როგორც მისი ერთ-ერთი ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, პრეზიდენტის №80-ე ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები – მოქალაქეობის მიღების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნას არ შეეხება, რადგან იგი ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებას არ გულისხმობს. ბიზნესმენი კი ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, რისთვისაც 5 იანვარს ადვოკატებმა სამოქალაქო რეესტრს უკვე მიმართეს.
„პრეზიდენტს რჩება 44-დღიანი ვადა, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პრეზიდენტმა დასაბუთებული დასკვნა უნდა წარმოადგინოს. პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა, იყოს მისი ტერორიზმთან კავშირი, ძებნაში ყოფნა და მისი მხრიდან საზოგადოებრივი საფრთხის წარმოქმნა. პრეზიდენტი ვერც ივანიშვილის ტერორიზმთან კავშირს დაამტკიცებს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს; ასევე, არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, რომელიც დაასაბუთებს, რომ ოდესმე ივანიშვილი ძებნაში იმყოფებოდა. რაც შეეხება საფრთხეს, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი პირი იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ ის ხელისუფლების შეცვლას რევოლუციის გზით გეგმავს, ამას კი ივანიშვილი ცალსახად გამორიცხავს და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს", – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
მისი განმარტებით, ტერორისტების სიას ადგენს გაერო, საერთაშორისო ძებნილებისას კი – ინტერპოლი. არცერთ სიაში ივანიშვილის გვარი არ ფიგურირებს. ხოლო მესამე მიზეზი – საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი – ასეთი რამ ადვოკატმა გამორიცხა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, „რევოლუციის გზით ხელისშეშლა ეს იქნება ჩემთვის მარცხი“.
ადვოკატის თქმით, დაჩქარებული წესით მიმართვის შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრმა მაქსიმუმ 40 დღეში დასკვნა უნდა გასცეს, ხოლო პრეზიდენტმა – მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
„აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს და სამოქალაქო რეესტრს საბოლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, 44 დღე აქვს დარჩენილი“,– განაცხადა ქუცნაშვილმა.
მანვე 2012 წლის 9 იანვრით დათარიღებული წერილი გააცნო ჟურნალისტებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა, რომელიც მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ 1997 წლის 6 ნოემბრის ევროპული კონვენციის მონაწილეა, ბიძინა ივანიშვილს არ შეუწყვეტს საქართველოს მოქალაქეობას მანამ, ვიდრე ის საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს. ამ წერილს ხელს აწერს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი, კონსულის მოადგილე ჟერარ ანრიო.
Presage.tv-მ ადვოკატ არჩილ კბილაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა.
რატომ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას ეკატერინე ხვედელიძე?
– მას სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური პარტიის შექმნაში და პოლიტიკური პარტიის მეშვეობით პარლამენტის წევრი გახდეს. ამ მიზნის განსახორციელებლად ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამიტომაც ეთხოვა სასამართლოს მისი გადაწყვეტილება, რომლითაც ქალბატონ ეკატერინეს აღუდგინეს საქართველოს მოქალაქეობა, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებას გადაეცეს.
იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება აქაც „პრინციპული“ აღმოჩნდება და ეკატერინა ხვედელიძესაც არ დათანხმდება, რა გამოსავალი რჩება?
– ამ შემთვევაში, ეკატერინა ხვედელიძე მაინც მიიღებს მოქალაქეობას, ოღონდ ამაში მეტი დრო დაიხარჯება და ამით გამომჟღავნდება, რომ მისთვის მოქალაქეობის მინიჭება ფორმალური, ბუტაფორული გადაწყვეტილება ყოფილა და არა – რეალური შინაარსის მატარებელი.
ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით რა გზები გესახებათ?
– ორი გზა არსებობს: ერთი, სასამრთლოს გზა, რომელიც ამჟამად პროცესშია, და მეორე, როდესაც უკვე შეტანილია განცხადება მის მიერ მოქალაქეობნის მიღებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი გზა მაინც წარმატებული იქნება.
კონტროლის პალატის მოთხოვნის თაობაზე რას გვეტყვით? რატომ გახდა ასეთი „დროული“ მათი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული ფინანსების გაკონტროლებასთან დაკავშირებით?
– აქ დავა და კამათი გამოიწვია დროის პერიოდმა, რომელიც შეეხება ნოემბერ-დეკემბერს. ანუ კანონი, რომელიც 30 დეკემბერს ამოქმედდა და ამის საფუძველზე იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია, ჩვენი აზრით, არ იძლევა უფლებას, მოგვთხოვონ ინფორმაცია კანონის ამოქმედებამდელი პერიოდის შესახებ. ამას რეტროაქტიური (უკუქმედების ძალის მქონე) ძალა ჰქვია, რაც უკანონობაა. ამაშია აზრთა უთანხმოება კონტროლის პალატასა და ჩვენს შორის. ინფორმაციის მიწოდების მოვალეობა დადგინდა 30 დეკემბერს, კონტროლის პალატა კი ითხოვდა 30 დეკემბრამდე ინფორმაციას, რაც არასწორია, რადგან მოვალეობა 30 დეკემბერს წარმოიშვა, კანონი კი 30 დეკემბერს შევიდა ძალაში.
კითხვები გააჩინა იმანაც, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიებსა და პოლიტიკოსებს წინასწარ, ერთი წლით ადრე რატომ მისცა ამხელა თანხა?
– ამით კანონი არ დარღვეულა. მეორეც, არსებობდა დიდი საფრთხე, რომ მომავალში ეს ფული სახელმწიფოს მიეღო.
ანუ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა წინასწარვე იცოდა, რომ სახელმწიფო თანხების ამოღებას გადაწყვეტდა?
– დიახ, კანონპროექტი ხომ წინასწარ არსებობდა, ეს ცნობილი იყო. ამიტომ იმისთვის, რომ კანონი დაცული ყოფილიყო და საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო გადასახდელი ხელფასები, მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილს, მისი თქმით, ცალკეულმა ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილისგან ერთი წლით ადრე იმიტომ მიიღეს ეს ხელფასები, რომ სააკაშვილს თანხა უკან არ წაეღო.
„ამ ადამიანებმა ხელფასები წინასწარ იმ შრომისთვის მიიღეს, რასაც ისინი ეწევიან. სხვათაშორის, სახელმწიფოსაც აწყობს, ყველამ წინასწარ აიღოს ხელფასები, იანვარში, ავანსის სახით, ამით ბიუჯეტი მოგებულია საშემოსავლო გადასახადის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ეს დრაკონული კანონით იყო ნაკარნახევი, რადგან ბიუჯეტი ჩარიცხულ თანხას უკან წაიღებდა. აშშ-ის ელჩს რომ არ აეტეხა ერთი ამბავი, ასეც აპირებდნენ. ამიტომ ამჯობინეს, პატიოსანი მუშაკებისთვის ავანსის სახით მიეცათ ხელფასები,“ – აცხადებს ადვოკატი.