საქართველო უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. ხელისუფლება ყველა დაშვებულ და აკრძალულ მეთოდს იყენებს მართვის სადავეების შესანარჩუნებლად. თავის მხრივ, ოპოზიცია პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ იმედიანად არის განწყობილი. კამათი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა გზით უნდა მოხდეს „ნაციონალების“ უმცირესობაში გადაყვანა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მომავალ პარტიასთან, „რესპუბლიკურ პარტიასთან“, „კონსერვატიულ პარტიასა“ და „ხალხის პარტიასთან“ ერთად ჩამოყალიბებულ კოალიციას „ქართული ოცნება“ ერქმევა.
„ბიძინა ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ, გვექნება საუბარი კოალიციის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ისევ ერქმევა „ქართული ოცნება“. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ჯერჯერობით, მხოლოდ „ფორუმთან“ მიმდინარებს მოლაპარაკებები, როცა გვექნება შედეგი, ვაცნობებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ალასანიამ აეროპორტის დასახლებაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ბიძინა ივანიშვილმა მომავალი პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია „თავისუფალ დემოკრატებთან“, „რესპუბლიკურ პარტიასთან“, „კონსერვატიულ პარტიასა“ და „ხალხის პარტიასთან“. ამის შესახებ განცხადება ივანიშვილის პრესსამდივნომ 14 დეკემბერს გაავრცელა.
დეკემბრის ბოლოს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განცხადა, რომ კოალიციას კიდევ რამდენიმე პარტია შეემატება. კოალიცია უნდა შეივსოს და გაცილებით მსუყედ უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს, უპირველესად, საჭიროა მრავალპარტიული პარლამენტის მისაღებად და მეტი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის.
ამ საკითხზე კომენტარი თავად ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ეროვნულ ფორუმთან“, თუმცა თანამშრომლობა არ გამორიცხა, როგორც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან, ასევე დღევანდელი „მთავრობის იდეოლოგებთან“, თუ ისინი პოზიციებს შეიცვლიან:
„კარი დახურული არ არის, ალბათ კიდევ შემოგვიერთდებიან. მონაწილეების რაოდენობა ალბათ გაიზრდება...ეროვნულ ფორუმთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პირადად მე ორჯერ შევხვდი შარტავას... ნინოსთან დაკავშირებით მძიმედაა საქმე. ძალიან განსხვავებული პოზიციები გაგვაჩნია...
მინდა, რომ სწორად გაიგოთ – პოზიციებში სხვაობა არის ძალიან დიდი. ზოგადად როცა მე ვსაუბრობ, ურთიერთობა ვისთან შეიძლება და ვისთან არა, ყოველთვის ვასახელებ დღევანდელი მთავრობის გამოკვეთილ იდეოლოგებსაც. არ გამოვრიცხავ მათთან თანამშრომლობას, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას“.
თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძის პოზიცია შემდეგში მდგომარეობს: „ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ იყოს ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი და უზარმაზარი როლი შეასრულოს საქართველოს იმ შავი ჭირისგან განთავისუფლების საქმეში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და დღევანდელი ხელისუფლება ჰქვია“.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში:
„ხელისუფლება საშინელი სისტაკით გაუსწორდა 26 მაისის აქციის მონაწილეებს. ასეთი დარტყმის შემდეგ, ვიდრე სახალხო კრება შეძლებდა ძალის საბოლოო მოკრებას, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი იყო ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე. მან ადამიანებს დიდი იმედი ჩაუნერგა რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის უდავოდ ის, რომ წლების განმავლობაში ივანიშვილს აქვს მართლაც უზარმაზარი საქველმოქმედო საქმიანობა გაწეული, ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ამის შესახებ საქართველოში ყველამ იცის. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ის არ იყო საჯარო ფიგურა და პოლიტიკოსი, შესაბამისად, მის მიმართ არ არსებობდა არც კითხვები და არც ნეგატიური ინფორმაცია. ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“.
ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია ფინანსური ფაქტორიც ხელისუფლებლებასთნ საბრძოლველად:
„ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ძალა არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომელიც მას აქვს და რომლის მეასედიც კი მთელ ოპოზიციას ერთად არ გააჩნდა. დღეს ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა და უზარმაზარი რესურსის ოპოზიციურ ფლანგზე შემოსვლა, ხელისუფლებისთვის არასასარგებლო ფაქტორი იყო.
ყველა ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ მოლოდინი ნამდვილად ძალიან დიდია და ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინი და იმედი არ გაცრუებულიყო, რომელიც საზოგადოებას არ აქვს“.
„სახალხო კრების“ მეორე წარმომადგენლის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია რეალობას არაადეკვატურიად აღიქვამს, რადგან ქუჩიდან ბრძოლას მიუღებლად მიიჩნევს და არჩევნებს ელოდება. როგორც ბათიაშვილი ამბობს, ძალიან დამაფიქრებელია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მოწოდება, თითქოს ქუჩაში გასვლა გაუმართლებელია:
„არ ვიცი, ეს პოლიტიკური უმეცრებაა თუ სხვა რამ, ოფისებში არიან გამოკეტილები და არ იციან რა ხდება მსოფლიოში. მე მეცნიერიც ვარ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ვსწავლობ. მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები სწორედ ქუჩიდან იწყება და მითუმეტეს საქართველოში ამ რეჟიმის პირობებში სხვაგვარად ვერაფერს გახდები. ბალეტის ცეკვით და ბოკერიასთან მასლაათით ამ რეჟიმს ვერ დაამხობ. ვსაუბრობ რეჟიმზე, რომლესაც ჰოსნი მუბარაქისნაირი გაწონასწორებული ადამიანი კი არ მართავს, არამედ გიჟი, ფსიკიქურად გაუწონასწორებელი ადამიანი. ყველას გვინდა მშვიდობიანი არჩევნების გზით გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით ფონს ვერ გავალთ“.
მისივე თქმით, არჩვენებამდე დიდი დროა, მაგრამ ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დაიწყო:
„ამის მაგალითია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ მიღებული კანონი. წარმოიდგინეთ, არჩევნები რომ მოახლოვდება, მერე რას გააკეთებენ. დაიწყებენ საზოგადოების დაშინებას, რეპრესიებს, მოქრთამვას და ა.შ. წინასწარ ვიცი, ასეთი გზით ჩატარებული არჩევნები როგორ დამთვარდება, ქუჩაში გასვლა გარდაუვალია“.
უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმები გაიყოფა და ოპოზიცია წინასწარ წაგებულ თამაშში ჩაებმება.
როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ვინც არ გაერთიანდება, იმ პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში მონაწილოებაზე უარი უნდა თქვას. უფლებადამცველის თქმით, მისთვის ძალიან დასაფასებელი იყო ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება, თუკი ისინი ივანიშვილის გუნდის გარეთ დარჩებოდნენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ:
„გარკვეული პოლიტიკური ძალები არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განცხადებას ჯერ არ აკეთებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მართლა არ მიიღებენ. ისინი ჯერ ელოდებიან, ივანიშვილის გუნდში მათი ადგილი გამოჩნდება თუ არა. როცა არჩევნები მოახლოვდება, გაცილებით მეტი პარტია გამოთქვამს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს, ვიდრე დღეს ჩანს“.
ადვოკატს არ ეთანხმება „საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ თავჯდომარე კახა კახიშვილი. მისი განცხადებით, რაც მეტი პოლიტიკური პარტია მოხვდება პარლამენტში, მითუფრო უკეთესი იქნება, რადგან ყველაზე ეფექტური და შედეგიანი მმართველობა მრავალპარტიული მმართველობა:
„თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა გვქონდეს, პარალემნტში რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს, ამიტომ მოწოდება, რომ მხოლოდ ორი პოლუსი უნდა შეიქმნას და შუა გაიკრიფოს, ჩემთვის მიუღებელი და არასწორია“.