"ვერსიის" მასალების მიხედვით
"სააკაშვილი არც გმირია და არც ანტიგმირი - იგი ავადმყოფობათა მთელი თაიგულია, რომელიც საზოგადოებას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი. ფილმი ამ ავადმყოფობის დიაგნოზის მცდელობა იქნება - ჩავთვალოთ, რომ ეს ფილმი სამედიცინო ექსპერიმენტია. აბა, ყველას რომ ესმოდეს, რა დღეში ვართ, ამ პირობებში ხომ არ ვიქნებოდით. ადამიანი გამოჯანმრთელებას მაშინ იწყებს, რაც აცნობიერებს, რომ შიზოფრენიკია - ამიტომაც აღარავის აოცებს სააკაშვილის ეს ახალი კანონები, თუნდაც ბოლო, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შეცვლა. ეს უკვე კლინიკური რეალობაა, რომელშიც თავად საზოგადოება იქცა მეექვსე პალატის პაციენტად. ივანიშვილის გამოჩენა ფსიქიატრის გამოჩენას ჰგავს - იგი დიაგნოზს უფრო თვალსაჩინოს ხდის. ის რაც დღეს ხდება, უკვე შიზოფრენიული აგონიაა", - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პროცესის პიკი ჯერ არ დამდგარა, ივანიშვილი გამოჩნდა, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს!" / რა პროგნოზს აკეთებს წინასაარჩევნოდ და როდის ვიხილავთ გოგა ხაინდრავას დოკუმენტურ ფილმს.
"არც ვანგა ვარ და არც კაკულია, რომ ვიწინასწარმეტყველო, ამ რეჟიმის ჩამოქცევა რა ფორმით მოხდება. ფაქტია, "ნაციონალური" სენი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და ამას მოწმობს ის ისტერიული კანონები, უფრო სწორად, ხუშტურები. თუმცა ეს განწირული მცდელობაა. რაც უნდათ წერონ და იკითხონ - როცა კანონი კანონის ფარგლებში არ ჯდება, ის აღარც კანონობს! მთავარი ხალხის აზრია. ივანიშვილი ამ შემთხვევაში არის დრო და "ნაციონალები" ცდილობენ კალენდარს შეეჯიბრონ, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, დროს ვერასდროს მოუგებენ - რამდენიც უნდა იარონ ბიკინებით, ამით ზაფხულს ხომ ვერ მოიყვანენ. იგივეა აქაც - ივანიშვილი ბუნების კანონზომიერებაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.
"საერთოდ, უკვე "ქართული ოცნების" წევრად მიმაჩნია თავი, მაგრამ ოფიციალურად არსად გავწევრიანებულვარ. რომ არ ვჩანვარ, იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესის მონაწილე არ ვარ. თან, იმ თემატურ ჯგუფებში ყოფნა ჩემი არჩევანი ხომ არაა - ასეთ წინადადებას თუ მივიღებ, ეს დაფარული არ დარჩება. ჩემი ცოდნა და გამოცდილება თუ დასჭირდებათ, მზად ვარ, საერთო საქმეს მოვახმარო. ჯერჯერობით შემოთავაზება არ ყოფილა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პროცესის პიკი არ მოსულა, ჯერ აღმასვლაც არ დაუწყია ივანიშვილს - უბრალოდ, გამოჩნდა, არც ერთი პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს. ფაქტია,რომ საინტერესო აღარაა, რას იზამს "ნაცხელისუფლება". თავში ქვა უხლიათ, როცა უნდათ, მაშინ დანიშნონ არჩევნები, მაინც წაგებული აქვთ, რადგან უკვე მთელი საქართველოს წააგეს! უბრალოდ, ეს აგონია უფრო დიდხანს გაგრძელდება, თუმცა იქნებ ჭკუა ვისწავლოთ და მეორედ ასეთ ინფექციას მოვერიდოთ. ყველაზე კარგი გამოსავალი მაინც არჩევნებია, მაგრამ სააკაშვილი რას შეეცდება, ეს ერთია, მეორეა - რას დაუპირისპირებს ქართული საზოგადოება და მესამე - შედეგი: თუ არ დათმობს, მაშინ რაც მუბარაქს მოუვიდა, ის მოუვა სააკაშვილსაც", - დასძენს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - "საარჩევნო კოდექსი გაუარესებულია და როგორც აღნიშნეთ, ივანიშვილის ჯერ ნაბიჯიც არ გადაუდგამს, როგორია თქვენი პროგნოზი?" - პასუხობს:
"20 წელიწადია კედელს თავს ვურტყამთ და ბოლო-ბოლო, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ იქ კარიც არის. ჩვენ თვითონ ჩავაგდეთ ქვეყანა ამ მდგომარეობაში. ჯერჯერობით ფსიქიატრიულში კი ვართ, მაინც ყველაფერი კარგად იქნება".
758
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85