"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა - ასეთი ექსპერტთა შეფასება ამ სამსახურის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც "ქართული ოცნების" ფინანსურ ანგარიშგებას შეეხება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნება", მედია და კონტროლის პალატის 3 დიდი "იაღლიში" / რატომ ეყრდნობა კონტროლის პალატა არაოფიციალურ მონაცემებს და რატომ ითხოვს ისეთ ინფორმაციას, რომლის მოთხოვნის უფლებაც არ აქვს?
"ის, რომ ფინანსური მონიტორინგის მთავარი საქმიანობა "ქართული ოცნების" შემოწმება იქნებოდა, ცხადი იყო თუნდაც ხელისუფლების იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში კეთდებოდა პარტიებისთვის დაფინანსების გამკაცრებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას. ამ სამსახურის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემაც, რომელიც კონტროლის პალატაში პროკურატურიდან მოხვდა, პირველი განცხადება გააკეთა, რომ პირველ რიგში "ქართული ოცნების" ფინანსურ საქმიანიბას შეისწავლიდა და როგორც ჩანს, ეს დაპირება დაუყოვნებლივ აღასრულა - კონტროლის პალატამ "ქართული ოცნების" ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ, 10 იანვარს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" ფინანსური ანგარიშგების წარდგენაზე მოთხოვნა 5 იანვარს გაეგზავნა. ჟურნალისტებთან საუბარში მოგელაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია 1 ნოემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას ეხება. მისივე თქმით, ინფორმაცია კონტროლის პალატამ ალტერნატიული წყაროების მეშევობით მოიპოვა, რადგან "ქართულმა ოცნებამ" მონიტორინგის სამსახურს ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განუცხადა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენ მათ გავუგზავნეთ წერილი და განვუსაზღვრეთ გონივრული ვადა - 3 დღე, რათა მათ თავიანთი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციო მოეწოდებინათ. თუმცა რატომღაც უარი მივიღეთ. შესაბამისად, გამჭვირვალობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, ეს ინფორმაცია განვათავსეთ ვებგვერდზე. კონტროლის პალატამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოითხოვა მათგან ინფორმაცია 1 ნოემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით განხორცილებეულ ფინანსურ ოპერაციებზე. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციას და ბიძინა ივანიშვილს გააჩნიათ შესაბამისი არგუმენტები, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ გამჭვირვალობა", - განაცხადა ნათია მოგელაძემ. მისივე განმარტებით, მათ საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახადონ როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე მათთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანთა შესახებ ინფორმაცია" - დასძენს გამოცემა.
"მოგელაძე კი აცხადებს, რომ მათ ეს კანონის საფუძველზე მოითხოვეს, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი მათ 30 დეკემბრამდე განხორციელებული ფინანსური ანგარიშების შემოწმების უფლებას ვერ მისცემდა! საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნება" არის საზოგადოებრივი მოძრაობა. 29 დეკემბერს ახალი კანონის ძალაში შესვლამდე კი საზოგადოებრივი მოძრაობა არ გადიოდა პარტიათა რანგში და არ არსებობდა არანაირი ვალდებულება, რომ მათ ეს ანგარიშგება წარედგინათ. თუკი ხელისუფლება მიღებულ კანონს არ ჩაასწორებდა და კანონიდან არ ამოშლიდა სიტყვას "ამ", მაშინ მონიტორინგის სამსახურს ამის მოთხოვნის უფლება ექნებოდა, რადგან კანონს უკუძალა მიენიჭებოდა. ამასთან ხელისუფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ კანონს არანაირი უკუძალა არ ენიჭებოდა და ოპოზიციამ აშშ-ის საელჩო შეცდომაში შეიყვანა. ამის მიუხედავად, მონიტორინგის სამსახურმა სწორედ ის ანგარიშები მოითხოვა, რომელიც ორგანიზაციას, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტია, ამ კანონის მიღებამდე ჰქონდა განხორციელებული", - წერს სტატიის ავტორი.
"ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ამ შემთხვევაში პრობლემები ღრმაა და რამდენიმე კითხვაზეა პასუხი გასაცემი. "როდესაც საქმე "ქართულ ოცნებას" ეხება, კონტროლის პალატამ ჯერ ის უნდა განმარტოს, თუ რა კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრა, რომ "ქართული ოცნება" მიეკუთვნება იმ იურიდიულ პირთა კატეგორიას, რომლებზეც ვრცელდება კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"? ასეთი კრიტერიუმი ნორმატიული აქტით უნდა იქნას განსაზღვრული და არა რომელიმე მოხელის პირადი შეხედულებით", - ამბობს ხმალაძე. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნება" ამ პრობლემაზე თავადაც საუბრობს და კონტროლის პალატას საგანგებო კითხვით მიმართავს, რომელიც მოძრაობის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. "ქართული ოცნება" მოითხოვს, კონტროლის პალატამ მიაწოდოს და საზოგადოებას გააცნოს ყველა ის დოკუმენტი და აქტი, რომელიც 5 იანვარს საზოგადოებრივი მოძრაობისთვის გაგზავნილ წერილს დაედო საფუძვლად და რომლითაც დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები" - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"მეორე პრობლემა არის ის, რომ "ქართულ ოცნებას" ამის ვალდებულება რომც ჰქონდეს, ეს არ უნდა ეხებოდეს კანონის ამოქმედებამდელ პერიოდს. მესამე პრობლემა კი უკავშირდება უკვე თავად მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას, თუ დასკვნა რის საფუძველზე გაკეთდა - წესით, ეს საკითხი კონტროლის პალატის პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც მოითხოვს: საჯარო დაწესებულება არაოფიციალურ ინფორმაციას არ უნდა ეყრდნობოდეს და დასკვნაში ამის ჩაწერა არის არასწორი. თუ ეს იყო ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, მაშინ მან უნდა მიუთითოს, თუ რა უფლება ჰქონდა მას მოეთხოვა ასეთი ინფორმაცია. ანუ დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მას შეუძლია ასეთი ინფორმაციის მიღება. არსებობს ინფორმაცია, მათ შორის ფინანსური საქმიანობის შესახებ, რომელიც ითვლება პირად ან კომერციულ საიდუმლოებად და უნდა არსებობდეს კანონით განსაზღრული შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამსახურს აქვს უფლება, არა მხოლოდ მოიპოვოს არამედ გაასაჯაროვოს ასეთი ინფორმაცია, რადგან ასეთი უფლება ყველას არ გააჩნია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
"აღსანიშნავია, რომ, კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის საუბარი იმაზეც, თუ "ქართულმა ოცნებამ" რომელ მედიასაშუალებას რამდენი გადაუხადა. ამ დასკვნის თანახმად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" მედიამომსახურებისთვის 754 165 ლარი დახარჯა. მედიასაშუალებების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს თანხა მათ მიიღეს გაშვებული რეკლამის საფასურში. ექსპერტები ყველაზე სერიოზულად კონტროლის პალატის დასკვნის ამ ნაწილს მიიჩნევენ, რადგან, მათი თქმით, კონტროლის პალატას ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა", - დასძენს სტატიის ავტორი.
"რა არის "არაოფიციალური ინფორმაცია" - ჭორი? ქუჩის კუთხეში იკითხეს - ხომ არ იცი, რამდენი მიიღო მაგალითად, "რეზონანსმაო"? აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ ინფორმაცია მიიღეს რომელიმე სახელმწიფო ორგანოსგან, მაგალითად ეროვნული ბანკისგან, მაგრამ ამას არ ამბობენ იმიტომ, რომ თავად ამ წყაროს არ ჰქონდა უფლება, ასეთი ინფორმაცია გადაეცა სხვისთვის. რა უფლებისთ აქვეყნებს ის კონფიდენციალური შინაარსის ინფორმაციას და მით უფრო, თუ ეს ინფორმაცია არაოფიციალური წყაროებიდან აქვს მიღებული? აქ გამოსარკვევია უფლებრივი საკითხები - ვის რისი უფლება აქვს და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, სულ მცირე, არაკომპეტენტურობასთან, თუ უფრო მეტს არ ვიტყვით, არაკეთილისინდისიერებასთან, რაღაცის დამალვის მცდელობასთან და ისეთი რამის კეთებასთან, რისი უფლებაც მათ კანონის მიხედვით არ გააჩნიათ: საჯარო დაწესებულებას აქვს მხოლოდ ისეთი მოქმედების უფლება, რომლებიც პირდაპირ არის განსაზღვრული კანონით და თუკი კანონში არ წერია, რომ ამის უფლება აქვს - ე.ი. იმის უფლება არ აქვს", - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
763
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85