იზო რიკაძე, "კვირისპალიტრა.გე"
"ამისთანებს აკეთებს ეს მთავრობა? სულ არ მიკვირს ეს ამბავი", - გვითხრა მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისთვის თეატრების დაფინანსების აკრძალვაზე ვთხოვეთ კომენტარი:
- დაფინანსების აკრძალვა რა გასაკვირია, როდესაც ხალხს სულს ხდიან. ეტყობა, ეს ხალხი ამ მთავრობის ღირსია, ამას რომ ეგუება. რა უბედურებაა, სააკაშვილს უკვე აღმაშენებელს ადარებენ. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიძლება ასეთი მოქმედება? ჭკუა სადა აქვს ამ ხელისუფლებას? ბოროტების განსახიერებები არიან იქ თავმოყრილნი. უფალი ზევიდან უყურებს მათ ავკაცობას და ნახავთ, რაც მოხდება. შეიძლება მოქალაქეობა ჩამოართვა ქართველ კაცს და თანაც ასეთს?!
- ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას კარგა ხნის წინ გეგმავდა და მისი ქველმოქმედების საფუძველიც საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება იყოო.
- ამათი ლოგიკით გამოდის, რომ ბიძინას 1993 წელს ჩაფიქრებული ჰქონდა, 2012 წელს არჩევნებში მიეღო მონაწილეობა! ამის მთქმელი კრეტინი თუ იქნება. ქვეყნისთვის რომ არ ზრუნავდეს, რაში აინტერესებს ივანიშვილს პოლიტიკა? ფული აქვს და მშვენივრად იცხოვრებს. მან ფული სხვაგან იშოვა და აქ ხარჯავს, ესენი კი აქ შოულობენ და სხვაგან მიაქვთ.
ამათ ბიძინას კეთილ განზრახვაში კი არ ეპარებათ ეჭვი, არამედ ის უნდათ, ხალხი დააჯერონ, ივანიშვილი უანგარო კაცი არ არის, 20 წლის წინ ნდომებია პრემიერმინისტრობა, ამიტომ წინასწარ დაიწყო ხალხის მოქრთამვაო. ამათ ყაჩაღობით უნდათ ქვეყნის მმართველობის შენარჩუნება? როდემდე უნდა იყვნენ, სამუდამოდ? მირონცხებული მეფეები ხომ არ მყვანან, გვარიშვილობით მიეღოთ ქვეყნის მმართველობა?
- ითქვა, ბიძინა ივანიშვილის ფული რუსულიაო.
- ხელისუფლებას რომ ამერიკული ფული აქვს ჯიბეში? რა მანქანებით დადიან, მათი ცოლები უცხოეთში მშობიარობენ, სად ერთობიან და ისვენებენ, ამას მიხედონ და სანამ სხვის ფულზე ილაპარაკებენ, საკუთარ ჯიბეში ჩაიხედონ. ვის ეტოლებიან? როგორ შეიძლება, პენსია ასჯერ ნაკლები იყოს იმ ხელფასზე, რასაც ხელისუფლების წევრები იღებენ.
- ხალხი ტყუვდება ამ ყველაფრით?
- ყველა ერში არის კარგიც და ნაძირალაც. აამღვრიეს წყალი და ქვიშა ზემოთ ამოვიდა. კაცს, რომელსაც მხოლოდ თავისი კუჭი აინტერესებს და ქვეყნის მომავალზე, შვილებზე არ ფიქრობს, ის საზოგადოების ნაკლი, უარყოფითი მოვლენაა. ხალხი დაბეჩავებულია, კაცს რაც უფრო მაგრად დააჭერ წიხლს, მეტად მოიკაკვება და მოკაკვეს ხალხი. კიდევ უარესი არ უქნეს და არ დახოცეს?! კაცს თუ ნამუსი არა აქვს, ენას ყველაფერი შეუძლია წამოროშოს. ამას წინათ მარნეულში "აბოლებდა" პრეზიდენტი ხალხს.
- მსახიობები როგორ შეხვდით დაფინანსების შეწყვეტის პერსპექტივას?
- მსახიობი თუ გაბრაზდა, ჩემს მტერს. ჩვენი დაცინვა და მაგათი სიკვდილი ერთი იქნება. პრეზიდენტით დაწყებული და "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი წევრით დამთავრებული, ყველა ერთი ტექსტით ლაპარაკობს, - ოლიგარქი და რუსული ფულიო. სიტყვა "ოლიგარქის" მნიშვნელობაც არ იციან. ოლიგარქი ხელისუფლებასთან შეკრულ ბიზნესმენს ჰქვია და ბიძინა ივანიშვილი მაგათთან არის შეკრული?! როდემდე შეიძლება ასეთ ცრუპენტელა და უცოდინარ მთავრობას ვუყუროთ?
- გიორგი ბარამიძემ ერთხელ თქვა, იაპონიაში ერთი პარტია 70 წელია ხელისუფლებაშიაო. შეიძლება მართლა ამდენი ხნით აპირებენ ხელისუფლებაში ყოფნას.
- ბარამიძემ თავის ცოდვებს მიხედოს. იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, ერთი კარგი დღე მაგასაც დაუდგება...
- გამიგონია, ხელისუფლება იმიტომ არ მიდის, რომ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგების ეშინიაო.
- ამიტომაც არის ეს ხელისუფლება საშიში. ერთი სული აქვს, ხალხმა შეცდომა დაუშვას და "წამოიკიდონ". ზოგი პარტიის ლიდერი გაიძახის, ქუჩაში გავიდეთო. არ იყვნენ ქუჩაში? რა გააკეთეს? ძლივს მოვიდა კაცი, რომელიც ამბობს, ქუჩაში არ გავიდეთ, არჩევნები უნდა ჩატარდესო! არ ჩატარდება არჩევნები კარგად? დაინახავს მსოფლიო! იმ მსოფლიოს დავასხი თავსლაფი, რომელიც ამ მთავრობას აქებს.
- როგორც შეგატყვეთ, ივანიშვილის დაფინანსებაზე უარის თქმას არ აპირებთ.
- უარს როგორ ვიტყვი? კაცმა 20 წლის წინ გაგვიკეთა ეს სიკეთე, მაძლევს ფულს. ეს რომ არ ექნა, ბევრი მსახიობი ცოცხალი არ იქნებოდა. ვინ თქვა, მსახიობები აპირებენ დაფინანსების მიღებაზე უარის თქმასო? მაგრამ თუ ის კაცი აღარ მომცემს, აჯანყებას ხომ არ მოვაწყობ. კაცმა თავისი ფული მოგვცა და ვის რაში ეკითხება, ვის მისცემს რამეს. მაგათ რომ აძლევს ვიღაც, ვეკითხები, ვინ გაძლევს-მეთქი? აბა, სადა აქვთ იმდენი, რომ საზღვარგარეთ არ იკლებენ სეირნობას, რა ღირს ის ნომერი, სადაც კვირაობით ცხოვრობენ?
უფალი მაღლიდან იყურება და იმედია, 2012 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი წელი იქნება. იარაღს ვერ ავიღებ და ვერავის მოვკლავ. რაც მოხდება, მოხდეს. სადაც სხვა, იქაც მე. მეცოდება ის, ვინც ამბობს, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ფეხსაცმელი მეწაღემ შეკეროსო.
როდესაც ქვეყანა იღუპება, წაღების კერვას თავი უნდა დაანებო და ქვეყნის გადასარჩენად იბრძოლო, ოღონდ იარაღით კი არა, აზრითა და შემართებით. ხელისუფლება თუ გვესვრის, გვესროლოს.
ნაწინასწარმეტყველებია, რომ 2012 წელი საქართველოს გაბრწყინების წელი იქნება. ვისაც არ სჯერა, წავიდეს და მტკვარში გადახტეს.
მე მშვიდი ცხოვრება მინდა. ვიცი, ხალხს ვუყვარვარ, მაგრამ მიშას არ ვუყვარვარ. არც შევარდნაძეს ვუყვარდი.
- ალბათ, იმიტომ, რომ შევარდნაძეს ღირსების ორდენი დაუბრუნეთ.
- ნეტავ გამომერთმია და ახლა გავყიდდი. მამაჩემი თავის დროზე ლენინის ორდენით დააჯილდოეს და მერე დაიჭირეს, 1939 წელს. დედაჩემი დიდხანს ინახავდა იმ ორდენს. რომ წამოვიზარდე, გავიკეთე და სკოლაში წავედი. მერე ვიღაცამ მითხრა, კარგად იყიდებაო და 200 მანეთად გავყიდე. იმ ფულით ბიჭებმა კარგად ვიქეიფეთ და ლენინის სადღეგრძელოც დავლიეთ.
შევცდი, შევარდნაძისთვის უნდა გამომერთმია ორდენი. ახლა მიშამ რომ მომცეს, ნაღდად გამოვართმევ და ესენი რომ წავლენ, მერე გავყიდი.
868
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85