რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, ზუსტად ასეთივე ეჭვი და ყოყმანი შეინიშნება ივანიშვილის მიმართ რუსეთის მხრივ. თუნდაც მხოლოდ ეს გარემოებაა საკმარისი იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ხელისუფლების მიერ ყველა საშუალებით სტიმულირებული ვერსია კრემლის უკანასკნელი იმედის შესახებ.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ღიად არ გამოხატავს მხარდაჭერას მისივე ფავორიტის გამომჟღავნების შიშით. ეს მოსაზრება, ერთი შეხედვით, მოკლებული არაა ლოგიკას. პრაქტიკა ადასტურებს, რომ პოლიტიკური და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ესა თუ ის სახელმწიფო საჭირო მომენტამდე ცდილობს, არ გაშიფროს ფოკუს-ტერიტორიაზე მოქმედი გავლენის ჯგუფი და ამას აკეთებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ჯგუფის ხელისუფლებაში მოსაყვანად ყველა წინაპირობაა შემზადებული. თეორიულად გამორიცხული არაა, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, მით უმეტეს, როგორც აღვნიშნე, ივანიშვილს საკმაოდ ბევრი რამ აკავშირებს რუსეთთან.
თუმცა, ეს მხოლოდ მსჯელობის ზოგადი, კონტექსტგარეშე ასპექტია. თუ ფაქტებს, არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა ჭრილში განვიხილავთ, სრულიად აშკარაა, რომ მოსაზრება ივანიშვილის რუსეთუმეობის შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს.
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ერთი მომენტი - რაში უნდა აწყობდეს პუტინს ისეთი პოლიტიკოსის მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში, რომელმაც პირველივე განაცხადით ღიად, ყოველგვარი რევერანსის გარეშე დაადასტურა ერთგულება ევროატლანტიკური ორიენტაციის მიმართ და საქართველოში მყოფი რუსეთის სამხედრო კონტინგენტის სტატუსის შესაფასებლად გამოიყენა ტერმინი ”საოკუპაციო ჯარი”? დავუმატოთ ამას ივანიშვილის მხრივ პოლიტიკური პარტნიორების არჩევანი. მოსკოვში კარგად იციან, რომ არც რესპუბლიკელები და არც თავისუფალი დემოკრატები არ აღიარებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჩრდილოური ვექტორის პრიორიტეტულობას. ისინი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლებიან რუსეთთან ერთიერთობათა ნორმალიზაციის აუცილებლობის თაობაზე.
ბავშვისთვისაც კი ნათელია, რომ კურსი ნატოზე და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, სულ მცირე, ძნელად შესათავსებელი კატეგორიებია. კრემლი დღეისთვის მომგებიან პოზიციაზე იმყოფება. მან საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული წესების ხელყოფით და ისედაც შებღალული იმიჯის კიდევ უფრო შელახვის ფასად, მაგრამ რეალურად წაჰგლიჯა საქართველოს მისი ისტორიული მიწა-წყალი. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის მყარი გარანტი, რომ ამ პრობლემის გადაჭრამდე საქართველო საბოლოოდ ვერ შეაქცევს ზურგს რუსეთს. რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, უახლოეს მომავალში (რამდენიმე ათწლეული მაინც) ყველაზე პრინციპული და რადიკალურად განწყობილი ქართული ხელისუფლებაც კი ვერ ასცდება მთხოვნელისა და მომლოდინეს პოზას. მოსკოვს კი, როგორც ცნობილია, ცრემლების მაინცდამაინც არ სჯერა.
ჩვენი მოსახლეობისთვის ივანიშვილის პერსონა ერთმნიშვნელოვნად ასოცირდება რუსეთთან ურთიერთობათა მოგვარების შანსთან, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას გულისხმობს. რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა? ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით ჩრდილოელი მეზობლის ნამდვილი განზრახვის შესახებ. როგორ განიხილავს იგი სოხუმისა და ცხინვალის საკითხს - საბოლოოდ დაისაკუთრა (ან, აპირებს დაისაკუთროს) ეს მხარეები თუ მოხერხებულად მანიპულირებს საქართველოს კვლავ დასაბრუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში?
მე უფრო მეორე მოსაზრებისკენ ვიხრები, თუმცა, არც პირველს გამოვრიცხავ.
თუ რუსეთის მხრივ საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ მიტაცების პრეცედენტთან გვაქვს საქმე, მაშინ ივანიშვილი მისთვის მიუღებელია. კრემლს საქართველოში ორჯონიკიძის ტიპის რენეგატი უფრო აწყობს, რომელიც უპრობლემოდ მოაწერს ხელს კაპიტულაციას.
მაინცდამაინც არც მეორე შემთხვევაში ჩანს მილიარდერი სასურველი პერსონა. მის მიერ ნაჩქარევად მოხაზული ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საეჭვოა (მეტიც, წარმოუდგენელია), დათანხმდეს ძველი ფორმით საქართველოს დაბრუნებას რუსული გავლენის არეალში. ევრაზიულობის გეოპოლიტიკური კონცეფციის ნირვანაში ჩაძირულ პუტინს (ის რომ კიდევ კარგა ხნით დარჩება ხელისუფლებაში, ეჭვი არავის ეპარება) ამ შემთხვევაშიც ახალი თაობის სერგო ურჩევნია კონსტრუქციულ ბიძინას.
შიდაქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთს რამდენიმე ტრადიციული კოზირი გააჩნია. აქედან ორი (აფხაზეთისა და შიდა ქართლისა) მან უკვე გამოიიყენა, თანაც საკმაოდ ეფექტურად. საჭიროების შემთხვევაში მას კიდევ დარჩა რამდენიმე ასეთი ან წაამდაგვარო კარტი - ჯავახეთი, ბორჩალო, მუსლიმანობის ფაქტორი აჭარის რეგიონში და თითიდან გამოწოვილი მეგრული ნაციონალიზმი. ნებისმიერ ხელისუფლება, რომელიც ”სატოპკეს” აუწევს კრემლს დ ამისცემს ამ კოზირების გამოყენების შესაძლებლობას, იქნება, უკეთეს შემთხვევაში- ბრიყვი, უარეს შემთხვევაში კი- გამოცხადებული ნაძირალა, რომელიც მზადაა ყველა სისაძაგლეზე წავიდეს სავარძლების შესანარჩუნებლად. წინასწარი დიაგნოზით, ივანიშვილი, განსხვავებით სააკაშვილისგან, ორივე პოლიტიკურ სენზე უკვე აცრილია. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს რუსეთისთვის, სულ მცირე, თავშეკავების მიზეზი?
თუმცა... ერთი თუმცა ყოველთვის არსებობს, უთუმცაოდ და უმაგრამოდ.
მარტივი ჭეშმარიტებაა - პოლიტიკა არასოდესაა დამოკიდებული მხოლოდ სურვილებზე. ყველა დეტალსა და ნიუანსში გათვლილი და დავარცხნილი გეგმაც კი შეიძლება შეიცვალოს მკაცრი რეალობის გათვალისწინებით. მსოფლიო იმპერიაზე მეოცნებე დიდმპყრობელურმა რუსულმა იდეამ ოცი წლის წინ მწარედ წამოჰკრა ფეხი ამ რეალობას და გარდა იმისა, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, დღემდე ვერ წამოიდგა წელი და მას ცხადად ემუქრება რეგიონულ სახელმწიფოდ ”ჩამოლაბორანტების” პერსპექტივა. სულ უფრო მწვავედ იგრძნობა მისი ტექნოლოგიური ჩამორჩენა მოწინავე ქვეყნებთან შედარებით. სანამ რუსეთი ჯერ კიდევ ფლობს სასარგებლო წიაღისეულის, პირველ რიგში - ენერგომატარებლების მდიდარ რესურსს, ჯერ კიდევ ინარჩუნებს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრისთვის აუცილებელ პოტენციალს. თუმცა, ძნელი არაა იმის წარმოდგენა, რა ემუქრება ჩრდილოეთის გეოპოლიტიკურ მუტანტს ამ მარაგების ამოწურვის შემდეგ (ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ნავთობისა და გაზის ბუდობები დედამიწაზე ნახევარი საუკუნის შემდეგ გამოილევა).
ეს კარგად ესმით კრემლშიც. ამ დასკვნამდე უკვე მივიდა რუსეთის ნაციონალისტურ-ფაშისტური გეოპოლიტიკური აზრი. კრემლის ყველაზე ოდიოზური იდეოლოგები სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ახალი გამოწვევებისთვის ფეხის შეწყობის აუცილებლობაზე და ტერიტორიულ დათმობებზეც კი აცხადებენ მზადყოფნას ახალი, სიცოცხლისუნარიანი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შესაქმნელად (ამ თემაზე ახლო მომავალში სპეციალურ ბლოგტექსტს შევთავაზებ Presage.tv-ის მკითხველს, ამდენად, ახლა სიტყვას აღარ განვაგრძობ).
ზემოთქმულს შეიძლება დავუმატოთ კიდევ ერთი, თითქოსდა, გაუთვალისწინებელი ფაქტორი. მხედველობაში მაქვს დემოკრატიული მოძრაობის უჩვეულო აღმავლობა, რამაც რელიეფურად იჩინა თავი დუმის უკანასკნელი არჩევნების შემდეგ. მისი მასშტაბი სასაცილოდ უმნიშვნელოა იმისათვის, რომ შეცვალოს რუსეთის სახელმწიფოებრივი სისტემა, მაგრამ შეუძლია გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფალთა განწყობაზე, მათ შორის, ჩვენთვის აქტუალური სამხრეთული პოლიტიკის მიმართულებითაც.
ასეთია რეალობა.
რამდენად ერკვევა ივანიშვილი შექმნილი ვითარების ნიუანსებში? სავარაუდოდ, უნდა ერკვეოდეს. ეს მოსალოდნელიცაა ადამიანისგან, ვინც მრავალი წელი გაატარა რუსეთში, შექმნა შთამბეჭდავი ბიზნეს-იმპერია და კონტაქტები ჰქონდა საკმაოდ მაღალი რანგის პოლიტიკურ ელიტასთან. ამდენად, სავსებით გასაგებია მისი სიტყვები, როცა პირველივე საჯარო გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობათა აწყობის მძიმე, ხანგრძლივ და ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებაზე ორიენტირებულ პერსპექტივას. ესაა შეუფერადებელი რეალობა, რომელსაც მილიარდერმა თვალი არ დაუხუჭა და პატიოსნად განაცხადა. სიმართლე, თუნდაც ყველაზე მწარე, ბევრად ჯობია ენამოქარგული პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნოდ აფრენილ ”იხვებს”.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ნაციდეოლოგების ორგრამიან ტვინებში მოხარშული და ნაცმაუწყებლების მიერ იდიოტებისთვის გასაგებ ენაზე ”თარგმნილი” პროექტი - ”ივანიშვილი, კრემლის უკანასკნელი იმედი”, სრული უაზრობაა. ქართველი მილიარდერი არ გახლავთ და არც შეიძლება იყოს რუსეთის მიერ ლობირებული ფიგურა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, არის მისი მხრივ გარკვეული გათვლა რუსეთის შესაძლო რეაქციაზე. გათვლა იმაზე, რომ კრემლში ბრიყვები არ სხედან და ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ საქართველოსთან სიტუაციის დალაგება მათსავე ინტერესებშია. ამდენად, საამისო შინაგანი მზაობაც არსებობს, ოღონდ გარეგნული დეკლარირების გარეშე (მსოფლიოს უდიდესი იმპერია თავს არ დაიმცირებს პატარა საქართველოსთვის ინიციატივის შეთავაზებით. ამგვარი გულზვიადობა რუსული დერჟიმორდული ფსიქოლოგიის შემადგენელი ნაწილია). მეორეც, თუ ნდობაზე შეიძლება საუბარი, ლოგიკის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას ეს გრძნობა სხვაზე მეტად კარგად ნაცნობი და მის სახელმწიფოში სოლიდური კაპიტალის მფლობელი ბიზნესმენის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს. ანტირუსული რიტორიკით გამორჩეული, მყვირალა, არასერიოზული და ექსცენტრული სააკაშვილის ფონზე ივანიშვილის პერსონა სახვალზეგიო ურთიერთობებისთვის გაცილებით მისაღებად გამოიყურება. და ბოლოს, პუტინისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსეთში არსებულ ბიზნესაქტივებზე მანიპულირებით, ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, მას გააჩნია ეფექტური ბერკეტი სიტუაციის დასარეგულირებლად (სხვანაირად რომ ვთქვათ, საშუალება გაჯიუტებული ოპონენტის ”მოსაჯენად”, სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში).
უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის გათვლაც და რუსეთის ხელისუფლების შესაძლო რეაქციაც არსებული ვითარების ლოგიკურ ანალიზს ემყარება. ამ ეტაპზე იგი თანაბრადაა მისაღები ორივე ქვეყნისთვის და, პირველ რიგში, მთლიანად ზის ქართული სახელმწიფოს, მისი მოსახლეობის ინტერესებში.
+ + +
ბავშვობაში ფიზიკის მაინცდამაინც არაფერი გამეგებოდა, ამიტომ არც მიყვარდა, მაგრამ გაკვეთილზე ჩატარებული თვალსაჩინო ცდებიდან ერთი მათგანი, კერძოდ - მაგნიტისა და მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტული რკინის ბურბუშელას კომბინაცია სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში.
ასი დღის წინანადელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ფანტაზიის მსუბუქი დაძაბვის გარეშეც შეიძლება მივამსგავსოთ ნებისმიერი კონფიგურაციის მქონე, უფრო სწორად, უკონფიგურაციო ბურბუშელას გროვას, ივანიშვილის გამოჩენა კი მაგიდის ზედაპირთან ძლიერი მაგნიტის მიახლოებას, რასაც უკვე მოჰყვა საჩინო შედეგი. დღეს უკვე სახეზეა განსხვავებული სურათი. მაგიდის ცენტრში გაბნეულმა, მანამდე უფორმო ნაწილაკებმა რაღაც ზებუნებრივი ძალის ზემოქმედებით მოწესრიგებული ფორმა მიიღეს და რკალურად განლაგდნენ პოლუსის სიახლოვეს, კიდეებზე დაყრილი ბურბუშელა კი მიზიდულობის ზემოქმედების არეალში ვერ მოხვდა და, შესაბამისად, არც მონაწილეობა მიუღია ახალი კონსტრუქციის ფორმირებაში.
სავალდებულო არაა, ზუსტი პარალელების ძიება დავიწყოთ ზემოთ დასახელებულ მაგალითსა და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს შორის. მაგნეტიზმი ბუნებაში და პოლიტიკური მაგნეტიზმი არსით ერთგვაროვანი, მაგრამ დეტალებში განსხვავებული ცნებებია. ნამდვილი მაგნიტი ერთნაირი სიძლიერით იზიდავს ახლომახლო მდებარე ნაწილაკებს, პოლიტიკურ მაგნიტს კი დიფერენცირების უნარი გააჩნია. იგი არა მხოლოდ ლითონსა და არალითონს არჩევს ერთმანეთისგან, შეიძლება ერთგვაროვანი მასალის ბურბუშელაშიც დაინახოს სხვაობა და ნაწილი მიიზიდოს, ნაწილი კი არა.
ივანიშვილის შემთხვევაში სწორედ ასეთ პრეცედენტთან გვაქვს საქმე.
საქართველოს პოლიტიკური პარტიების პირველი რეაქცია ასპარეზზე სააკაშვილის საპირწონე ძალის გამოჩენაზე შეიძლება შევაფასოთ, როგორც შოკი. ისინი, ხელისუფლების მსგავსად, არ ელოდნენ და არც იყვნენ მზად მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის.
ის, რომ ივანიშვილის ნაბიჯი წინასწარ მომავალ პარტნიორებთანაც კი არ იყო შეთანხმებული, ნათლად დაადასტურა ქართული პოლიტიკური სპექტრის რეაქციამ მის განცხადებაზე. ყველაზე რელიეფურად (ერთგვარად, კომიკურადაც კი) ასეთი განწყობა ლევან ბერძენიშვილის ქმედებაში აისახა. მან არ დაახანა და პირველივე დღეს გამოთქვა მკვეთრად უარყოფითი აზრი პოლიტიკაში მილიარდერი ბიზნესმენების მონაწილეობის თაობაზე, მაგრამ კოლეგათა შორის ინტელექტით აშკარად გამორჩეული პოლიტიკოსის ”რისხვა” ივანიშვილის ცნობილი მიმართვის გამოქვეყნებისთანავე აორთქლდა. დღეს რესპუბლიკელები მშვენივრად გრძნობენ თავს ახალ კონფიგურაციაში და აღარც ლევან ბერძენიშვილს ახსენდება, რომ მათი პარტნიორი მილიარდერიცაა და ბიზნესმენიც...
კარგია ეს თუ ცუდი, ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პოლიტიკოსისთვის, პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ”რაღაცეების” დროულად გახსენება ან დავიწყება აუცილებელი თვისებაა. ისინი, ვისაც სულ ”ახსოვს” და არასოდეს ”ივიწყებენ”, უმეტესწილად, პოლიტიკური მარგინალები არიან. ერთადერთი, რაც საჯარო ფიგურას მუდამ უნდა ახსოვდეს და არასოდეს დაივიწყოს, პასუხისმგებლობაა სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე (იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ გააჩნია ასეთი გრძნობა).
რესპუბლიკელები გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ყველა მეტნაკლებად ცნობილ მოთამაშეზე, მათ შორის – ბევრი მიმომხილველის მიერ ახალი ტრიუმვირატის ჩრდილოვან ლიდერად მიჩნეულ ალასანიასა და მის თავისუფალ დემოკრატებზე.
სანამ თემას განვაგრძობთ, მინდა ორიოდე სიტყვით ავხსნა, რატომ გამოვიყენე ტერმინი ახალი ტრიუმვირატი და რა ასოციაცია აღძრა ამან ჩემში.
უნებურად მახსენდება ათი-თერთმეტი წლის წინანდელი მოვლენები, როდესაც სახელისუფლებო ვერტიკალიდან ოპოზიციურ ჰორიზონტალზე გადაბარგებულმა სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობა დააფუძნა. გარეგნულად ისიც სამსუბიექტიანი საზოგადოებრივი მოძრაობის მსგავსი პოლიტიკური კონგლომერატი იყო. მაშინდელი ტრიადის ერთ-ერთ წევრს, დღევანდელის მსგავსად, რესპუბლიკური პარტია წარმოადგენდა. კარგად მახსოვს პარლამენტის უკან, ვუკოლ ბერიძის #9-ში მდებარე ნაცმოძრაობის ოფისის ნულოვან სართულზე (იქ საკონფერენციო დარბაზი იყო მოწყობილი) მდებარე ბუხარზე გამოფენილი სამი ლიდერის პორტრეტი. ცენტრში- სააკაშვილი, მარცხნივ - ლევან ბერძენიშვილი და მარჯვნივ- რეზო შავიშვილი.
მაშინდელმა ნაცმოძრაობამ ასეთი კონფიგურაცია დიდხანს ვერ შეინარჩუნა. შავიშვილი მალევე მიხვდა, რა ხვითოსთანაც ჰქონდა საქმე და დროულად გაეცალა ასპარეზს. მისი ადგილი (ტრიუმვირატში და არა ბუხარზე) ზვიად ძიძიგურმა დაიკავა, რომელიც ყველაზე აქტიურ და გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენდა ყოფილი მრგვალმაგიდელების სპექტრში (სააკაშვილი მაშინ ძალიან იყო დაინტერესებული ამ კატეგორიის ადამიანებთან კონტაქტის დამყარებით, ოღონდ, ეგაა, მანანა არჩვაძის სახელს ვერ გააგონებდით და ეს ნამდვილად შეიძლება ჩავუთვალოთ აქტივში).
”პირველსავე სიტყუასა ზედა აღვიდეთ”
განვლილი ასი დღის გამოცდილებიდა გამომდინარე, ქართული ოპოზიციური სპექტრის (პირობითად, გამოვიყენებ ამ გამოთქმას, თორემ სინამდვილეში ზოგიერთი პარტია იმდენადაა ოპოზიცია, რამდენადაც მე ჩინეთის ბოგდიხანი) მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც დაძაბული მოლოდინის რეჟიმი.
საერთოდაც, ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის აშკარად გამოიკვეთა რამდენიმე სეგმენტი.
ა) ივანიშვილის ორბიტაზე მოხვედრილი პარტიები (პირველად თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები, შემდეგ კონსერვატორები და ხალხის პარტიელები).
ბ) პარტიები, ვისთანაც თანამშრომლობაზე ”ქართული ოცნების” ლიდერმა იმთავითვე კატეგორიული უარი განაცხადა (ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები, ედპ, პადოშასა და დავითაიას კალიბრის წვრილფეხობა).
გ) პარტიები, ვინც ახალ გაერთიანებაში არ მიუწვევიათ, მაგრამ არც უარი უთქვამთ (პირველ რიგში - სახალხო კრება და ეროვნული ფორუმი, კუკავას ”თავისუფალი საქართველო”, ბაღათურიას ”ქართული დასი” და ა.შ.)
დაძაბული მოლოდინის რეჟიმი თანაბრად ვრცელდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაზე.
ზოგი დაეჭვებული ფიზიონომიით დგას გაერთიანების შესასვლელთან და ცდილობს ივანიშვილს არ დაანახოს სადარბაზოში ატუზული მთხოვნელები.
ზოგი ბოროტი ქირქილით ელოდება, როდის გაუჩნდება ბზარი ახალ კოალიციას და პარტნიორთა უმოქმედობით გაბრაზებული მილიარდერი ყველას პანღურის ცემით გამოუძახებს შუშის სასახლიდან.
ზოგი კოალიციაში ვაკანსიის გაჩენას ელოდება და ნერვიულად ათვალიერებს წინასწარ გამზადებულ ”კურიკულუმ ვითას”, ემანდ, ერის წინაშე რაიმე მნიშვნელოვანი დამსახურება ხომ არ გამომრჩაო.
ივანიშვილის გამოჩენის თანამდევ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკურ სპექტრში დაწყებული ”გეოსინკლინიზაცია” (დედამიწის ქერქის მოძრაობას ნიშნავს, ძირითადად, მაგმური პროცესების ზემოქმედებით), ანუ აწევ-დაწევა, გადაადგილება, შეერთება, დაშლა და სხვა მსგავსი მოვლენები. ყველას დასახელება საჭირო არაა, სახელდახელოდ კი შეიძლება გავიხსენოთ დავით თარხან-მოურავისა და კახა კუკავას პარტიული ნათლობანი, კაკო ასათიანისა და გუგული მაღრაძის განქორწინება (მე თავის დროზე ქორწინების მიზანიც ვერ გავიგე), ცნობილი პოლიტტურისტის, ნესტან კირთაძის განლეიბორისტება და ივანიშვილის წინაშე უშედეგო გაპაწკურ-გაფანცქვალება (კიდევ ერთხელ ბოდიში იმერიზმებისთვის)... ძნელი არაა, თითოეული ამ აქციის უკან დავინახოთ ახალ კოალიციაში გასაწევრებლად აუცილებელი წინასწარი რეგისტრაციის ელემენტები, ზოგისთვის - სრულიად გულწრფელი და მისასალმებელი (მაგალითად, კუკავასთვის), ზოგისთვისაც მერკანტილური მოსაზრებით ნაკარნახევი (ეს ჩემი შეფასებაა და თავზე არავის ვახვევ).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურად მიმაჩნია კომენტარებისა და შეფასებების ჭრელი სპექტრი, რომელშიც სარკესავით აირეკლა ექსპერტ-კომენტატორთა პირადი დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ, მორალური მხარე, ჯანსაღი თუ ავადმყოფური ემოცია, მოლოდინები და ა.შ.
რამდენიმე პარტიული სუბიექტი მშრალად გამოეხმაურა ივანიშვილის გააქტიურებას და აღნიშნა, რომ ეს უფრო საინტერესოს გახდის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. ზოგმა უყოყმანოდ გამოხატა მხარდაჭერა-თანადგომის, ან თანამშრომლობის სურვილი. ეს სრულიად ბუნებრივი რეაქციაა, ისევე როგორც ახალი ეპოქის ”რულევოისა” (მსკპ, ანუ მიხეილ სააკაშვილის კომუნისტური პარტია) და მის კორპუსზე მიწებებული ფეკალიებით სავსე ნიჟარების პროპაგანდისტული ხრიგინი რუსული პროექტის, კრემლის უკანასკნელი იმედისა და რეინკარნირებული შულავერის კომიტეტის თაობაზე.
მოკლედ, დიდი ამბების მოლოდინით ცხოვრობს საყველიე და ამ მოლოდინში ქართული ოპოზიციური სამზარეულო უკვე გადავიდა საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზე. კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა და რამდენად მყარად შენარჩუნდება უკანასკნელი ”გეოსინკლინიზაციის” შედეგად ჩამოყალიბებული რელიეფი. საქართველო სეისმოპოლიტიკური თვალსაზრისით აქტიური რეგიონია. გამორიცხული არაა, მალე ახალი აწევ-დაწევისა და გადაადგილების მომსწრენი გავხდეთ. მე, პირადად, მაქვს ასეთი მოლოდინი და, თითქოსდა, ნათქვამის დასტურად, ბავშვობაში აკვიატებული ერთი სულელური ლექსის სტრიქონი გამახსენდა - ”აჯაფსანდალი, ატყდა სკანდალი და მთვარე ხარშავს მტკვარში მაკარონს”.
+ + +
საზოგადოების მხრივ გამძაფრებული მოლოდინის მიუხედავად, განვლილი ასი დღის განმავლობაში ივანიშვილთან ”ტეტ ა ტეტ” შეხვედრა ვერ მოხერხდა. იგი კვლავინდებურად ტელეეკრანიდან ეკონტაქტება მოსახლეობას. ურთიერთობის ამგვარი ფორმა ერთდროულად აძლიერებს მოლოდინსაც და უკმაყოფილებასაც ლამის მითოლოგიური ხიბლით მოსილი პერსონის მიმართ. ხალხი თავის რჩეულთან უშუალო, ცოცხალ შეხვედრას მოითხოვს, შუშის სასახლიდან კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ბუნდოვანი მესიჯები მოდის.
ამ უხერხულობას ბევრი გრძნობს, მათ შორის - თვითონ ივანიშვილის მიერ ნაჩქარევად შემოკრებილი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებიც. ზოგიერთმა მათგანმა პრესაში სცადა ერთგვარი ახსნა (და არა გამართლება) მოეძებნა ასეთი პასიურობისთვის. ძირითადად, ხდება აპელირება იმაზე, რომ მოძრაობა ახლახანს დაიწყო, ზამთარია, საშობაო-საახალწლო დღესასწაულების პერიოდი, სიცივე და ა.შ. დიახ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ კალენდარზე უკვ 2012 წელია და სააკაშვილი, თავის ხელისბიჭებთან ერთად, კარგა ხანია, ჩაერთო წინასაარჩევნო სამზადისში. იგი, ლამის, დაოთხილი დაჰქრის მთიდან ბარამდე, დაათრევს პოტიომკინის სოფლის დეკორაციებს, ხსნის საავადმყოფოებსა და სხვა ტიპის დაწესებულებებს, აყენებს ბუქს, თვალებში ნაცარს გვაყრის და ტოტალური აღმშენებლობის ილუზიას უქმნის ”რუსთავი ყველა”-ს ანაბარა დატოვებულ მოსახლეობას. მისი მესიჯები და სლოგანები პრიმიტიულობამდე მარტივია, მაგრამ მძლავრი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით დროულად აღწევს დანიშნულების ადგილზე. ერთი სიტყვით, ”პრეზიდენტი-ატკრივალკა”, როგორც მოსწრებულად უწოდა ქართული ბლოგსამყაროს ნიღბიანმა ზორომ (სოლომონ თერნალს ვგულისხმობ), თავის სტიქიაშია, მისი მთავარი ოპონენტი კი - ფილოსოფიურ ნირვანაში.
დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერც ასეთ პასიურობას მოვიწონებ და ვერც იმათ მცდელობას (შესაძლოა, გულწრფელსაც), ვინც ცდილობს, რაიმე ახსნა მოუძებნოს ”ქართული ოცნების” დაგვიანებულ სტარტს. არანაირი კალენდარული, გეოგრაფიული თუ კლიმატური ფაქტორი არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციის თვალსაზრისით. ამის მოლოდინი იმდენად მძაფრია, რომ ადამიანები მზად არიან, ლამის გაწყობილი სუფრა მიატოვონ და ისე წავიდნენ შეხვედრებზე. არ მინდა, განვლილი პერიოდის ძნელად ასახსნელ პასიურობას დრამატული მნიშვნელობა მივანიჭო (ქვეყანა ნამდვილად არ დაქცეულა), მაგრამ გამოუცხადებელი საარჩევნო კამპანიის პირობებში, ვეჭვობ, მალე საგრძნობი გახდება უყაირათოდ გაფლანგული დრო.
+ + +
რა ზოგადი ორიენტირები გამოიკვეთა ივანიშვილის საქმიანობაში?
ევროატლანტიკური ორიენტაციის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ. აქვე შეიძლება დავამატოთ კიდევ რამდენიმე დეტალი. პირველი- მილიარდერმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ბრძოლის საარჩევნო-პოლიტიკურ მეთოდს და კატეგორიულად გაემიჯნა ქუჩის აქციებს; მეორე- მან ასევე ღიად გაახმოვანა საკუთარი გუნდის (პარტია, ან პოლიტიკური მოძრაობა) შექმნის განზრახვა, რასაც მალევე მოჰყვა ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია ფილარმონიაში.
ჩახურული საინფორმაციო სივრცისა და შეზღუდული კომუნიკაციის გამო ძნელია გადაჭრით მტკიცება, რომ პირობითი სლოგანი - ”კონსტრუქციულობას - კი! ქუჩის აქციებს - არა!“ - ივანიშვილის გულწრფელი არჩევანია. მართალი გითხრათ, მიჭირს დავიჯერო, რომ იგი ამდენად ერთფეროვანი და გულუბრყვილოა. ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ახლო კონტაქტები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონთან, იცის მათი ზნე და ნირი, პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების მეთოდები (ჟვანია, პატარკაციშვილი...) და ბრძოლის ერთადერთ გზად მხოლოდ არჩევნებს განიხილავს, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებრობაშია მოყოლილი. იგი ან სათანადოდ ვერ აფასებს მოწინააღმდეგის ბუნებასა და შესაძლებლობებს, ან უსიტყვოდ ემორჩილება საზღვარგარეთული ცენტრებიდან მიღებულ დირექტივას- ”არავითარი ექსცესები! დარჩით ბოლომდე საარჩევნო სივრცეში! წინააღმდეგ შემთხვევაში მხარდაჭერა არ იქნება!
ვფიქრობ, მოცემულ შემთხვევაში სწორედ მეორე ვარიანტთან გვაქვს საქმე. თავისი პოლიტიკური არჩევანით (რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების შეამხანაგებით) ივანიშვილი ძალაუნებურად მოექცა მათ მიერ შემოთავაზებული ბრძოლის მეთოდების ტყვეობაში. დღეისათვის ეს პოლიტიკური პარტიები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ხელისუფლების საარჩევნო გზით გასტუმრების იდეას, თუმცა, ყველას გვახსოვს, რომ ორიოდე წლის წინ ქუჩის ხმაურიან აქციებშიც უპრობლემოდ იღებდნენ მონაწილეობას (მეტსაც გეტყვით, რამდენადაც ცნობილია, დავით უსუფაშვილი მომხრე იყო, 26 მაისის ღამესაც დამდგარიყვნენ ხალხის გვერდით, მაგრამ პარტიის მთავარი კომიტეტის უმრავლესობა არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას). პოლიტიკურ წრეებში კარგადაა ცნობილი, რომ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები არცერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებენ ოკეანისგაღმელ კონსულტანტებთან დათათბირების გარეშე. ცხადია, რადიკალური აქციებისგან თავის შეკავებაც დასავლეთიდან მიღებული მესიჯია. რატომღაც, მეჩვენება, რომ ივანიშვილი პიროვნულად აღფრთოვანებული არ უნდა იყოს ამგვარი არჩევანით, თუმცა მაინც ემორჩილება საერთო დისპოზიციას.
ასეთი მოსაზრებისკენ მიბიძგებს ის გარემოება, რომ ივანიშვილისა და მისი უახლოესი პარტნიორების განცხადებებში აშკარად იკვეთება განსხვავებული ხედვის ნიშნები. ეს საკითხი ბოლო ასი დღის ქართული პოლიტიკის შიდა სამზარეულოს ერთი ფრიად საინტერესო დეტალია და, ამდენად, ღირს მასზე ყურადღების გამახვილება.
”ქართული ოცნების” ლიდერმა რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადა, რომ ახალი მოძრაობის კარი დაბოქლომებული არაა და შეხედულებათა ერთგვაროვნების შემთხვევაში იგი მზადაა, განიხილოს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის პერსპექტივა.
იგივე თემა ერთგვარად განსხვავებულ რაკურსში წარმოაჩინეს ალასანიამ და უსუფაშვილმა. ზოგადად, მათ, თითქოსდა უარი არ თქვეს თანამშრომლობაზე, მაგრამ რამდენჯერმე, ხაზგასმით და კატეგორიული ფორმით გამორიცხეს ალიანსში სხვა სუბიექტების შესვლის შესაძლებლობა. მკითხველს შეუძლია გაიხსენოს, რომ ყველაზე რელიეფურად პოზიციათა ამ სხვაობამ სახალხო კრებასთან მიმართებით იჩინა თავი.
ვიზუალურ-ვერბალური თვალსაზრისით ივანიშვილის პარტნიორებიდან გამონათქვამთა სიმკვეთრე-რადიკალურობით უფრო ალასანიამ გამოიჩინა თავი. პოზიციური იგივეობის მიუხედავად, უსუფაშვილმა შედარებით რბილი ფორმით გამოხატა სათქმელი.
თუ ინტუიცია არ მღალატობს, ალასანიას ჟესტის უკან არც თუ ძნელად გამოსაცნობი ქვეტექსტი იმალება... გამოცანა თქვენზეა.
დღეისათვის ივანიშვილის გარემოცვაში ალასანია-უსუფაშვილთან ერთად კიდევ ორი ლიდერი ჩანს – ძიძიგური და დავითაშვილი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მილიარდერმა თავისი გაიტანა და საკუთარი შეხედულების მართებულობაში დაარწმუნა თანამებრძოლები? მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ხომ არ აღიქმება ეს გარემოება ალასანია-უსუფაშვილის უკან დახევად სტრატეგიული პარტნიორობის საკითხში?
გადაჭრით თქმა ძნელია. მე უფრო იმ მოსაზრებისკენ ვიხრები, რომ ძიძიგურ-დავითაშვილის შემთხვევაში თემატურ თანამშრომლობასთან გვაქვს საქმე და არა მოძრაობის კიდევ ორ სრულუფლებიან სუბიექტთან. ამ ლიდერების მიმართ პიროვნული ნდობის ხარისხიდან გამომდინარე, ივანიშვილმა (კახი კალაძესთან ერთად) გადაწყვიტა მათი გამოყენება ანტისახელისუფლებო ძალებისთვის გამიზნული დაფინანსების არეალის გასაფართოებლად. მარტივად რომ ვთქვათ, მილიარდერმა ისარგებლა კონსერვატორებისა და ხალხის პარტიის საბანკო ქეისებით, დაასწრო დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და სოლიდური თანხა დაუსვა მათ ანგარიშზე. ცხადია, მას თავისუფლად შეეძლო ეს ფული არა ოთხად, არამედ ორად ”გაეტეხა” და მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორებისთვის გაენაწილებინა, მაგრამ არ მოიქცა ასე. რატომ? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
სიმართლიდან შორს არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ძიძიგურ-დავითაშვილის თუნდაც ამ ფორმით ჩართვა კონცესიაში პირველი ნაბიჯია ხვალ-ზეგ მოძრაობის სრულფასოვან წევრებად კურთხევის გზაზე. ახალი სუბიექტების ჩართვით, პირველ რიგში, თვითონ ივანიშვილი იმყარებს პოზიციას. ძნელი წარმოსადგენი არაა, ვის მხარეს დაიჭერენ ძიძიგური და დავითაშვილი ალიანსის შიდა სამზარეულოში პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების განხილვის დროს.
არ მეგულება პოლიტიკური ძალა (ხელისუფლების ჩათვლით), ან, უბრალოდ, ქვეყნის ხვალინდელი დღით დაინტერესებული მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით არ ადევნებს თვალს ივანიშვილის ირგვლივ ძველი და ახალი სახეების კონცენტრაციის პროცესს. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სხვა სუბიექტებთან შედარებით გამორჩეულად აქტუალურია მეტნაკლებად ცნობილი და საზოგადოებაში გარკვეული მხარდაჭერის მქონე სახალხო კრებისა და ეროვნული ფორუმის საკითხი. პირველი - განსაკუთრებით, რადგან სწორედ მისი ლიდერი მოგვევლინა მაისის ტრაგიკული აქციების ორგანიზატორად და პოლიტიკოსად, რომელსაც ჰქონდა (ახლაც აქვს) ამბიცია, იყოს ოპოზიციის რადიკალური ფრთის ლიდერი ქვეყანაში. ჩვენი მსჯელობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ინფორმირებულ წრეებსა და ობივატელურ მასაშიც ამ ძალების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ბევრმა გულწრფელად ვერ აპატია ნინო ბურჯანაძეს ”პაკლონნაიაზე” ვიზიტი და 26 მაისს დაღვრილი სისხლი. ფორუმის კრიტიკოსები ხშირად აპელირებენ მისი ლიდერების არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე და საზოგადოებაში მოარულ ხმებზე გუბაზ სანიკიძის მერაბიშვილის უწყებიდან დაფინანსების თაობაზე. მასას ჭორაობას და ყველაფერზე ექსკლუზიური აზრის ქონას ვერავინ დაუშლის. ფაქტი ისაა, რომ ყველა ობიექტური გამოკითხვის თანახმად ამ ძალებს მოსახლეობის ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი რაოდენობა უჭერს მხარს და მათ გარეშე სერიოზული ოპოზიციური ერთობის შეკვრა მთლად მარტივი საქმე არ იქნება. თუ ივანიშვილის ბოლო განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, მას კარგად ესმის საკითხის მნიშვნელობა
(მეორე ნაწილის დასასრული)