"ქრონიკის" მასალების მიხედვით
"რა ფსიქოლოგიის პრეზიდენტიც გვყავს, ყველაზე კარგად ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რაც მიშა სააკაშვილს ბოლო სამი თვის განმავლობაში დაემართა, ეს ნორმალურობისა და პოლიტიკური ბრძოლის ყოველგვარ ზღვარს სცდება. ყველა კანონი, ყველა ბრძანება, რომელიც მათ მიიღეს - ჩვენი მხრიდან წინასწარ გათვლილი იყო და სიურპრიზი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოგვიწყვეს - ყველაფერში ვაჯობეთ. ამიტომ ის ყოველდღიურად ცდილობს დაამძიმოს კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. დღეს ბურთი ჩვენს მოედანზეა, ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალიან ბევრ სიურპრიზსა და სიახლეს შესთავაზებს მოსახლეობას. ეს დაიწყება იანვრის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩვენ ჩავებმებით აქტიურ პოლიტიკურ კამპანიაში. მიშა სააკაშვილი ვერ მოაწყობს ისეთ სიურპრიზს, რომელიც ჩვენ გაგვაოგნებს და რომელიც შეუძლებელს გახდის ამ ბრძოლის ჩვენ სასარგებლოდ წარმატებით დასრულებას", - აცხადებს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყოჩაღ, "ალიას", მაგარი მოგიფიქრებიათ!"
"არაფერში ისე არ ვარ დარწმუნებული, როგორც ამ საკითხში - ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას. სააკაშვილს მოუწევს, მოქალაქეობა დაუბრუნოს მას. ეს მოხდება, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით. იმდენად ნათლად იქნება ეს საკითხი წამოჭრილი საზოგადოების მხრიდან, რომ იგი მთელი ქვეყნის წინააღმდეგ ვეღარ წავა. ჩვენ ყველა მხრიდან ველოდებით შეტევას, რადგან ფაქტია, ყველა მხრიდან უტევს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს. ველოდებით, რომ შემოტევების რაოდენობა გაიზრდება, მთავარი კი ის არის, რამდენად მზადყოფნით დავხვდებით ამ შემოტევებს. ასევე მთავარია, შემდეგი თვეების განმავლობაში ვინ იქნება ქართული პოლიტიკის პოზიტიური ფაქტორი - ივანიშვილი თუ სააკაშვილი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი. იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ სააკაშვილმა ბოლო სამ თვეში დაადასტურა - მას რესურსი აღარ აქვს, იყოს ქართული პოლიტიკის პოზიტიური ფაქტორი. რამდენიც უნდა იძახოს, რომ ასაკოვან ადამიანებს კბილებს გაუკეთებს, ეს მხოლოდ დაცინვის საგანი გახდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"ეს არის ხელისუფლება, რომელიც საბაჟოზე "ქართუ ჯგუფის" ორგანიზებით შემოტანილ ნებისმიერ ტვირთს ანადგურებს, დაწყებული საავადმყოფოს ინვენტარით, დამთავრებული ბერას სტუდიისთვის განკუთვნილი აპარატურით. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ქუჩაში ღიად მოაწყო ყაჩაღური თავდასხმა საინკასაციო მანქანაზე, ფული გაიტაცა და დღემდე ფულს არ აბრუნებენ. არანაირ პასუხისმგებლობას არავის წინაშე ეს ხელისუფლება არ გრძნობს. ამის შემდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. ტვირთებთან დაკავშირებით ჩემს პირად მაგალითს მოგიყვებით: თუ ტვირთს აწერია ისეთი სახელი, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილსა და პოლიტიკურ მოძრაობასთან, ეს ყველაფერი ნადგურდება - ეს არ არის მხოლოდ "ქართუ ჯგუფის" ტვირთი, ხშირად ჩემი შვილებისთვის სათამაშოებს ვიწერ - როდესაც საახალწლოდ ბავშვებს რობოტები გამოვუწერე, ყველა დალეწილი იყო, ერთ ყუთში იყო ჩაყრილი და ყველა სათამაშოს ხელ-ფეხი ჰქონდა დამტვრეული. ეს უბრალოდ ბოროტებაა და ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, ქვეყანას სიკეთეს ვერასდროს მოუტანენ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამიტომ რაღა მნიშვნელობა აქვს, მიშა სააკაშვილი როგორც შეტევას დაგეგმავს ჩვენზე ან იმ ადამიანებზე, რომლებიც მის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი? მთავარია, ჩვენ როგორ მოვიქცევით, მთავარია, სიბრაზემ არ დაგვძლიოს. თქვენ, "ალია ჰოლდინგს", ძალიან სწორი პოლიტიკა აგირჩევიათ - ყველა ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ, - იუმორით უნდა დავხვდეთ მათ შიზოფრენიულ შემოტევებს, ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ყველა ელოდება ჩვენგან. დარწმუნებული ვარ, თუ სააკაშვილი ასე განაგრძობს, "ნაცმოძრაობა" ოპოზიციაშიც ვეღარ დარჩება. დღეს მათ ამის შანსი აქვთ. მაგრამ ისე იქცევიან ამ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ ასეთი ტემპით განაგრძობენ მოსახლეობის შეურაცხყოფასა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობას, ამ შანსებს დაკარგავენ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან სასაუბრისას თინა ხიდაშელი.
"იქმნება ახალი პოლიტიკური პარტია და ჩვენი ყველას სურვილი არის, იქ წესიერი, პატიოსანი და მართალი ადამიანები იყვნენ. ამიტომ, ყველა ექსკლუზიურად პოლიტიკურ ფიგურაზე არ არის ლაპარაკი. ამიტომაც არ არის იმ ადამიანებზე ლაპარაკი, რომლებიც აქამდე პოლიტიკიდან შორს იდგნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. საუბარია ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის უცხოეთში მყოფ ქართველებზე. მათთან ინტენსიური ურთიერთობებია", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "მათ შორის თუ არის პაატა შევარდნაძეზე საუბარი?" - პასუხობს:
"არავითარ პაატა შევარდნაძეზე საუბარი არ არის. ეს არის "პრესა.გესა" და "რეალტივის" გავრცელებული ჭორები. ყველა ადამიანს, ვისზეც საუბარია, ჩვენ წარვადგენთ. თავად ბატონი ბიძინა წარადგენს მათ. მაგალითად გუშინ "ქართულ ოცნებაში" გაწევრდა ორი დიდი ქართველი სპორტსმენი: საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომელიც კასპაროვის მწვრთელიც იყო და აგრეთვე ბატონი ალექსანდრე მეტრეველი, ასევე ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. ასეთი ადამიანი ბევრი იქნება, რადგან მათი მხრიდან არსებობს გამოხატული სურვილი და ჩვენი მხრიდან კი დადასტურებული თანხმობა, რასაც, გიმეორებთ, თავად ბიძინა ივანიშვილისგან შეიტყობთ".
814
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85