"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"ბუნებრივია, ფინანსური კონტროლი სახელისუფლებო გუნდს არ შეეხება. სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმის პრინციპებზეა აგებული, პრინციპულად ვერ ეგუება სწორ და გამართულ მოედანზე თამაშს. მაშინაც კი, როცა ხელისუფლებაშია, უნდა რომ მოედანი თავიდანვე იყოს გადახრილი და გარანტირებული ჰქონდეს მოგება. ეს ყველაფერი აბსურდულია და ქვეყნის განვითარებისა და ისტორიის ლოგიკას ეწინააღმდეგება - ისტორიული ლოგიკაა, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს", - აცხადებს ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილის შიშით ლამის ფულიც გააუქმონ ქვეყანაში" / "საბჭოთა კავშირი მონაგონია იმასთან შედარებით, რადაც შეიძლება გადავიქცეთ".
"მეორე უდიდესი აბსურდი - ისტორიიდან და პოლიტიკური რეალობიდან ამოვარდნა არის ის, რაზეც ბოლო დროს ხდება აპელირება, თითქოს პოლიტიკაში ფული მიუღებელი იარაღია - ეს ისეთი იდიოტიზმია, რომლის მსგავსიც, მგონი, არავის მოსვლია თავში. ის, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა, პოლიტიკა და ფული ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ყველამ იცის. აშშ-ში მთელი სისტემა აიგო, კანონიერი სისტემა ლობიზმისა, რომ ფულის გადადინება ლეგალურად ეკონომიკიდან, ბიზნესიდან პოლიტიკაში მომხდარიყო. ეს ისეთივე მარტივი რამ არის, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია. ან შენ უნდა იყო იდიოტი, ან თანამოსაუბრე უნდა გეგონოს, რომ უმტკიცო, ფული ცალკე არსებობს და პოლიტიკა - ცალკეო. შესაძლოა იკამათო, რომ ხელოვნება ცალკე არსებობს და ფული ცალკე, რომ სულიერებას ფულთან კავშირი არა აქვს, მაგრამ პოლიტიკა და ფული ორი, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ცნებაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი.
"მაგრამ. როგორც ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლება ისტორიული პროცესის საწინააღმდეგოდ მიცურავს. გვერდიდან რომ შეხედო ამ უმეცრებას, რომ თურმე ფული ცალკე უნდა იყოს და პოლიტიკა ცალკე, რომ ფულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს პოლიტიკაზე - უკვე ამის დემოკრატიასთან კავშირის არსებობა-არარსებობაზე კი არა, ჭკუისა და საღი აზრის არარსებობაზე შეიძლება მსჯელობა და დაეჭვება... თუ გასულ არჩევნებზე ხელისუფლების მიერ დახარჯულ ათეულობით მილიონ ლარს გავიხსენებთ, ფულსა და პოლიტიკას მაინცდამაინც ერთმანეთისგან არ უნდა მიჯნავდნენ. მეტიც, მთლიანად ჩამოკიდებული არიან ამ სისტემაზე. ეს კანონი არის ერთ-ერთი ახალი ხრიკი, მაგრამ ამ ხრიკებს ბოლო დროს სულ უფრო და უფრო უმოკლდება ფეხები. ცხადია, შეეცდებიან თვითონ რაც შეიძლება აქტიურად ჩადონ ფული პოლიტიკაში. მაგრამ ლოგიკურად, სადღაც ხომ თვითონვე წამოეგებიან საკუთარ აბსურდზე? იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკა უფულოდ", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ბუნებრივია, კანონს თავად მოირგებენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ საღი ლოგიკის წინააღმდეგ გაუთავებლად სიარულმა სააკაშვილი და მისი იდეოლოგია სრულ აბსურდში მოაქცია. ერთხელ რომ იცრუებ, კიდევ არა უშავს, მაგრამ გამუდმებით რომ იტყუები, ბოლოს ძალიან აბსურდულ ვითარებაში აღმოჩნდები. ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება ქვეყანას მიათრევს არა კომუნისტურ წარსულში, რადგან კომუნისტურ წარსულში იმ ტოტალიტარიზმს ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი სტრუქტურა: ეს იყო სოციალური დაცვა, განათლების სისტემა, თანამიმდევრული იდეოლოგია და ა.შ. - არა, ამ წარსულში კი არა, "თალიბანის" შუა საუკუნეებში მიგვათრევს. თუმცა, ესეც შეიძლება არასწორი შედარება იყოს, რადგან მათაც აქვთ რაღაც იდეოლოგია: ჩვენ ჩამორჩენილ, ეკონომიკურად გაუმართავ, აღმოსავლური მინიდესპოტიზმის სამყაროში მიგვათრევენ. საბჭოთა კავშირი მონაგონია იმასთან შედარებით, რადაც შეიძლება გადავიქცეთ" - განაგრძობს ფილოსოფოსი.
"ჰუმან რაითს უოთჩის" ანგარიშს ამჯერად შს სამინისტრომ მყისიერი რეაქციით უპასუხა - ჩემი აზრით, ხელისუფლების ზოგიერთი სეგმენტი უკვე აცნობიერებს, რომ სხვა სტანდარტებით დაიწყო მათი შეფასება და თავზე ხელის გადასმის პოლიტიკას წერტილი დაესვა. როგორც წესი, ადრე გამოქვეყნებულ ანგარიშებს არც ავტორები მიჰყვებოდნენ ბოლომდე და მის ციტირებასა და გარჩევას მხოლოდ მედიაში თუ ვახდენდით ხოლმე, მაგრამ ეს არავის ადარდებდა, არც აქ და არც იქ. მგონი, გაიაზრეს, რომ ის პერიოდი მათი ცხოვრებისა, როდესაც "დემოკრატიის შუქურები" იყვნენ და მსოფლიო პოლიტიკაში იმუნიტეტით სარგებლობდნენ, დამთავრდა. დამთავრდა ის დრო, როდესაც სრული კარტ-ბლანში ჰქონდათ მინიჭებული", - თვლის გიორგი მარგველაშვილი.
"ხელისუფლებამ ივანიშვილის შიშით ლამის ფული გააუქმოს ქვეყანაში. უკვე მისტიკური ამბები ხდება ქართულ პოლიტიკაში. დღეს ქართველი საზოგადოება ასეთი არჩევანის წინაშე დგას: ივანიშვილის ძალის ზრდის პროპორციულად იზრდება შანსი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებისა. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებას პროვოკაციების მოსაწყობი დიდი რესურსი აქვს, იქნება სამხედრო ტიპის ავანტიურა თუ სხვა ფორმის ძალადობა. მაგრამ თუ მისი დასუსტება ამ სისწრაფით განვითარდება, როგორც ახლა მიმდინარეობს, მას ამის ძალაც აღარ შერჩება. ხელისუფლებას აქვს ერთადერთი, ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ სხვა რესურსების დეფიციტი: მოსახლეობისთვის რამე ახლის შეთავაზება აღარ შეუძლია, ფანტაზია ამოეწურა, ფინანსურადაც ცუდ დღეშია, საერთაშორისო ასპარეზზეც გაუფუჭდა საქმე და ხედავს, რომ წაგებული აქვს ბრძოლა ივანიშვილთან. ამიტომაც გადადის აბსურდულ ქმედებებზე", - დასძენს გიორგი მარგველაშვილი.
"მეტიც, ხელისუფლება გადადის აბსურდულ იდეოლოგიზაციაზე - ვითომ ვერ ხედავს განსხვავებას მოსყიდვასა და შესყიდვას შორის. ამ ლოგიკით ხომ შეიძლება ერთი და იმავე მაღაზიაში შევიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი და იყიდოს კარტოფილი და ეს იყოს კარტოფილის შეძენა, მეორე ადამიანს კი იმავე ქმედებისთვის ბრალად დასდონ მოსყიდვა, ქრთამის მიცემა და ა.შ. ასეთ სინტაქსში იკითხება ტოტალური მარაზმი, ამას ჰქვია პარანოიდული მდგომარეობა. რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს ის სფეროები, რომელშიც წაგებულია. ასეთი სფეროებია დაფინანსება, პოლიტიკური მესიჯი, საერთაშორისო ურთიერთობები. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხელისუფლებამ ფულის გაუქმების პარალელურად გააუქმოს სხვა ქვეყნებიც საქართველოს ირგვლივ, გააუქმოს ამომრჩევლები. დარჩება ერთადერთი რესურსი, რაც აქვს, - თავისი ადმინისტრაცია, რომელიც გამოიგონებს თავის ფულს, თავის საერთაშორისო ურთიერთობებს და თავის არჩევნებს. ყველაფერი აქეთ მიდის", - დაასკვნის რესპონდენტი.
773
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85