ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს გარეთაც და შიგნითაც, ყველას ძალიან კარგად გაგვაგებინა, რომ მილიარდერი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას ვერ შეძლებს, თუკი მან საქართველოს მოქალაქეობა არ მიიღო. სხვა საკითხია, პრეზიდენტმა მას საქართველოს მოქალაქეობა რამდენად კანონიერად ჩამოართვა. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებამ სწორედ მის მოქალაქეობისარქონაზე ააწყო თავისი საარჩევნო გეგმები.
ძალიან მარტივი გათვლაა, - თუ არ ექნება მას მოქალაქეობა, პოლიტიკაშიც ვერ ჩაერევა და ვერ დააფინანსებს. ამას კი დაემატა მთელი რიგი ის აკრძალვები, რაც ხელისუფლებამ პარტიებს და პარტიებთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებულ პირებს დაუწესა. ამაზე ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ითქვა და კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს აკრძალვები გათვლილია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკის დაფინანსება ვერც ერთი გზით ვერ შეძლოს. აღსანიშნავია, რომ ამაზე თავად ხელისუფლება საუბრობს ღიად.
ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, თუ სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობის მიცემაზე უარს ეტყვის. თუმცა, იცის ცხადია, რომ ეს ძალიან გაუჭირდება და, როგორც ჩანს, ახლა მთელი ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში ის, ვისაც ფიქრი შეუძლია, სააკაშვილისთვის გამოსავლის ძიებაზეა გადართული.
საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მოქალაქეობის მინიჭება და ჩამორთმევა პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან მოქალაქეობის მოთხოვნის განცხადება, მაქსიმუმ, ექვსი თვის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან, მოქალაქეობის მინიჭებისთვის არსებობს რამდენიმე აუცილებელი კრიტერიუმი, რომელსაც ივანიშვილი სრულად აკმაყოფილებს –განსაკუთრებით, ქვეყნის წინაშე დამსახურებას და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს მისთვის უარის სათქმელად მიზეზი არ ექნება.
ივანიშვილს, ჯერჯერობით, პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს, რადგან არ დასრულებულა მის მიერ სხვა ქვეყნების მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილის გაცხადებისთანავე მიმართა საფრანგეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს მოქალაქეობაზე უარის თქმის განცხადებით. რუსეთმა მისი თხოვნა უკვე დააკმაყოფილა და იგი რუსეთის მოქალაქე აღარ არის და ახლა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დასრულებაა საჭირო.
ივანიშვილს უკვე გაცხადებული აქვს, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართავს და ამ შემთხვევაში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის დამატებითი არგუმენტი იქნება ის, რომ მას არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ ექნება. ასეთ შემთხვევაში კი საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ მას მოქალაქეობა მისცეს.
ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლებას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმისთვის ერთადერთი საშუალება ის რჩება, რომ ივანიშვილს ტერორისტობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება დაუმტკიცოს.
მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ძალიან პატარა გამოსავალი მაინც იპოვა. ეს გამოსავალი კი მისთვის უარის თქმის კი არა, პროცედურის გაჭიანურების საშუალებას იძლევა. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვის მომზადება დროში აღარ იქნება შეზღუდული.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა.
მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა ითვალიწინებს იმას, რომ მოქალაქეობის მიღების მსურველი განცხადებას წერს პრეზიდენტის სახელზე, შემდეგ ამ განცხადებას სწავლობს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, რომელიც დასკვნას წარუდგენს პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ეს დასკვნა ხდება.
აქამდე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, რომ მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად, ერთ კვირაში მოემზადებინა.
ბრძანებულებაში ცვლილებების მიხედვით კი, სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, რომ დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს. პრეზიდენტის ბრძანებულებაში აქამდე არსებული ერთკვირიანი ვადის სანაცვლოდ აღარანაირი ვადა აღარ არის განსაზღვრული, რაც საშუალებას იძლევა, რომ ამ კომისიამ ეს დასკვნა რამდენი ხანიც უნდა, იმდენი ხანი გაჭიმოს.
ეს ახალი წესი კი, ცხადია, პრეზიდენტს იმის საშუალებას მისცემს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან თავი იმართლოს, რომ სათანადო დასკვნა არ არის მომზადებული და ამაზე მუშაობენ, ამასობაში წინასაარჩევნო პროცესიც დაიწყება და მერე რა მოხდება, კაცმა არ იცის.