პატრიარქი კირილი მოულოდნელად პუტინ–მედვედევის ხელისუფლებას დაუპირისპირდა

პატრიარქი კირილი მოულოდნელად პუტინ–მედვედევის ხელისუფლებას დაუპირისპირდა

რუსეთში განვითარებული ბოლო პოლიტიკური პროცესების ფონზე, ქვეყნის სულიერი ლიდერი ყველასთვის მოულოდნელი, ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ხელისუფლებას მოუწოდა, „ადამიანების მიერ გამოთქმულ პროტესტს მოუსმინოს“ - ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა საშობაო ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერით გადაიცა - თუ ხელისუფლება გამოხატული პროტესტის მიმართ უგრძნობი დარჩება, ეს ძალიან ცუდი ნიშანია იმისა, რომ მას თვითრეგულირების უნარი არ გააჩნია.

 

ხელისუფლება უნდა იყოს განწყობილი იმისთვის, რომ მათ შორის გარე სიგნალებიც აღიქვას და კურსის შესაბამისი კორექტირება მოახდინოს. თუ რაიმე ხდება, საზოგადოებას უფლება აქვს,საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვას“.

 

ამასთან, კირილმა აღნიშნა, რომ „ადამიანი, რომელიც სხვებისგან სიმართლეს ითხოვს, საკუთარი თავის წინაშეც მართალი უნდა იყოს“:

 

„ნუთუ მომიტინგეებს შორის არ არიან ისეთები, ვინც საკუთარ ქმარს ან ცოლს ატყუებს, ორმაგ ცხოვრებას ეწევა და ბიზნესში არაკეთილსინდისიერია?! თუ ჩვენ ჩვენს პირად, ოჯახურ ცხოვრებაში, ჩვენი პროფესიონალიზმის სფეროში ტყუილს ჩავდივართ, მაშინ რატომ მოვითხოვთ ასე მხურვალედ, სიმართლემ სადღაც მაკროდონეზე შეისხას ხორცი, ხოლო მიკროდონეზე ის არ იყოს?!“.

 

მისივე აზრით, „ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობებს რუსეთში ბიუროკრატია ართულებს“:

 

„ერთ-ერთი გლობალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებთანაც მოსახლეობას უწევს ურთიერთობა, რუსი ხალხისთვის მიუღებელია. ჩვენთან რა, ხალხი პრეზიდენტთან ან მინისტრებთან ურთიერთობს? ჩვენთან ხალხს მილიციონერებთან, კომუნალური სამმართველოების ხელმძღვანელებთან უწევს შეხება და რიგით მოქალაქეს კოშმარად აქვს ქცეული ხელისუფლების ეს დონე“. 

 

ამასთან, რუსეთის პატრიარქის თქმით, „ეკლესია არავის მხარეს არ იკავებს“.

 

„ჩვენს მრევლში არიან ისეთებიც, ვინც საპროტესტო აქციაზე გავიდა და ისეთებიც, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდება საპროტესტო გამოსვლები. ეკლესიის სიტყვა პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. ეკლესიის სიტყვა სიმართლეს უნდა ატარებდეს, რომელსაც ყველა მიიღებს“, - დასძენს კირილი.

 

„კაგებეს ოფიცერი და მილიარდერი“, - ასე ახასიათებს თავის მხრივ ჟურნალი „ფორბსი“ რუსეთის პატრიარქს. „ვინ არის რუსეთის რიგით მეთექვსმეტე პატრიარქი, კაგებეს თანამშრომელი, თუ ოლიგარქი-ბიზნესმენი? რუსეთის პატრიარქის განცხადებები პუტინისა და მედვედევის განცხადებებს ემთხვევა“, – წერს გამოცემა.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ  კირილი თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელების შემოტანით არის დაკავებული. სახელმწიფო კი მას შეღავათებს აძლევს, საბაჟო გადასახადისგან ათავისუფლებს. ის ხიზილალისა და კიბორჩხალის ბიზნესშიც ჩაერთო. როგორც წერენ, კირილმა ერთ წელიწადში 75 მილიონი დოლარი იშოვა. 2006 წელს კი, კირილის შემოსავალმა 4 მილიარდი შეადგინა.

 

რუსი ბლოგერების ინფორმაციით, ის გულგრილი არც ქალბატონების მიმართ იყო. მას პეტერბურგელ, ლიდია ლეონოვასთან 30-წლიანი კავშირი ჰქონდა. კირილი და ლიდია ხშირად სტუმრობდნენ გუდაუთას.

 

ბლოგერები ამბობენ, რომ კირილი  ანტიდასავლური და ანტილიბერალური შეხედულებებითაც გამოირჩევა. კირილს მიაჩნია, რომ წარსულში რუსული იმპერიის სივრცე სხვადასხვა სახელმწიფოების საზღვრებით დარღვეულია. კირილის აზრით, ისტორიული რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლამ დაარღვია და ა.შ.

 

კირილი: „ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი მეომრების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირეს, აგრესიისგან მოძმე ოსი ხალხის დასაცავად“.

 

2009 წლის 3 ნოემბერს, რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა წინადადებით დაამკვიდროს ტერმინი „რუსული სამყაროს ქვეყანა“, რომელიც აღნიშნავს რუსული კულტურით გაერთიანებულ ქვეყნებს.

 

პატრიარქი წინააღმდეგია, რომ რუსეთი ასოცირდეს „მატრიოშკასთან, თავსაფართან და სამოვართან“.

 

კირილის თქმით, წარსულში ერთიანი გეოგრაფიული სივრცე დღეს სხვადასხვა სახელმწიფოების საზღვრებით დარღვეულია, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები საკუთარ თავს უნდა გრძნობდნენ საერთო ცივილიზაციის კუთვნილებად და აღიქვამდნენ „რუსული სამყაროს“ ნაციონალურ პროექტად.

 

კირილი: „საბჭოთა კავშირის დაშლამ დაანგრია ისტორიული რუსეთი. ბევრი ადამიანი სვამს კითხვას - რატომ დაინგრა საბჭოთა კავშირი, ამის მიზეზია ის, რომ მაშინ დაეცა საზოგადოებრივი თვითშეგნება, ღირსება, ისტორიული მახსოვრობის გარეშე ნაციონალური თვითშეგნება არ არსებობს“.

 

ასეთი ჩამოყალიბებული იმიჯის შემდეგ, პატრიარქი კირილი პუტინ–მედევედევის ხელისუფლების კრიტიკით პირველად გამოვიდა.