"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, 2011 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას შევაფასებ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უპრეცედენტოს ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით. ამ ასპექტში განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც უმრავლესობის ნების გამოხატულებით მიიღო დასრულებული კანონის ფორმა - მათ შორის ელექტრონული აიდი ბარათების თემა მიმაჩნია ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ უფლების შემლახველ ფაქტორად: ამასთან დაკავშირებით ვიღებ ასეულობით წერილს. ძალიან ბევრი მოქალაქე ცდილობს მოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პროტესტი. არ ვსაუბრობ მხოლოდ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე - ეს ეხება მთელ საზოგადოებას", - აცხადებს პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დიმიტრი ლორთქიფანიძე: "ხელისუფლება თავისას ვეღარ გაიტანს!"
"2011 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა ვალდებულება თითოეული მოქალაქისთვის, რომელსაც გაუუქმდა ვადა პირადობის მოწმობაზე, აიღოს სავალდებულო წესით ელექტრონული ე.წ. აიდი ბარათი, რომლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს. ეს საკითხი იყო ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე დატოვებული - თქვენ ვერ ნახავთ მსოფლიოში სახელმწიფოს, სადაც ალტერნატივის გარეშე აიძულებდნენ ელექტრონული ფასიანი პირადობის მოწმობების აღებას ისე, რომ ალტერნატივით ვერ ისარგებლონ - ასეთი პრეცედენტი არ არის! მეტიც, მსგავსი პრეცედენტი თავად ევროპაში მიჩნეულია უკანონოდ და ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფორმად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"ვინაიდან პირადობის მოწმობას აქვს პიროვნების იდენტიფიკაციის დატვირთვა, როდესაც ადამიანი აბადება სახელით და გვარით, მას ენიჭება პირადი ნომერი, ეს უკვე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იგი იყოს იდენტიფიცირებული და მას ჰქონდეს სამოქალაქო უფლებების განხორციელებისა და ლეგიტიმური მიზნების მიღწევის კანონიერი მოქალაქეობრივი უფლება. მაგრამ, როდესაც თქვენ გაიძულებენ აიღოთ ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომლის ღირებულებაცაა 30 ლარი, აქედან გამომდინარე არ გეძლევათ უფლება და საშუალება, ჩვეულებრივი, რიგითი პირადობის მოწმობით ისარგებლოთ. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, მათ შორის ელექტორალური ხასიათის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყანაში, სადაც მილიონ 453 ათასი ადამიანია ოფიციალურად რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რომელშიც არ არსებობს ალტერნატიული ფორმა პირადობის მოწმობის აღებისა და მხოლოდ ფასიანი მოწმობის ვალდებულების წინაშე აყენებენ საზოგადოებას, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება ხმის უფლების გარეშე", - განმარტავს რესპონდენტი.
"ანუ, აქ არის ელექტრონული ფოკუსი, რომელსაც ატარებს ხელისუფლება. მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს საქართველოში და პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომ ეს საკითხი იქცეს ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად. ამ საკითხზე ვგეგმავ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ღია სხდომის გამართვას და ყველა დაინტერესებული პირის, ამ კანონის ინიციატორებისა და მის შემოქმედთა, მათ შორის ბატონების აკაკი მინაშვილის, პავლე კუბლაშვილისა და პარლამენტის სპიკერატის მოწვევას, რადგან ძალიან დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში", - განაგრძობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"აღარაფერს გეუბნებით იმ რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით, რომელთა შორისაა მართლმადიდებლური მრევლის ერთი ნაწილი, რომელიც სრულიად სამართლიანად კატეგორიულ პროტესტს გამოხატავს ამასთან დაკავშირებით. ისინი იმოწმებენ საბერძნეთის, უკრაინისა და რუსეთის მაგალითს, სადაც რელიგიური მოსაკრებლებისა და აღმსარებლობის წესის ფაქტორიდან გამომდინარე, იქ მოთხოვნილი ალტერნატიული ფორმები ხელისუფლებებმა დააკმაყოფილეს. ამ ანალოგის გადმოტანას ითხოვენ ქართულ რეალობაში, მაგრამ მათი ნათქვამი რჩება "ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა" - ხელისუფლებას აქვს ერთადერთი პასუხი, რომ თურმე საქართველოს ბიუჯეტი ვერ გამოყოფს დამატებით ასიგნებებს ასეთი ჩვეულებრივი პირადობის მოწმობების დასაბეჭდად! ეს არის სასაცილო, ნამდვილად სატირალი რომ არ იყოს", - მიიჩნევს პარლამენტარი.
"2011 წლის ყველა მნიშვნელოვან მოვლენად ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მიმაჩნია - ეს არის ის ერთადერთი იმედი, რასაც ჩაბღაუჭებულია ქართული საზოგადოება და სრულიად სამართლიანადაც: ბატონმა ბიძინამ ღიად, ეპისტოლარულ ჟანრში გაუმჟღავნა საზოგადოებას თავისი კონკრეტული პროექტების შესახებ. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც თემატური ჯგუფები, კომისიები დაასრულებენ მუშაობას, ნათელი სურათი ჩამოყალიბდება ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რამაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების გაჯანსაღება, რიგ შემთხვევაში კი გარკვეული სფეროების რეანიმირება უნდა მოახდინოს - უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის სოციალური პოლიტიკის გამოსწორება - ჩვენ სოციალური პოლიტიკა საერთოდ არ გაგვაჩნია", - დასძენს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გახლავთ სახელმწიფოს მხარდაჭერა მრავალშვილიანი ოჯახებისამდი, მათი უზრუნველყოფა გარკვეული პაკეტით. მრავალშვილიანობის დეფინიციაც კი არ არსებობს საქართველოს იურიდიულ სივრცეში. ერთადერთი კანონი ქვეყნის იურიდიულ სივრცეში გახლავთ ბიუჯეტის შესახებ კანონი, სადაც ნახსენებია, რომ თურმე დახმარებას ექვემდებარება 7 ან 7-ზე მეტშვილიანი ოჯახი, ისიც იმ პირობეის გათვალისწინებით, თუკი ისინი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ არიან და ისიც იმ შემთხვევაში, თუ უფროსი შვილის ასაკი 18 წელს მიღწეული არ არის - ეს არის ეროვნული ინტერესების მასხრად აგდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური მიზნები, რომლის განხორციელებისთვისაც ასე იბრძვიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არ არის მიმართული ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობაზე, რის ანტიპოდიცაა "ქართული ოცნება" და რომლის განხორციელებასაც წინ ვერაფერი დაუდგება, თუკი ქართული საზოგადოება მთლიანად დადგება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას "ნაციონალურ მოძრაობას ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა 2012 წელს გაუვა?" - პასუხობს:
"საქმეც ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში იმყოფება და ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა. მათი პოლიტიკა განწირულია კრახისთვის. ეს ფაქტი დადასტურდება არჩევნების წინა პერიოდში და კენწისყრის დრეს, როდესაც ქართული საზოგადოება გააკეთებს რეალურ არჩევანს, როდესაც ჩვენ, ქართველის საზოგადოების ნაწილს - იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილნი თუ პარლამენტს გარეთ, გვექნება პოლიტიკური ნება, ერთიანად დავუჭიროთ მხარი რეალური ქართული პროექტების განხორციელებას პოლიტიკურ ველში".
628
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85