სულ თავიდან ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მილიარდერმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა. მანამდე ხელისუფლებას ეგონა, რომ მისი მილიარდებიც მუდმივად მათი იქნებოდა, და ის სავარძლებიც, სადაც სულ სხვა დაპირებებით მოხვდნენ და ახლა სულ სხვა რამის გაკეთება უწევთ, რათა ეს სავარძლები და ის პრივილეგირებული მდგომარეობა შეინარჩუნონ, რითაც დღეს თავი ჩვეულებრივ ადამიანებზე აღმატებულები ჰგონიათ.
მერე რა, თუ ზოგიერთი მათგანი მსოფლიო რუკაზე ეუთოს ეძებს და მერე კომიტეტის სხდომაზე საყვედურს გამოთქვამს, რომ ვერ იპოვა. მერე რა, თუ უმრავლესობის ლიდერს დეპუტატები ხელზე მოსამსახურე ბიჭებად ჰყავს აყვანილი და პულტზე ხელსაც კი მის მაგივრად აჭერენ. ის ხომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი საქმით – თავზე ხელების შემოწყობით არის დაკავებული. მერე რა, რომ ძალიან განათლებული ადამიანები ხმას არაფერზე იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ მდგომარეობას რაიმე საფრთხე არ შეუქმნან და ადამიანებზე ზემოდან გადმოხედვის პრივილეგია არ დაკარგონ.
ასეთი „მერე რა“ ძალიან ბევრია და ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პარლამენტმა წლის მიწურულს თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო და შემდეგ ამის დასაფარად ხელისუფლებამ სისულელეები სისულელეებზე აკეთა, დაწყებული გამოქვეყნებული კანონის შეცვლით და პარლამენტის ფუნქციის იუსტიციის სამინისტროს ერთ საქვეუწყებო ორგანოსთვის გადაბარებით დამთავრებული.
რა თქმა უნდა, საუბარია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც კანონის გამკაცრებულ ნორმებს ერთგვარ უკუძალას ანიჭებდა და გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში შეიცვალა.
მართალია, ხელისუფლებას ამის შეცვლა არ უნდოდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უკუძალის მინიჭების დღეს უმრავლესობის ლიდერები ჟურნალისტებთან ტრაბახობდნენ, ხომ მოუწევთ ივანიშვილის პარტნიორებს მილიონების დაბრუნებაო, მაგრამ კანონის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ის საელჩომ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებაც იძულებული გახდა, ეთქვა, რომ მათ მიერ მიღებული ნორმის არასწორი გაგება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები პარტიების დაფინანსებას მნიშვნელოვნად ართულებს, წესდება მთელი რიგი აკრძალვები, რომლებიც არამხოლოდ პარტიის წევრებზე ვრცელდება, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ პირებზე.
ამასთან, კანონში ჩაიწერა, რომ ამ აკრძალვებს გარკვეულწილად უკუძალა ექნებოდა, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, რადგან არ შეიძლება, იმ ნორმას ჰქონდეს უკუძალა, რომელიც ვითარებას ართულებს.
ამის შემდეგ გავრცელდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იქნა შეფასებული.
ამ განცხადების შემდეგ, უკვე ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. მათივე მტკიცებით, ამერიკის საელჩო პოლიტიკურმა პარტიებმა შეიყვანეს შეცდომაში და მათაც კანონის წყაროებთან არ გადაამოწმეს ინფორმაცია.
არადა, კანონში წერია, რომ „ამ კანონით“ გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება იმაზე, ვინც უკვე მიიღო დაფინანსება. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, თუ რა ინტერპრეტაციას მისცემდა ხელისუფლება ამ ნორმას, რათა საკუთარი განცხადება გაემართლებინა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული კანონი შეცვლილი აღმოჩნდა.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბერს შეიტანა. „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი 29 დეკემბერს, შუადღეს გამოქვეყნდა. დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
დღის მეორე ნახევარში, უმრავლესობის პრესკონფერენციის პარალელურად, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონის შესაბამისი დებულებაც შეიცვალა და დღის მეორე ნახევარში, ასე ჩამოყალიბდა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
ფაქტია, რომ კანონი სწორედ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ ჩასწორდა და ამისთვის მათ, ქართული საზოგადოების მხრიდან, მადლობა ეკუთვნით. ნაცები კატეგორიულად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ, თითქოს, აქ აშშ-ს საელჩო არაფერ შუაში იყოს. მათი ეს მცდელობა გასაგებიც არის, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ამ ნორმების დემოკრატიულად მონათვლა სურდა და ისეთი განცხდებები კეთდებოდა, თითქოს ამით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ხდებოდა. არადა, ნორმების გამკაცრება ხელისუფლებას მხოლოდ მესამე მოსმენის წინ გაახსენდა და, ბუნებრივია, ამის შესახებ ვენეციის კომისიას არაფერი ეცოდინეობდა. ამასთან, ვენეციის კომისიის ისეთი შენიშვნები, რაც ხელისუფლებას არ აწყობდა, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითად, გუბერნატორებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აკრძალვის აუცილებლობა და ასევე – მოქალაქეობის არმქონე პირისთვის პოლიტიკაში მოინწილეობის უფლების მიცემა.
საინტერესო კი ის არის, რომ ამდენჯერ ჩასწორებული მუხლი იმდენად აბსურდულად გამოიყურება, რომ ადვილი მისახვედრია – ხელისუფლებას სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული.
აღნიშნულ მუხლში ნათქვამი იყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
რაც შეეხება 26/1 მუხლით განსაზღვრულ პირებს, ესენი არიან: ა) იურიდიული პირი თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; ბ) იურიდიული პირი, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ; გ) პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებული პირი, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.
ცხადია, ეს ჩანაწერი სწორედ იმას გულისხმობს, რომ წესდება ახალი შეზღუდვები, რაც ამ კანონშია განსაზღვრული და ეს გავრცელდება წარსულში მომხდარ ფაქტებზეც.
აშშ-ის საპროტესტო განცხადების შემდეგ კი უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ზემოთაღნიშნული რეგულაცია არ გულისხმობს უკუძალას და პარტიებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. მათივე მტკიცებით, კანონის მოთხოვნა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ პარტიებს თუ ადრე, ძველი კანონის ნორმების დარღვევით აქვთ დაფინანსება მიღებული, ისინი უნდა მოიყვანონ ძველ კანონთან შესაბამისობაში.
თუმცა, თუ ეს მუხლი მიზნად არ ისახავდა კანონის უკუძალას და რატომ ჩაიწერა მასში მისი 26/1 მუხლით განსაზღვრულ პირებზე გავრცელების ვალდებულება, ამაზე უმრავლესობაში კონკრეტულს არაფერს ამბობენ. კერძოდ, 26/1 მუხლით განსაზღვრული პირები, აქამდე მოქმედ კანონმდებლობაში არ იყვნენ დარეგულირებულნი და შესაბამისად, ისინი ვერც ახალ და ვერც ძველ კანონს დაარღვევდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობას კი ამაზე რაიმეს თქმა უჭირს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ 26/1 მუხლის ჩაწერა შესაბამის ნორმაში „საჭირო“ იყო. ხოლო თუ რომელ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ამ პირებმა მათი დაფინანსების საკითხები, ამაზე კუბლაშვილი ამბობს, რომ „შესაბამის კანონმდებლობასთან“. მაგრამ რომელია ეს „შესაბამისი კანონმდებლობა“, ამაზე ვეღარაფერს ამბობს.
ფაქტია, რომ ხელისუფლების დახლართულ საქმეზე ეს მუხლიც მეტყველებს და, ვიდრე იმის ფიცს დაიწყებენ, რომ ოპოზიციას რაღაც მოეჩვენა და აშშ-ს საელჩო შეცდომაში შეიყვანეს, უმჯობესი იქნება, საკუთარი ნაკვალევი წაშალონ. რა თქმა უნდა, თუ ძალიან გვიან არ არის.