სტრატეგიული პარტნიორების თანადგომას უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება

სტრატეგიული პარტნიორების თანადგომას უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია პარლამენტმა 111 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა. სტრატეგიული დოკუმენტის განახლებაზე უშიშროების საბჭომ მუშაობა 2011 წლის დასაწყისში დაიწყო. იგი ქვეყნის ისტორიაში მეორე უსაფრთხოების კონცეფციაა.

 

დოკუმენტში საქართველოს ეროვნულ ღირებულებებად დასახელებულია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და მშვიდობა.

 

საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დოკუმენტის თანახმად წარმოადგენს: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცება, ევროპული და ეროვნული ინტეგრაცია, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უზრუნველყოფა, ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა, დემოგრაფიული უსაფრთხოება და ასე შემდეგ.

 

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, არსებობს ახალი რუსული აგრესიის პოტენციური რისკი, რადგან აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისოდ აღიარება, არამედ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩანაცვლება.

 

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეა, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შესაძლო გადმოდინებაც.

 

განახლებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა. ასევე დასახელებულია ის ქვეყნები, რომელთან კავშირების განმტკიცებაც საქართველოს პრიორიტეტულია, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და თურქეთი.

 

კონცეფციის თანახმად, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ერთობლივ მიდგომებს რეგიონის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოთრეფიკინგის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება. საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ესწრაფვის.

 

უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, სახელმწიფოს მიზანია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე ზრუნვა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაბრუნების უზრუნველყოფა, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, კანონის უზენაესობის, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის თავისუფლებისთვის ზრუნვა.

 

საქართველო აღიარებს, რომ კეთილდღეობისაკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით კი, ქვეყანა ქმნის თავისუფალ ეკონომიკურ გარემოს, რაც მცირე მთავრობის პრინციპში, დაბალ გადასახადებში და მიზანმიმართულ სოციალური პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება.

 

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, არის თუ არა კონცეფციაში ჩაწერილი, რომ საქართველო ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალას არ გამოიყენებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღო და სწორედ ამის გამო მოიპოვა ერთმნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა:

 

„ძალის გამოუყენებლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აგრესია განხორცილდება ქვეყნის მიმართ, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად დავიცავთ“.

 

„პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეებზე და მათი განეიტრალების გზებზე ამახვილებს ყუარდღებას.  

 

გიორგი თავდგირიძე: საქართველოს, როგორც ცალკე ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაუჭირდება. აქედან გამომდინარე, ქვეყანა იძულებულია, სტრატეგიული პარტნიორები და ორგანიზაციები ეძებოს; რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი გამოწვევისას მარტონი ვრჩებით.

 

მოსკოვიდან მომდინარე საფრთხე გვერდით რომ გადავდოთ, ამ შემთხვევაშიც კი კიდევ ორი დიდი გამოწვევა გველოდება. ერთი ეს არის უშუალო საფრთხე – რუსეთი ვერ გააკონტროლებს ჩრდილოთ კავკასიას და იქაური დაძაბულობა პირდაპირ აისახება საქართველოზე.

 

უარეს შემთხვევაში, მოთარეშე რაზმები შეეცდებიან, რომ ჩვენი ქვეყნის მთიანეთი თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. მთელი საქართველო ამ კავკასიურ დაძაბულობაში ჩათრეული იქნება. თბილისს ამ პროცესში მარტო, რა თქმა უნდა, გაუჭირდება.

 

ჩვენ შეგვიძლია  სამხედრო სფერო ისე გავაძლიეროთ, რომ ეს საფრთხე მოვიგერიოთ. მაგრამ ეს კვლავ რესურსების უაზრო ხარჯვას გამოიწვევს და ეულად უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან გაგვიჭირდება.

 

შემდეგ დიდ საფრთხეს რაც შეეხება?

– მეორე საფრთხე რომელიც ასევე რეალურია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მთიანი ყარაბაღის საკითხი ღიად არის დატოვებული. პერსპექტივა არ ჩანს, რომ მოლაპარაკების გზით მოხდება კონფლიქტის დარეგულირება. საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ბაქო–ერევნის კონფლიქტი კვლავ გაღვივდეს.

 

საქართველოს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ერთის მხრივ, რუსეთის დახმარება სომხეთისადმი მხოლოდ საქართველოს გავლით შეიძლება. შესაბამისად, მოსკოვს ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანაზე გამავალი სატრანზიტო პუნქტები იმისთვის, რომ უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება და  ამ კონფლიქტის მართვის ბერკეტები შეინარჩუნოს.

 

მეორეს მხრივ, თურქეთიც აუცილებლად შეეცდება აზერბაიჯანის დახმარებას. იძულებული იქნება გარკვეული ზეწოლა განახორცილოს თბილისზე, რათა ქვეყნის კომუნიკაციები ბაქოს მხარდასაჭერად გამოიყენოს.

 

აქ ლაპარაკი არაა ომში უშალოდ ჩარევაზე. საუბარია იმაზე, რომ ორივე ქვეყანას მხარდამჭერები ჰყავს და ამის უზრუნველყოფა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით არის შეასაძლებელი.

 

ეს ორი საფრთხე უშუალოდ საქართველოს ეხება და ამ ვითარებაში მარტონი დავრჩებით, ლავირება ძალიან გაგვიჭირდება. შესაბამისად, რუსულ და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის დისბალანსის გამო, კრემლს დიდი ცდუნება ექნება, რომ ეს პრობლება საქართველოს ნაწილობრივი ან სრული ოკუპაციის გზით გადაწყვიტოს. უზრუნველყოს თავისი მოკავშირის უპირატესობა აზერბაიჯანთან მიმართებაში.

 

ამ ვითარებაში, სტრატეგიული პარტნიორების, ორგანიზაციების მხარდაჭერას, ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.