ზბიგნევ ბჟეზინსკი, "Foreign Policy"
ამერიკის გლობალური დომინირების შესუსტებით, შედარებით სუსტი ქვეყნები უფრო მოწყვლადები გახდებიან მსხვილი რეგიონალური სახელმწიფოების აქტიური გავლენის მიმართ. ინდოეთი და ჩინეთი აღმასვლას განიცდიან, რუსეთი სულ უფრო იმპერიალისტური, ხოლო ახლო აღმოსავლეთი ისეთი არასტაბილური ხდება, როგორც არასდროს. რეგიონალური კონფლიქტების საფრთხე, გლობალურად აქტიური ამერიკის არარსებობის ფონზე, რეალურია. მოემზადეთ ისეთი გლობალური რალობისთვის, რომელშიც მხოლოდ ყველაზე ძლიერი გადარჩება.
1. საქართველო
ამერიკის დაღმასვლა ამ პატარა კავკასიურ სახელმწიფოს რუსეთის პოლიტიკური მუქარებისა და სამხედრო აგრესიისთვის მოწყვლადს გახდის. 1991 წლის შემდეგ შეერთებული შტატები საქართველოს 3 მილიარდი დოლარით დაეხმარა – აქედან ერთი მილიარდი დოლარი 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ გამოუყო. ამერიკის დაღმასვლა დამატებით შეზღუდავს შეერთებული შტატების შესაძლებლობებს, და შეიძლება თავისთავად გამოიწვიოს ის, რომ რუსეთს გავლენის ძველი სფეროს აღდგენა მოუნდეს. მეტიც, რუსეთის ყოფილ და მომავალ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სერიოზული პერსონალური ზიზღი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
საფრთხე: რუსეთის დომინირებას ევროპისკენ მიმავალ სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანზე, შესაძლოა ეროპაზე ზეწოლის გაძლიერება მოჰყვეს, რომ ამ უკანასკნელმა მოსკოვის პოლიტიკური დღის წესრიგი გაიზიაროს; დომინოს ეფექტი აზერბაიჯანზე.
2. ტაივანი
1972 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა ფორმალურად გაიზიარა მატერიკული „ერთი ჩინეთის“ ფორმულა, რომლის თანამხად არცერთ მხარეს არ უნდა ეცადა სტატუს-ქვოს ძალით დარღვევა. თუმცა პეკინი, ძალის გამოყენებას რეზერვში ინახავს, რაც ვაშინგტონს აძლევს იმის შესაძლებლობას გაამართლოს ხანგრძლივი პერიოდის განამავლობაში ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის ფაქტი. ბოლო წლებში ტაივანის და ჩინეთის ურთიერთობა გაუმჯობესდა. თუმცა ამერიკის დაღმასვლამ შეიძლება გაზარდოს ტაივანის მოწყვლადობა, რაც ტაიბეის ლიდერებს პირდაპირი ჩინური ზეწოლისა და ეკონომიკურად წარმატებული ჩინეთისადმი მიდრეკილს გახდის. ამან, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება დააჩქაროს გაერთიანების ვადები, მაგრამ არათანაბარ პირობებში მატერიკის სასარგებლოდ.
საფრთხე: სერიოზული დაპირისპირების რისკი ჩინეთთან.
3. სამხრეთ კორეა
მას შემდეგ, რაც 1950 წელს, საბჭოთა და ჩინური შეთქმულების შედეგად, ჩრდილოეთ კორეა თავს დაესხა სამხრეთ კორეას, შეერთებული შტატები სეულის უსაფრთხოების გარანტიაა. სამხრეთ კორეის ეკონომიკური აღმასვლა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა შეერთებული შტატების ჩართულობის წარმატებაზე მიუთითებს. თუმცა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის წინააღმდეგ მთელი რიგი პროვოკაციები დადგა, დაწყებული მისი კაბინეტის წევრების მკვლელობებით დამთავრებული სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვით 2010 წელს. ასე რომ, ამერიკის როლის შესუსტება სამხრეთ კორეას მტკივნეული არჩევანის წინაშე დააყენებს: ან უნდა გაიზიაროს ჩინეთის რეგიონალური დომინირება და შემდგომშიც ჩინეთის იმედზე იყოს, რითაც ბირთვულ ჩრდილოეთს მოთოკავს, ან შეეცადოს უფრო ძლიერი, თუმცა ისტორიულად არაპოპულარული, ურთიერთობის დამყარებას იაპონიასთან საერთო დემოკრატიულ ღირებულებების და ფხენიანისა და პეკინისგან აგრესიის შიშის ფონზე.
საფრთხე: სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოება კორეის ნახევარკუნძულზე; ჩვეული ნდობის კრიზისი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში არსებული ამერიკული ვალდებულებების სანდოობის მიმართ.
4. ბელორუსი
საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, ევროპის უკანასკნელი დიქტატურა პოლიტიკურად და ეკონომიკურად კვლავ რუსეთზეა დამოკიდებული. მისი ექსპორტის ერთი-მესამედი რუსეთში მიდის, რომელზეც ის ფაქტობრივად მთლიანად არის დამოკიდებული ენერგეტიკული თვალსაზრისით. იმავდროულად, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 17 წლიანი დიქტატურა დაბრკოლება იყო დასავლეთთან რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის. შესაბამისად, ამერიკული გავლენის შესამჩნევი დაღმასვლა რუსეთს ფაქტობრივად ბელორუსიის ხელახლა გადაყლაპვის სერიოზულ შესაძლებლობას აძლევს.
საფრთხე: მეზობელი ბალტიის სახელმწიფოების, განსაკუთრებით ლატვიის უსაფრთხოება.
5. უკრაინა
კიევის ურთიერთობა მოსკოვთან ისევე მიდრეკილი იყო დაძაბულობისკენ, როგორც დასავლეთთან – მერყეობისკენ. 2005, 2007 და 2009 წლებში რუსეთი ან იმუქრებოდა ან წყვეტდა უკრაინის გავლით ნავთობის და ბუნებრივი გაზის ტრანზიტს. ახლახანს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ზეწოლა განხორციელდა, რათა მას რუსეთის სამხედრო ბაზისთვის უკრაინის შავი ზღვის სევასტოპოლის პორტში იჯარის ლიცენზიის ვადა კიდევ 25 წლით გაეხანგრძლივებინა და ეს რუსეთიდან ენერგომატარებლების შეღავათიანი ფასით მიწოდების სანაცვლოდ. კრემლი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ეს უკანასკნელი რუსეთთან „ერთიან ეკონომიკურ სივრცეს“ შეუერთდეს, და იმავდროულად ნელ-ნელა კიევს, მის საკვანძო ინდუსტრიულ აქტივებზე, რუსულ ფირმებთან გაერთიანებისა და შერწმის გზით პირდაპირი მმართველობის შესაძლებლობას ართმევს. ამერიკის დაღმასვლის პირობებში, ევროპას იმის ნაკლები ნება და შესაძლებლობა ექნება ხელი გაუწოდოს უკრაინას და ჩართოს ის გაფართოვებულ ევროპულ თანამეგობრობაში, რითაც კიევს რუსული პროექტებისთვის მოწყვლადს ტოვებს.
საფრთხე: რუსეთის იმპერიული ამბიციების განახლება
6. ავღანეთი
ცხრაწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ საბჭოთა კავშირთან, საბჭოთა ჯარების გასვლიდან ათი წლის განმავლობაში დასავლეთისგან იგნორირებული, უნიჭოდ მართული შუასაუკენეობრივი თალიბანისგან, იმედგაცრუებული ათწლიანი არსრულყოფილი ამერიკული ოპერაციებითა და ფრაგმენტული ეკონომიკური დახმარებებით, ავღანეთი ნანგრევებშია. 40%-იანი უმუშევრობით და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით მსოფლიო რეიტინგებში 125-ე ადგილზე მყოფ ავღანეთს მცირე ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს, მისი არალეგალური ნარკოვაჭრობის მიღმა. სწრაფი გათავსუფლება ამერიკული ჯარებისგან, რაც გამოწვეული იქნება ომისგან დაღლით ან ამერიკული დაღმასვლის ეფექტებით, დიდი ალბათობით დასრულდება შიდა დაშლილობით და მეზობელ ქვეყნების შორის ავღანეთში გავლენის მოპოვებისთვის თამაშებით. ქაბულში ეფექტური, სტაბილური მთავრობის გარეშე, ქვეყანა შეიძლება დაპირისპირებული საველე მეთაურების ხელში აღმოჩნდეს. ავღანეთში გავლენისთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტები როგორც ჩანს იქნებიან პაკისტანი და ინდოეთი, შესაძლოა ირანთან ერთად.
საფრთხე: თალიბანის აღორძინება; წარმომადგენლობითი ომი ინდოეთს და პაკისტანს შორის; სამოთხე საერთაშორისო ტერორიზმისთვის.
7. პაკისტანი
მართალია, ისლამაბადი 21-ე საუკუნის ბირთვული იარაღითაა შეიარაღებული და გვიანი მე-20 საუკუნის პროფესიონალური არმია ჰყავს, პაკისტანის დიდი ნაწილი ჩამორჩენილი, სასოფლო-სამეურნეოა და დიდწილად რეგიონალური და თემური იდენტობით ხასიათდება. ინდოეთთან კონფლიქტი პაკისტანის ეროვნული იდენტობის არსს განსაზღვრავს, მაშინ როდესაც ქაშმირის ძალადობრივი გაყოფა ღრმა და საყოველთაო ანტიპათიის საფუძველია. პაკისტანის პოლიტიკური არასტაბილურობა მისი უდიდესი მოწყვლადობის მიზეზია, და შეერთებული შტატების გავლენის შემცირება შეზღუდავს ამერიკის უნარს დაეხმაროს პაკისტანის კონსოლიდაციას და განვითარებას. ასეთ შემთხვევაში, პაკისტანი შეიძლება სამხედროების მართულ, რადიკალურ ისლამისტურ სახელმწიფოდ გარდაიქმნას, სახელმწიფოდ, რომელშიც მივიღებთ ერთდროულად შერეულ სამხედრო და ისლამისტური მმართველობას, ან „სახელმწიფოს“ ზოგადად ცენტრალური მთავრობის გარეშე.
საფრთხე: ბირთვული სამხედრო მმართველობა; სამხედრო ისლამისტური, ანტიდასავლური, ირანის მსგავსი ბირთვული იარაღით შეიარაღებული მთავრობა; რეგიონალური არასტაბილურობა ცენტრალურ აზიაში, ძალადობის პოტენციური გავრცელების საფრთხით ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთისკენ.
8. ისრაელი და დიდი ახლო აღმოსავლეთი
ამერიკის დაღმასვლას ისეთი ტექტონური ძვრების გამოწვევა შეუძლია, რომელიც შეარყევს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ სტაბილურობას. რეგიონის ყველა სახელმწიფო მოწყვლადია სხვადასხვა ხარისხის შიდა პოპულისტური ზეწოლების, სოციალური არეულობების, და რელიგიური ფუნდამენტალიზმისთვის, როგორც ეს 2011 წლის დასაწყისის მოვლენებმა ცხადყო. თუკი ამერიკის დაღმასვლას ადგილი ექნება ისე, რომ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი გადაუჭრელი დარჩება, და ვერ მოიძებნება ორივე სახელმწიფოსთვის მისაღები თანაარსებობის ფორმა, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონის პოლიტიკურ ატმოსფეროს. რეგიონული მტრობა ისრაელის მიმართ გაძლიერდება. ამერიკის დასუსტების განცდამ, რეგიონის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ირანს ან ისრაელს შეიძლება ისეთი ცდუნებისკენ უბიძგოს, როგორიცაა მოსალოდნელი საფრთხეების გაუქმება. და ტაქტიკური უპირატესობისთვის ბრძოლამ შეიძლება ჰამასის და ჰეზბოლას პროვოცირება დააჩქაროს, რაც უფრო ფართო და სისხლიან სამხედრო შეტაკებებში გადაზრდება. ისეთი სუსტი ერთეულები, როგორებიც არიან ლიბანი და პალესტინა სამოქალაქო მსხვერპლის მხრივ ყველაზე მეტად დაზარალდებიან. კიდევ უარესი, თუკი ასეთი კონფლიქტები მართლაც სასტიკ მასშტაბებს მიაღწევს ირანს და ისრაელს შორის დარტმებითა და კონტრდარტყმებით.
საფრთხე: ისრაელის ან შეერთებული შტატების პირდაპირი კონფრონტაცია ირანთან; ისლამისტური რადიკალიზმის და ექსტრემიზმის ნაკადის ზრდა; ამერიკის სპარსეთის ყურის მოკავშირეების მოწყვლადობა.
foreignpress.ge
945
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85