ნათია დოლიძე, "ყველა სიახლე"
პოლიტიკური საკითხი, რომელზეც 2011 წელს ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება გახლდათ. ჯერ "ოპოზიციური რვიანი" ცდილობდა ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევას, შემდეგ - "ექვსიანი", თუმცა მიღწეული შედეგით მხოლოდ ხელისუფლება დარჩა კმაყოფილი. საბოლოოდ ის ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებიც ხელისუფლებას შეუთანხმდნენ, შეიძლება ითქვას, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საარჩევნო კოდექსში, კანონში "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" და სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც.
"გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობაზე. ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიური გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას." - ეს არის ამონარიდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომლითაც გაკრიტიკებულია იურიდიული პირებისთვის პარტიათა დაფინანსების აკრძალვის რეგულაციისთვის ლამის უკუქმედების ძალის მინიჭება. ამ განცხადებას 2011 წლის მიწურულს კიდევ ერთი სკანდალი მოჰყვა, როდესაც სამი მოსმენით მიღებულ კანონში გაქრა ერთი სიტყვა, რამაც არსებითად შეცვალა საკანონმდებლო ნორმის შინაარსი. ამ საკითხებზე ექსპერტ-კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით.
- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოტივით ბოლო ხანს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს?
- სამწუხაროდ, ამ ცვლილებების შედეგად მივიღეთ არა გაუმჯობესებული, არამედ გაუარესებული საარჩევნო გარემო. შესაბამისად, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". ეს უპირველესად ეხება ზოგადად პარტიების დაფინანსების მკვეთრ შეზღუდვას და უშუალოდ არჩევნებისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის გზების მკვეთრად შემცირებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მკვეთრად გაუარესდა არასამთავრობო სექტორის მდგომარეობა. შემოღებულია სრულიად ორაზროვანი და გაუგებარი რეგულაციები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად გაურთულებს მუშაობას.
მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო კამპანიისას მკვეთრად იზრდება ამ ორგანიზაციების როლი საარჩევნო პროცესის მონიტორინგის თვალსაზრისით. როგორც წესი, ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევების დიდი წილი ხელისუფლებაზე მოდის. ასეთი დარღვევების აღმოჩენისა და შეფასების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობით, ძალიან ადვილად მოახერხებს ხელისუფლება დაადანაშაულოს ეს თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიმე პარტიასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირში. ასეთ შემთხვევაში ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაფინანსების თვალსაზრისით ამოქმედდება ის შეზღუდვები, რაც პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედებს, ანუ ისინი ვეღარც უცხოეთიდან მიიღებენ თანხებს და ვერც ადგილობრივი იურიდიული პირებისგან. ამან შეიძლება სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს არასამთავრობო სექტორი.
- ცნობილია, რომ იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვა მოიწონა ვენეციის კომისიამ.
- როდესაც ვლაპარაკობ პარტიების დაფინანსების შეზღუდვასა და მის უარყოფით მხარეებზე, არა მხოლოდ იურიდიული პირების მიერ დაფინანსების აკრძალვას ვგულისხმობ. რასაკვირველია, ეს სერიოზული დარტყმაა პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ გაცილებთ საგანგაშოა ამ "ნაციონალური" საკანონმდებლო ნოვაციების სხვა ნორმები. მაგალითად ის, რომ ფიზიკურ პირებსაც მნიშვნელოვნად ეზღუდებათ არა მხოლოდ პარტიებისთვის შეწირულობის გაღების, არამედ საჩუქრის ან სესხის მიღების უფლება. ეს შეიძლება შეფასდეს ფიზიკური პირის მოსყიდვად და ამ ადამიანს დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან ამა თუ იმ პარტიასთან, შეეზღუდებათ სესხის აღების შესაძლებლობა, მაგალითად, ბინის მშენებლობისთვისაც კი. სამწუხაროდ, ხელისუფლების მოქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ნორმები ამოქმედდება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოზიციაზე მყოფი ადამიანების მიმართ. ცვლილებათა ეს ნაწილი არის გაცილებით სახიფათო, რადგან ეს შეიძლება შეეხოს საქართველოს უამრავ მოქალაქეს.
- როგორც უკვე აღნიშნეთ, ერთ-ერთი რეგულაციით, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში დაისჯება არა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ რიგითი მოქალაქეც. რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა იმისთვის, რომ მისი მოქმედება დანაშაულად არ შეფასდეს?
- ბედნიერი ვიქნებოდი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რომ შემეძლოს... ისე ორაზროვნად არის ფორმულირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომ სავარაუდოდ, ხელისუფლებას მიღებული ნორმების შერჩევით გამოყენების შესაძლებლობა ექნება. ვთქვათ, საზოგადოებისთვის ცნობილმა რომელიმე პოლიტიკურმა ფიგურამ ან რომელიმე პარტიის წევრმა ქუჩაში მათხოვარს ფული მისცა, თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ მან ფული პარტიის სახელით გაიღო, შესაბამისად, პასუხი აგებინონ პარტიასაც და იმ გაჭირვებულ ადამიანსაც სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მკითხველს მხოლოდ ის შემიძლია ვურჩიო, რომ რაც უნდა უჭირდეთ, არ მიადგნენ რაიმეს სათხოვნელად არც ერთ მეტ-ნაკლებად ცნობილ პირს, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია პოლიტიკასთან. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ პოლიტიკურ პარტიებსაც.
- ბატონო ვახტანგ, დიდი ხმაური მოჰყვა "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთაგან ერთ ნორმას ლამის უკუქმდების ძალა მიანიჭეს, თუმცა დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა ვერ გაიგეს ცვლილების არსი და არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს.
- თუ ისე დაწერეს კანონი, რომ ერთს ფიქრობდნენ, მეორე გამოუვიდათ და მთელმა საზოგადოებამ სწორედ მეორენაირად გაიგო, მათ შორის ამერიკის ელჩმაც, ეს იმაზე მიუთითებს, რომ წერა-კითხვა უჭირთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ აქ ასეთ შეცდომასა და უცოდინარობასთან კი არ გვქონდა საქმე, არამედ აპირებდნენ კანონისთვის უკუქმდების ძალა ამგვარი შეფარული ფორმით მიენიჭებინათ. ამას ადასტურებს იმ დეპუტატის განცხადებები, ვინც თავდაპირველად ამგვარი ინიციატივით გამოვიდა, ვგულისხმობ კობა ხაბაზს, რომელიც იმ ჩანაწერით, საიდანაც შემდეგ სიტყვა "ამ" გააქრეს, რითაც არსებითად შეიცვალა აზრი, თავდაპირველად ძალიან კმაყოფილი იყო. ახლა რაღას არ იგონებენ კანონიდან სიტყვის გაქრობის ასახსნელად. ჩემი აზრით, ამის უმთავრესი მიზეზი იყო სწორედ ჯონ ბასის განცხადება და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი აქტიურობა. ის, თუ როგორ გაქრა ეს სიტყვა, გამოსაძიებელია, მაგრამ, ჩემი აზრით, პრობლემა სხვა რამეა.
ამ კანონიდან უკუქმედება სრულიად არ გამქრალა. მართალია, კანონის მიღებამდე იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის ფულის გადარიცხვა უკანონოდ აღარ ჩაითვალა, მაგრამ სანქციის ნაწილი დარჩა. ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ეს თანხები რაიმე კანონდარღვევით არის მიღებული, მაშინ ამოქმედდება ახალი კანონით დაწესებული სანქცია, რაც სრულიად მიუღებელია. სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად, არ შეიძლება სანქციის დაწესება ისეთ მოქმედებაზე, რომელიც იმ მოქმედების განხორცილებისას კანონის დარღვევად არ მიიჩნეოდა. ხელისუფლებას ამოძრავებს მოკლევადიანი მიზანი, რომ ოპოზიციურ პარტიებს რაც შეიძლება მეტად შეუზღუდოს მოქმედების შესაძლებლობა, არჩევნებისთვის რომ სათანადოდ ვერ მოემზადონ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებამ. აქამდე ხელისუფლებას ჰქონდა მონოპოლიური მდგომარეობა, საარჩევნოდ დიდი ოდენობით თანხა მიეღო.
- თუმცა ხომ ფაქტია, რომ ამ კანონით "ნაციონალურ მოძრაობასაც" გვარიანად შეეზღუდება შემოსავლები?
- გეთანხმებით, შეეზღუდება ლეგალური შემოსავლები, მაგრამ ის ფინანსური ნაკადები, რაც ხელისუფლების ყულაბაში მიდიოდა, ნაწილობრივ ხომ არალეგალური და აღურიცხავი ფული იყო. იმ სუბიექტებს, რომლებიც ოფიციალურად რიცხავდნენ "ნაცმოძრაობის" საარჩევნო ფონდში ფულს, არაოფიციალურად სხვა გზებითაც უწევდათ ამ პარტიისთვის ხელის გამართვა. აქამდე ხელისუფლება მოქმედებდა ორმაგი სტანდარტით: როდესაც მისიანი არღვევდა კანონს, თემიდა ამ კანონდარღვევაზე თვალს ხუჭავდა, ხოლო თუ კანონს არღვევდა მოწინააღმდეგე, თემიდა მთელი ძალით იწყებდა მოქმედებას ამის აღსაკვეთად. ახლა რა დაუდგება წინ სააკაშვილს და მის გუნდს? ხომ აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლებას ნაკლებად აწუხებს საარჩევნოდ თანხების აკუმულირების საკითხი. როგორც ჩანს, ის ამ თანხებს მაინც მოაგროვებს, მაგრამ ოპოზიციას შეექმნება პრობლემები.
- როგორ ფიქრობთ, როგორი პოლიტიკური წელიწადი გვექნება? ბევრი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ვადაზე ადრე გაიმართოს.
- რაც შეეხება არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, ამას არ გამოვრიცხავ, ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის არც მორალურად და არც ტექნიკურად არ არის დაბრკოლება. ერთი ზარი და, საპარლამენტო უმრავლესობა ერთხმად გადაწყვეტს ამ საკითხს. სააკაშვილის ხელისუფლებას კარგა ხანია ხელში უჭირავს მაკრატელი, წებო და კონსტიტუციას ისე ჭრის და კერავს, როგორ მოეპრიანება. მოკლედ, არჩევნებს, როცა მათთვის ხელსაყრელი იქნება, მაშინ დანიშნავენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ საამისოდ შემოდგომა უნდა აძლევდეთ ხელს. თუმცა დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2012 პოლიტიკურად ძალიან დაძაბული და რთული იქნება. ველი ბევრ მოულოდნელ მოქმედებას როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციისგან, რომელიც ძალიან უნდა გაფრთხილდეს და ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგებს მოერიდოს. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში კი საკანონმდებლო ჭრა-კერვა კვლავაც გაგრძელდება.
894
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85