ადეიშვილის გამოსავალი

ადეიშვილის გამოსავალი

მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო, სახელისუფლებო კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების ნაციონალებისთვის სასარგებლოდ ჩატარების პასუხისმგებლობა თავის თავზე იუსტიციის მინისტრმა აიღო და ყველა ცვლილება, რაც ახალ „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერა, მისი ინიციატივა იყო. ეს ინფორმაცია კი ამ რეფორმაზე მუშაობისას ნელ-ნელა დადასტურდა.

თავად „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები, რაც თავის დროზე ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმდა, რეალურად არც უკეთესობისკენ ცვლიდა საარჩევნო გარემოს და არც უარესობისკენ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ პრობლემები სულ სხვა მიმართულებებით არსებობს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნების დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის არათანაბარი პირობები იყო. ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებით ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, დამატებითი დაფინანსება მისდიოდა ბიზნესიდან, რასაც არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ, არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშებიც ადასტურებს. რეალურად ყველა პარტია ერთად ვერ ახერხებდა იმდენის დახარჯვას, რასაც ხარჯავდა სახელისუფლებო პარტია.

მას შემდეგ კი, რაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ივანიშვილმა გამოთქვა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლებისთვის რეალური კონკურენციის გაწევას შეძლებდა. თუმცა, პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა ძალიან მალე ჩამოართვა და ამით პოლიტიკაში მონაწილეობისა და დაფინანსების უფლება წაართვა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ამ აკრძალვების გაუქმებას და საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალების მიცემას ითვალისწინებდა. 

ამის მიუხედავად, ივანიშვილს პარტიების იურიდიული პირების მეშვეობით დაფინანსების საშუალება რჩებოდა. თუმცა, გამოსავალი ხელისუფლებამ იმაში იპოვა, რომ  2012 წლის 1 იანვრიდან პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებსაც აეკრძალებათ. ანუ, ივანიშვილის პარტნიორები დაფინანსებას ამ გზითაც ვეღარ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა პირველად სწორედ იუსტიციის სამინისტროდან გაჟღერდა, როდესაც ადეიშვილის წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ამ აკრძალვის დაწესების შესახებ. მანამდე კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან არაოფიციალური საუბრისას დაიტრაბახა, რომ იუსტიციის სამინისტრო პარტიების დაფინანსების ახალ წესზე მუშაობს და ამის მერე ვნახოთ, ვინ ვის დააფინანსებსო.

მართალია, ამ ინიციატივას საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა, მაგრამ ხელისუფლებამ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ისე გაგზავნა, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.  

გარდა ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ისეთი აკრძალვები დაწესდა პოლიტიკური პარტიებისთვის და ამ აკრძალვების დარღვევისთვის ისეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები, საარჩევნო რეგისტრაციაში არგატარებიდან დაწყებული და 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით დამთავრებული, რომ რეალურად პარტიები დაფინანსების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტიის რიგითი წევრის ოჯახის წარმომადგენელს რაიმე ფორმით, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, ურთიერთობა აქვს რომელიმე იურიდიული პირის წევრთან, ამ იურიდიულ პირზეც ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც წესდება პარტიისთვის.

ამასთან, პარტიისთვის დაწესებული ფინანსური ლიმიტი შეეხება საარჩევნო სუბიექტებსაც. რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, რამდენი პარტიაც არ უნდა გაერთიანდეს, იმაზე მეტს ვერ დახარჯავს, რაც ერთი პარტიისთვის არის დაწესებული. ეს ლიმიტი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ით არის განსაზღვრული, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების თანახმად 53 მილიონამდე ლარს, დაახლოებით, 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ბლოკში შემავალი პარტიების მიერ დახარჯული თანხა აღემატება ამ ლიმიტს, მაშინ ბლოკს საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებენ.

ყველა ეს აკრძალვა 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, მაგრამ ხელისუფლებას გარკვეულწილად დაასწრო ივანიშვილმა და მის პარტნიორ ოთხ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არსებული იურიდიული კომპანიების მეშვეობით თითოს 1 მილიონ 100 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ეს ქმედება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით სრულიად კანონიერი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ მოინდომა, რომ კანონისთვის უკუძალა მიენიჭებინა და კანონში სათანადო ჩანაწერიც გაჩნდა მიუხედადვად იმისა, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს ეწინაღმდეგებოდა –  არ შეიძლება იმ ნორმას, რომელიც ვითარებას ამძიმებს, უკუძალა ჰქონდეს. ამას უკვე პროტესტი აშშ-ის მხრიდან მოჰყვა და ხელისუფლებამ სასწრაფოდ გააკეთა განცხადება, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია და უკვე გამოქვეყნებული კანონი შეცვალეს, რაც ისევ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევაა. ეს ყველა ხრიკი, ოფიციალურად, ადეიშვილს უკავშირდება, რადგან სწორედ მის უწყებაში ხდებოდა ეს ყველაფერი.

საბოლოოდ მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ პარტიების ფინანსური საქმიანობა მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს. ოფიციალური განცხადება ამის შესახებაც გაკეთდა, როდესაც პავლე კუბლაშვიულმა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ცესკოდან კონტროლის პალატაში გადატანა იმით ახსნა, რომ კონტროლის პალატა რეალურად შეამოწმებს პარტიების ფინანსურ ანგარიშგებას, რასაც ცესკო ვერ აკეთებდაო.

ცხადია, ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივი ასახსნელი იყო, რადგან ცესკოში გარეშე პირის დანიშვნა ძალიან მყვირალა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძნელად ასახსნელი იქნებოდა, კონტროლის პალატაში კი გაცილებით ადვილად მოხერხდებოდა და უნდა ითქვას, რომ ასეც მოხდა. პარტიების საქმიანობის ფინანსურ ზედამხედველობას ოფიციალურად კონტროლის პალატა, რეალურად კი - იუსტიციის სამინისტრო განახორციელებს.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელად სწორედ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, ნათია მოგელაძე წარადგინა. რაც მთავარია, ამ ინფორმაციის მოპოვებაც მხოლოდ „ფეისბუკის“ მეშვეობით გახდა შესაძლებელი, სადაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელს ამჟამინდელ სამსახურად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქვს მითითებული. მისი ბიოგრაფიული მონაცემები კი, ჟურნალისტების დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ ხმაურდება. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოგელაძე პროფესიით იურისტია და მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, პარტიებისთვის საინტერესო ინფორმაცია განთავსდება კონტროლის პალატის ვებ–გვერდზე. პარტიებს ექნებათ საშუალება, ნებისმიერი კითხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ გააგზავნონ კონტროლის პალატის ელექტრონულ მისამართზე. ამასთან, კონტროლის პალატამ ცხრილების სახით შეიმუშავა ანგარიშგების ფორმა, რომელიც განთავსებულია პალატის ვებ–გვერდზე. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ ინფორმაცია ნებისმიერი სახის შემოწირულობის მიღების შესახებ უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფორმით.   

კონტროლის პალატის ვებ–გვერდზე განთავსებულია ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პოლიტიკურ პარტიებს 2012 წლის 1 თებერვლამდე აქვთ. 

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დღეიდან პოლიტიკურ პარტიებს გაეგზავნათ შესაბამისი წერილები. მათ დაევალათ, გამოყონ პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირები პარტიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ბეჟაშვილის თქმით, ნებისმიერი შემოწირულობის შესახებ პოლიტიკურმა პარტიამ კონტროლის პალატას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემოწირულობის განხორციელებიდან 3 დღის ვადაში. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კი, ფინანსური ანგარიშები პარტიებმა სამ კვირაში ერთხელ უნდა წარადგინონ. 

რაც შეეხება პირველ ფინანსურ ანგარიშებს, კანონის მიღების შემდეგ პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან, ანგარიშები წარადგინონ 1 თებერვლამდე; ანგარიში უნდა მოიცავდეს 2011 წლის პირველი ნოემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდს. 

„ვფიქრობ, უზრუნველყოფილი იქნება ის მიზნები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ეს არის პოლიტიკური კორუფციის პრევენცია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სხვა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა. 

ადვილი მისახვედრია, რომ იუსტიციის მინისტრი ამ საკითხებს პირადად გააკონტროლებს და ახალი მეთოდები ნაციონალების მდგომარეობის შესანარჩუნებლად ვითარების მიხედვით იქნება მოძებნილი.

გარდა ამისა, კონტროლის პალატის მონიტორინგის ქვეშ მოექცევიან პარტიებთან დაკავშირებული პირებიც. კერძოდ, იურიდიულ პირი, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; იურიდიული პირი, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ, ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ და იურიდიული და ასევე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებული პირი, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ახალი კანონმდებლობის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

ამასთან, ამ პირებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ „კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით“ მიღებული და დაუხარჯავი თანხები დაებრუნებინათ მათი გამცემისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართულიყო.

თუმცა, გასულ წელს მოქმედი კანონით, ასეთ პირებს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ და, შესაბამისად, გაუგებარი რჩება, რომელი კანონის მოთხოვნის დარღვევით უნდა ჰქონდეთ თანხები მიღებული. 

ამ საკითხთან დაკავშირებით კი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პარტიებთან დაკავშირებული პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს კონტროლის პალატა მას შემდეგ დაიწყებს, რაც პარტიათა გასული წლის ანგარიშებს შეისწავლის. 

როგორც ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება, თუ რა ხარჯები და ტრანზაქციები განახორციელეს პარტიებმა 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ნათელი გახდება, თუ რა კავშირები შეიძლება არსებობდეს პარტიათა მხრიდან სხვა ორგანიზაციებთან და პოლიტიკურად აქტიურ პირებთან. 

ამასთან, მისივე თქმით, ასეთ პირებთან მიმართებაში, კონტორლის პალატას ცალკე რეგულაციები ექნება და შეიქმნება მათი რეესტრიც.

„ძირითად სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს კანონი, პოლიტიკური პარტიების შემოწმების შემდეგ კი გვექნება ნათელი წარმოდგენა და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული“, - განმარტა ბეჟაშვილმა.