პარლამენტარი თამაზ დიასამიძე „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ თაღლითობაში, ხელისუფლების უკანონოდ მითვისებაში ბრალს სდებს და ვითარების გამოსასწორებლად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
იმაზე, თუ რატომ არიან თაღლითები მმართველი პარტიის წევრები და როგორი ფორმითაა შესაძლებელი ვითარების გამოსწორება, თამაზ დიასამიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ. ცნობილია, რომ დიასამიძე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე თვით ადრე ჩატარებას ითხოვს.
რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბრის ნაცვლად უნდა ჩატარდეს მაისში, ხოლო საპრეზიდენტო 2013 წლის ოქტომბრის ნაცვლად ამავე წლის იანვარში?
თამაზ დიასამიძე: რადგან ამ საკითხის გახმაურებამ გარკვეული ვნებთაღელვა გამოიწვია, გთხოვთ, მომცეთ იმის საშუალება, რომ თქვენი მედიასაშუალებით მკითხველს დეტალურად ავუხსნა საქმის ვითარება. კონსტიტუციაში შექმნილია მისი ფუძემდებლური პრინციპების საწინააღმდეგო, პლებისციტის შედეგების უგულვებელმყოფელი, ფართო საზოგადოების აბუჩად ამგდები და კურიოზული ვითარება. კერძოდ:
1. 2008 წლის მაის–ივნისში არჩეული და უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტი, რომელიც კონსტიტუციის 49–ე მუხლით აირჩევა ოთხი წლის ვადით, მორიგ არჩევნებს უნდა ატარებდეს თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული (2012) წლის მაისში, მაგრამ კონსტიტუციაში დევს მოგვიანებით გაჩენილი მეორე, ასევე, იმპერატიული ნორმა (50–ე მუხლი), რომელიც პარლამენტის მორიგი არჩევნების ვადად უკანონოდ ადგენს მისი უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერს, რაც პარლამენტს უკანონოდ, ექვსი თვით უხანგრძლივებს თავისი უფლებამოსილების ვადას;
2. 2008 წლის იანვარში არჩეული და უფლებამოსილებაცნობილი პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის 70–ე მუხლის პირველი პუნქტით აირჩევა ხუთი წლის ვადით, მორიგ არჩევნებს უნდა ატარებდეს თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის (2013 წლის) იანვარში. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციაში დევს მოგვიანებით გაჩენილი მეორე, ასევე, იმპერატიული ნორმა (70–ე მუხლი), რომელიც პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ვადად უკანონოდ ადგენს მისი უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერს, რაც პრეზიდენტს უკანონოდ, ათი თვით უხანგრძლივებს უფლებამოსილების ვადას;
კონსტიტუცია (50-ე მუხლის მე-3 პუნქტი) მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში უშვებს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების თარიღის წინ გადაწევას და შესაბამისად, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდას და ისიც, მაქსიმუმ 60 დღით; ესეც იმ შემთხვევაში, თუ კარსმომდგარი არჩევნები ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას.
ცვლილება მოჩვენებითად ამკვიდრებს პარლამენტისა და პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მუდმივად შემოდგომაზე ჩატარების სამართლებრივ ტრადიციას. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით კონგრესისა და პრეზიდენტის არჩევნები შემოდგომაზე ტარდება, ვინაიდან არც კონგრესი დაითხოვება და არც პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები ტარდება (პრეზიდენტს, ხელახლა აურჩევლად, ვიცე-პრეზიდენტი ცვლის). საქართველოს კონსტიტუცია ამის გარანტიას საფუძველშივე არ იძლევა – ამ ორგანოების კონსტიტუციით დაშვებულ ვადამდელ არჩევნებს პირველი შემთხვევისთანავე სრულიად უბრალოდ შეუძლია დამკვიდრებული თუ სავარაუდოდ დასამკვიდრებელი ამ ტრადიციის დარღვევა და ახლად შემოღებული კონსტიტუციური ნორმების არარად ქცევაც.
პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები, როგორც მომეტებული ინტერესის მქონე, მგრძნობიარე საკითხი, კონსტიტუციაში ამდენ ხანს არსებულ უკანონობას (თანდართული ორაზროვნებით) ვერ ჰგუობს და გაურკვეველ მოლოდინს, დაძაბულობას აჩენს. ამის გამო, ხალხი, საარჩევნო-პოლიტიკური სუბიექტები ვერ ახერხებენ არჩევნების მიმართ დროულად, სწორი დამოკიდებულებისა და სტრატეგიის განსაზღვრას. მათ ვერაფრით გაურკვევიათ რომელია ამ ორგანოების არჩევნებისა და უფლებამოსილებათა ნამდვილი ვადები, რომელია მოახლოებული არჩევნები – მორიგი თუ ვადამდელი?
რა პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამგვარ რეალობას?
- ორივე ნორმა თვითნებურად, უფლებამოსილების გადამეტებითაა მიღებული და კვალიფიცირდება, როგორც ხელისუფლების მითვისების, უკანონოდ მოპოვების (მუხლი მე–5) მცდელობა. ნორმები რახანია „დაბინავებულია“ კონსტიტუციაში და მომართულია სამომავლოდ ასამოქმედებლად. ერთი ამოქმედებას იწყებს 2012 წლის ივნისის დასაწყისში, როცა ამოიწურება პარლამენტის კანონიერი კონსტიტუციური უფლებამოსილების ვადა, გადაიკვეთება მისი სადემარკაციო ხაზი და დაიწყება ძალაუფლების მიტაცება, რაც იმპიჩმენტის საკითხია. მეორე ნორმის მოქმედების სადემარკაციო ნიშნულია 2013 წლის იანვარი, მისგან გამომდინარე ანალოგიური შედეგებით.
როგორ გაჩნდა ეს ნორმები კონსტიტუციაში?
- ეს ყველაფერი დაიწყო 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონით, რომლის საფუძველზეც კონსტიტუციაში ერთდროულად შევიდა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული შემდეგი ორი ნორმა:
ა) 1041-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ერთდროულად – 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. ამ გადაწყვეტილებით 2004 წლის მარტში არჩეული და აპრილში უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადას თვითნებურად იხანგრძლივებდა 7-9 თვით.
ბ) 50-ე მუხლის მე-21 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-9 პუნქტით შემოღებული ნორმებით დადგინდა, რომ 2008 წლის შემდგომ პარლამენტისა და პრეზიდენტის ყოველი მორიგი არჩევნები ჩატარდებოდა მათი უფლებამოსილებათა ვადების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში; ეს კი ზედა პუქტში აღნიშნული ნორმის 2008 წლის შემოდგომაზე ამოქმედების შემთხვევაში ნიშნავდა, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2012 წლის ოქტომბერში, ხოლო პრეზიდენტისა – 2013 წლის ოქტომბერში.
როგორც ცნობილია, მაშინ საზოგადოება კატეგორიულად არ დაეთანხმა პარლამენტის არჩევნებისა და უფლებამოსილების ვადის უმართებულოდ გახანგრძლივებას და სამართლიანად მოითხოვა მისი კანონიერ ვადაში გადმოტანა, რასაც მოჰყვა 2007 წლის ნოემბრის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, 2008 წლის 5 იანვრისთვის ერთდროულად დანიშნული პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი. შედეგად, პრეზიდენტი არჩეულად გამოცხადდა ახალი, 5 წლის უფლებამოსილების ვადით, პლებისციტით კი ხალხმა დაადგინა არჩევნების ჩატარების კანონიერი ვადა – გაზაფხული.
ამის შემდეგ საქმე რთულად წარიმართა. მისი სერიოზული წარმატება იყო ის, რომ არსებითად ჩაიშალა 2006 წლის 27 დეკემბრის პოლიტიკური განზრახულობა და მოულოდნელად დადგინდა პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების ახალი ვადები, რასაც კონსტიტუციაში უნდა შეეცვალა ზემოაღნიშნული, უკვე მოძველებული სამი ნორმა (1041-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 50-ე მუხლის მე-21 პუნქტი და 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი).
მაგრამ, არჩევნების დროულად ჩატარებაზე აპელირებით, პარლამენტმა 2008 წლის 11 მარტს შეცვალა მხოლოდ ერთი – კონსტიტუციის 1041-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმა და პარლამენტის 2008 წლის არჩევნების ვადად დაადგინა მაისი, რაც ნიშნავდა, რომ კანონიერ კონსტიტუციური ჩარჩოში ექცეოდა პარლამენტის სადავო უფლებამოსილების ვადაც.
მოახლოებულ საარჩევნო კამპანიაზე კონცენტრირებულ ოპოზიციურ საზოგადოებრივ–პოლიტიკური ძალებს კი იმხანად სათანადო ძალისხმევა არ მიუმართავთ კონსტიტუციაში დანარჩენი ორი ნორმის შეცვლისათვის. ეს საქმე ახალი მოწვევის პარლამენტს მიენდო.
ოპოზიციამ ქვეყანაში კი შექმნა პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ მოუმზადებლობის გამო მისი ნაყოფით ვერ ისარგებლა. მას თავს მოახვიეს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები, რომელსაც იგი არ ითხოვდა, რისთვისაც, ხალხის ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, ბევრი თვალსაზრისით მოუმზადებელი იყო და ის ვერ მოიგო. ოპოზიცია სასტიკად დამარცხდა პარლამენტის ახალ არჩევნებშიც და 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტში 3/4–ის უმრავლესობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა.
მათ კონსტიტუციაში დღემდე 10 ცვლილება ისე განახორციელეს, რომ სრულიად შეგნებულად უცვლელად დატოვეს (ჩატოვეს) კონსტიტუციის ზემოაღნიშნული 50-ე მუხლის მე-21 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის უკვე რელიქტური ნორმები, რომლებიც ძველებურად ადგენდნენ პარლამენტისა და პრეზიდენტის მორიგი (შესაბამისად, 2012 და 2013 წ.წ.) არჩევნების ოქტომბერში ჩატარებას. შედეგად, 2008 წლის მაისის მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა ამჯერადაც წინასწარ ისევ უკანონოდ უგრძელდებოდა ექვსი თვით. უფრო მეტიც, უფლებამოსილების ვადა ათი თვით უგრძელდებოდა უკვე 2008 წლის იანვარში, ახალი ვადით არჩეულ და უფლებამოსილებაცნობილ პრეზიდენტსაც. გარდა ამისა, მათ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით (2010 წლის 15 ოქტომბრის, „კონსტიტუციურ რეფორმად“ ცნობილი, 2010 წლის 15 დეკემბრისა და 2011 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონები) უწინდებურად დააკონკრეტეს ამ ორგანოების არჩევის უკანონო ვადები.
როგორი პოზიცია ჰქონდათ ამ დროს ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციებს, სხვადასხვა არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებს „ნაციონალები“ საპარლამენტო უმცირესობის დაუხმარებლადაც იღებდნენ, ორივე ფრაქციამ - „ქრისტიან დემოკრატებმა“ და „ძლიერმა საქართველომ“ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს შესაშური ერთგულებით მხარი დაუჭირა.
რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ გარესაპარლამენტო საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ძალებს - მათმა უმრავლესობამ ამ საკითხზე ჯეროვანი რეაგირება ვერ მოახდინა, რამაც ფართო საზოგადოებაში სკეპსიზი გააჩინა. სტალინიზმის სენტენცია გაცოცხლდა გაცოცხლდა - არ არის კაცი, არ არის პრობლემა, რაც ახლებურად ნიშნავს - არ არის საზოგადოება, არ არის პრობლემა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მოხდა ისე, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა ხსენებულ საკითხზე თავისი წინამორბედის ანტიკონსტიუციური კანონშემოქმედება არხეინად გააგრძელა, იგი გააღრმავა და პარლამენტს გარდა, ამჯერად პრეზიდენტსაც უკანონოდ გაუგრძელა კონსტიტუციური უფლებამოსილების ვადა. „ნაციონალებმა“ კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, წინასწარ ისე გაიგრძელეს უფლებამოსილებათა (ხელისუფლებაში ყოფნის) ვადები ჯამში თითქმის წელიწადნახევრით (6+10 თვე), რომ საჯაროდ მისი ფორმალური დასაბუთებაც კი არ უცდიათ. „ნაციონალებმა“ სრული რევანში აიღეს და დაუბრუნდნენ 2006 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობას, უკეთესი მონაგრით. კონსტიტუცია კი თავიანთი პარტიის წესდებად აქციეს.
ამაში მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს ხედავთ?
- ეს არის პოლიტიკური თაღლითობის ქრესტომათიული ნიმუში, კლასიკური კორუფციული გარიგება. გარიგების ინიციატორი იყო პრეზიდენტი, რომელსაც თავისი ანგარიშები ჰქონდა. პარლამენტმა გარიგების გასაფორმებლად ნოტარიუსის როლი შეასრულა და შესაბამისი გასამრჯელოც აიღო. პრეზიდენტმა 2008 წლის იანვრის ვადამდელი არჩევნებით თავისი ადრინდელი უფლებამოსილების ვადიდან ერთი წელი დაკარგა. ამ გარიგებით კი ახალი უფლებამოსილების ვადა 10 თვით გაიგრძელა და განცდილი დანაკარგი თითქმის აინაზღაურა.
ამქვეყნად შემთხვევით და თავისით არაფერი ხდება. გარიგების სხვა მონაწილენი და მდუმარე მოწმენი გახდნენ ის ძალები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით იღებენ მეტ–ნაკლებ საბიუჯეტო დაფინანსებას და მას დამატებით 6 თვით იხანგრძლივებენ. მათ შორის ყველაზე მეტ საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ „ნაციონალები“ (2 მილიონზე მეტი ლარი, თუმცა მათ ხელშია მთელი სახელმწიფო შემოსავლებიც) და „ქრისტიან-დემოკრატები“ (1 მილიონი ლარი).
თუ პარლამენტის არჩევნები მაისში, კანონიერ ვადაში ჩატარდება, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პარტიები 6 თვის დაფინანსებას კარგავენ და ხელისუფლებას 6 თვით ადრე ეთხოვებიან. ახალი არჩევნების შედეგად პარლამენტში ხელახლა მოხვედრისა და ისევ დაფინანსების მიღების იმედი პარტიათა უმრავლესობას არ აქვს. ასევეა საქმე პარლამენტის წევრებთან დაკავშირებითაც. მათაც ხომ ექვსი თვით გაიგრძელეს თავიანთი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა და სადეპუტატო გასამჯელოს სახით მისაღები შემოსავალი, რომელიც ბევრი მათგანისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა?! მაისში არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მათი დიდი უმრავლესობა პარლამენტში უბრალოდ ვერ მოხვდება. ამდენად, აქ მოტივაცია წმინდა მერკანტელურია. თუმცა ეს „ნაციონალი“ დეპუტატების ქვემოდან ინიციატივა არ ყოფილა, ასე გადაწყიტეს ზემოთ და აღასრულებინეს.
როგორ შეიძლება აღდგეს კონსტიტუციური კანონიერება?
- კონსტიტუციაში სათანადო ცვლილების გზით ორივე, პარლამენტისა და პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ახლანდელი ვადები ერთადაა გადმოსატანი კანონიერ კონსტიტუციურ ვადებში. ეს ერთდროულად უნდა გაკეთდეს, მათი განცალკევება დაუშვებელია. მათ კანონის საფუძველზე ერთდროულად უნდა თქვან უარი თავიანთ უფლებამოსილებათა ვადების უკანონოდ გაგრძელებაზე.
საამისოდ პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობას, ანუ იმ სუბიექტებს, რომელთა ინიციატივით და მხარდაჭერით შევიდა კონსტიტუციაში ეს უკანონო ნორმები. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მათი კეთილი ნების გარეშე, კონსტიტუციური კანონიერება არ აღდგება.
ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად შეტანის გარკვეული უფლებამოსილება აქვს სახალხო დამცველსაც. განვლილი და ძვირადღირებული გზაა ამ საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა (პლებისციტი), რაც უკვე შემდგარია და მხოლოდ გადაწყვეტილებაა სრულად აღსასრულებელი.
არის, აგრეთვე, 200 000 ამომრჩევლის მიერ პარლამენტში შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირების გზა, რაც გრძელი, დამქანცველი და გამოსაყენებელია, სულ ბოლოს, როცა ამ მხრივ ყველა შესაძლებლობა ამოიწურება. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ გაექცევა ხალხის ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვასა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
რა გიპასუხათ სახალხო დამცველმა თქვენს მიმართვაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით?
- სახალხო დამცველს წერილით 2011 წლის 1 დეკემბერს მივმართე და ვთხოვე, ეფიქრა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეეტანაზე, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
რა შედეგით დასრულდა პარლამენტის სხდომაზე ამ საკითხის გატანა?
- პარლამენტმა მოკავშირე პარტიების „ფართო შეთანხმების“ საფუძველზე, 16 ნოემბრიდან ინიცირებული, ორი კონსტიტუციური კანონი მიიღო, რომელიც ისევ ადგენს პრეზიდენტის არჩევნების უკანონო ვადას (2013 წლის ოქტომბერს), მაგრამ კანონში პარლამენტის არჩევნების უკანონო ვადად 2012 წლის ოქტომბერი რატომღაც აღარ მიეთითება და იფარგლება მხოლოდ 2012 წლის მითითებით. პარლამენტში ამ საკითხის განხილვისას ამ უცნაურობაზე ასეთი პასუხი მივიღე: „თუ გინდათ შევცვლითო“, თუმცა უცვლელად დატოვეს. საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტისგან მოვითხოვე, პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებისა და უფლებამოსილებათა უკანონო ვადების გასწორება. საპასუხოდ საჯაროდ განაცხადეს, რომ არჩევნებს „დათქმულ“ ოქტომბერში ჩაატარებენ. კონსტიტუციაში არსებული ეს ნორმები კი წინა მოწვევის პარლამენტმა შეიტანა და ჩვენი რა ბრალიაო?! მოკლედ, საკითხი კიდევ უფრო გააბუნდოვანეს და საზოგადოების ნერვებზე ათამაშდნენ.
ცხადია, ფრიად ღიმილის მომგვრელია თუ „ნაციონალები“ აპირებენ პარლამენტის ე. წ. ვადამდელი არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნასა და ამისთვის თავიანთი სრული კონტროლის ქვეშ მყოფი, მაგრამ მომენტში უცნაურად „გაურჩებული“ პარლამენტის დათხოვნის ინსცენირებას. ასეთ შემთხვევაში, წესით არჩევნები უნდა ჩატარდეს დათხოვნიდან 60 დღეში. მოულოდნელობის ამ ეფექტმა, მათი აზრით, „ნაციონალებს“ დიდი უპირატესობას უნდა მისცეს მრისხანე „ქართულ ოცნებასთან“. სინამდვილეში პარლამენტის ე. წ. „ვადამდელი არჩევნების“ განაზრახი, ეს პარლამენტის მორიგი არჩევნების კანონიერი ვადაა, რომელიც განუყოფელია პრეზიდენტის არჩევნების მორიგ, კანონიერ ვადაში – 2013 წლის იანვარში ჩატარებასთან. ამდენად, პარლამენტის გაზაფხულზე ჩატარების სანაცვლოდ პრეზიდენტმა ხელი უნდა აიღოს თავისი კანონიერი უფლებამოსილების გარეთ მოპარულ 10 თვეზეც და იმავდროულად, თავისი არჩევნებიც კანონიერ ვადაში ჩაატაროს. ეს კი ნიშნავს, რომ „ნაციონალების“ უკანასკნელი „მოჰიკანი“ დიდ ხელისუფლებას, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის იანვარში დატოვებს.
თქვენთვის ცნობილია თუ არა კონსტიტუციონალისტების, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ამას არავითარი განსაკუთრებული ავტორიტეტი არ სჭირდება, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. ამ საკითხზე 26 დეკემბერს წერილით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობის ლიდერს, მოვუწოდე დროულად მიიღონ პოლიტიკურად და მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებები, ხელისუფლების ამ ორივე ორგანოს არჩევნების კანონიერ კონსტიტუციურ ვადებში გადმოსატანად. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.