რუსიკო მაჩაიძე, "რეზონანსი"
ივანიშვილის დაფინანსებაზე უარი, ნანა ალექსანდრიას გარდა, არავის უთქვამს. არადა, რამდენიმე დღის წინ კულტურის მინისტრი ირწმუნებოდა, რომ თეატრები ამ დაფინანსების მიღებაზე უარს ამბობდნენ. მაგრამ, როგორს ჩანს, ხელისუფლების და რიგითი მოქალაქეების, თუნდაც ეს იყოს ცნობილი მსახიობი თუ მომღერალი, სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ხალხის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა და მისი ფული ხელისუფლების მხრიდან რუსულ და კრემლის ინტერესების გამტარებლად მოინათლა. არადა, აქამდე იგი წლების განმავლობაში მუდმივად ქველმოქმედებით იყო დაკავებული. მისი აშენებულია თბილისში სამების საკათედრო ტაძარი, რესტავრირებულია არაერთი ისტორიულ-კულტური ძეგლი, მათ შორის თბილისის თეატრები და ოპერა, ეხმარებოდა საზოგადო მოღვაწეებსა და მწერლებს, აფინანსებდა თეატრებსა და მსახიობებს, ასევე რიგით ადამიანებს, სამთავრობო უწყებებს, მათ შორის თავდაცვის სფეროსა და პოლიციას.მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებამ აქცენტი მისი ფინანსების წარმომავლობაზე გააკეთა, მედიის მხრიდან დაისვა კითხვა, თუ მისი ფინანსები, როდესაც იგი ქველმოქმედებას ეწეოდა, რატომ არ იყო რუსული ინტერესების გამტარებელი.
ამ კითხვაზე კი ხელისუფლებას ასეთი პასუხი აქვს: "როდესაც იგი ქველმოქმედებას ეწეოდა, ის იყო ქველმოქმედება. მაგრამ მისი ქველმოქმედება დამთავრდა მაშინ, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი რუსული ფულით მოქალაქეების მოსყიდვას ცდილობს." (საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი).
ამის პარალელურად ხელისუფლების გადაწყვეტილებით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი გამკაცრდა. ამ ცვლილებებით იურიდიულ პირებს ეკრძალებათ როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ასევე პოლიტიკასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირების და ორგანიზაციების დაფინანსება.
იურისტები ყველაზე მეტად ამ ნორმას აკრიტიკებენ, რადგან, მათი თქმით, ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა თავად ნორმა "ირიბად დაკავშირებული" და ამასთან, ამ შეზღუდვის გამო, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ნებისმიერ გაერთიანებას და, მათ შორის, თეატრალურ საზოგადოებებსაც.
ხელისუფლების მხრიდან უკვე ღიად ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ ქართული კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს პოლიტიკის დაფინანსება ეკრძალება. შესაბამისად, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მას პარტიის არა მხოლოდ შექმნის, არამედ ნებისმიერი პარტიის დაფინანსების საშუალება შეუწყდა. მაგრამ არსებული კანონმდებლობით, მას საშუალება რჩებოდა, რომ იურიდიული პირების მეშვეობით დაეფინანსებინა. შესაბამისად, მას ეს საშუალებაც აღარ ექნება.
მაგრამ, ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა სახის გაერთიანებებს საერთოდ დაფინანსების მიღების პრობლემა შეექმნებათ.
ამის გამო კი პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. ხელისუფლების მხრიდან კი გაკეთდა განმარტებები, რომ ეს შეზღუდვა არ შეეხება კულტურის სფეროს გაერთიანებებს.
23 დეკემბერს კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თეატრების ხელმძღვანელები ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაზე უარს ამბობენ.
"სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში ჩათრეულნი არ აღმოჩენილიყვნენ და თავისი არტისტული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, თეატრის მმართველებმა გადაწყვიტეს, ბატონი ივანიშვილის ფონდის დაფინანსებაზე უარი ეთქვათ. ტრადიციულად, ისინი ყოველი წლის დასაწყისში ფონდს წერილით მიმართავდნენ, რომელიც შემდეგ ამ მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტულ თანხას გამოყოფდა. წელს თეატრების უმრავლესობა ასეთ მიმართვას აღარ გააკეთებს. ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია", - განაცხადა რურუამ და დასძინა, რომ "თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ივანიშვილის დახმარება შეუჩერდებათ, მათ შემწეობას სახელმწიფო გააგრძელებს, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა".
"ბუნებრივია, მათ სახელმწიფო ეხმარება და ამ დახმარებას გააგრძელებს. ივანიშვილის ფაქტორი აქ ძალიან პატარა მომენტია. ყველა თეატრალური დასის და სახელოვნებო ინიციატივების ძირითადი დამფინანსებელი ყოველთვის სახელმწიფო იყო. ივანიშვილის ქველმოქმედების წილი ცოტა არ იყოს, გამუქებულია. ეს შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა. რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ამას ნებაყოფლობით აკეთებ, მისასალმებელია, მაგრამ როცა მევახშე - ანგარიშს და ვალში მთელ ქვეყანას ითხოვ, თუნდაც 2-3 წლით, ეს უკვე ქველმოქმედება აღარაა", - განაცხადა რურუამ.
მსახიობთა ნაწილმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თეატრის ხელმძღვანელებს თავად არ მიუღით და მათ ხელისუფლება დახმარებაზე უარის თქმას აიძულებს. თავად თეატრის ხელმძღვანელები კი მაშინ ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობდნენ.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ივანიშვილის დახმარებაზე უარი არც ერთ თეატრს და არც ერთ ადამიანს არ უთქვამს.
როგორც ფონდში აცხადებენ, დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ცნობილმა მოჭადრაკემ, ნანა ალექსანდრიამ თქვა, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა. ფონდის ინფორმაციით, მან უარის შესახებ წერილობით ჯერ კიდევ შემოდგომით მიმართა, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა და მისი ფინანსებით ხელისუფლება განსაკუთრებით დაინტერესდა. დღეის მდგომარეობით კი მის გარდა დაფინანსებაზე უარი არავის არ უთქვამს.
953
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85