როგორც ჩანს, „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნებული კანონის ჩასწორების იდეა იუსტიციის მინისტრს ეკუთვნოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად იმ იდეაზე, რაც, ერთის მხრივ, პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების გართულებას გულისხმობს და, მეორე მხრივ, უკვე გართულებული წესებისთვის უკუძალის მინიჭებას.
პოლიტიკურ პარტიებს რომ დაფინანსების მიღება ურთულდებათ, ეს ცალსახად იუსტიციის მინისტრის იდეაა. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას გააჟღერა ის, რის გაკეთებასაც ხელისუფლება გეგმავდა.
მართალია, ამ იდეების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორიც გამოვიდა და ოპოზიციაც, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის მომხრე პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება მაქსიმალურად უნდა შეუზღუდოს.
აღსანიშნავია, ამასთან დაკავშირებით განცხადებები, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების გამკაცრება მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს უკავშირდება, თავად ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა.
მიღებული ცვლილებებით კი, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალება. ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში, საერთო ჯამში, მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება. მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 1 მილიონი ლარის ლიმიტის ფარგლებში.
პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1200 ლარს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს, რაც 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, დაახლოებით, 53 მილიონი ლარის ტოლია. ამის ზემოთ მიღებული თანხა კი ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს. საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად დამატებით წინასწარი განაცხადის გაკეთება იქნება აუცილებელი.
ამასთან, შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-% მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები.
პარტიის მიერ საწევროები, აგრეთვე მოქალაქეებისგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ხოლო პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკოს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.
პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა.
ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან.
ეს წესები ასევე გავრცელდება იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
ამასთან, ამ აკრძალვების დარღვევისთვის დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები, საარჩევნო რეგისტრაციაში არგატარებიდან დაწყებული და 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით დამთავრებული.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტიის რიგითი წევრის ოჯახის წარმომადგენელს რაიმე ფორმით, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, ურთიერთობა აქვს რომელიმე იურიდიული პირის წევრთან, ამ იურიდიულ პირზეც ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც წესდება პარტიისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამ აკრძალვებთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის გარკვეული დაზუსტებები გაკეთდა. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს დღესასწაულებზე შეეძლებათ საჩუქრების დარიგება 2 ათასი ლარის ფარგლებში, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში დარიგებული საჩუქრების ფასმა მთლიანად 60 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს.
თუმცა, უცვლელად დარჩა ის დებულება, რაც რიგითი ადამიანისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესებას ითვალისწინებს, თუკი პარტიის მხრიდან ისეთ საჩუქარს მიიღებს, რომელიც პარტიისთვის დაწესებულ ლიმიტს იქნება გადაცილებული.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ უწესებენ კანონმდებლები ფიზიკურ პირებს ვალდებულებას, განსაზღვრონ თუ რა ღირებულების საჩუქარს იღებენ და, ასევე, განსაზღვრონ, არის თუ არა მათთვის საჩუქრის გადაცემა პოლიტიკური მიზნის მატარებელი.
არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება ქვეყანაში ან მასობრივი დაჭერების პროცესს გამოიწვევს ან ადამიანები იმის შიშით, რომ არ დაიჭირონ, არც ერთ პოლიტიკოსთან არანაირ შეხვედრაზე აღარ მივლენ.
თავისთავად ამ აკრძალვებს, რომლებიც, ხელისუფლებისავე განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირდება, მიუღებელი აღმოჩნდა ექსპერტთა და არასათავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილისთვის. მაგრამ, ხელისუფლებისთვის ეს არგუმენტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.
რაც მთავარია, ამ ცვლილებების დამტკიცების ბოლო დღეს კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ეს აკრძალვები გავრცელდებოდა უკვე მიღებულ დაფინანსებაზე.
ასეთი პარტია კი, ნაცმოძრაობის გარდა, ბიძინა ივანიშვილის ოთხი პოლიტიკური პარტნიორი აღმოჩნდა, რომლებმაც 2011 წლისნოემბერ-დეკემბერში თითომ 1 მილიონ 100 ათასი ლარი მიიღო იურიდიული პირებისგან.
მართალია, ეს სრულიად კანონის დაცვით იყო გადარიცხული, მაგრამ კანონის ახალი ჩანაწერი შეზღუდვებს ამ თანხებზეც აწესებდა და კანონის დამტკიცების დღეს საპარლამენტო უმრალესობის ლიდერები სიამოვნებით ტრაბახობდნენ, ხომ მოუწევთ ამ პარტიებს ფულის დაბრუნებაო.
იმის გამო, რომ კანონის დამამძიმებელი ნორმისთვის უკუძალის მინიჭების პრეცედენტი მთელს საერთაშორისო იურისპრუდენციაში, ფაქტობრივად, არ არსებობს, ხრუშჩოვის ერთი შემთხვევის გარდა, საერთაშორისო საზოგადოება ამ ნორმის კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა.
მას შემდეგ კი, რაც თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ამ განცხადების შემდეგ კი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული კანონი შეიცვალა და ის სიტყვა, რაც უზრუნველყოფდა კანონისთვის უკუძალის მინიჭებას, გამოქვეყნებული კანონიდან გაქრა. არადა, მესამე მოსმენით მიღებულ კანონშიც და თავდაპირველად გამოქვეყნებულ კანონშიც ეს ჩანაწერი ნამდვილად იყო.
გამოქვეყნებულ კანონში რაიმე ჩანაწერი შეცვლა უკვე დანაშაულია, რადგან მიღებული კანონის ჩასწორების უფლება მხოლოდ პარლამენტს აქვს. ეს ყველაფერი კი, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ახალი წლის დღეებში დიდი სკანდალი მზადდებოდა. მაგრამ, იუსტიციის მინისტრმა გამოსავალი იმაში იპოვა, რომ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად მან „საკანონმდებლო მაცნეს“ მიღებული კანონის რედაქციულად ჩასწორების უფლება მისცა.
შესაბამისი ცვლილება „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
ცვლილებით და დამატებით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილი გახდა განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომის ან შეცდომების გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.
ადეიშვილის ეს გადაწყვეტილებას კი, პირველ რიგში, უკვე გამოქვეყნებული კანონის ჩასწორების ფაქტთან მივყავართ. მაგრამ, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, „შესაძლებელია, ეს ბრძანება სწორედ ამას უკავშირდებოდეს, მაგრამ ძალიან უნდა მოინდომო, რომ სიტყვა – „ამ“–ის ამოღება მიაკუთვნო რედაქციული ხასიათის შესწორებას. ეს არ არის არც ორთოგრაფიული და არც პუნქტუაციური შესწორება. ამიტომ ასეთი რამის გაკეთების ახსნა იმით, რომ ეს რედაქციული ხასიათის შესწორება იყო, ეს იქნება ყურით მოთრეული, ვინაიდან „ამ“-ის ამოღებით შეიცვალა შინაარსი.
როდის ჩაასწორეს, ამას სათანადო გამოძიება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, მესამე მოსმენით კენჭი რასაც ეყარა, განსხვავდება იმისგან, რაც იყო გამოქვეყნებული. ცხადია, ვინც ეს ჩაასწორა, ის იმოქმედებდა მხოლოდ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირის მითითებით, ვინაიდან ვერც ერთი ტექნიკური მუშაკი თავის თავზე ვერ აიღებდა ამ პასუხისმგებლობას და ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას. ფაქტია, რომ გაკეთდა ის, რისი გაკეთებაც არის კანონის დარღვევა და ეს როდის მოხდა, ამას საგანგებო გამოძიების გარეშე ვერ გავარკვევთ“, - აცხადებს ხმალაძე.
რაც შეეხება თავად მინისტრის ბრძანებას, რითაც „საკანონმდებლო მაცნეს“ რეალურად პარლამენტის, პრეზიდენტის და მინისტრების ფუნქცია მიენიჭა, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ „იუსტიციის მინისტრის ეს ბრძანება თავის შინაარსით ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე კანონს“.
როგორც იგი აღნიშნავს, კანონის მიღების პროცედურა განსაზღვრული არის კონსტიტუციით, სადაც წერია, რომ კანონს იღებს პარლამენტი. ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულია, როგორ ხდება კანონის მიღება და სრულიად ნათლად წერია, რომ კანონის მიღებისას რედაქციული ხასიათის შესწორებები შეიძლება გაკეთდეს მესამე მოსმენისას.
მესამე მოსმენის დროს კანონში არანაირი შინაარსობრივი ცვლილების შეტანა აღარ შეიძლება და ეს უნდა მიიღოს პარლამენტმა. ამის შემდეგ ნებისმიერი ცვლილება შეიძლება შეტანილი იქნას კანონში მხოლოდ ისეთივე პროცედურით, როგორც ხდება კანონის მიღება, თუნდაც ეს იყოს რედაქციული ხასიათის ცვლილება.
სწორედ ამიტომ, ხამალაძე აცხადებს, რომ „საკანონმდებლო მაცნესთვის“ ამ უფლების მინიჭება, ნიშნავს იმას, რომ მას აძლევენ პარლამენტის, პრეზიდენტის, მინისტრების კომპეტენციაში შეჭრის უფლებას, რაც კონსტიტუციის საწინააღიდეგოა, ვინაიდან კონსტიტუციითაა განსაზღვრული ეს უფლებები“.
გარდა ამისა, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, არამედ არის უაღრესად სახიფათოც, რადგან ტექნიკურმა მუშაკმა, შესაძლოა, სრულიად უნებლიედ, იმიტომ, რომ სწორედ ვერ გაიგო ნორმის შინაარსი, ამ პუნქტუაციური შესწორებით შეცვალოს ნორმა და მიიღოს სრულიად განსხვავებული შინაარსი, ვიდრე ამას კანონმდებელი აკეთებდა.
სწორედ ამიტომ, ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.
„მე მიმაჩნია, რომ ბრძანებაში ასეთი ნორმის ჩაწერა არის კანონსაწინააღმდეგო. ის უნდა იქნას გასაჩივრებული სასამართლოში და სასამართლოს ძალით უნდა იქნას გაუქმებული. მე უფრო მეტსაც ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ აქ, ერთი შეხედვით, არ ჩანს პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, სინამდვილეში ასეთი ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც, რადგან კონსტიტუციით არის განსაზღვრული პარლამენტის უფლება, მიიღოს და შეასწოროს კანონი. ასევე განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლება, გამოცეს ბრძანებულება, მინისტრების უფლება, გამოსცეს დადგენილებები და სხვა ნორმატიული ხასიათის ბრძანებები, რაც იმას ნიშნვს, რომ სხვას არავის აქვს ამის გაკეთების უფლება. ამიტომ, „საკანონმდებლო მაცნესთვის“ ამ უფლების მინიჭება არის პარლამენტის, პრეზიდენტის, მთავრობის კომპეტენციაში შეჭრის უფლების მინიჭება. ამიტომ ასეთი რამ, ჩემი აზრით, ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასაც და ასეთი გზით უნდა აღიკვეთოს უფლებების ასეთი აღრევა“, - აცხადებს ხმალაძე.
იურისტი კახი კახიშვილი კი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო მაცნისთვის ნორმატიულ აქტში შესწორების შეტანის უფლების მინიჭება, ბოროტად არ იქნება გამოყენებული.
როგორც კახიშვილი აღნიშნავს, წერტილს და მძიმესაც კი შეიძლება დოკუმენტის შინაარსში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. შესაბამისად, კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალში დოკუმენტის შინაარსობრივ შეცვლას საფუძვლად, სწორედ მაცნეს მიერ რედაქციული სახის შესწორების შეტანა დაედოს.
ამიტომ კახიშვილს იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო მაცნეს ახალი უფლებამოსილება, ბოროტად არ იქნება გამოყენებული. კახი კახიშვილი ხაზს უსვამს, რომ ნორმატიული აქტის, კერძოდ კი, კანონის რედაქციულად შესწორება, სწორედ პარლამენტის პრეროგატივაა პროექტის მესამე მოსმენისას.
„კარგი იქნებოდა პარლამენტს ფილოლოგების ჯგუფი ჰყოლოდა და მესამე მოსმენისთვის დოკუმენტი, სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე მომზადებულიყო, მაგრამ ხანდახან ისე ეჩქარებათ კანონის მიღება, ძნელად სავარაუდოა, რომ ფილოლოგების დასკვნას დაელოდონ ხოლმე“, - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ გასული წლის ბოლოს მომზადებული „სიურპრიზის“ შემდეგ, როდესაც პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონი, არათუ რედაქციულად, არამედ შინაარსობრივად შეიცვალა, არც უკანასკნელი გადაწყვეტილეება გასაკვირი.