კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"
საერთშორისო ასპარეზზე განვითარებულ პროცესების გათვალისწინებით, 2012 წელს საქართველოს უმთავრეს საგარეო გამოწვევებზე "ინტერპრესნიუსი" დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელს, ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, 2011 წელს ევროკავშირში, აშშ-ში, არაბულ სამყაროსა და საერთოდ, მსოფლიოში ისეთი პროცესები განვითარდა, აშკარაა, რომ 2012 წელი მრავალი თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული და გამორჩეულად საინტერესო უნდა იყოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენთვის საკმაოდ არასასურველი ვითარებები იქმნება. თქვენი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს 2012 წელს?
- ჩემი აზრით, 2012 წელი ძალიან რთული იქნება. რეტროსპექტულად რომ განვიხილოთ, 2011 წელს ყველაზე დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა "არაბულ გაზაფხულს". დღეს უკვე შეიძლება ვისაუბროთ "არაბული გაზაფხულის" შედეგებზე. "არაბულ გაზაფხულს" ის შედეგები მოჰყვა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ელოდნენ მისი ინიციატორები. პირველი და მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ ამ "გაზაფხულის" დისკრედიტაცია მოხდა. უკვე ირკვევა და ინიციატორებიც აღარ მალავენ, რომ არაბულ სამყაროში განვითარებული პროცესები გარედან იყო ინსპირირებული. ეს კი გაუჭრელ კოზირს აძლევს ადგილობრივ მმართველობას, ძირითადად დიქტატორულს, ტოტალიტარულსა და ავტორიტარულს. ხალხი კი არ გამოსულა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ხალხის გამოსვლა გარე ძალების ჩარევით მოხდა. არაძალადობრივი რევოლუციების თეორიების ავტორი, ამერიკელი პროფესორი შარპი, ამ თემაზე წიგნებს წერს.
ეგვიპტე არაბულ სამყაროში დასავლეთის მთავარი მოკავშირე იყო. არაბული გაზაფხულის შედეგად იმავე ეგვიპტეში ხელისუფლებაში "ძმები მუსლიმანები" მოვიდნენ. იწყება ეგვიპტის ისლამიზაციის ახალი ეტაპი. გასული საუკუნის 1952 წლიდან დაწყებული, ყოფილმა პრეზიდენტმა აბდალ ნასერმა მთელი სიცოცხე შეალია ისლამისტებთან ბრძოლას და ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მის მიერ თავის დროზე აკრძალულმა პარტიამ "ძმებმა მუსლიმანებმა", პირველივე არჩევნებში უმრავლესობით გაიმარჯვეს. ლიბიაშიც დემონსტრანტებს ხელში უკვე მუსლიმური მწვანე დროშები უკავიათ. სირიაში ბაშარ ასადი ჯერჯერობით ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას, მაგრამ ძნელია იმის თქმა, რომ ამას საბოლოოდაც შეძლებს. ოფთალმოლოგ ბაშარ ასადს, რომელსაც თავისი კლინიკა საფრანგეთში ჰქონდა, ისლამისტობას ვერავინ დასწამებს, მაგრამ ფაქტია, რომ იგიც ისლამისტთა შემოტევას დიდ ხანს ვერ გაუძლებს. არაბული ქვეყნების ლიგა, რომლის იდეოლოგიც და დამაარსებელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი, სერ ანტონ იდენი იყო, არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებს არაერთმნიშვნელოვნად აფასებს. დასავლეთი ასადს პირსისხლიან დიქტატორად წარმოაჩენს, მაგრამ ასადმა არაბულ ლიგას უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა მოვლენათა გარედან ინსპირირების შესახებ.
არაბულ სამყაროში პროცესები იმგვარად განვითარდა, რომ რუსეთს შანსი და ამბიცია გაუჩნდა, აღადგინოს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ხრუშჩოვის დროინდელი ვითარება მეორდება. მხედველობაში მაქვს ხრუშჩოვის მიერ არაბულ სამყაროში იარაღის შეტანა და არაბულ ქვეყნებში საბჭოთა ბაზების გაჩენა. რუსეთში რომ ამგვარი პროცესების განმეორების ილუზია გაჩნდა, ფაქტია. ეს ილუზიაა თუ რეალობა, ამას დრო გვიჩვენებს. შეიძლება დასავლეთს სანანებელიც კი გაუხდეს "არაბული გაზაფხულის" დადგომა. დასავლეთის სერიოზულ ანალიტიკურ წრეებში ბევრი მიიჩნევს, რომს ჯობდა, ერაყში ყოფილიყო ის რეჟიმი, რაც იყო, ვიდრე ქვეყანა საერთოდ განადგურებულიყო. მამა ბუშს ერაყში შესვლა და დიქტატორული რეჟიმის დამხობა შეეძლო, მაგრამ მაშინ მან ანალიტიკოსებს დაუჯერა და ერაყში არ შევიდა. ანალიტიკოსებმა კარგად იცოდნენ, რომ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, ერაყში სამოქალაქო ომი ათეული წლები გაგრძელდებოდა და საბოლოო ჯამში, იქ "ალ -ქაიდა" გაძლიერდებოდა. სხვათა შორის, ახლა ერაყში ასეც ხდება, რასაც დასავლეთი ცინიკურად არ ახმაურებს. ადრე ერთი ტერაქტიც არ რჩებოდა გაუშუქებელი, ახლა ამ პროცესებს ვიზუალური მასალის გარეშე, "სხვათა შორის" აშუქებენ.
- ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რა ხდება ევროპაში. შესაძლოა, ნაადრევი იყოს საუბარი, რომ ევროპა ერთიან და ძლიერ მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ ევროკავშირში განხეთქილება-უთანხმოების ნიშნები სულ უფრო აშკარა რომ ხდება, ფაქტია. გარდა ამისა, თქვენ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ მტკიცება, რომ ამერიკამ ნებაყოფილებით თქვა უარი ერთპოლუსიან მსოფლიოზე?
- ის, რომ ამერიკამ უარი თქვა მსოფლიოს ლიდერობაზე, მე, როგორც უკვე მომხდარ ფაქტად არ მიმაჩნია. ამერიკას მძიმე დღეები უდგას. ფინანსური კრიზისი ამერიკიდან წამოვიდა, ეს სულაც არ უწყობს ხელს ამერიკის ავტორიტეტის გაძლიერებას, მაგრამ ამერიკას ისეთი შინაგანი რესურსები აქვს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამერიკის დამაარსებელი მამები რა მტკიცე საშენი მასალით აშენებდნენ ახალ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასეთივე სიტუაციაში იყო აშშ გასული საუკუნის 30-იან წლებში, პრეზიდენტ რუზველტის მოსვლამდე. მაშინაც იყო პესიმისტური განწყობილებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკა გამოვა ამ კრიზისიდან.
რაც შეეხება ევროპას. როგორც ჩანს, ევროპა ამერიკის გარეშე არ იქნება ის ევროპა, როგორიც ჩვენ გვინდა იყოს და როგორც თავად ევროპელებს უნდათ. ევროპაში ყოველთვის იგრძნობოდა ცენტრიდანული ძალები. ევროპაში სიმშვიდის დამრღვევი მუდამ ბრიტანეთი იყო. თავის დროზე, ტყუილად არ იყო, რომ დე გოლი "საერთო ბაზარში" ინგლისის შესვლას დიდი ხნის მანძილზე ბლოკავდა. იგი ყოველთვის ეჭვით უყურებდა ინგლისელებში სისხლში გამჯდარ "ბრწყინვალე იზოლაციას". ახლაც ინგლისია პირველი შემაფერხებელი ახალი ფინანსური რეფორმის, რომლის ავტორი გერმანიის კანცლერი მერკელია. ამ გეგმებზე ინგლისმა უარი განაცხადა. ინგლისის პრემიერ-მინისტრი კამერონი ამბობს, რომ ბრიტანეთი ევროპაა, მაგრამ ლონდონი თავის სუვერენიტეტს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ევროზონის ინტერესებს და ფინანსურ რეფორმებს. რუსეთი რომ იმ მდგომარეობაში არ იყოს, რომელშიც არის, ჩვენ შეგვეძლო სალონური და მეცნიერული ინტერესი გამოგვეჩინა იმის მიმართ, რაც ევროპაში ხდება. ფაქტია, რომ ევროპაში რუსეთის ფაქტორი რიკოშეტით ჩვენც შეგვეხება. ევროპას დღეს უჭირს. იქ საკმაოდ დიდი ფინანსური კრიზისია.
- გასულ წელს, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, აშკარა იყო დოლარსა და ევროს შორის დაპირისპირება. თქვენი აზრით, რითი დასრულდება ევროსა და დოლარს შორის ჭიდილი?
- ჭიდილი ჯერჯერობით დოლარის სასარგებლოდაა, მაგრამ ევროპელების "ბროლის ოცნებაა", ევროპაში მთავარი სარეზერვო ვალუტა ევრო იყოს. ასე რომ, ამ პოზიციას ევროპელები ასე იოლად არ დათმობენ. ახლა ევროპის წამყვან ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, საარჩევნო ციკლი იწყება. არჩევნებია ამერიკაშიც. როგორც ჩანს, ევროკავშირს ძალიან უჭირს. ბრიუსელში არავის არ ეგონა, რომ ევროკავშირს ასე გაუჭირდებოდა ახალი წევრების "გადახარშვა". ჩვენთან არავის არ შეუწუხებია თავი, გაეანალიზებინა მაინც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა, როდესაც ერთი თვეც არ იყო გასული რუსეთ-ევროკავშირის სამიტიდან, პუტინზე უფრო უზრდელური და თავხედური ტონით რომპეის და ბაროზუს ლექცია წაუკითხა - თქვენ თავს მიხედეთ, თქვენ არავინ გეკითხებათ, ჩვენ რას ვაკეთებთ და როგორ არჩევნებს ვატარებთო. პუტინი კი მოსკოვიდან აცხადებს, რომ ევროპას უჭირს და ევროპა მუხლებზე დგას და დახმარებას რუსეთს სთხოვსო. ეს რომ მხოლოდ ხრუშჩოვის მსგავსი ტრაბახი იყოს, მაშინ ამაზე ჩვენ ირონიულად შეგვეძლო გვეცინა. ხრუშჩოვი დასავლეთს ემუქრებოდა, მე თქვენი მესაფლავე გავხდებიო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მისმა შვილმა ამერიკელებს თავშესაფარი სთხოვა და ახლა ამერიკაში მიღებული პენსიით ცხოვრობს. 60-იანი წლებთან შედარებით, ახლა ევროპაში აშკარად სხვა პერიოდია.
- ამას წინათ, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ჟურნალ "ნიუსვიკ პოლსკას" განუცხადა, რომ "პუტინი და მისი მეგობრები პოსტსაბჭოთა რეალობას არ იღებენ". თქვენი აზრით, რა შედეგებით დასრულდება პროცესები რუსეთში და როგორ აისახება ისინი საქართველოზე?
- ჩვენთან მიმართებაში ყველაფერი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. ბევრი რამ დამოკიდებულია თავად საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე, ადეკვატური იყოს ახალი გამოწვევების მიმართ და ასევე დასავლეთისა და ევროპის მზადყოფნაზე, გააგრძელოს საქართველოსთვის რეალური დახმარების კურსი და იაქტიუროს. ჩვენ არ შეიძლება უმადურები ვიყოთ როგორც ევროპის, ისე ამერიკის. დასავლეთი საქართველოს საკმაოდ ბევრს დაეხმარა, მაგრამ თუ ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას სჭირდება 100 კალორია და ჩვენ გვეხმარებიან და გვაძლევენ 60 კალორიას, ბუნებრივია, რომ გაწეული დახმარება ადამიანის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საკმარისი არაა. ასეთ დროს, გაწეული დახმარება ეფექტურობას კარგავს. მართალია, ნატო-ს სამი გენერალური მდივანი აცხადებდა, რომ ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, განსაზღვროს თუ ვის მიიღებს ალიანსი თავის რიგებში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველო ნატო-ში სწორედ რუსეთის პოზიციის გამო რჩება მიუღებელი.
არ ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორი თურქეთი მიიღო ნატო-მ თავის რიგებში გასული საუკუნის 1952 წელს. მე ვსაუბრობ გუშინდელ და გუშინწინდელ ამბებზე. რეფორმების გატარების თვალსაზრისით რას წარმოადგენს ალბანეთი საქართველოსთან შედარებით? არც არაფერს, მაგრამ იგი უკვე ნატო-ს წევრია. ევროპაში ჰეროინის 80% ალბანეთის მარშრუტით შედის. ალბანურმა მაფიამ წალეკა ევროპა. ფაქტია, რომ ევროპა რუსეთს ზომაზე მეტად უწევს ანგარიშს. თუ ადრე ევროპა რუსეთზე ენერგორესურსებით იყო დამოკიდებული, ახლა რუსეთის ხელში ენერგობერკეტს ემატება ფინანსური ბერკეტები. ახლა ყველაზე საშიში სწორედ ესაა. მედვედევიცა და პუტინიც ევროპას დახმარებას პირდებიან, ოღონდ ჩვენს საქმეებში ცხვირს ნუ ჰყოფთო.
- აშკარაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის არასახარბიელო ვითარება უკვე ჩამოყალიბებულია. ასეთ ვითარებაში, თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა ოფიციალური თბილისის საუკეთესო ნაბიჯები?
- რასაკვირველია, ჩვენი საუკეთესო გზა იქნებოდა ქვეყნის შიგნით რეფორმების გაგრძელება და გაცილებით აქტიური დიპლომატია. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს არ ყოფილა ისეთი მდგომარეობა, რაც საქართველოს გარეთ ხდება. ახლა მთავარია ადეკვატური დიპლომატია. პუტინის ახირება არაა ევრაზიული კავშირის იდეის რეალიზება. აშკარაა, რომ ეს კავშირი საბჭოთა კავშირის მსგავს პოლიტიკურ წარმონაქმნად აქვთ წარმოდგენილი მის ავტორებს. ეს საქართველოსთვის სახუმარო გამოწვევა არაა.
ახლა ქართულ დიპლომატიას მართებს ძალების მობილიზირება. დიპლომატია მაშინ არის წარმატებული, რომლის ყველა ნიუანსი გასაგებია ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენთან ყველა თემაზე იმართება დისკუსიები - უნდა გაიმართოს თუ არა გეიაღლუმი, , "ექვსიანზე", "რვიანზე" , საარჩევნო კოდექსზე, ივანიშვილის ყველა გამონათქვამზე, მაგრამ არ იმართება ფართო დისკუსია საგარეო პოლიტიკის თემაზე. მე ახლა ღია წერილით უნდა მივმართო საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს. მას ისიც არ სცოდნია, რომ თბილისში 17 წელია არსებობს დიპლომატიური აკადემია. იგი ახლა საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოში დიპლომატებს არავინ ზრდისო და ჩვენ თავად ვზრდითო სამინისტროში დიპლომატებს. ჯერ ერთი, ეს უვიცური განცხადებაა და მეორეც, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ვაშაძე ქვეყნის საგარეო პოლიტიკას წარმართავს. ჩვენთან ორი-სამი სახელმწიფოს აქტიური დახმარებით ხდება გრანტების იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფა, რომლებიც სუპერსამთავრობო ორგანიზაციებია. სწორედ მათი დასკვნებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება - მათ დასკვნებს კი მეცნიერებასთან არაფერი საერთო არა აქვს. ჩვენთან საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ისეთი სფერო გახდა, რომელიც თითქოს არავის არ აინტერესებს.
- გასული წლის ბოლოს, დიდი ხმაური არ მოჰყოლია, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენილა საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას დანიშვნა, რომელიც მანამდე გაერო-ში მუშაობდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო გამოწვევები თემურ ალასანიას თბილისში დაბრუნებას უკავშირდებოდეს?
- ჩემი აზრით, პირდაპირ კავშირშია. როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ თემურ ალასანიამ რუსულ წრეებთან ძველი კავშირების ქვეყნისთვის სასარგებლოდ მატერიალიზაცია მოახდინოს. ის, რომ თემურ ალასანია ვაშაძის რიგითი მრჩეველი იქნება, ამას დამლაგებელიც არ დაიჯერებს.
- რას შეიძლება ნიშნავდეს თავად თემურ ალასანიას განმარტება, რომ მას სამინისტროში "სხვა საკითხებიც" დაევალება?
- ამ ფრაზაში მთავარი აზრია ნათქვამი. ჩემი აზრით, თემურ ალასანია რუსეთთან ურთიერთოებების მიმართულების ხელმძღვანელობას ითავებს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რუსულ მიმართულებაში მე ნოვაციას ვერ ვხედავ. სააკაშვილის მხრიდან თემურ ალასანიას თბილისში ჩამოყვანა გროსმეისტერული სვლა იყო. სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გამოვრიცხავ, მაგრამ კონტაქტების აღდგენასა და დიალოგის დაწყებას ვვარაუდობ. ობამა-კლინტონიდან დაწყებული და მერკელ-სარკოზით დამთავრებული, ყველა რუსეთთან დიალოგს გვირჩევს. დიალოგი სულაც არ ნიშნავს რუსეთის პოლიტიკის აყოლას.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევეგუებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. ეს გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ რუსეთთან გარკვეული მოდუს-ვივენდი უნდა დავადგინოთ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად აცხადებდა, რომ რუსეთთან ახლა საომარ მოქმედებაში ვიმყოფებით. ეს ისედაც ფაქტია, მაგრამ ასეთ განცხადებებს დასავლეთი შეშფოთებით უყურებს. ჩვენ თუ ვატარებთ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება დასავლეთის ჩართვას და დახმარებას, უფრო მეტი ნოვაციებია საჭირო. მე ამ მიმართულებით ნოვაციებს თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლას დავუკავშირებდი.
788
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85