წარსულისადმი აგდებული დამოკიდებულება უკარგავს ადამიანებს უნარს გააცნობიერონ მიღებული სტრატეგიული გაკვეთილები.
ადმირალი ა.თ. მეჰენი
20 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, მაგრამ დღემდე არ წყდება კამათი იმის თაობაზე, როდის და როგორ გახდა საქართველო დამოუკიდებელი.
საზოგადოების ერთ ნაწილს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გახდა. აქედან გამომდინარე, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმსა და 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. თურმე, საერთოდ არ იყო საჭირო კარების მტვრევა - ამის მიღწევა ხომ ისედაც შეიძლებოდა - მომლოდინე რეჟიმში, მაგ. თურქმენეთის მსგავსად. აღნიშნულ ვერსიას ჯიუტად მისდევენ კომპარტიის ყოფილი ფუნქციონერები და ეროვნული მოძრაობის ის წარმომადგენლები, ვისაც არ ერგო დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის პატივი (ძირითადად საკუთარი შეცდომების გამო).
ზოგიერთის ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის. თურმე „მრგვალი მაგიდა“ საკავშირო სუკმა სპეციალურად მოიყვანა ხელისუფლებაში, რათა გამომჟღავნებულიყო ეროვნული ძალების უუნარობა და გადამწყვეტ მომენტში ძალაუფლება ყოფილ პარტიულ ფუნქციონერებს ჩავარდნოდათ ხელში. გამოდის, რომ საქართველოს უახლესი ისტორია სუკის მიერ დაწერილი სცენარით გათამაშებულა. არადა ეს სწორედ ის სუკია, რომელმაც საკუთარ ზესახელმწიფოს ვერ მოუარა და ხელში შემოეფცქვნა.
განსაკუთრებული პოზიცია აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. იგი თვლის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ჭეშმარიტი ისტორია დაიწყო მხოლოდ „ვარდების“ რევოლუციის შემდეგ. მანამდე კი, იყო „ოდენ ბნელი და უკუნი“. ამიტომაა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მიაჩუმათოს დამოუკიდებლობის თარიღი და მისი მნიშვნელობა - საქართველოს დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი გადაწყვიტა 1992 წელს იზეიმოს (ეტყობა ათვლას გაეროში გაწევრიანებიდან ახდენს). [1]
ყველა ზემოხსენებულებს ერთი პოზიცია აერთიანებთ - არავითარ შემთხვევაში არ სურთ აღიარონ „მრგვალი მაგიდისა“ და პირადად ზვიად გამსახურდიას როლი საქართველოს განთავისუფლების საქმეში. „ზვიად გამსახურდიას განთავისუფლებული საქართველო ჩვენ არ გვინდა“ - ეს ფრაზა, როგორც ჩანს, დღესაც აქტუალურია.
მაინც რა იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი? სრულიად ფუჭი აქცია თუ მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ერის ისტორიაში? ჩვენმა ხალხმა თავისი ბრძოლით მოიპოვა დამოუკიდებლობა თუ სრულიად მოულოდნელად დაგვეცა თავზე?
შევეცდებით ამ კითხვებზე გავცეთ პასუხი.
მცირეოდენი ისტორია
ქართლ-კახეთისა და შემდეგ დანარჩენი სამეფო-სამთავროების გაუქმებაზე ქართველთა რეაქცია მეტად მწვავე იყო. ამას მოწმობს განუწყვეტელი აჯანყებები 19-ე საუკუნის 60-იან წლებამდე და 1832 წლის შეთქმულება. იმ პერიოდში რუსეთის იმპერიაში ორად ორი რეგიონი იყო, რომელიც წამდაუწუმ ჯანყდებოდა - პოლონეთი და საქართველო ანუ სწორედ ის ერები, რომელთაც, იმპერიაში შემავალ სხვა ერებისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი ტრადიციები გააჩნდათ.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ვითარება შეიცვალა. გაჭიანურებულმა კავკასიის ომმა დაარწმუნა პეტერბურგი ქართველთა მხარდაჭერის აუცილებლობაში, აიძულა მეტი სიფაქიზით მოპყრობოდა ჩვენს თავმოყვარეობასა და ეროვნულ ღირებულებებს. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა.
ქართველ თავადაზნაურობას ფართო გასაქანი მიეცა რუსეთის არმიაში. მათ პრივილეგიებით ფაქტიურად მესამე საპატიო ადგილი უბოძეს მართლმადიდებელი სლავებისა და ოსტზეელი გერმანელების შემდეგ.
40-იან წლებში მოვლენილმა მეფისნაცვალმა ვორონცოვმა ყოველმხრივ ხელი შეუწყო ქართული კულტურის განვითარებას - გაიხსნა ეროვნული თეატრი, ქართულ ენაზე გამოიცა ჟურნალ-გაზეთები, მოგვიანებით დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და საადგილმამულო ბანკი. ეს ფაქტიურად კულტურული ავტონომიის მოპოვებას ნიშნავდა.
ხელი შეეწყო ქართველი ახალგაზრდების სწავლის გაგრძელებას რუსეთის იმპერიის უნივერსიტეტებში და, რუსეთის გავლით, ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.
ოღონდ ესაა, ქართველების მიმართ რუსეთის იმპერიული ელიტის ერთგვარი კეთილგანწყობა სრულებითაც არ ნიშნავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის პატივისცემას. პირიქით, თითქოსდა ქართველთა კვაზიპრივილეგირებას რუსეთის იმპერიაში თან ერთვოდა საქართველოს პოლიტიკური ღირებულების სავალალო დაქვეითება (ტერიტორიის დანაწილება ორ გუბერნიასა და ოლქზე, ქართველობის ჩამოცილება მათი მართვა-გამგეობისაგან, აფხაზთა და მაჰმადიან ქართველთა გასახლება, უცხო ეთნოსთა მრავლობითი და მრავალრიცხოვანი ჩამოსახლება).
რუსეთის პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. ქართული საზოგადოებისათვის სახელმწიფოებრივმა დამოუკიდებლობამ უკანა პლანზე გადაიწია. წინ წამოიწიეს ისეთმა ამოცანებმა, როგორიცაა ევროპული განათლების მიღება, ინტენსიური მეურნეობის მოწყობა, ეროვნული კულტურისათვის ზრუნვა, ცარისტული რუსეთის მხარდაჭერა ტერიტორიების შემომტკიცების საქმეში.
რასაკვირველია ქართული ტერიტორიების შემომტკიცება სერიოზული ამოცანა იყო, რომელიც მაშინდელი ქართული ელიტის წინაშე იდგა. უმრავლესობამ მიიჩნია, რომ რუსეთის მეშვეობით ამ მიზნის მიღწევა რეალურია. არაპირდაპირ ეს გეორგიევსკის ტრაქტატის გარკვეული მუხლების რეანიმაციასაც ნიშნავდა (ოღონდ არავითარ შემთხვევაში ამ ტრაქტატის სულისკვეთებისას). თუმცა ბრესტ-ლიტოვსკის ზავმა ყველა ეს იმედი გააცამტვერა. მეორეს მხრივ, პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს დამოუკიდებლობა გახადა შესაძლებელი.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაგრძელდა, მაგრამ 1924 წლის აჯანყების შემდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლა კვლავ უკან გადავწიეთ (ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რომელსაც ი.სტალინი მეთაურობდა, ეს ალბათ შეუძლებელიც იყო). საფუძვლიანად ჩაგვეკეტა ევროპისაკენ გასასვლელი გზა. მართალია მოვიპოვეთ ტერიტორიული ავტონომია (გავხდით მოკავშირე რესპუბლიკა), მაგრამ შიგ ეთნოტერიტორიული წარმონაქმნების შექმნით მოსკოვმა მაქსიმალურად შეგვიზღუდა ისედაც ეფემერული სუვერენიტეტი. საბჭოთა სისტემამ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა ქართულ ელიტას და ქვეყანა დიდი ხნით ჩამოაცილა განვითარების მაგისტრალურ ხაზს.
საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთგვარი შანსი გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს. როგორც ქვეყნის გარეთ, ისე მის შიგნით გამოჩდნენ ადამიანები, რომელთაც ეს ამოცანა რეალური მოქმედების საგნად აქციეს. საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველი ემიგრანტების ნაწილმა ეს იმედები ნაცისტურ გერმანიას დაუკავშირა. იმავდროულად 1942 წელს (კავკასიასთან ბრძოლების დროს) საქართველოს შინსახკომმა სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა ქართველ ახალგაზრდებს (კ.ხიმშიაშვილი, კ.ჯოგლიძე, გ.ძიგვაშვილი და სხვები), რომელთა მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რეალური ბრძოლა იყო. მაშინდელ მსოფლიოში ძალთა გადანაწილება და ნაცისტური გერმანიისა და მისი სატელიტი ქვეყნების ანტიჰუმანური ხასიათი ამ მიზნის მიღწევას სრულიად შეუძლებელს ხდიდა.
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა სახელმწიფომ მთელი ძალისხმევა იქითკენ წარმართა, რომ ეროვნულ დამოუკიდებლობის იდეაზე საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხთა ელიტარულ ჯგუფებს ერთხელ და სამუდამოდ ეთქვათ უარი. სტალინისშემდგომ პერიოდში ამას ემსახურებოდა ეკონომიკური „თავისუფლება“, როცა შესაძლებელი გახდა ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე მუქთა ცხოვრება და ამქვეყნიური სიამეებით ტკბობა. საბჭოთა ხელისუფლებამ რასაკვირველია ამ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ფაქტია, რომ დამოუკიდებლობისათვის რეალურად მებრძოლთა დროებითი საზოგადოებრივი მარგინალიზაციის ამოცანა მათ წარმატებით გადაჭრეს (ამ მებრძოლთა შორის იყვნენ სწორედ ზ. გამსახურდია და მ.კოსტავა).
ამ მიზეზითაა, რომ როდესაც საქართველოს მომენტი დაუდგა, ქართული ელიტა ვერ აღმოჩნდა მზად რეალურ პოლიტიკურ საქმედ ექცია საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ნამდვილი დრამა იყო. ვინაიდან ერთია ეროვნულ ღირებულებებზე ლაპარაკი და თუნდაც მათ მიხედვით მოქმედება და სულ სხვაა დამოუკიდებლობისათვის რეალური პოლიტიკური საქმიანობა, ამ მიმართულებით რეალური მოზნების დასახვა.
გავიხსენოთ, 1989 წლის აპრილში ხალხის გამოსვლა იყო რეაქცია აფხაზთა ლიხნის შეკრებაზე და იქ მიღებულ წერილზე. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იმდროინდელ ელიტას არ ეკუთვნოდა) გააცნობიერეს, რომ ხალხის ენერგიის აფხაზების წინააღმდეგ მიმართვა იყო ყარაბაღის მსგავსი ჩიხი (მოსკოვის მიზანიც ალბათ ეს იყო), წამოაყენეს ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა (წერეთელი, ბათიაშვილი) და მიტინგმაც სულ სხვა ხასიათი მიიღო (ამიტომაც დაგვცხეს „ლაფათკები“).
1989 წლის 9 აპრილი მნიშვნელოვანი მიჯნა იყო. როგორც იტყვიან, რუბიკონი გადაილახა. აქ გამოჩნდა პირველად, რომ “ახლებურად მოაზროვნე“ საბჭოთა ხელისუფლება არაფერს მოერიდებოდა საკუთარი მიზნის მისაღწევად. მართლაც, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „პერესტროიკის“ ოთხი წლის თავზე მშვიდობიანი მიტინგის დასაშლელად სამხედრო ნიჩბებსა და მხუთავ გაზს გამოიყენებდნენ. ბოლოს და ბოლოს მიტინგის დაშლა სხვა ხერხითაც შეიძლებოდა. შესაბამისად, ამოცანა მიტინგის დაშლა კი არ იყო, არამედ ქართველი ხალხის თავისუფლების სულის შეხუთვა დემონსტრაციული და ბარბაროსული მკვლელობებით.
სწორედ „მრგვალმა მაგიდამ“ მოახერხა ადეკვატური პასუხი ეპოვა დროის გამოწვევებზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეროვნული ხელისუფლების მტკიცე მოქმედებები დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე (რაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმსა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტში განამდვილდა), მოულოდნელი იყო როგორც ქვეყნის გარე ძალებისათვის, ისე ქართული ელიტის უმრავლესობისათვის. დამოუკიდებლობის გამოცხადება არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის აქტი იყო, არამედ ერთადერთი სწორი (და სამართლიანი) პასუხიც გორბაჩოვისეულ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ეს იყო ურთულესი ისტორიული პროცესის დასასრული და იმისათვის, რომ ადეკვატური შეფასება მივცეთ ეროვნული ხელისუფლების საქმიანობას, საჭიროა სწორად გავიაზროთ იმდროინდელი ვითარება, რომელიც უაღრესად რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციების შემცველი იყო.
„პერესტროიკა“
იწყებდა რა გარდაქმნის პროცესს საბჭოთა ხელმძღვანელობას სინამდვილეში ორი მიზანი ჰქონდა - ეკონომიკის ლიბერალიზაცია და პოლიტიკური ელიტის შეცვლა.
80-იანი წლების პირველ ნახევარში ცხადი გახდა, რომ საბჭოთა ეკონომიკა ლიბერალიზაციის გარეშე უბრალოდ აღარ მუშაობდა. რეფორმების გატარება გადაუდებელ სახელმწიფოებრივ ამოცანად იქცა.
ეკონომიკური რეფორმის განხორციელება პირდაპირ იყო დაკავშირებული მეორე, ძალზედ მტკივნეულ პროცესთან - ელიტის შეცვლასთან. ვინაიდან ის ელიტა, რომე-ლიც 1984 წლისათვის მართავდა მსოფლიოს ერთ მეექვსედს, რა თქმა უნდა, არაფრის ჩამტარებელი არ იყო.
გორბაჩოვი და მისი მომხრეები ცდილობდნენ გამოეყენებინათ უნიკალური შანსი. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის კომპარტიის რიგებში იყო ათ მილიონ ადამიანზე მეტი, სადაც ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანი იყო გაწევრიანებული. ეს კი იძლეოდა შესაძლებლობას ელიტათა ცვლა შიდაპარტიული გადანაცვლებით ჩატარებულიყო. თანაც, ავადმოსაგონარი პარტიული წმენდებისაგან განსხვავებით, ამგვარი ცვლილებები ყველაზე უმტკივნეულოდ მოხდებოდა შიდაპარტიული ღია დისკუსიის გზით, ვინაიდან სტალინის იდეური მემკვიდრენი დისკუსიებში მაინცდამაინც ძლიერები არ იყვნენ.
მიუხედავად მთელი ამ ცვლილებების რევოლუციურობისა, საბჭოთა კავშირის ახალი ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ იგი თავს გაართმევდა ამ ამოცანას. შესაბამისი მიმზიდველი სახელიც შერჩეული იქნა - გარდაქმნა და საჯაროობა (перестройка и гласность). იმთავითვე ცხადი იყო ისიც, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა მეცნიერულ-ტექნიკური და ჰუმანიტარული განათლების მქონე აქტიურ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი აზრები გააჩნდათ (გავიხსენოთ, რომ 20-იანი წლებიდან მოყოლებული, უმაღლეს პარტიულ ელიტას ჩვეულებრივი გაგებით უმაღლესი განათლება საერთოდ არ გააჩნდა). ეს ნიშნავდა პარტიული ელიტის მოქმედების სტილის შეცვლას და ბევრ ისეთ რამეს, რაც საბჭოთა სისტემას საერთოდ არ ენახა ან აღარ ახსოვდათ.
უნდა ითქვას, რომ გარდაქმნის მიერ ელიტაში გაწვეულმა ადამიანებმა მაშინვე იგრძნეს, რომ საქმე ეხებოდა ძალაუფლებას (დედამიწის ერთ მეექვსედზე!). თანაც, მისი ხელში ჩაგდება შეიძლებოდა ლიბერალისა და ლიბერალიზმის სახელით. დაიწყო ის, რაც დაიწყო („процесс пошел!“). თუმცა ამ პროცესს ერთი მოულოდნელი გარემოება ახლდა თან. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკების უფლებებზე რეალური საუბარი არავის სურდა. უფრო ზუსტად, ამ საკითხის სერიოზულ განხილვას თავს არიდებდნენ. აზრის თავისუფლება რომ პოლიტიკურ თავისუფლებასაც გულისხმობს, პოლიტიკური თავისუფლება კი, კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, ამაზე დასაწყისში არავინ ფიქრობდა. უფრო მეტიც, პოლიტიკური სუბიექტების მიერ ეკონომიკური თავისუფლების მოპოვებაც კი რაღაც მიუღწეველ ამოცანად რჩებოდა.
ის ძალები, რომელთაც ეს გარდაქმნები უნდა მოეხდინათ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. მათ მოქმედებაში იყო ლოგიკა. საბჭოთა კავშირის მთელი ისტორია ადასტურებდა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება უმთავრესია, ხოლო ეკონომიკური რეფორმები შეიძლება მას მოვაყოლოთ. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ თავად მრავალეროვნული და მრავალკონფესიური საბჭოთა კავშირი, მისი წინამორბედის მსგავსად, პრობლემური პოლიტიკური წარმონაქმნი იყო. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ფაქტორი ვერ შეუშლიდა ხელს გარდაქმნას. მითუმეტეს ვერაფრით წარმოედგინათ ამ ზესახელმწიფოს ასეთი მომენტალური კოლაფსი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კომპარტია უაღრესად კონსერვატული და არარეფორმირებადი პოლიტიკური ინსტიტუტი აღმოჩნდა. მისი რეფორმირება გორბაჩოვ-იაკოვლევის ტანდემს ძალიან გაუჭირდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც პარტიულ აპარატში გორბაჩოვზე მარცხნივ (საბჭოთა გაგებით) იდგა, იყო ბორის ელცინი. ალბათ ამიტომ იყო, რომ გორბაჩოვი ვერაფრით შეელია მას.
რაღაც მომენტში გორბაჩოვი მიხვდა, რომ საჭიროა კომპარტიისაგან დისტანცირება. სხვანაირად ყოველგვარი რეფორმა განწირულია. ეს კი გულისხმობდა პოლიტიკური ძალაუფლების ალტერნატიულ წყაროს გაჩენას. სწორედ ასეთ ინსტიტუტად იქნა მოაზრებული დეპუტატთა ყრილობა. ლოგიკურია, რომ ახალი ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ ორგანოში აღმოჩნდა. რეფორმის ადგილებზე ასამუშავებლად კი, საჭირო შეიქნა კომპარტიისაგან არამართული ინსტიტუტების გაჩენა (სხვადასხვა არაფორმალური საზოგადოებები, სახალხო ფრონტები და სხვ.).
ამ ნაბიჯმა საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვია. გაჩნდა ავტორიტეტული სახელისუფლო ორგანო, სადაც თავი მოიყარა ახალი ყალიბის პოლიტიკურმა ელიტამ. თანაც, ამგვარი ალტერნატიული და პოპულარული სახელმწიფო ინსტიტუტის გაჩენამ აიძულა კომპარტია გარკვეულ დათმობებზე წასულიყო (მე-19 პარტკონფერენციის შემდეგ). ცხადია დეპუტატებს შორის ძალიან ბევრი კონსერვატორი მოხვდა, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიდნენ.
სწორედ დეპუტატთა ყრილობაზე მომზადდა პოლიტიკური გადატრიალება საბჭოთა კავშირში. იგივეს ელოდნენ დეპუტატთა ყრილობიდან ადგილებზე რესპუბლიკათა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებიც. სწორედ რეფორმების წარმატება უნდა უზრუნველეყოთ უმაღლეს საბჭოებს ადგილებზე. თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო. არსებობდა შესაბამისი სტრუქტურები (მექანიზმები) ამ სახელისუფლო სტრუქტურებში შესაფერის კანდიდატთა მოსახვედრად (ზემოხსენებული არაფორმალური გაერთიანებები, შემოქმედებითი კავშირები და სხვ.). მაგრამ, თავი წამოყვეს ცენტრიდანულმა ტენდენციებმა.
ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება
საქმე იმაში იყო, რომ გორბაჩოვის რეფორმა, ავტორთა მტკიცების მიუხედავად, საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირის მთლიანობას. დეზინტეგრაციის პრობლემა რუსეთისათვის არახალია, ძველია. რუსეთის იმპერია, ავსტრიისა და ოსმალეთის იმპერიების მსგავსად, შეიქმნა როგორც კონტინენტური იმპერია, სადაც არ არის დაყოფა მეტროპოლიად და კოლონიად, და ამდენად, მთელი ტერიტორია მოქცეულია ერთ სამართლებრივ სივრცეში. ასეთ პირობებში კი, მეტად ძნელია, შეუძლებელიც კი, სხვადასხვა კულტურისა და ისტორიის მქონე ერების (განსაკუთრებით, დიდი კულტურისა და სახელოვანი ისტორიის) ერთ ყაიდაზე მოქცევა, მათი უნიფიკაცია. ამიტომაც დაიშალა ავსტრო-უნგრეთი, ოსმალეთი და მას მიჰყვა რუსეთის იმპერია. მოგვიანებით ვერც ზღვისგადაღმა იმპერიები გადარჩნენ.
რუსეთის იმპერიამ შესძლო მკვდრეთით აღდგენა საბჭოთა ზესახელმწიფოს სახით. მაგრამ, იმის გამო, რომ ბრესტის ზავით დაკარგული ტერიტორიები, რომლებსაც გერმანიამ დამოუკიდებლობა მიანიჭა, მოსკოვმა დამოუკიდებლობის ფორმალური შენარჩუნებით დაიბრუნა - სახელმწიფო შეიქმნა, როგორც რესპუბლიკათა კავშირი. ამის გარდა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, სხვა ერებსა და ეთნოსებს რომ არ წყენოდათ, შექმნა სხვადასხვა რანგის ეთნოტერიტორიული წარმონაქმნები (ავტონომიური რესპუბლიკა, ავტონომიური ოლქი, ნაციონალური ოკრუგი). სწორედ ასეთი სახით იარსება ტოტალიტარულმა საბჭოთა კავშირმა 70 წელი, სადაც ინტეგრაციას კომუნისტური პარტია და მისი იდეოლოგია (კომუნისტური ინტერნაციონალიზმი), აგრეთვე არნახული ძალისა და სისასტიკის პოლიციური ინსტიტუტი უზრუნველყოფდა
კომპარტიის „ჩამოლაბორანტებისა“ და რეპრესიული ინსტიტუტის შესუსტების შემდეგ საფრთხე დაემუქრა საბჭოთა კავშირის არსებობას. დეზინტეგრაციის თავიდან აცილების მიზნით კრემლში აიტაცეს სახაროვისა და გეფტერის კონსტიტუციური ცვლილების პროექტი[2] (დამუშავების შემდეგ დაერქვა „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება“), რაც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ყველა ავტონომიური წარმონაქმნის (აგრეთვე, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფების) სტატუსთა გატოლებას და ამ გზით მოკავშირე რესპუბლიკებისთვის კავშირიდან გასვლის სამართლებრივი საშუალების მოსპობას (ბალტიის რესპუბლიკების გასვლას კრემლში შინაგანად შეგუებულნი იყვნენ, რაც დაადასტურა გორბაჩოვმა 1991 წლის 25 მარტს ჟურნალ შპიგელისათვის მიცემულ ინტერვიუში[3])
მოკავშირე რესპუბლიკათა „დასაბმელად“ შემუშავებულმა ამ პროექტმა აამოძრავა ავტონომიათა ხელმძღვანელები. შეიქმნა ყარაბაღის პრობლემა, ლიხნის წერილი, დაძაბულობები ცხინვალში, ფერგანაში და ა.შ. კრემლს პრობლემათა ეს თაიგული ნაკლებ სახიფათოდ მიაჩნდა - მთავარი იყო, რომ კავშირიდან გასვლის უფლების მქონე მოკავშირე რესპუბლიკები გაეჩერებინა. 1989 წლის სექტემბრის კომპარტიის პლენუმზე გამოცხადდა, რომ დაიწყო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა (პროექტის დასაბუთება გამოქვეყნდა 1989 წელს, ხოლო ტექსტი 1990 წელს [4]). 1990 წლის 3 აპრილს გამოიცა კანონი „მოკავშირე რესპუბლიკის კავშირიდან გასვლის წესის შესახებ“[5], ხოლო 1990 წლის 26 აპრილს, კანონი „საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკების კავშირსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ [6].
აღნიშნული კანონების შესაბამისად, განახლებული საბჭოთა კავშირის სუბიექტებად გვევლინებოდნენ არა მარტო მოკავშირე რესპუბლიკები, არამედ ავტონომიური რესპუბლიკებიც. გარდა ამისა, ხაზგასმული იყო, რომ ავტონომიური წარმონაქმნების არსებობა ამა თუ იმ რესპუბლიკაში ხდებოდა ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად. კანონში ახალი ეთნოწარმონაქმნის - კომპაქტურად დასახლებული ეთნოჯგუფის - გაჩენა ნიშნავდა, რომ ასეთ კომპაქტურ ჯგუფს (მაგ. ჯავახეთის სომხებს და ბორჩალოს აზერბაიჯანელებს) შესაძლებლობა ექნებოდა, თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად, არათუ ავტონომიური ტერიტორია შეექმნა, არამედ აერჩია კიდეც, თუ რომელ რესპუბლიკაში შესულიყო (გასაგებია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ შეუერთდებოდა რუსეთის ფედერაციას ანუ გაერთიანდებოდა ჩრდილოეთ ოსეთთან. პრობლემები გაჩნდებოდა ქვეყნის სამხრეთშიც ).
სწორედ 1989 წლის სექტემბრის პლენუმის მასალებმა და აღნიშნულმა კანონებმა გამოიწვია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის უკიდურესი გამწვავება. ცხინვალის ხელისუფლება ცდილობდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებამდე მოესწრო სტატუსის ამაღლება, რათა მომავალი ფედერაციის სუბიექტი გამხდარიყო. აფხაზეთის ხელმძღვანელობა თავს შედარებით მშვიდად გრძნობდა, რადგან როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, ამის უფლება ავტომატურად ეძლეოდა.
გორბაჩოვისეული გარდაქმნის დამაგვირგვინებელი აკორდი იყო 1990 წლის 27 დეკემბრის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის დადგენილება, ჩაეტარებინა საკავშირო რეფერენდუმი „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ თაობაზე 1991 წლის 17 მარტს [7].
ამრიგად, საქართველოს გაუჩნდა „ბრწყინვალე“ პერსპექტივა - საბჭოთა კავშირშივე დაშლილიყო მარტივ მამრავლებად (რაც დაადასტურა გიორგი არბატოვმა 1989 წელს მიხეილ სააკაშვილისათვის მიცემულ ინტერვიუში)[8]. გამოსავალი არ იყო. დამოუკიდებლობა უნდა გამოგვეცხადებინა. მაგრამ როგორ? გზა მხოლოდ ერთი იყო, ჭეშმარიტად ზეამოცანა – ეროვნული მოძრაობა არჩევნების გზით მოსულიყო ხელისუფლებაში საერთო საკავშირო რეფერენდუმის ჩატარებამდე და გამოეცხადებინა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
ქათმის სიბრმავე
საოცარია, მაგრამ იმდროინდელი ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი დარჩა საქართველოს წინაშე აღმოცენებული უდიდესი საფრთხე. მეტიც, მავანნი დღესაც ვერ იჯერებენ, რომ ქვეყანას დიდი განსაცდელი ელოდა (ბევრად უფრო დიდი და კატასტროფული, ვიდრე რეალურად იწვნია), და მასზე ადეკვატური პასუხის გაცემა იყო საჭირო. პირიქით, თვლიან, რომ რაც გადაგვხდა თავს და, რაც ალბათ კიდევ გველის, სწორედ იმდროინდელი აჩქარების გამო დაგვემართა.
ჩვენი ელიტის (მაშინდელი ტერმინოლოგიით, „პარტიულ-სამეურნეო აქტივი“) „ქათმის სიბრმავეს“ ჰქონდა ობიექტური მიზეზი, რაზედაც ღირს შეჩერება.
გვიანსაბჭოური ელიტის არსებობა ეფუძნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის „ათვისებას“, რაც კორუფციის ძირითად სახეს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში. ულევი რესურსები ხომ ამის ფართო შესაძლებლობას იძლეოდა (თუმცა, ეს რესურსები ულევი რომ არ იყო მალე გამოჩნდა). ბიუჯეტზე პარაზიტირებას განსაკუთრებით ეფექტურად საქართველოში ახერხებდნენ. ფართო და მრავალფეროვანი კორუფციის წყალობით ჩვენმა რესპუბლიკამ კეთილდღეობის მაღალ დონეს მიაღწია, რაც მას სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისაგან გამოარჩევდა. ოღონდ ესაა, მუქთა ცხოვრების მანკიერებამ მოგვიანებით იჩინა თავი.
საბჭოურ ელიტას სრული ბედნიერებისათვის მხოლოდ ორი რამ აკლდა - კერძო საკუთრების დაკანონება და უცხოეთში თავისუფალი მიმოსვლა - და აჰა, „პერესტროიკამ“ ამის რეალური პერსპექტივაც გააჩინა. ეს კი ბევრად უფრო მომხიბვლელი აღმოჩნდა კომუნიზმის ნათელ მომავალზე. მოტივირებული კომუნისტური ელიტა თავგამოდებით შეუდგა ახალი ამოცანების გადაჭრას.
ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობისა და დასავლური სტანდარტებით ცხოვრების პერსპექტივა იმდენად ძლიერი სტიმული იყო, რომ ახალი ელიტა (ახალგაწვეული ინტელექტუალები სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული სფეროებიდან) გორბაჩოვის რეფორმის უპირობო მხარდამჭერად იქცა. ასეთი განწყობით მას არ შეეძლო და ვერც შეძლებდა დაენახა რეფორმისაგან მომდინარე საფრთხე. 9 აპრილის მაგალითი საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა. ჩვენი ელიტა ნამდვილად არ იყო პესიმისტური სცენარის აღქმისათვის განწყობილი.
ვერც ეროვნული მოძრაობის უმეტესობა აღმოჩნდა მზად შეცვლილ სიტუაციაზე რეაგირებისთვის. 9 აპრილის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ გამოიმუშავა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ეროვნული მოძრაობა არ მიიღებდა მონაწილეობას საბჭოურ არჩევნებში, სამაგიეროდ მძლავრ ზეწოლას მოახდენდა გარედან ხელისუფლებაზე, მისი გადემოკრატიულობის მიზნით (ამგვარი ზეწოლის წარმატებული მაგალითი იყო საარჩევნო გარემოს შეცვლა 1990 წელს).
შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად ეროვნული ძალების ფორუმმა 1990 წლის გაზაფხულზე დაადგინა, რომ არჩევნების გზით შექმნილიყო არასაპარლამენტო ლეგიტიმური ორგანო - ეროვნული კონგრესი - რომელიც თანდათანობით, ოფიციალური ორგანოების დისკრედიტაციის პარალელურად, გადაიბარებდა ხელისუფლებას და გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას.
იმდროინდელი ქართული საზოგადოება არ მოელოდა მოვლენების თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარებას და ზესახელმწიფოს მომენტალურ დაშლას. ვიმეორებთ, ამას აბსოლუტურად არავინ მოელოდა. ის, რომ საბჭოთა კავშირი ხელოვნური წარმონაქმნი იყო და ნებისმიერი „გაადამიანურება“ მას ბოლოს მოუღებდა, ეს თითქოს ცხადი უნდა ყოფილიყო. თუმცა მოელოდნენ, რომ პროცესი „პერესტროიკიდან“ კოლაფსამდე რამოდენიმე წლით მაინც გაიწელებოდა. ამიტომაც ფრიად პოპულარული იყო დევიზი: „ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა“.
ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის გამოქვეყნებისა და მისი სარეფერენდუმოდ გატანის გადაწყვეტილების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. საქართველო ცაიტნოტში აღმოჩნდა. მას საბჭოთა კავშირის სამართლებრივი სივრციდან გასვლის ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების გარდა სხვა არჩევანი აღარ რჩებოდა. შეტრიალდა პარადიგმაც. ამჯერად აქტუალური გახდა „ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია“.
ასეთ ვითარებაში ჩვენი პოლიტიკური ელიტა და ეროვნული მოძრაობის უმეტესობა სრულიად არაადეკვატური აღმოჩნდა - ვერ შეაფასა რა პოლიტიკური მომენტი, ჯიუტად გააგრძელა ერთხელ არჩეული კურსით სვლა, რითაც სამომავლოდ თავი თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიყენა. შესაბამისად, გამსახურდიასა და მისი მომხრეების გასვლა ფორუმიდან და არჩევნებში მონაწილეობის მიღება ერთმნიშვნელოვნად შეაფასა როგორც ეროვნული ღალატი და ავანტურა.
საბჭოთა კავშირის დაშლა რეალობად აქცია 1991 წლის აგვისტოს პუტჩის ჩაფლავებამ. მხოლოდ ამის შემდეგ ამოძრავდნენ თამაშგარედ დარჩენილები, რამაც დამატებითი განსაცდელი მოუტანა ქვეყანას.
დისიდენტები და მათი თაყვანისმცემლები
გვინდა ყურადღება შევაჩეროთ დისიდენტის ფენომენზე, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებაში იგი დღემდე მრავალ გაუგებრობას იწვევს.
სიტყვა „დისიდენტი“ სხვაგვარად მოაზროვნეს ნიშნავს. სხვაგვარად აზროვნება ანუ დისიდენტობა განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება ტოტალიტარულ საზოგადოებაში, რადგან იქ ყველა მოვალეა ერთგვარად აზროვნებდეს. ასეთ საზოგადოებაში დისიდენტი მომენტალურად იძენს გმირისა და ტანჯულის შარავანდედს. თანაც, რაც უფრო ყოვლისმომცველი და დამრთგუნველია ტოტალიტარული რეჟიმი, მით უფრო სახელოვანი ხდება დისიდენტი საზოგადოებაში.
დისიდენტობა საბჭოთა კავშირის თანმხლები მოვლენა იყო. განსაკუთრებული ჰეროიზაცია შეიძინა მან გვიანსაბჭოურ პერიოდში. სახაროვის, ორლოვის, ჭალიძის, სოლჟენიცინის, შაფარევიჩის, ჩორნოვილის, ლუკიანენკოს, კოსტავას, გამსახურდიას სახელები ყველას პირზე ეკერა. არავის აინტერესებდა მათი ბრძოლის მიზნები და ამოცანები. მთავარი იყო, რომ ისინი ყველანი ებრძოდნენ კომუნისტურ საბჭოთა იმპერიას და ეს სრულიად საკმარისი იყო პოპულარობისათვის. გავიხსენოთ: 70-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა დისიდენტური მოძრაობა (ერთიანად, ნიუანსებისა და ელფერების გარჩევის გარეშე) ნობელის პრემიის ნომინანტი გახდა.
არადა ამ დისიდენტებს, რომელთაგან მრავალს, საბჭოთა რეჟიმმა საკმაოდ ახეხინა ციხის კედლები, ერთმანეთისაგან განსხვავებული, მეტიც - ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები ჰქონდათ. თუ სახაროვის, ბონერის, გეფტერის, ორლოვის, კოვალიოვის ამოცანა იყო კომუნისტური ტირანიისაგან თავდახსნა და იმპერიის შენარჩუნება მისი დემოკრატიულ ყაიდაზე მოდერნიზების გზით (აკი გამოიყენა კიდეც მათი იდეები გორბაჩოვმა), სოლჟენიცინისა და შაფარევიჩისათვის მთავარი იყო საბჭოთა კავშირისაგან რუსული „დერჟავას“ აღდგენა[9] („ცარისტული“ რუსეთი „ცარის“ გარეშე). სოლჟენიცინი უფრო შორსაც მიდიოდა - იგი თანახმაც კი იყო უარი ეთქვა ბალტიაზე, კავკასიასა და შუა აზიაზე, ოღონდ ერთ რუსულ სახელმწიფოში მოქცეულიყო რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ჩრდილოეთ ყაზახეთი[10]. მოგვიანებით, როცა რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთი ცალკე სახელმწიფოებად იქცნენ და როცა აღმოჩნდა, რომ მისი საოცნებო „დერჟავა“ ვერაფრით ვერ ყალიბდებოდა, უარი თქვა თავის პირვანდელ იდეაზე, რომელმაც არ გაამართლა („ესროლა სტალინს, გაარტყა რუსეთს“), და მიემხრო პუტინს „დაჩოქილი რუსეთის წამოდგომაში“.
მათგან განსხვავებით ჩორნოვილს, ლუკიანენკოს, ლანდსბერგისს, კოსტავას და გამსახურდიას იმპერიის გადარჩენა არ ანაღვლებდათ. მათი მიზანი სხვა იყო - საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობა. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში იმპერიული და ეროვნული სულისკვეთების დისიდენტები ერთმანეთს დაშორდნენ და ბოლოს, მკვეთრად დაუპირისპირდნენ კიდეც. სამაგიეროდ, დაახლოვდნენ ეროვნული დისიდენტები (გამსახურდია - ლანდსბერგისი).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, სახაროვი და ბონერი ვეღარ იქნებოდნენ ავტორიტეტები გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლებისათვის. პირიქით, ეს წყვილი უკვე წარმოადგენდა ახალ იმპერიულ ძალას, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკათა (მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს) დაქუცმაცებით ცდილობდა „დერჟავას“ გადარჩენას. სამაგიეროდ, ხბოს აღტაცებით შეეგება მათ ჩვენი ფსევდოლიბერალური ელიტა. არადა, ამ წყვილის ჩამოსვლის მიზანი ხომ სწორედ ის იყო, რომ დაეფიქსირებინათ ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა საქართველოში, რაც კიდევ ერთი არგუმენტი იქნებოდა მათი კონცეფციის სასარგებლოდ. ამიტომაც გვიწოდა სახაროვმა „მცირე იმპერია“[11]. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ სახაროვს უკმიეს ჩვენთან გუნდრუკი, ხოლო გამსახურდია ათვალწუნებული ჰყავდათ, თავის დროზე, იმპერიული დისიდენტების „ჩაშვების“ გამო. რას იზამ, „მოყვრის მგმობი, მტრის არ მცნობი“ - ილიას ეს სიტყვები მაშინდელი ქართული ელიტის უმრავლესობისათვის ზედგამოჭრილი ჩანდა.
„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“
ფორუმიდან გასულმა ზ.გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს პოლიტიკური ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: ჰელსინკის კავშირი, ილია მართლის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და მონარქისტული პარტია (ეს უკანასკნელი ზაფხულში გავიდა „მრგვალი მაგიდიდან“, ხოლო იმ მონარქისტებმა, ვინც დარჩენა არჩიეს, შექმნეს ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, „მრგვალი მაგიდის“ დამფუძნებლის სტატუსით).
დიდი გაერთიანების შექმნის მიზნით „მრგვალი მაგიდის“ დამფუძნებლებმა დაიწყეს კონსულტაციები ეროვნული მოძრაობის იმ პარტიებთან, რომლებიც აპირებდნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. შედეგი არ იყო წარმატებული. „მრგვალ მაგიდას“ შეუერთდა მხოლოდ სამი პარტია: ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ეროვნულ-ლიბერალური პარტია და ეროვნულ-ქრისტიანული პარტია. დანარჩენმა პარტიებმა არ ისურვეს „მრგვალ მაგიდაში“ გაერთიანება (და შესაბამისად, უარი თქვეს ამ ორგანიზაციის მიერ არჩეულ სწორ გზაზე).
წარუმატებლობის მიზეზი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებული სენია. იდეის გარშემო გაერთიანება (იდეის ღირებულების მიუხედავად) ნიშნავს იდეის ავტორის უპირატესობისა და, შესაბამისად, მისი წინამძღოლობის აღიარებას, რაც ქართველ პოლიტიკოსთაგან, რომლებიც ზღვარგადასული ამბიციებით გამოირჩევიან, წარმოუდგენელი საქციელია. ასე იყო ოცი წლის წინ და ასეა დღესაც. ვიმეორებთ, ის რომ საქმე ეხებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადების გზით საქართველოს დაქუცმაცებისაგან გადარჩენის იდეას, პოლიტიკოსთა ქცევაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია.
გაითვალისწინა რა ქართველ პოლიტიკოსთა ავი ზნე, ზ. გამსახურდია 1990 წლის აგვისტოს მიწურულს საკუთარი ფეხით ეახლა ახლად შექმნილი საარჩევნო ბლოკ „თავისუფლების“ ლიდერებს (იმ მომენტისათვის გაერთიანებულნი იყვნენ რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, დასი, მწვანეთა პარტია, სახალხო ფრონტი და რუსთაველის საზოგადოება. (ბლოკში ასევე გაერთიანებული იყო ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირი. რედ.), და შესთავაზა გაერთიანება შემდეგი პირობებით: საარჩევნო სია შედგენილიყო პარიტეტული პრინციპით (თანაბრად „თავისუფლებასა“ და „მრგვალი მაგიდას“ შორის), თანახმა იყო პირველი ათი ადგილი წაეღო „თავისუფლებას“, ხოლო თვითონ ზ.გამსახურდია ჩაეწერებოდა ორმოცდამეათე ნომრად.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც უნიკალურ შანსს იძლეოდა. მას შემდეგ უამრავი საარჩევნო ბლოკი შექმნილა, მაგრამ ამგვარი პირობა არასოდეს წამოუყენებიათ. პირიქით, ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, თუ როგორი ხელჩართული ბრძოლები იმართება ხოლმე საარჩევნო სიის პირველი ათეულის დასაკავებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ზ.გამსახურდიასათვის იმდენად მაღალი ღირებულებისა იყო არჩევნებში გამარჯვების გზით დამოუკიდებლობის მიღწევა, რომ არად დაგიდევდათ საარჩევნო სიაში ადგილებს.
საოცარია, მაგრამ „თავისუფლების“ ლიდერებმა ზ.გამსახურდია უარით გამოისტუმრეს. აკაკი ბაქრაძის, მიხეილ ნანეიშვილის და ზურაბ ჟვანიას აზრი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ნოდარ ნათაძემ თავი შეიკავა. მხოლოდ რეზო შავიშვილი და დავით მარღანია (ცვლიდა ირაკლი შენგელაიას მისი არყოფნისას) იყვნენ გაერთიანების მომხრენი. საინტერესოა, რომ უარი არ იყო არგუმენტირებული. ეს შემდგომში სხვადასხვა ჭორის საფუძვლად იქცა. ფაქტი ერთია, ისინი ვერ გაერკვნენ შექმნილ ვითარებაში და მოქმედების არასწორი გზა აირჩიეს.
„თავისუფლების“ ლიდერების უარმა საბედისწერო როლი ითამაშა საქართველოს უახლეს ისტორიაში. „მრგვალმა მაგიდამ“ მაინც გაიმარჯვა არჩევნებში და კვალიფიციური უმრავლესობა მოიპოვა. საქართველოს უმაღლესი საბჭო რომ პრაქტიკულად ერთპარტიული აღმოჩნდა მთლიანად „თავისუფლების“ ლიდერების დამსახურება იყო. „თავისუფლება“ უმაღლეს საბჭოში „მრგვალი მაგიდის“ პოზიტიურ მოქმედებებს მხოლოდ გააძლიერებდა, ხოლო ნეგატიურ ექსცესებს მაქსიმალურად გაანეიტრალებდა. გარდა ამისა, მისი სახით ახალ ელიტას წარმომადგენელი ეყოლებოდა უმაღლეს საბჭოში. ყოველივე ეს კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ყველაფერი სისხლისღვრით დასრულდა.
„მრგვალი მაგიდის“ გამარჯვებას ის მოჰყვა, რომ საქართველო დაუძვრა „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ მახეს და გახდა დამოუკიდებელი. „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა იმიტომ, რომ მას მხარი დაუჭირა მოსახლეობის ფართო ფენებმა. სწორედ ამ უპრეტენზიო და სამშობლოსათვის გულანთებულმა ხალხმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ ელიტარებმა „ლექი“ უწოდეს [12], გადაარჩინა ქვეყანა განსაცდელს. რაც შეეხება ჩვენს ელიტას, იგი მაქსიმალურად ეცადა შეენარჩუნებინა საკუთარი პოზიციები, „პერესტროიკის“ მეინსტრიმშიც ჩაჯდა, მაგრამ არჩევანი შეეშალა და ქვეყნის განთავისუფლების პროცესის მიღმა აღმოჩნდა.
საბჭოთა კავშირის აღსასრული
1991 წლის 8 დეკემბერს ვისკულაში (ბელოვეჟსკაია პუშჩა, ბელორუსია), სამმა შეზარხოშებულმა პრეზიდენტმა, ელცინმა, კრავჩუკმა და შუშკევიჩმა [13] ერთი ხელმოწერით წერტილი დაუსვეს საბჭოთა კავშირის არსებობას. ასე ვთქვათ, сообразили на троих. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ბოროტების იმპერია, რომელიც ბიპოლარული მსოფლიოს ერთ პოლუსს წარმოადგენდა, ერთბაშად გაქრა პოლიტიკური სცენიდან.
მრავალეროვანი საბჭოთა კავშირი სინამდვილეში ვერშემდგარი მონსტრი-სახელმწიფო იყო. როგორც აღვნიშნეთ, იგი არ იყო სიცოცხლისუნარიანი, არ გააჩნდა ამისათვის შინაგანი რესურსი. მისი ფუნქციონირება დამოკიდებული იყო კომუნისტური პარტიის უსასტიკეს დიქტატურასა და მობილიზაციურ ეკონომიკაზე. ასეთი რეჟიმი კი მხოლოდ ექსტრემალური ვითარებისას და, თანაც, ხანმოკლე ვადით არის ეფექტური. გრძელვადიან პერსპექტივაში იგი უკვე კონტრპროდუქტიული ხდება. საბჭოთა კავშირმა რაც იარსება, ესეც „უდიდესი მიღწევა“ იყო, რაც საბჭოთა კავშირში გაერთიანებულ უკლებლივ ყველა ხალხს არნახულ ფასად დაუჯდა.
ფაქტია, რომ სწორედ „მრგვალი მაგიდისა“ და მისი ლიდერის ძალისხმევით აღმოჩნდა საქართველო (ბალტიის ქვეყნებთან ერთად) მძლავრი ცენტრიდანული პროცესების წარმმართველი. ეს იყო ერთადერთი სწორი გზა საქართველოს გადასარჩენად. ასეთი გზა კი არასდროს ყოფილა იოლი და ია-ვარდით მოფენილი.
დღეს უკვე მრავალი რუსი ექსპერტი აღნიშნავს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციაში [14]. გორბაჩოვის თანაშემწე ჩერნიაევი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი მომხრე იყო გაეშვათ ბალტიის რესპუბლიკები და საქართველო საბჭოთა კავშირიდან და ამით შეენარჩუნებინათ დანარჩენი რესპუბლიკები [15]. ამასვე ურჩევდა თურმე სუკის გენერალი ლეონოვი თავის ხელმძღვანელობას [16]. ყოველივე ეს ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ უდიდესი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში.
აგვისტოს პუტჩის შემდეგ გორბაჩოვი უკვე იძულებული გახდა ყურად ეღო რჩევები. ოღონდ გაუშვა მხოლოდ ბალტიის ქვეყნები, საქართველოს საკითხი კი გადადო იმ მიზეზით, რომ სწორედ ამ დროს, სრულიად „შემთხვევით“, თბილისში მოხდა ოპოზიციის აქციის დარბევა კინოს სახლთან (მთავარი ეჭვმიტანილი დამრბევია!).
1991 წლის ბოლოს საქართველოს რუსეთის ფედერაციამაც მიბაძა. ელცინი იძულებული იყო ასეთი ნაბიჯი გადაედგა, რადგან „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ წყალობით ვეღარ აკავებდა თავის ავტონომიებს (მოწოდება „აითვისეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენსაც მოინელებთ“, აღარ კმაროდა. ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რიგში თათრეთი იყო). მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებლობის გამოცხადებით შესძლო მან შეეჩერებინა დეზინტეგრაციის პროცესი.
ასე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო კი არ გახდა საქართველო დამოუკიდებელი, არამედ პირიქით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. სწორედ „მრგვალი მაგიდის“ დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წლის მიწურულს და არა უფრო გვიან (მაგ. ხუთი, ათი ან ოცი წლის შემდეგ).
უფრო მეტიც, საქართველოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს ქვეყნებმა და გაერომაც 1991 წლის 9 აპრილის აქტის საფუძველზე და მის მიერ დადასტურებულ ტერიტორიულ ფარგლებში იცნო. ეროვნული ხელისუფლების და მისი მეთაურის უდიდესი ძალისხმევის შედეგები დღესაც დაუძლეველ წინააღმდეგობას უქმნის საქართველოს დაქუცმაცების მრავალ ძლიერ მსურველს.
ვერავინ მიისაკუთრებს და ვერც მიჩქმალავს ამ დამსახურებას.
ბოლოთქმა
საქართველო უკვე ოცი წელია დამოუკიდებელია. მას აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი: აღნიშნულია მსოფლიო რუკაზე, აქვს შემოსაზღვრული ტერიტორია, გერბი, დროშა, ეროვნული ვალუტა, შეიარაღებული ძალები. მაგრამ რეალურ დამოუკიდებლობამდე ჯერ შორია.
საერთოდ ერს დამოუკიდებლობისათვის ელიტა ამზადებს ხოლმე. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ელიტამ ეს ფუნქცია ვერ შეასრულა. დამოუკიდებლობის მოპოვებისას იგი სხვა საქმით იყო დაკავებული. მეტიც, ზოგიერთი წარმომადგენელი, დღესაც კი, თავს უფლებას აძლევს დამოუკიდებლობის მოპოვება უარყოფით კონტექსტში მოიხსენიოს.
როდესაც მივხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე უნდა ვმართოთ და ჩვენი ბედი ყარაყორუმში არ უნდა წყდებოდეს, როდესაც უცხოური კრედიტებით კი არა, საკუთარი შემოსავლებით ვიცხოვრებთ, როდესაც ბოლოს და ბოლოს მოვახერხებთ დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლება ჩვენ ავირჩიოთ და ჩვენვე შევცვალოთ, როდესაც კანონი გახდება ჩვენი ყველაზე დიდი ფასეულობა, და ხელისუფლებას ვაიძულებთ მისი უმაღლესი მიზანი მოქალაქეთა სულიერი და ნივთიერი წინსვლა და კეთილდღეობა იყოს, მხოლოდ მაშინ ვიქნებით იმ დიდი ძალისხმევისა და გმირული შემართების ჭეშმარიტი მემკვიდრეები, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ გამოიჩინა 1990-91 წლების გადამწყვეტ დღეებში.
სამწუხაროდ, ჯერ ბევრი გვიკლია აქამომდე.
2011 წლის ოქტომბერი
ლიტერატურა
1. საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში ედ.შევარდნაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში მის ჩამოსვლამდე ჩვენი ქვეყანა მხოლოდ სამმა სახელმწიფომ სცნო (უკრაინამ, რუმინეთმა და მოლდავეთმა)
ინტერვიუ ე.შევარდნაძესთან, თბილისელი, 2.10.2011
ეს მტკნარი სიცრუეა. 1992 წლის 7 იანვრამდე (ანუ მანამ, სანამ ზვიად გამსახურდია თბილისში იმყოფებოდა), საქართველოს დამოუკიდებლობა 28 ქვეყანამ აღიარა, მათ შორის აშშ-მ, კანადამ, ჩინეთმა, თურქეთმა, ბრაზილიამ. ასე, რომ საქართველოს საერთაშორისოდ ცნობა მის პირველ ხელისუფლებას და პირველ პრეზიდენტს უკავშირდება.
www.ai-ia.info/online-arqivi/13-1991-clis-9-aprili.htm
სწორედ იმიტომ დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს ღამით სახელმწიფო გადატრიალება, რომ უზენაესი საბჭოსა და პირველი პრეზიდენტისათვის არ მიეცათ საკუთარი საქმიანობის შედეგების მიღების საშუალება, შემდეგ ხომ მათი თავიდან მოცილება გაძნელდებოდა; ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ გაეროს აღიარების გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაშინ ამ ადამიანებმა არ უნდა იცნონ დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობაც
(1918-21 წწ), ვინაიდან ერთა ლიგას (მაშინდელ გაეროს) საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.
2. А.В. Усягин - Диссидентские проекты 1970-80-х гг, Проекты реформирования территориального управления в советский период, территориальое устройство Росии, 2006, www.terrus.ru/mono/r3/3.6.3.shtml
3. Т. Юмашева - Как разрушался СССР, Эхо Москвы, 22-31.03.2011, www.echo.msk.ru/blog/umasheva/759464- echo.phtml
4. Ан. Зубов, Ал. Салмин – Союзный договор и механизм выработки нового национально-государственного устройства СССР
www.polisportal.ru/files/File/puvlication/Starie_publikacii_Polisa/Z/1991-1-8-Zubov,Salmin-Souzniy_dogovor.pdf
5. Закон СССР от 03.04.1990 о порядке решения вопросов, связанных с выходом союзной республики из СССР, http://pravo.levonevsky.org/baza/soviet/sssr0973.htm
6. Закон СССР от 26.04.1990 о разграничении полномочий между Союзом ССР и субъектами федерации,
www.lawmix.ru/docs_cccp/1036
7. Закон СССР от 27.12.1990 N1869-1 о всенародном голосовании (референдуме СССР)
http://pravo.levonevsky.org/baza/soviet/sssr0525.htm
8. Саакашвили предупреждали о неминуемом развале Грузии еще в 1989 году, REGNUM, 11.04.2011
www.regnum.ru/news/polit/1393246.html
9. И. Шафаревич - Интервью корреспонденту газеты Frankfurter Algemeine, текст по журналу "Вестник РХД", Париж, 1978, http://shafarevich.voskres.ru/a34.htm
10. А.И.Солженицын - Как нам обустроить Россию? Июль 1990
www.solzhenitsyn.ru/proizvedeniya/publizistika/stati_i_rechi/v_izgnanii/kak_nam_obustroit_rossiyu.pdf
11. Ан. Сахаров - Степень свободы, Интервью корреспонденту журнала «Огонек», 1989, Июнь
http://akademik-sakharov.narod.ru/
12. ვ. გიგაშვილი - ლექის აღზევება, მამული, 1.01.1992
13. შუშკევიჩი ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო
14. Гл. Павловский - Русский вопрос в российской политике, GlobalRus, 09.01.2007
www.globalrus.ru/opinions/783477
Ф. Лукьянов - Минное поле проигранной битвы, Россия в Глобальной Политике, 1.04.2011
www.globalaffairs.ru/redcol/Minnoe-pole-proigrannoi-bitvy-15157
15.Т. Юмашева -- Как разрушался Советский Союз, Эхо Москвы, 22-31.03.2011
www.echo.msk.ru/blog/umasheva/761859-echo.phtml
16. Т. Юмашева -- Несостоявшееся предложение КГБ Ельцину, Эхо Москвы, 21.04.2011
www.echo.msk.ru/blog/umasheva/768160-echo.phtml