"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"წლების განმავლობაში კანონმდებლობა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებდა, განიხილებოდა როგორც ევროპული ტიპის, ლიბერალური კანონმდებლობა, გამონაკლისების გარდა. თუმცა ძირითადი შეფასებები ასეთი იყო. ახლა ჩვენ სულ უფრო ვშორდებით ამ მდგომარეობას - ამ კანონმდებლობას უფრო და უფრო ვერ ვუწოდებთ თავისუფალი ქვეყნისთვის შესაფერის, ლიბერალურ ღირებულებებზე დამყარებულ, ევროპული ტიპის კანონდებლობას. კანონმდებლობა სულ უფრო მკაცრდება, ანტიხალხური ხდება, კანონმდებლობაში ჩნდება ისეთი ისტერიკული მომენტები, რომლებიც განპირობებულია კონკრეტულ მეტოქესთან ბრძოლით და გადმოდის მთელ საზოგადოებაზე", - აცხადებს ექსპერტი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საერთაშორისო თანამეგობრობა 2012 წლის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება / გიორგი ხუციშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება 2011 წლის 7 ოქტომბრამდელ მდგომარეობას აღარ დაუბრუნდება.
"ჩვენთან არის პანიკური რეაქცია პოლიტიკურ არენაზე ცოტა უფრო მსხვილი მოთამაშის შემოსვლასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ ივანიშვილი პროცესების ქუჩაში გადატანის წინააღმდეგია. რადგან ქუჩაში არაფერი ხდება, ამიტომ საკანონმდებლო ბერკეტებია გამოყენებული მის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ვიტყოდი, ამ კანონის მისაღებად დრო შეირჩა - წინასაახალწლო განწყობის დროს იქნა მიღებული. მაშინ როდესაც თბილისიდან დიპლომატები გასული არიან, ყველა საახალწლო რეჟიმშია. ბევრი დიპლომატი ფიზიკურად არ არის საქართველოში. ასეთ მომენტშია კანონი მიღებული. ჩვეულებრივ ვითარებაში, სხვა დროს აუცილებლად იქნებოდა ჩარევა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, რაც საკმაოდ ორგანიზებული და სერიოზული იქნებოდა. დიახ, ეს ქვეყნის შიდა საქმეა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაჟინებული რჩევა ხდება, რომელსაც ხალხი ღიად ვერ ხედავს, ეს დახურულ კარს მიღმა ხდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ხუციშვილი.
"მიუხედავად ამისა, ეს პროცესები მიდის. ზოგიერთი კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იძლეოდა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ადამიანებზე ზეწოლის საშუალებას - მაგალითად, კანონი იქნა მიღებული აქციების, მომიტინგეთა წინააღმდეგ, ამის საშუალებას კანონმდებლობა იძლევა, მაგრამ რატომ არ ხდება ამის სრულად რელიზება? იმიტომ რომ გაფრთხილება არის მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ ეს კანონი კი არსებობს, რომელიც მკაცრად მიდგომის საშუალებას იძლევა ამ ჯგუფების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ ამ ყველაფერს და ნუ გაიხდით ისე საქმეს, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდეს და დემოკრატიის მშენებლის იმიჯი დაკარგოთ - ასეთი გაფრთხილება აქვთ მიღებული", - განაგრძობს რესპონდენტი.
"კანონის ვარიანტი, რომელიც მიიღეს, უფრო გამკაცრებული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან იყო გატანილი. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გამოიყენოს იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლიდან გათიშონ ბიძინა ივანიშვილი - ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ფინანსური ბერკეტები, მაგრამ არა მხოლოდ ფინანსური. საარჩევნოდ ეს, რა თქმა უნდა არათანაბარ პირობებს ქმნის, თუმცა საბოლოო ფაქტორი, რომელიც გადაწყვეტს ამ ყველაფერს, იქნება რეაქციები, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ექნება. მაგრამ ეს რეაქციები არ იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება ხმას არ ამოიღებს! საზოგადოებრივი აქტივობის გათვალისწინებით ხდება რეაქციები. საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია მით უფრო სუსტი იქნება, რაც უფრო სუსტი იქნება ქვეყნის შიგნით ხალხის პოზიცია", - განმარტავს ექსპერტი.
"მასები ჩვენთან ისე არ არიან გაცნობიერებული, როგორც, მაგალითად ევროპაში. ევროპაში უცებ გააკეთებდნენ დასკვნას, თუ, მაგალითად, არასამთავრობო სექტორის მიმართ კანონმდებლობაში ასეთი რეპრესიებია ჩადებული, ეს ე.ი. ჩვენც გვეხება, რადგან ეს ადამიანების არჩევანის თავისუფლებაზე ახდენს გავლენას. ეს გავლენას მოახდენს მომავალი არჩევნების შედეგებზე. ამის გაცნობიერება კი მოსახლეობის ფართო წრეებში არ არსებობს. სწორედ ამაზეა გათვლა გაკეთებული. ამდენი საუბარია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ჩართულია საერთაშორისო ჯგუფები, მაგამ ამ კანონით საარჩევნო საკითხი მთლიანად გადაშალა ხელისუფლებამ ხაზი - გადაუსვა", - დასძენს გიორგი ხუციშვილი და შეკითხვას - "ეს აისახება საერთაშორისო დასკვნებში არჩევნებთან დაკავშირებით?" - პასუხობს:
"თუ შენ იღებ კანონს, რომელიც პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას უწყობს ხელს, ამით ვერ იქმნება ნორმალური საარჩევნო გარემო. ეს საარჩევნო საკითხის კრიტიკულად წამოჭრას გამოიწვევს. ეს არ დარჩება შეუმჩნეველი, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ამაზე მეტი საუბარი იქნება. ეს ასე ადვილად არ ჩაივლის, რადგან ეს მნიშვნელოვანი საკითხია. შეიძლება პოლიტიკური მეტოქე გზიდან ჩამოიშორო, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ 2011 წლის ოქტომბრამდელ მდგომარეობას საზოგადოება აღარ დაუბრუნდება - ეს არ იქნება ის საზოგადოება, რომელიც შეჩვეული იყო ერთპარტიულობასა და პატარა საბჭოთა კავშირს, ამ კუთხით საზოგადოება წინ წავიდა".
780
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85