"ქრონიკის" მასალების მიხედვით
ქრონიკას ესაუბრა “საქართველოს ქრისტიანულ –დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე
– ბატონო ვაჟა,ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მითხრა, მიხეილ სააკაშვილს სამი გამზრდელი ჰყავს: ვაჟა ლორთქიფანიძე, ზურაბ ჟვანია და ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც მას საბოლოოდ დაადგა გვირგვინიო!.. კიევის უნივერსიტეტში სასწავლებლად სააკაშვილი მართლა თქვენ გაუშვით?
–(იცინის) სააკაშვილის გამზრდელის პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ნამდვილად ვერ ავიღებ...
ეს ის თემაა, რომელზეც არ ვილაპარაკებ და თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, არც კომენტარს გავაკეთებ.
– თქვენ ძალიან ჭკვიანი კაცი ხართ, ამას პირმოთნეობის გარეშე გეუბნებით. ამავე დროს, ერთ–ერთი იშვიათი გამონაკლისი ბრძანდებით შევარდნაძის ხელისუფალთაგან, რომელთანაც როგორც ჟურნალისტი, სიამოვნებით ვურთიერთობ. როგორ ფიქრობთ, მიშა წავა, არ წავა, თუ რას იზამს?
–თუ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მიხეილ სააკაშვილი უკვე კარგა ხნის წასულია... გულანთებული და ხალხზე მოფიქრალი პრეზიდენტი საქართველოს რომ არ ყავს, ფაქტი სახეზეა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფორმალურ წასვლას პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნებს.
– აქვე ჩაგეკითხებით, გაყალბდება თუ არა მომავალი არჩევნები?
ყველაფერი მოხდება თუ ეს ხელისუფლება მიუშვი, შეიძლება სააკაშვილმა არჩევნებიც კი არ ჩაატაროს, ან ისე ჩაატაროს, როგორც თვითონ უნდა. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ოპოზიციის ერთიანობაზე, ხალხზე და საზოგადოებაზე... საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებამ სააკაშვილის ხელისუფლებისადმი, ჩემი აზრით, ბოლო წლებში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი და ოპოზიციამ ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ჩემთვის უეჭველია, რომ დასავლეთში ხედავენ ერთ რამეს, სააკაშვილმა ყველა რესურსი ამოწურა, ანუ ფიგურალურად თუ ვიტყვით, მიშამ უკვე ყველა პატრონა დაცალა... ამის არდანახვა შეუძლებელია!
სააკაშვილი დასავლეთს უამრავ უხერხულებას უქმნის, როგორც საქართელოში , ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ მოწმეები ვართ იმისა, რომ 2008 წელს კინაღამ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩაითრია სააკაშვილმა სამხედრო კონფლიქტში. კი, რუსეთის მხრიდან იყო აგრესია, ამაში ორი აზრი არ არსებობს და ამას მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ რაც შეეხება ამ ყველაფრის დაწყებას, ამ დანაშაულში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მხარეს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი პროვოკაციაზე წამოაგეს, თუ რუსეთთან ერთად შეხმატკბილებულად იმოქმედა. საერთაშორისო საზოგადოება აღმოჩნდა დიდი საფრთხის წინაშე, მე არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი საფრთხე, მსგავსი უბედურება ხვალ-ზეგ კიდევ განმეორდეს.
– რა შემთხვვევაში შეიძლება განმეორდეს, ბატონო ვაჟა?
-ძალიან ბევრ შემთხვევაში, მე მაგალითად, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში სააკაშვილი წავიდეს ამ პროვოკაციაზე.
-როგორ ფიქრობთ, რუსეთს ხელს აძლევს თუ არა დღეს სააკაშვილის ხელისუფლება?
- როგორც არავის, რუსეთს ისე აწყობს დღეს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება!..
თუ ხედავთ და უყურებთ, რუსეთი ფარულად თუ ხილულად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს. აი, მაგალითად, მე გეტყვით, თუ
რა აწყობს რუსეთს...ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი შეეცადოს არეულობა დათესოს სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში... ერთადერთი საზღვარი ნატოს ქვეყნებთან საბჭოთა კავშირს ჰქონდა სწორედ სამხრეთ საქართველოში,-საზღვარი თურქეთთან.
ეს საზღვარი იყო იმდენად გამაგრებული, რომ სასაზღვრო ჯარის როგორც შეიარაღება, ასევე ცოცხალი ძალის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა საქართველოში არსებული ოთხი დიდი რუსული სამხედრო ბაზის საერთო მონაცემებს . 1997–1999 წლებში, ამ ბაზების გაყვანა მოვახერხეთ ჩვენ, სხვათა შორის, და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთს ჯარი გავაყვანინეთ აფხაზეთიდან, ანუ კონფლიქტის ზონიდან. დიახ, ეს მოვახერხეთ ჩვენ და მოვახერხეთ ისე, რომ რუსეთს ჩვენთვის არც გაზის ფასი გაუძვირებია და არც ქართველების დეპორტაცია დაუწყია.. მე ვიდექი სწორედ ამის სათავეებთან.. 1997 წლის აპრილში რუსეთის ერთ–ერთმა ცენტრალურმა გაზეთმა, „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, სადაც ლაპარაკი იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს რუსეთმა ლიდერობა დსთ–ს სივრცეში.
საქართველოსთან მიმართებით იცით რა ეწერა ამ გეგმაში? რომ რუსეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება, იგივე უნდა გააკეთოს ე. წ. სამხრეთ ოსეთშიც, არეულობა უნდა დათესოს აჭარაშიც და ყველაზე მთავარი, სიტყვა– სიტყვით გეუბნებით,– რუსეთმა უნდა უბიძგოს ერევანს, რათა სომხეთმა მიიტაცოს საქართველოს სამხრეთი რაიონები და მოიპოვოს გასასვლელი ბათუმზე და ფოთზეო!.. აი ეს გეგმა გამოქვეყნდა და ის დღესაც ცოცხალია... მასალაში ეწერა, – ამას რომ გავაკეთებთ მერე ნახავს შევარდნაძე როგორ უნდა რუსეთთან ომიო! როგორც მე დავადგინე, ამ გეგმის ავტორები იყვნენ:კონსტანტინე ზატულინი და მიგრანიანი. ზატულინი იყო მაშინ დსთ–ს ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პირადად ჩვენი ზეწოლის შედეგად პრიმაკოვმა დაგმო ეს გეგმა, მაგრამ მე იმას მოგახსენებთ, რომ ასეთი ე.წ. რეცეპტები არსებობს და რუსეთი როდის რას აამოქმედებს, ღმერთმა უწყის. ზატულინისა და მიგრანიანის გეგმა სულ ცოცხალია, საჭიროა ღილაკზე თითის დაჭერა და დაიწყება ეს უბედურება. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ეს არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და მიმაჩნია, რომ რუსეთს დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მეტად სამხრეთ საქართველო აინტერესებს.
– ბატონო ვაჟა, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შესანარჩუნებლად და მის გასახანგრძლივებლად დაღვრის თუ არა სისხლს?
– გულწრფელად გეუბნებით რომ ამ ხელისუფლებისთვის ვირტუალური საზღვარიც კი არ არსებობს, რომელსაც არ გადააბიჯებს. 26–მა მაისმა დაამტკიცა, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლიტურად ყველაფერზეა წამსვლელი... 2007 წლის მოვლენებმა არ დაამტკიცა ეს?
–ბატონო ვაჟა, შევარდნაძემ მთელი საქართველო „გვათოხლა“ და სააკაშვილს ხელისუფლება გადააბარა, თუ ეს მართლაც რევოლუცია იყო, რასაც ესენი „ვარდების რევოლუციას“ უწოდებენ?
–მიმაჩნია, რომ ეს არ ყოფილა ხელისუფლების გადაბარება, შესაძლოა იქ სააკაშვილს ვიღაცამ პარლამენტის კარი გაუღო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შევარდნაძის ზურგს უკან გაკეთდა და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა...ესენი შემოიჭრნენ პარლამენტში აბსოლიტურად უკანონოდ, დაიწყეს მაგიდებზე სირბილი. მეტსაც გეტყვით, რომ გაიძახიან მშვიდობიანი, მშვიდობიანიო...რა მშვიდობიანი, სამ–სამი ჯავშანჯილეტი ეცვა თითეულს და კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი.უფრო მეტსაც გეტყვით, შევარდნაძე ფიზიკურად ძლივს გადარჩა, როცა იგი გარეთ გაიყვანეს, ქუჩაში დაყენებული იყო სამი „კრაზის“ მარკის თვითმცლელი, საიდანაც ვიღაცები ბეტონის ნაგლეჯებსა და ქვებს ესროდნენ შევარდნაძეს და რომ მოხვედროდა, უსათუოდ მოკვდებოდა.
ასე რომ, ეს იყო ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება და მე არ ვიზიარებ იმას, რომ ეს ყველაფერი შევარდნაძემ თავის თავს მოუწყო. რისი ვარდები, რა ვარდები, პირადად ვარ თვითმხილველი, ვარდი იქ წინა რიგში ეჭირა ორ–სამ კაცს,თორემ უკან ავტომატებისა და იარაღის ისეთი „ვარდები და თაიგულები“ იყო,ჩემგან მოწონებული.
–ბატონო ვაჟა, სულ ახლახან 20 წელი შესრულდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რასაც 1991 წლის 22 დეკემბერი ჰქვია, როცა თბილისში ომი დაიწყო!..როგორ შეაფასებდით იმას, რაც მოხდა?
–ეს იყო უდიდესი ტრაგედია და ეს ტრაგედია განაპირობა საზოგადოებაში დაგროვილმა რადიკალიზმმა, რომელიც ორივე მხარეს ბლომად ჰქონდა. იმთავითვე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობისა...თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან ბევრი საბედისწერო შეცდომა. არ ვიცი, ეს რისი ბრალი იყო, გამოუცდელობის თუ გარემოცვის ბრალი, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა!..დღესაც რომ ვაკვირდები, სიტუაცია საქართველოში რადიკალიზაციის გზით მიდის და თუ ყველაფერმა ამან ერთ მშვენიერ დღეს იფეთქა, ამას ხელისუფლება ვეღარ გააკონტროლებს, ამის საფრთხე რეალურად არსებობს!
–ბატონო ვაჟა, მოდით ვისაუბროთ ქართული პოლიტიკის ახალი თილისმის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ მას ძალიან კარგად იცნობთ.
– დიახ, ვიცნობ, არაერთგზის შევხვედრივარ, მაგალითად, მე, ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთმანეთს. ეს იყო, რა თქმა უნდა , წლების წინათ.
–არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის კაცი და ხომ არ შემოიყვანეს ის პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ჩასანაცვლებლად?
–აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რამდენადაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. პირიქით,მიმაჩნია, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არის სრული დაპირისპირება და შეუთავსებლობა. გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილი ვინმეს დავალებით მოქმედებდეს და ვინმეს თითის დაქნევაზე შემოსულიყო პოლიტიკაში. ეს იმ მასშტაბის პიროვნებაა და ეს ისეთი ხასიათის კაცია, ბოლოს და ბოლოს, ასეთ ადამიანს უჩნდება პატივმოყვარეობა და გამორიცხულია, რომ ასეთ სიმაღლეზე ასულმა კაცმა სააკაშვილის მიერ დანიშნული კაცის როლი ითამაშოს. არც ისე უჭკუო კაცი არის ბიძინა ივანიშვილი, რომ უჭკუო კაცის როლი ითამაშოს და სააკაშვილში რამე პერსპექტივას ხედავდეს. სააკაშვილის დისკრედიტაცია სრულად არის მომხდარი როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და როგორ ფიქრობთ, ასეთი კაცის გადამრჩენლის როლს იტვირთებს ბიძინა ივანიშვილი? ამას მე გამოვრიცხავ... მიმაჩნია, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს აბსოლიტურად დამოუკიდებლად და მას ძალიან ბევრი შინაგანი მოტივაცია ჰქონდა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.
– ბატონო ვაჟა, თქვენ ძალიან ახლობელი მეგობარი იყავით ბატონ ბადრი პატარკაციშვილისა. მოახდინეთ ბიძინა ივანიშვილისა და ბადრი პატარცაციშვილის შედარებითი დახასიათება!
–ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ბუნებით ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ცხონებული ბადრიც და ბატონი ბიძინაც ხასიათებით აშკარად განსხვავებული ტიპაჟები არიან. მაგრამ მე გეტყვით რა საერთო იგრძნობოდა მათ შორის: ერთი ის იყო, რომ ერთიც ძალიან ნიჭიერი იყო და მეორეც. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთში საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, ორივენი არიან ძალიან წარმატებულები და დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინასაც ისე უყვარს საქართველო, როგორც ბადრის უყვარდა. ახლა დაწერეს და გამოაცხადეს, თითქოს ბადრი და ბიძინა დაპირისპირებულები იყვნენო! ეს არის ბინძური ჭორი, ტყუილია, ძალიან კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, მათთან ერთად არაერთხელ ვყოფილვარ მათ გარემოცვაში და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს.
–ბატონო ვაჟა, როცა ბადრი პატარკაციშვილს ძალიან გაუჭირდა, ხომ არ სცადა მან ბიძინა ივანიშვილთან დაკონტაქტება?
–აბსოლუტურად დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა. ბადრის ბიძინასადმი დიდი პატივისცემა სიცოცხლის ბოლომდე შერჩა, როგორც ვიცი, ასევე ბიძინაც პატივს სცემდა მას! მათ შორის რამე დაპირისპირება რომ ყოფილიყო, მე ეს აუცილებლად მეცოდინებოდა, რადგან ერთსაც ხშირად ვხვდებოდი და მეორესაც რუსეთში ჩემი ელჩობის დროს და სამივენი ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს. ერთი რამ ვიცი დაზუსტებით, რაც ჩემთვისაც არაერთგზის უთქვამს ბადრის, მას ყველაზე დიდი გულისტკივილი და წყენა ჰქონდა იმ ღალატისა და სიბინძურის გამო, რაც ტელეკომპანია „იმედში’’ გაუკეთეს. როცა ტელევიზია დახურეს და „იმედის’’ მაუწყებლობა გააჩერეს. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ბადრი აი, ამას განიცდიდა! აი ,კოდუას რომ შეხვდა ლონდონში და თავის სახლში მიიღო, არც იმას განიცდიდა ისე მწვავედ, როგორც „იმედში’’ მომხდარ ამბავს. ბადრი სულ ამბობდა, ეს მე რატომ უნდა დამმართოდა, იმან როგორ მიღალატა, არადა როგორ ვენდობოდი, მე რამდენი რამ გავაკეთე მისთვის, როგორ მომივიდა ეს შეცდომაო? თავის თავს ებრძოდა.
– გიორგი თარგამაძეს ეხებოდა ეს, ხომ?
– რა თქმა უნდა.
– რამდენად დიდია რისკი იმისა , რომ მიხეილ სააკაშვილის ხელში ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას მსგავსად, ბიძინა ივანიშვილსაც რამე დაემართოს?
– დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა საკმარის სიფხიზლეს გამოიჩენს. მე მგონია, ბატონი ბიძინას არაკეთილ მოსურნეებსაც ეყოფათ ის აზრი და გონება, რათა ეს არ გააკეთონ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა გითხრათ ბატონი ბიძინას შესახებ, მოსკოვში ჩავედი 1995 წლის იანვრის ბოლოს, როცა ელჩად დავინიშნე, სადღაც ერთი–ორი თვის შემდეგ ბიძინა აიძულეს რუსეთიდან წასულიყო.
– ვინ აიძულა?
– რუსეთის ხელისუფლებამ! მაშინ, მოგეხსენებათ, ელცინი ხშირად ავადმყოფობდა და უმაღლეს ხელისუფლებას წარმოადგენდა ელცინის ფავორიტი, პირველი ვიცე–პრემიერი სასკავეცი, რომელიც მოიაზრებოდა ელცინის მემკვიდრედ. აი, ამ სასკავეცს ჰქონდა განუზომელი ძალაუფლება, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ასევე ელცინის დაცვის უფროსს კერჟაკოვს და „ფეესბეს’’ უფროსს–ბარსუკოვს! აი, ეს სამეული და მათ შორის „ფეესბე’’, დაუპირისპირდნენ ბიძინას.
– დაპირისპირების მიზეზი რა იყო?
არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით! ბიძინა იძულებული გახდა, საფრანგეთში გახიზნულიყო და მთელი წელიწადნახევარი საფრანგეთში ცხოვრობდა... მათ შორის სამკვდრო–სასიცოცხლო ომი იყო, ესენი ბიძინას ემუქრებოდნენ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლების ნებიერი არასდროს ყოფილა, ხოლო თუ რას იზამს ის ქართულ პოლიტიკაში, ამას მომავალი გვიჩვენებს. მე მას ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ!
828
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85