ლუი-ანტუან ლე მულეკი, "Slate.fr"
ფრანკოფილი და ფრანკოფონი, ერთი შეხედვით უანგარო მეცენატი და ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში გვარწმუნებს, რომ სურს საკუთარ ქვეყანას შელახული თავისუფლებების დაბრუნებაში დაეხმაროს.
ჭავჭავაძის გამზირის ბოლოს, „ქართუ ჯგუფის“ ერთი მოკრძალებული ბანერი და რუსულ ეკონომიკურ ჟურნალ „ვედომოსტი“-ში გამოქვეყნებული ერთადერთი ილუსტრირებული ექსკლუზიური ინტერვიუ აღნიშნავს ათეული წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. მილიარდერი, ადამიანი, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია, აცხადებდა, რომ „არ უყვარდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, წვეულებებში მონაწილეობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა“. "Slate.fr"
ბოლო დრომდე, ივანიშვილის სახელი საქართველოში, უამრავ პროექტს უკავშირდებოდა (ატრაქციონების პარკი შავი ზღვის სანაპიროზე, სათხილამურო ტრასა, ნაციონალური პარკები, თეატრალური შენობების რეაბილიტაცია, ხელოვნების წარმომადგენელთა მატერიალური დახმარება, მისი მშობლიური რეგიონის განახლება-განვითარება), მაგრამ მას ყოველთვის ჩურჩულით წარმოსთქვამდნენ. 2008 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „ივანიშვილი? ის გრაფ მონტე კრისტოსავით არის. მხოლოდ ერთხელ შევხვდი. საჯაროობას ვერ იტანს. მაგრამ პოლიტიკური ამბიცია არ აქვს. არა…“
ზებრები და დელფინები, პიკასოს და ფრიდა კალოს ნამუშევრები – ეს ის ერთადერთი რამაა, რის გამოც მუდმივად ტრიალებდა ხმები „ბორის ივანოვის“, პატარა სოფელში მცხოვრები ბიჭის ირგვლივ, რომელიც მილიონებით გამდიდრდა. თავის ქართულ რეზიდენციაში, რომელიც ზევიდან გადმოჰყურებს ადამიანური ძალაუფლების სიმბოლოს – პრეზიდენტის სასახლეს და ღვთიური ძალაუფლების სიმბოლოს – სამების ტაძარს, რომელსაც სხვათაშორის თავად აფინანსებდა, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უჩინარ ფილანტროპად იქცა, რომელიც გასცემდა და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა, რითაც კიდევ უფრო აღვივებდა მის გარშემო არსებულ მითებს. ბიძინას ზოგჯერ ღმერთსაც კი ადარებდნენ.
პოლიტიკური ქარიშხალი
თბილისში სტუმრად ჩასულ ფრანგებს, მისი დაცული სამი რეზიდენციის დათვალიერების შესაძლებლობა ეძლეოდათ. ბოტანიკური ბაღიდან ისინი უცქერდნენ მინისა და ლითონის კონსტრუქციებს, პარკში მიმობნეულ ხელოვნების ნიმუშებს, ვერტმფრენის მოედანს და ხელოვნურ ჩანჩქერებს. ტერიტორია მავთულხლართებით, დაცვის თანამშრომლებითა და სათვალთვალო კამერებითაა დაცული. ბიძინა ივანიშვილს, ფრანკოფილსა და ფრანკოფონს, ბევრი ფრანგი ჰყავს დაქირავებული, მზარეულებიდან დაწყებული შვილების აღმზრდელებით დამთავრებული. მათი კონფიდენციალურობა გარანტირებულია ორმოცდაათწლიანი ხელშეკრულებით.
საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც ივანიშვილის მეგობარი გახდა, დასვენების დღეებს მის მთავარ რეზიდენციაში, სოფელ ჭორვილში ატარებდა. 2010 წელს ივანიშვილმა თბილისში ულტრათანამედროვე ფრანგული სკოლა ააშენა და იმავე წელს საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო.
მაგრამ სიტყვა „ივანიშვილი“, რომელსაც კულუარებში ჩურჩულით წარმოსთქვამდნენ, მოულოდნელად პოლიტიკურ ქარიშხლად იქცა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მან პოლიტიკაში მოსვლისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვების სურვილის შესახებ განაცხადა.
ამ დღიდან დაწყებული, საქართველოში და უცხოეთის დიასპორებში გაფანტული ქართველები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს საიდუმლოებით მოცული ივანიშვილის გამოჩენას ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე, რომელიც აქამდე, მთლიანად მიშას (მიხეილ სააკაშვილს) ჰქონდა დაკავებული. ადამიანები მიესალმებიან პოლიტიკურ ძვრას, რომელიც თავისი მასშტაბით პირველია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ისინი ცდილობენ მეტი გაიგონ აუთსაიდერის, ყველაზე მდიდარი ქართველის შესახებ, რომლის ქონებაც ჟურნალ Forbes-ის თანახმად 5,5 მილიარდი დოლარია.
55 წლის წინ, საქართველოში, იმერეთის რეგიონში დაბადებული ბიძინა ივანიშვილი, საბჭოთა მუშის ოჯახში იზრდებოდა. სკოლა წარმატებით დაამთავრა, რამაც შესაძლებლობა მისცა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე გაეგრძელებინა და პარალელურად ემუშავა. 1982 წელს მოსკოვში ჩავიდა და დისერტაციის დაცვის მიზნით სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში განაგრძო.
საბადოებიდან პიკასომდე
მოსკოვში ის თავის მომავალ პარტნიორს, ვიტალი მალკინს ხვდება და მასთან ერთადაც სატელეფონო და კომპიუტერული ტექნიკის რეალიზაციას იწყებს, ჯერ საქართველოში და მერე რუსეთში. წარმატებამ არ დააყოვნა და როდესაც „პერესტროიკა“ და წითელი რეჟიმი დასასრულს მიუახლოვდა, მან საკმარისი კაპიტალი დააგროვა იმისთვის, რომ დიდი პრივატიზაციის პროცესში ჩართულიყო.
ივანიშვილი და მისი პარტნიორი ახალ ბანკს „როსიისკი კრედიტს“ აფუძნებენ, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ერთ-ერთ არაფრით გამორჩეულ შენობაში განთავსდება და ინვესტიციებს პირველ რიგში ალუმინის საბადოებში დებენ. ისინი თავს არიდებენ ენერგეტიკის სტრატეგიულ სექტორებს, რომელსაც სახიფათოდ მიიჩნევენ მათი კავშირის გამო პოლიტიკურ და უშიშროების სტრუქტურებთან, რაც მოგვიანებით „იუკოსის“ საქმემაც დაადასტურა.
საინვესტიციო გაყიდვებით პარტნიორები სერიოზულად მდიდრდებიან. ივანიშვილი თავის კაპიტალს უძრავ ქონებასა და ხელოვნების ნიმუშებში აბანდებს. 2006 წელს ის ყიდულობს პიკასოს ნამუშევარს „დორა მაარი კატასთან“ თითქმის 100 მილიონ დოლარად.
2000-იანი წლების დასაწყისში ის საქართველოში ბრუნდება და მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“ საქართველოს მოქალაქეობას იღებს და პოლიტიკაში ყოველგვარ მოქმედებას გამორიცხავს. ასე გრძელდებოდა ოქტომბრამდე… „პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარ თავზე მორგებამ, რაც ნათლად ადასტურებს მის განზრახვას, რომ განუსაზღვრელი ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა, გადამაწყვეტინა პარტიის დაფუძნება და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისთვის კონკურენციის გაწევა“ წერს ბიძინა ივანიშვილი თავის საგაზეთო წერილში.
ოპოზიციის გადაჯგუფება
ის მიხეილ სააკაშვილს „მიუტევებელი შეცდომების“ დაშვებაში ადანაშაულებს, პრეზიდენტის სიჯიუტეს ამხელს და აცხადებს, რომ ამ შეცდომების შემდეგ „ყველა ნორმალური პოლიტიკოსის მსგავსად უნდა გადამდგარიყო და საკუთარი ხალხისთვის პატიება ეთხოვა“. „სიტუაციის გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით,“ მან განაცხადა, რომ გაყიდის რუსეთში არსებულ აქტივებს, რაც მისი კაპიტალის ერთ მესამედს შეადგენს და უარს იტყვის რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რათა ყველა წინაღობა მოხსნას.
ოლიგარქის ვაჟი რეპერი ბერა, Snoop Dogg-ის და MC Solaar-ის მოსწავლე, მამის მხარდაჭერის მიზნით Facebook-ში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს კლიპს „ქართული ოცნება“, რომელიც ქართველებს გაერთიანებისა და თავისუფლების ოცნების ასრულებისკენ მოუწოდებს. სპეციალური მაისურების დარიგებითა და გაერთიანებისკენ მოწოდებებით ბერამ Facebook-ში 166 000 მხარდამჭერი მოიპოვა (მათ შორის თბილისში), რაც იმას ადასტურებს, რომ ქართველები საოცრად გაიტაცა ივანიშვილის პოლიტიკურმა პროექტმა, რომელსაც საბოლოოდ ეწოდა კიდეც „ქართული ოცნება“. არა ფასადური, არამედ რეალური ოპოზიციის ნაწილს, რომელიც აქამდე დათრგუნული იყო, მათ შორის საქართველოს გადამდგარ ელჩს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ირაკლი ალასანიას, ოლიგარქთან თანამშრომლობის გზა გაეხსნათ.
მომდევნო კვირას ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ოფიციალური ვერსია: 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების გამო ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. თავად ივანიშვილი ამის შესახებ არც გააფრთხილეს. იმავე კვირას პოლიციამ დააკავა „ქართუ ბანკის“ დაჯავშნული საინკასაციო მანქანა, რომელსაც ორი მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო სახელმწიფოსთან დაკავშირებული კომერციული ბანკიდან („საქართველოს ბანკიდან“) გადაჰქონდა. ოლიგარქის ინსტიტუტი უმალ ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. უცნაური დამთხვევაა.
მოქალაქეობის დაკარგვა, ფულის გათეთრებაში დადანაშაულება
მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ ერთხმად ახმაურდნენ მედიაში და ჩვეული რიტორიკით, რომელსაც ყველა იმ ოპონენტის წინააღმდეგ იყნებენ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს, ოლიგარქს ბრალი დასდეს, რომ ის რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინის მარიონეტია.
მიუხედავად ერთგვარი გამოუცდლობისა პოლიტიკური კომუნიკაციის თვალსაზრისით, საიდუმლოებით მოცულ ივანიშვილს, პატრიოტის დამაჯერებელი იერი აქვს, ადამიანის, რომელსაც სურს საკუთარ სამშობლოს შელახული თავისუფლებების აღდგენაში დაეხმაროს. მას აქვს ხელისუფლებაში ლეგიტიმური გზით მოსვლისა და პოლიტიკაში მხოლოდ სამი წლით დარჩენის ნება, რომ საკუთარ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდროს დემოკრატიული პოლიტიკისადმი პატივისცემა.
ამ მიზნის აღსრულების შემდეგ, ის გადადგომას გეგმავს. ფილანტროპი გულწრფელი ჩანს და მისი გეგმა, მიუხედავად შინაარსობრივი სიმწირისა, პრაქტიკულად გაზიარებულია. საფრთხე, რომელიც სააკაშვილს ემუქრება, რეალურია.
foreignpress.ge
772
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85