"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"რასაკვირველია, ასეთი ცვლილება ქართულ სინამდვილეში ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს გახლავთ ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი შიშით ინიცირებული კანონებისა, რასაც ჰქვია - ვაი დედა, ბიძინა მოდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ბრძოლისა, რასაც ხელისუფლება უკანონო კანონების შექმნით აპირებს, დაუპირისპიროს ახალ რეალობას", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვაი დედა, ბიძინა მოდის" / სოსო ცისკარიშვილის აზრით, სწორედ ამ შიშით ინიცირებული კანონები მიიღო პარლამენტმა.
"როდესაც ვენეციის კომისიას იმოწმებს, ხან ევროპულ კანონმდებლობას, აქ ხომ წარმოუდგენელია, რომელიმე იურიდიულმა პირმა თავის თავს უფლება მისცეს ნაღდი ფულის გამოტანისა და ჯიბიდან ჯიბეში გადაცემის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. შესაძლოა, დემოკრატიულ, კანონმორჩილ ქვეყნებში ეს ნორმა იყოს სრულიად გამართლებული... ჩვენთან უბედურება სწორედ ისაა, რომ წარმატებული იურიდიული პირი ბიზნესში შეიძლება ყოს მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებული იმიტომ, რომ რომელი ჯიბიდან ამოიღებს ის ფულს და სად ჩადებს, ამის დამალვა შესანიშნავად ძალუძს ისეთ ბიზნესმენს, რომელსაც არ ემუქრება რამე ტიპის სერიოზული შემოწმება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ნებისმიერ ეშმაკობაზე არსებობს უფრო ძლიერი ეშმაკობა. ფანტაზიის უნარი აქვს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც. შესამაბისად, გაიმარჯვებს ის, ვინც ამომრჩეველს დაარწმუნებს არა საკუთარი ეშმაკობის ნიჭიერებაში, არამედ კანონიერ ქმედებაში. სახელმწიფოსა და ხალხისთვის სასიკეთოდ ნაბიჯების გადადგმის უნარში. ეს არცთუ შორეული მომავლის განმსაზღვრელი იქნება. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ოღონდ საზოგადოება უნდა იყოს მკაფიოდ ორიენტირებული ძალიან მტკიცე საჯარო მონიტორინგზე. კონტროლის პალატა, როგორც შემმოწმებელი ორგანო, სრულიად დისკრედიტებული იქნება საკუთარი უპრინციპო ხელმძღვანელობის გამო, ამიტომ, ვისაც ეს საკითხი ადარდებს, ვურჩევ სასწრაფოდ დაკავდნენ ალტერნატიული მონიტორინგის სამსახურის შექმნით", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - " როგორ ფიქრობთ, თავიანთ დაგებულ მახეში ამ კანონპროექტით თვითონ ხომ გაებმებიან - ფაქტია, რომ ისინიც იურიდიული პირებისგან ფინანსდებობდნენ?" - პასუხობს:
"არ წამოეგებიან - ნაციონალურ მოძრაობას აქვს სრულიად მკაფიო ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ისინი დაარღვევენ ნებისმიერ კანონს, მაგრამ არ იქნებიან მხილებული "საკუთარი თავის მიერ". ეს ფული აწი ნაღდი ფულის სახით გამოვა გადაცემული კერძო პირებზე, კერძო პირების რაოდენობა კი არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ექნებათ სხვადასხვა ანგარიშები, შემდგომ კიდევ რამდენიმე წელი უნდა ვიკვლიოთ ვინ, რამდენი, სად და რატომ გადარიცხა, ვეძებოთ კვალი, დავკავდეთ ამ საქმით და მივივიწყოთ გაყალბებული არჩევნების შედეგები".
768
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85