"ყველა პირი, ვისზეც შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანიის აქციები გადანაწილდა, ხელისუფლებასთანაა კავშირში. ესენი არიან ის პირები, რომლებიც იყვნენ ამავე ხელისუფლებაში, მაგალითად, იგივე არველაძე, სხვა პირების გვარები კი არაერთხელ გაჟღერებულა ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში. ანუ, თუნდაც იმ ნორმებმა, რაც კანონში შეიტანეს, დაადასტურა ის, რაზეც საზოგადოებაში წლების მანძილზე იყო საუბარი, კერძოდ, რომ "რუსთავი 2" და "იმედი" ხელისუფლების მიერ კონტროლირდება. სხვაგვარად რანაირად შეიძლება მომხდარიყო, რომ თითქოს და ხელისუფლებისთვის უცხო ოფშორულ ზონაში მოქმედი კომპანიების წილები ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთა ხელში აღმოჩნდა. ამ სახელებით და გვარებით ჩვენ რეალურად გავიგეთ, ვინ დგას ნაციონალური არხების უკან და ეს არის ხელისუფლება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
ხმალაძე მედიაგამჭვირვალობის შესახებ იმ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, რომლის მიღების შემდეგაც მაუწყებლებს 2012 წლის 1-ელ იანვრამდე შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნება დაევალათ. აღნიშნული დეკლარაცია უკვე 9 მაუწყებელმა წარადგინა. ნაციონალური არხების მფლობელების ვინაობის გამოქვეყნების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა სახელი და გვარი პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლებასთანაა კავშირში.
ეს, მედიაექსპერტების აზრით, ადასტურებს იმას, რაზეც წლებია, საუბრობდა საზოგადოება, რომ ხელისუფლება ოფშორების უკან იმალებოდა.
ვინ დგას "რუსთავი 2-ის" უკან?
"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში აქციების 90%-ს ვინმე ლევან ყარამანიშვილი ფლობს, 10%-ს კი - არხის გენდირექტორი გიორგი გეგეშიძე. "ნეტგაზეთის" მიერ მოძიებული ინფორმაციით, ყარამანიშვილი, გარდა იმისა, რომ პოკერის საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა (მან ბოლოს მონაწილეობა მიიღოს"Russian Poker Series" 2011 წლის ტურნირში, რომელიც კიევში გაიმართა), იმავდროულად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვილის ნათესავია.
როგორც ირკვევა, ასევე ლევან ყარამანიშვილი და ბიზნესმენი რევაზ შარანგია რუსული კომპანია "მობიტელის", იგივე "ბილაინის", სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც არიან.
ძმები შარანგიების სახელს, ისევე, როგორც ყარამანიშვილების, საქართველოში ბევრი მსხვილი ბიზნეს-კომპანია უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითდ, "კავკასუს ონლაინი", თუმცა ამ კომპანიების მფლობელები ოფიციალურად ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებია.
ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული აქამდე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-სა და ტელეკომპანია "მზის" მფლობელებიც. როგორც ირკვევა, ყარამანიშვილი და გეეგშიძე ანალოგიურად ინაწილებენ წილებს ტელეკომპანია "მზე"-ში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, "რუსთავი 2"-ისა და "მზის" ახალი მფლობელების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 6 დეკემბერს განხორციელდა. მანამდე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია "დეგსონ ლიმითედი" "რუსთავი 2"-ში 70%-ს, ხოლო "მზეში" 55%-იან წილს ფლობდა, შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" კი "რუსთავი 2"-ში 30%-იან წილს, ხოლო "მზეში" 45%-იან წილს ფლობდა.
თავის მხრივ, შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" 100%-იან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს "ჩემექსიმ ინტერნეშენალი" ფლობდა.
2011 წლის 6 დეკემბერს გიორგი გეგეშიძემ, როგორც "დეგსონ ლიმითედის" წარმომადგენელმა, საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს, გაუფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება "რუსთავი 2"-სა და "მზეში" 10-10%-იანი წილების ყიდვის თაობაზე, თუმცა რა ფასად, ეს ხელშეკრულებაში მითითებული არაა.
ამავე დღესაა გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ ლევან ყარამანიშვილმა იყიდა (უცნობია - რამდენად) "დეგსონ ლიმითედის" დარჩენილი 45%-იანი წილი "მზეში" და 20%-იანი წილი "რუსთავი 2"-ში. 6 დეკემბერსვე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შპს "ჩემექსიმ ინტერნეიშენალსა" (წარმომადგენელი რამაზ ბერიძე) და ლევან ყარამანიშვილს შორის, რომლითაც ამ უკანასკნელმა 30%-იანი წილი იყიდა "რუსთავი 2"-ში და 45%-იანი წილი "მზეში", თუმცა ამ შემთხვევაშიც უცნობია - რამდენად.
"რუსთავი 2"-ისა და "მზის" 10-10%-იანი წილების მესაკუთრე გიორგი გეგეშიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს-პარტნიორია, ისინი ერთობლივად ფლობენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: "მაგი სტილი", "მაგი სტილი მედია", "ბედეგი" და სხვა.
"იმედის" მფლობელების და ნაცმოძრაობის კავშირები
ტელეკომპანია "იმედს" ახალი მფლობელები ჰყავს. ტელეკომპანიის ერთპიროვნული მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია". აღნიშნული კომპანიის წილები ასე ნაწილდება გიორგი არველაძე - 45%, გიორგი კორახაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15% და ჯოზეფ ქეი 10%.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 22 ნოემბრამდე "ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფის" 10% ჯოზეფ ქეის ეკუთვნოდა, 90%-ს პანამაში რეგისტრირებული "რააქ ჯორჯია ჰოლდინგი" ფლობდა, მისი წარმომადგენელი კი გიორგი არველაძე იყო.
ოფშორული კომპანიის წილი ჯერ გიორგი არველაძემ გადაიფორმა, შემდეგ კი გიორგი მიქელაძესა და გიორგი კორახაშვილს მიჰყიდა. მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში თანხა მითითებული არ არის. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 6 მილიონ სამასი ათასი ლარია.
"იმედის" 30% მფლობელი გიორგი კორახაშვილი კომპიუტერული კომპანია "ალგორითმის" პრეზიდენტია, მისი მამა გივი კორახაშვილი კი - ერთპიროვნული მფლობელი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ალგორითმა" მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 50 ათასი ლარი "შესწირა". ხელისუფლების პროექტში "კომპიუტერი ყველასათვის" მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო "ალგორითმი".
2011 წელს კორახაშვილების კომპანიის "ალგორითმის" მიერ აშენებულ ქარხანაში დამზადდა პირველ კლასელთათვის განკუთვნილი 60 ათასი ნეტბუკი. აწყობის პროცესს პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
გიორგი კორახაშვილს ეკუთვნის შპს "ავტოგაზი პირველის" 40 პროცენტი. ის სააქციო საზოგადოება "ავტოგაზის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ავტომობილების გაზით გასამართ საკომპრესოროებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, მარნეულში, ხაშურში, წეროვანში, ზესტაფონში, სამტრედიაში) ფლობს. მისი საკუთრებაა მოძრავი გაზგასამართი სადგურებიც.
"ავტოგაზ პირველის" დანარჩენ 60%-ს შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ფლობს, მისი დირექტორი ნათია თურნავაა, რომელიც ეკონომიკურის განვითარების ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. მესაკუთრე კი "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია," რომელიც ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" 65%-ს ფლობს. ჰოლდინგი 2011 წლის დეკემბრამდე ირიბად ფლობდა ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-სა და "მზეს".
გიორგი კორახაშვილი საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიცაა. ის მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლეა.
"იმედის" 15%-ის მფლობელი გიორგი მიქელაძეც ბიზნესმენია. მისი კუთვნილი "ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი" ერთპიროვნულად ფლობს შპს "ბი ენდ ბი პროვიჟენსის", რომელსაც 2010 წლის პირველ აპრილს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ შპს "სასათბურე მეურნეობა"-ს 100%-იანი წილი მართვის უფლებით, 35 წლის ვადით, გადაეცა. "სასათბურე მეურნეობის" მფლობელი თბილისის მერიაა. თავის მხრივ "ბი ენდ ბი პროვიჟენსი", ნიდერლანდურ კომპანია "ფაჩიანთან" ერთად "ვანის სათბურებს" ფლობს.
გიორგი მიქელაძეს კიდევ ერთი კომპანიის შპს "გრატო პასაჟის" 80% ეკუთვნის. თბილისის მერიის ვებ-გვერდის ცნობით, გრატო პასაჟი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო თბილისის ცენტრალურ უბანში. პროექტი "ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალს" უნდა განეხორციელებინა.
როგორც გრატო პასაჟის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, შპს "ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი" საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში მოღვაწეობს. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო ფინანსები, მშენებლობა და უძრავი ქონების მართვაა. "ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალმა" 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში ჰოლანდიური ყვავილების მოყვანა გადაწყვიტა. კომპანია პროექტს ჰოლანდიის მთავრობასთან ერთად ახორციელებდა. ამ ინფორმაციას მედია პორტალი "მედია.გე" აქვეყნებს.
ტელეკომპანია ევრიკა და საქართველო ჩოჩელისაა
ტელეკომპანია "საქართველოსა" და "ევრიკას" მფლობელი მცხეთა - მთიანეთის რაიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ცეზარ ჩოჩელის ძმა, კომპანია "ბარამბოს" მფლობელი იაგო ჩოჩელი გახდა. 2011 წლის 6 დეკემბრამდე ამ მაუწყებლების ერთპიროვნული მესაკუთრე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "დენალ იუნიონი" იყო. ჩოჩელი ტელეკომპანია "საქართველოში" 100 პროცენტის მფლობელია, "ევრიკაში" კი მხოლოდ 71 პროცენტს ფლობს. "ევრიკას" 14 პროცენტს ფლობს ნაირა კვესელავა, 15 პროცენტს - ილია ინჯია.
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რამდენად შეიძინეს ამ პირებმა აქციები და ამასთან ძალიან ბევრი რამე გახდება ცხადი მაშინ, როცა ტელევიზიები ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებს წარადგენენ მარეგულირებელ კომისიაში.
"რაც გამოქვეყნდა, ეს არის უბრალოდ ცირკი, რადგან ამით კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა სიტუაცია ხელისუფლებამ. ჩვენ თუ დეტალურად ვნახავთ, რა არის ტელეკომპანიების შემოსავალი, რა არის გასავალი, ძალიან ბევრ რამე გახდება ცნობილი. ამას ვნახავთ მაშინ, როდესაც წლიურ ბიუჯეტს გავეცნობით, მაგალითად, "რუსთავი 2"-ისას და დავინახავთ, რომ მისი გასავლები უფრო მეტია, ვიდრე შემოსავლები, ამის მერე კიდევ უფრო მეტი გახდება ცხადი.
რაღაცას შეიძლება, არ ავალდებულებს კანონი მფლობელს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, ვინ არის "რუსთავი 2"-ის 90% მფლობელი. იმ სხვაობას, რომელიც ექნება შემოსავლებსა და გასავლებში ტელეკომპანიას და ის მინუსი, რომელსაც აჩვენებს ეს ტეელკომპანია, 90% მაინც უნდა ფინანსდებოდეს ლევან ყარამანიშვილის მიერ. ყარამანიშვილის შემოსავლები თუ არის ამდენი და თუ ის თავისი ბიზნესმოგებიდან ფარავს ამ თანხებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ასეთი მილიონერი ქვეყნის საფინანსო ბაზარზე. ყარამანიშვილის შესახებ კი მეეჭვება, რამე იცოდეს ქართულმა ბიზნესმა.
რაც შეეხება გიორგი არველაძეს, მისი შემოსავლების ნახვა ძალიან ადვილია 2009 წლამდე. თუ მას 2009 წლის მერე ასე მნიშვნელოვნად გაეზარდა შემოსავლები, ამასაც გავიგებთ, ახალ უკვე ყველაფერი არის წმინდა ჟურნალისტური გამოძიების საქმე. უნდა ვნახოთ, ლევან ყარამანიშვილი რა ტიპის ბიზნესს წარმოადგენს საქართველოში და არის თუ არა მისი ბიზნესი იმდენად მომგებიანი, რომ მათ ტელევიზიის აქციების შეძენა შეძლონ. ხელშეკრულება უნდა ვნახოთ, რამდენად შეისყიდეს მათ აქციების წილი და ამითაც ბევრი რამე გახდება საჯარო", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე.
მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნების შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური არხების უკან ხელისუფლება დგას.
"პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნო, რომ მოქმედ კანონში არ იქნა შეტანილი მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც იყო ჩვენი ჯგუფის მიერ წარდგენილი. იმ ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უკვე ფინანსური გამჭვირვალობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. ჯერჯერობით რისი მიღწევაც მოხდა, იმით ის გამოჩნდა, რომ არამიწიერი ოფშორული კომპანიების ნაცვლად, რომელიც არაფერს გვეუბნებოდა, მივიღეთ შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ ფლობს ამა თუ იმ სამაუწყებლო კომპანიას.
ხელისუფლება სულ ამბობდა, რომ ეს ოფშორული კომპანიებია და ჩვენ მასთან რა კავშირი გვაქვსო, მაგრამ გამოჩნდა უკვე, რომ ამ ოფშორული კომპანიების ხელთ არსებული წილები გადანაწილდა რამდენიმე ფიზიკურ პირს შორის. როგორ გადანაწილდა, რა ფასად იქნა შეძენილი, ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცით, მაგრამ ვიცით ამ პირთა სახელები და გვარები, ყველა პირი, ვისზეც შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანიის აქციები გადანაწილდა ხელისუფლებასთანაა კავშირში. ამ პირთა შორის არც ერთი ისეთი პირი არ ჩანს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ხელისუფლების ფავორიტი. ესენი არიან ის პირები, რომლებიც იყვნენ ამავე ხელისუფლებაში, მაგალითად იგივე არველაძე, სხვა პირების გვარები კი არაერთხელ გაჟღერებულა ხელსიუფლებასთან მჭიდრო კავშირის გამო. ანუ, თუნდაც იმ ნორმებმა, რაც კანონში იქნა შეტანილი, დაადასტურა ის, რაზეც საზოგადოებაში წლების მანძილზე იყო საუბარი, კერძოდ, რომ "რუსთავი 2"-ი და "იმედი" კონკტროლდებოდა ხელისუფლების მიერ. სხვაგვარად რანაირად შეიძლება მომხდარიყო, რომ თითქოს და ხელისუფლებისთვის უცხო ოფშორულ ზონაში მოქმედი კომპანიების წილები აღმოჩნდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთა ხელში", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი გენდირექტორი კახა ბექაური, რომელიც მედია გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებაში აქტიურად იყო ჩართული ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებას იზიარებს.
"პოზიტივი არის ის, რომ გაურკვეველი სახელის და გვარის ნაცვლად არის კონკრეტული სახელები და გვარები. ოფშორების შემთხვევაშიც ცხადი იყო, რომ ამ არხების უკან ხელისუფლება იდგა და ახლა კონკრეტული გვარების მიღების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნებით დადასტურდა ის, რომ ნაციონალური არხების მფლობელები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და, შესაბამისად, სარედაქციო პოლიტიკას ახორციელებენ ხელისუფლების დაკვეთით. ამ კონკრეტულ ადამიანებს ახლა ჟურნალისტები ვერ იპოვით, რომ კითხვები დაუსვათ, ამ პირებს რა მიზნები აქვთ, როდესაც ამ ტელეკომპანიებს ფლობენ, ეს არის პოლიტიკური მიზნები თუ ბიზნესის კეთება უნდათ? პროპაგანდის კეთება უნდათ თუ დამოუკიდებელი სარედაქციო დამოუკიდებლობა? თქვენ ამ კითხვებს ვერ დასვამთ და ამ ადამიანებს ვერ იპოვით.
გეთანხმებით, რომ გიორგი არველაძესთან ეს ყველაზე ადვილად მოხერხდება სხვებისგან განსხვავებით, თუმცა გიორგი არველაძის შემთხვევა ყველაზე ნათელია სურათი, რადგან ის არის ხელისუფლების წარმომადგენელია და ის ფლობს ძირითად პაკეტს - 45%-ს "იმედში", რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ "იმედის" უკან დგას ხელისუფლება. ყველა სახელი და გვარი, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "რუსთავი 2"-ის შემთხვევაშიც, ტელეკომპანია "საქართველოს" შემთხვევაშიც, მფლობელების ვინაობიდან გამომდინარე პირდაპირ დასტურდება, რომ მათ კავშირი აქვთ ხელისუფლებასთან, შესაბამისად, მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ხელისუფლების დაკვეთების შესრულება", - აცხადებს კახა ბექაური.
1324
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85